რაში ვერ აიყოლია ზურაბ ნოღაიდელი შვილმა და რომელი მილიონერის „ჩაძირვას“ აპირებს ის
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის შვილი, თემური, 13 წლის არის, ის ძალიან ჭკვიანი და საყვარელი ბავშვია, საინტერესო იუმორით. თავის ასაკთან შედარებით ინტერესთა მრავალფეროვანი სამყარო აქვს. ძალიან უყვარს ფეხბურთი, ფიზიკა და მოგზაურობა, რისი შანსიც მას მამის წყალობით ძალიან ბევრჯერ ჰქონდა. ნოღაიდელების ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, მამისგან განსხვავებით, პოლიტიკა არ მოსწონს, უფრო მეტიც – ის ძალიან ემოციურად აღიქვამს იმ ყველაფერს, რაც ბოლო დროს ხდება და, როცა მამის მისამართით წაყენებულ მძიმე ბრალდებებს ისმენს, ბავშვურ ემოციებსა და ცრემლებს ვერ იკავებს.
– მე მქვია თემუკა ნოღაიდელი, ვარ 13 წლის, ვსწავლობ სკოლაში და ვცხოვრობ ჭავჭავაძის ქუჩაზე. ეს არის ჩემი მცირე ბიოგრაფია. კიდევ მყავს მამაჩემი, ზურაბ ნოღაიდელი და დედაჩემი ნინო ცინცაბაძე, რომლებითაც ძალიან ვამაყობ, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანები, ლამაზები და კეთილები არიან.
– რომელ სკოლაში სწავლობ?
– ახალ სკოლაში, ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ცნობილი სკოლაა. კარგი მასწავლებლები გვყავს, განათლებულები და კარგი ხასიათი აქვთ. ჩემი კლასელებიც მხიარული ბავშვები არიან, ორი ყველაზე ახლო ძმაკაცი მყავს, ჩვენი დაჯგუფება გვაქვს. ჩემი კიდევ ორი კლასელი საქართველოს ნაკრებშიც კი გავიდა. ფეხბურთი მეც მიყვარს, მაგრამ არ დავდივარ, მარტო ქობულეთში ვთამაშობ ხოლმე. სკოლაში ბიჭები ბევრს ვთამაშობთ, ახალი ჭიდაობა მოვიგონეთ, „ბრძოლა წესების გარეშეს“ ჰგავს. ერთმანეთში ვითომ ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ ძალიან არ ვურტყამთ – ნელა ვაქცევთ.
– გოგონებიც ხომ არ მონაწილეობენ თქვენს ჩხუბებში?
– არა, გოგოები თავისთვის თამაშობენ ხოლმე, რაღაცნაირად ქალობენ, ვითომ პრინციპულები არიან და თავისი გააქვთ. ჩვენთან მეგობრობენ, მაგრამ, მაინც „ისე რა“ არიან (იცინის). თან იპრანჭებიან, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ. ბიჭები თითქმის არ ვიპრანჭებით. გოგო ჭკვიანი უნდა იყოს, კულტურული, ლამაზიც და კარგი ხასიათიც უნდა ჰქონდეს, ყველაფერზე კი არ უნდა ბრაზდებოდეს. მე რომ გოგო მომეწონოს, ესეთი უნდა იყოს და, თან, მეც უნდა ვუყვარდე. სიყვარული ჩემთვის მთავარია. ნელ-ნელა ვამჩნევ ერთ გოგოს, რომ მეპრანჭება – ყველაზე მეტს მე მელაპარაკება, რამდენჯერმე ისე გამიცინა, რომ, თითქოს, რაღაცა სხვანაირი თვალებით მიყურებს და ლოყაზეც კი მომეფერა. მაგის მერე მივხვდი, რომ მეპრანჭება.
– გიყვარს ვინმე?
– ეხლა არა, მაგრამ უკვე ოთხჯერ მიყვარდა. პირველად ძალიან პატარა ვიყავი და იმას დიდი სიყვარული არ ერქვა; მერე ბაღში შემიყვარდა, მერე ორჯერ – სკოლაში. იმ გოგოებს სულ რაღაცეებს ვჩუქნიდი: ხან სათამაშოებს, ხან – სხვა რამეებს. მერე ერთ გოგოს მივწერე, მე მიყვარხარ და შენ თუ გიყვარს ვინმე-მეთქი. არაო, მითხრა, მაგრამ, მაინც დავამთავრეთ სიყვარული.
– სკოლაში როგორ სწავლობ?
– რა ვიცი, აბა, ჩემს თავზე რა უნდა ვთქვა. ცუდად არ ვსწავლობ, ყველაფერში კარგი ნიშანი მაქვს. ყველაზე მეტად მიყვარს ფიზიკა – საინტერესო საგანია, თან, ეტყობა, მამიკოსგან გადმომეცა ეს ნიჭი მემკვიდრეობით. საკმაოდ მიჭირს ხელოვნება, მუსიკა. სხვადასხვა რაