კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ქალის გამო ლამის ოჯახი დამენგრას

პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი თანაკურსელი გოგო რომ შემიყვარდა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ერთი წელი შეხვედრებსა და აღტაცებაში გაილია. ასე ყოფნა აღარ შეგვეძლო და მეორე კურსზე დავქორწინდით, უფრო სწორად, გავიპარეთ, რადგანაც არც ერთის მშობლებს არ უნდოდათ, ამ ასაკში ოჯახი შეგვექმნა. მაგრამ, რას იზამდნენ, ბოლოს მაინც შეეგუენ სიტუაციას და შეგვირიგდნენ.

16 წელი სრულ ბედნიერებაში გავატარეთ. ანის და მე ორი გოგონა შეგვეძინა. ვზრდიდით შვილებს და ვხარობდით, მაგრამ ერთ დღეს სამსახურში გავიცანი ქალი, რომელმაც გონება დამაკარგვინა. ხანდახან მგონია, ჯადო ხომ არ გამიკეთა-მეთქი. იმის მეტზე ვერავისზე და ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ. ცოლ-შვილის დანახვაც კი მაღიზიანებს. იმის ვაჟკაცობაც არ მყოფნის, ცოლს ყველაფერში გამოვუტყდე, ან, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტო, რა მინდა. საშინელ დღეში ვარ, ლამის არის, თავი მოვიკლა. იმ ქალის გარეშე ვეღარ ვძლებ, არადა, ამდენი ხნის ოჯახი როგორ დავანგრიო?!

დათო, 34 წლის.



ვინ არის მტყუან-მართალი

ძმაკაცები და დაქალები ერთ შაბათ-კვირას აგარაკზე ავედით, ეგრეთ წოდებულ „უიქენდზე“. არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო. იქ გავიცანი გოგონა, რომელიც ჩემი ბიძაშვილის დაქალი აღმოჩნდა. მთელი ორი დღე ერთად ვიყავით. ძალიან მომეწონა და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და თბილისში დაბრუნების შემდეგ ჯერ მესიჯებს ვუგზავნიდით ერთმანეთს, მერე კი კარგა ხანს ვხვდებოდით. ძალიან დავახლოვდით. მართალია, მასთან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, არც სიყვარული ამიხსნია და არც ცოლობა მითხოვია, რადგან ბოლომდე თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს გრძნობებში. რაღაც პერიოდის შემდეგ კი ვიგრძენი, რომ ირინა აღარ მაინტერესებდა, მასთან ყოფნის სურვილი გამიქრა. ჩემი აზრით, ის უფრო არაკაცობაა, გოგო მოატყუო, მიყვარხარო. ამიტომ, ერთ დღესაც, ვუთხარი, უნდა დავშორდეთ-მეთქი. საშინელი სკანდალი მომიწყო – გართობის მიზნით მხვდებოდი, მომატყუე, თავი შემაყვარე და ახლა უნდა მიმატოვოო. ჩვენ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, რომ რამე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დამეკისროს.

ვიცი, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ბევრი მამაკაცი იზიარებს ჩემს ბედს, რადგან ქალებს, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა, მხოლოდ ერთი რამ აქვთ ტვინში ჩაჭედილი: როგორმე გათხოვდნენ, კაცებს კი, პირიქით – როგორმე მოახერხონ ისე, რომ ქორწინებას დააღწიონ თავი.

ვინ მართალია და ვინ – მტყუანი, ღმერთმა იცის.

რეზი, 24 წლის.



მაჭანკლობა არ გამომივიდა

23 წლის ვარ. მყავს ორი წლით უფროსი ძმა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ძალიან მინდა, ბედნიერი იყოს. თავისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულია და ამიტომ გოგოებთან ფლირტაობა და „გულაობა“ მისთვის მიუღებელია. გადამკვდარია თავის სამსახურზე და ოჯახის შექმნაზე არც კი ფიქრობს. ისე მაღელვებს ეს ამბავი, რომ გადავწყვიტე, მაჭანკლობა დამეწყო. ბევრი ძებნის შემდეგ შესაფერის „კანდიდატურასაც“ მივაგენი – ჩემს დაქალს არაჩვეულებრივი დეიდაშვილი ჰყავს, თიკა ჰქვია. გარეგნობითაც მომხიბვლელია, განათლებულიც, კარგი ოჯახიშვილიც, საოცრად სათნო ხასიათის. მოკლედ, ნამდვილი დიმიტრია გელოვანი. ამ ვარიანტის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ მინდოდა და, ჩემი დაქალის დახმარებით, როგორც იქნა, გავაცანი ჩემს ძმას – ისე, ვითომ შემთხვევით. ერთმანეთი რომ მოეწონათ, მაშინვე შევატყვე, მაგრამ ჩემი ძმა არ აქტიურობს – არც ურეკავს, არც ხვდება. მარი კი, ვატყობ, გულგრილი არ უნდა იყოს. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამხელა კაცს ჩხუბს ხომ არ დავუწყებ, გოგოს უყვარხარ, დაურეკე და შეხვდი-მეთქი. თანაც, მეშინია, ვინმე ქაჯს არ გადაეყაროს და ცხოვრება არ გაიმწაროს.

ეკა, 23 წლის.



ტელეფონით გაცნობილი

ბიჭი შემიყვარდა

არასდროს მომიმართავს თქვენთვის, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, ჩემი გულისტკივილი გაგიმხილოთ. იმედი მაქვს, ამ წერილს გამოაქვეყნებთ.

ტელეფონით გავიცანი ვახო. ჩვენი ურთიერთობა საკმაო ხანს გაგრძელდა. ბოლოს უკვე ძალიან მინდოდა, ერთმანეთს შევხვედროდით, მაგრამ ის უარზე იყო – სულ რაღაცას იმიზეზებდა და არ მხვდებოდა. კარგა ხნის განმავლობაში ერთმანეთის სურათებიც კი არ გვქონდა, ბოლოს, როგორც იქნა, გავცვალეთ სურათები და ჩვენი ვირტუალური გრძნობა ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა. სურათების გაცვლის შემდეგ კიდევ გავიდა ხანი, მაგრამ ვახოს მაინც არ უნდოდა შეხვედრა – ასე უფრო რომანტიკული და იდუმალია ჩვენი სიყვარულიო – მიმტკიცებდა. მერე კი თანდათან ვიგრძენი, როგორ გაუცივდა გული ჩემ მიმართ. თავიდან მეგონა, მეჩვენებოდა და თავს ვიმხნევებდი, მაგრამ ბოლოს მაინც გამართლდა ჩემი წინათგრძნობა – ვახომ დამირეკა და მითხრა, უნდა დავშორდეთო. მე საშინლად განვიცადე ეს ამბავი, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, მხოლოდ ტირილი დავიწყე. არც კი დამაწყნარა. მარტო ის მითხრა, ორივესთვის ასე აჯობებსო. შეიძლება, მართალიც არის, მაგრამ მისმა საქციელმა გული მომიკლა, მთლიანად გამანადგურა.

ძალიან მინდა, ეს წერილი წაიკითხოს და გაიგოს, რომ დღემდე ძალიან მიყვარს. მისი და ჩემი სახელები ყოველი შემთხვევისთვის, შევცვალე, მაგრამ იმედი მაქვს, მიხვდება, რომ ამ წერილის ავტორი მე ვარ.

ანი, 17 წლის.



ძმის მეგობარი შემიყვარდა

ვარ 19 წლის. მყავს და-ძმა. ძმა, გიგი, ჩვენზე ბევრად უფროსია და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. და პატარაა, ჯერ სკოლაში დადის. მშობლები არ გვყავს და ორივეს გიგი გვარჩენს. ძალიან მზრუნველი ძმაა, ცდილობს, ობლობა არ გვაგრძნობინოს, შეძლებისდაგვარად არაფერს გვაკლებს და, საერთოდ, სამივეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გიგი ძალიან მკაცრია – მისი ნებართვის გარეშე ფეხის გადადგმის უფლებაც არ გვაქვს. ხანდახან გულში ვბრაზდები ხოლმე ამის გამო, მაგრამ, რომ დავფიქრდები, ვერ ვამტყუნებ, რადგან, მშობლების ფუნქცია აქვს აღებული და ეშინია, რაიმე უბედურებას არ გადავეყაროთ. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდაა (30 წლის გახდა) და როგორ ართმევს თავს ოჯახსაც და სამსახურსაც, თანაც ისეთ დონეზე, რომ ბევრ ასაკოვან და ცხოვრებაგამოვლილ კაცს გაუჭირდება.

ჩემი და ჯერ პატარაა და გასაგებია, მაგრამ გიგი მეც ისევე მექცევა, როგორც სალომეს, – ანუ ისევ პატარა ვგონივარ. ვერ გააცნობიერა, რომ გავიზარდე და, ასაკიდან გამომდინარე, სხვა ინტერესებიც შეიძლება, მქონდეს. ასევე მექცევიან მისი მეგობრები – ლამის ენა მომიჩლიქონ, როცა ჩვენთან მოდიან. მე ეს ხან მომწონს, ხან მწყინს კიდეც, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. ყველაზე მეტად კი მწყინს მისი უახლოესი ძმაკაცის – თენგოს დამოკიდებულება ჩემდამი. როცა მოდის ჩემთვისაც და სალომესთვისაც ერთნაირი საჩუქრები მოაქვს: ტკბილეული, რბილი სათამაშოები, თოჯინები. თუმცა, მაინც მიხარია და მის ნაჩუქარს ყველაფერს სათუთად ვინახავ, კანფეტებსაც კი არ ვჭამ, სპეციალურ კოლოფში ვყრი და ჩემს უჯრაში მაქვს დამალული. ალბათ, მიხვდით, რომ თენგო მიყვარს, მაგრამ ჩემი ძმის შიშით არ ვიმჩნევ. რომ გამიგოს, არ ვიცი, რა მოხდება. არადა, რა არის გასაკვირი, 19 წლის ვარ და, არ შეიძლება, ვინმე შემიყვარდეს?!

ნინო, 19 წლის.



ჩემი ძმა სამარცხვინოდ იქცევა

მე და ჩემი ძმა, ირაკლი, ერთად ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში. ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და იძულებული გავხდი, სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ირაკლი 18 წლისაა, სტუდენტია, მაგრამ არსებობა ხომ გვინდოდა. ამიტომ, სწავლის პარალელურად, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად. სხვათა შორის, კარგადაც უხდიან და თითქმის ყოველდღე მოაქვს სახლში საჭმელი. ამ მხრივ კი ამოვისუნთქეთ, მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გამიჩნდა. ჩემი ძმა კარგი გარეგნობის ბიჭია, გოგოებს ყოველთვის მოსწონდათ და ბუზებივით ეხვეოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ პატარა იყო და ყველაფერ ამას სერიოზულად არ უყურებდა. ახლა კი სრულწლოვანია, თანაც ასე თუ ისე, რაღაც ფული გაუჩნდა და თვითონაც თავში აუვარდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ბოლო დროს ახალგაცნობილი მეგობრების სახლში მოყვანა დაიწყო. მოდიან ეს ლაწირაკი გოგო-ბიჭები და ისეთ დღეში არიან, ყირაზე გადადიან. აქაოდა, გარჩენო, ყველაფერზე უნდა გავჩუმდე, თანაც ნამდვილ მოსამსახურედ მაქცია. აბა, ერთი გავბედო და თუნდაც უკმაყოფილო სახე მივიღო – ისეთ დღეს დამაყრის, ვერ აგიწერთ. ათი წლით ვარ უფროსი, შემიძლია, ვთქვა, ჩემი გაზრდილია (ჩვენი მშობლები დიდი ხანია, გარდაიცვალნენ) და აბსოლუტურად არ აქვს ჩემდამი პატივისცემის გრძნობა. ისე იქცევა, სულ უნდა მახსოვდეს, რომ მის წინაშე რაღაცით ვალდებული ვარ. ამ ყველაფერს კიდევ გავუძლებდი, მაგრამ სხვა პრობლემამაც იჩინა თავი: ყოველ საღამოს ათ-ათი კაცი რომ მოჰყავს სახლში, ისე ხმაურობენ და ისე იქცევიან, უკვე მეზობლები სერიოზულად მსაყვედურობენ. დავიღალე ამ უზრდელი გოგოების უზნეობის ყურებით. ჯერ ერთი, მეც არ ვარ ბებერი და არ მინდა, მეზობლებმა ჩემზეც იფიქრონ რამე ცუდი, მაგრამ ეს ჩემს უტვინო ძმას ვერ გავაგებინე. ამას წინათ ერთმა მეზობელმა ისიც კი მითხრა, თქვენი ბინის პატრონს დავურეკავ და მთელი სამეზობლოს სახელით მოვთხოვ, ბინა დაგაცლევინოთ. ჩვენ აქ ბავშვები გვეზრდება და არ გვინდა, თქვენი ბორდელიდან გამოსულ კახპებს უყურონ და ის სიბილწეები გაიგონონ, რაც თქვენგან ისმისო.

ახლა ბინას ვეძებ, რომ სანამ შერცხვენილებს გაგვყრიან, თვითონ წავიდეთ. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, მე ცალკე გადავალ და რამენაირად გავიტან თავს-მეთქი, მაგრამ ირაკლი მარტო რომ დავტოვო, შეიძლება, მთლად დაიღუპოს. აღარ ვიცი, როგორ მოვიყვანო ჭკუაზე. არც არავინ გვყავს საახლობლოში ისეთი, რომელიც გონს მოიყვანდა. მარტო ღმერთის იმედად ვარ დარჩენილი. თავს იმითღა ვიმშვიდებ, იქნებ, ეს ასაკობრივია და, წლები რომ მოემატება, დასერიოზულდება-მეთქი, თუმცა, ბოლომდე ამისაც აღარ მჯერა.

მაკა, 28 წლის.



საზიარო შეყვარებული არ მჭირდება

ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ ეს წერილი, რომლის დაწერაც დიდმა გასაჭირმა გადამაწყვეტინა. გასაჭირმა კი არა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, უმძიმესმა მდგომარეობამ, რომელშიც მე აღმოვჩნდი.

საქმე ისაა, რომ მყავს შეყვარებული, რომელსაც უკვე კარგა ხანია, ვხვდები და ძალიან სერიოზული ურთიერთობა მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამ, სანამ დიტოს ჩემს დაქალს – ნინოს გავაცნობდი. მათი გაცნობიდან დაახლოებით, ერთ კვირაში დიტო აშკარად შეიცვალა, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ძალიან გვიან გავიგე მისი შეცვლის მიზეზი, ისიც, სრულიად შემთხვევით: ერთხელ, პაემანზე, კაფეში ვიყავით. დიტომ მობილური მაგიდაზე დატოვა და თვითონ ყავის შესაკვეთად გავიდა. ამ დროს მის ტელეფონზე ესემესის ზარი გაისმა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ, თითქოს რაღაცამ მიბიძგა, ამეღო. სხვა დროს ერთხელაც კი არ დავინტერესებულვარ არც დიტოს წარსულით, არც მისი ყოველდღიური ურთიერთობებით, იმ მომენტში კი, რატომღაც გულმა ცუდი მიგრძნო. მობილური ავიღე, წავიკითხე, და კინაღამ გული გამისკდა, თუმცა ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. ტექსტი საკმაოდ გრძელი იყო და ძირითადად სასიყვარულო სიტყვებს მოიცავდა. თავიდან, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, ვინ სწერდა ასეთ წერილს ჩემს შეყვარებულს, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის ბოლოს „ნინო“ ეწერა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ავტორი ჩემი დაქალი იყო. თვალი მაშინ ამეხილა, როცა პირველ ესემესს ორ წუთში მეორე მოჰყვა: „თუ ახლა ჩემს გოიმ დაქალთან ხარ, რამე მოიმიზეზე, გაუშვი და ჩემთან მოდი“. ისეთი ტირილი ამივარდა, ვერაფრით დავწყნარდი. დიტო, ყავის ფინჯნებით ხელში რომ დაბრუნდა, ვერ მიხვდა, რატომ ვტიროდი, გამოკითხვა დამიწყო, მაგრამ მე ტელეფონი მაგიდაზე დავუგდე და წამოვედი.

იმის მერე დღეში ასჯერ მირეკავს და შერიგებას მთხოვს. დაქალი რომ დავკარგე, ცხადია, მაგრამ არ მინდა, ის ადამიანიც დავკარგო, ვინც მართლა ძალიან მიყვარს. ყველაფერს ვაპატიებდი და შევურიგდებოდი, მაგრამ არ მჯერა, რომ დიტო თავის გრძნობებში ბოლომდე დარწმუნებულია. მეჩვენება, რომ თვითონაც ვერ გარკვეულა, რომელი ჩვენგანი უყვარს. მე კი მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო, არ ვიცი. ჩემი და მეუბნება, თუ მართლა ასე ძალიან გიყვარს, უნდა აპატიოო. თვითონ პატიება კი არ არის პრობლემა. უბრალოდ, მგონია, ასე ადვილად თუ ჩაივლის ეს ყველაფერი, იფიქრებს, ყველაფერი მეპატიებაო და ჩემს ყოფილ დაქალთან თუ შეწყვეტს ურთიერთობას, შეიძლება, მერე სხვა ვინმე იპოვოს. ასე „პარალელურ რეჟიმში“ ცხოვრების გატარება კი ნამდვილად არ მინდა. იქნებ, ვინმემ გამამტყუნოს, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, მე ვიყო „სათადარიგო ქალი“ და არც სხვა ქალის „ზამენის“ პერსპექტივა მხიბლავს. საშინელ დღეში ვარ და ამ წერილის მოწერაც იმიტომ გადავწყვიტე, სხვა თუ არაფერი, ცოტა გულზე მომეშვას-მეთქი. თანაც, იქნებ, დიტომაც წაიკითხოს და მიხვდეს, რომ ძალიან მიყვარს, ოღონდ, ვინმესთან საზიარო არც შეყვარებული მინდა და, მით უმეტეს – არც ქმარი.

ირმა, 20 წლის.



ჩემი საქმრო ცოლიანი აღმოჩნდა

ბესო ერთ წვეულებაზე გავიცანი. გვერდიდან არ მომშორებია, თავბრუ დამახვია, თავი შემაყვარა და, როგორც იტყვიან, თავიან-ფეხიანად გამაბა თავის მახეში. მე საკმაოდ გამოუცდელი ვიყავი ასეთ რამეებში და მთლიანად მივენდე. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ყოველი შეხვედრა დღესასწაული იყო ჩემთვის. მეუბნებოდა, რაღაც ბიზნესის საქმეებს რომ მოაგვარებდა, დავქორწინდებოდით და ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ იქნებოდა. მეც მჯეროდა და ყველაფერში ვენდობოდი. აზრადაც კი არ მომსვლია, გამეკითხა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მარტო სახელი, გვარი და ასაკი ვიცოდი – ჩემზე სულ რაღაც ექვსი წლით იყო უფროსი, მაგრამ უკვე მყარად იდგა ფეხზე და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა.

ერთ დღეს კი, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ბესოს ცოლ-შვილი ჰყოლია. ისე განვიცადე, ლამის წერილი წავიღე. ჯერ გადავწყვიტე, რეზოსთვის პირში მიმეხალა ყველაფერი და წერტილი დამესვა ჩვენი ურთიერთობისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. მან არ იცის, რომ მე მისი დაფარული საიდუმლო გავიგე და ისევ ისე განაგრძობს ყველაფერს. მე კი ორ ცეცხლს შუა ვარ მოქცეული: ერთი მხრივ, ვიცი, რომ რეზოს გარეშე, შეიძლება მოვკვდე. მეორე მხრივ კი, არ მინდა, ოჯახი დავუნგრიო და მისი ცოლ-შვილის უბედურების მიზეზი გავხდე. თან, ეგოიზმიც მიპყრობს და ჩემს გულჩვილობაზე ვბრაზდები: რატომ უნდა დავთმო საკუთარი ბედნიერება იმის გამო, რომ სხვა იყოს ბედნიერი? თანაც, აშკარად ვგრძნობ, რომ ბესოს მართლა ვუყვარვარ. მართალია, ჩემმა დაქალმა მითხრა, მართლა რომ უყვარდე, არ დაგიმალავდა, ცოლ-შვილი რომ ჰყავსო, ალბათ, არც ესაა გამორიცხული, მაგრამ, ხომ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ ვერ გამომიტყდა, რომ ჩემი დაკარგვის შეეშინდა?!

ელა, 20 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3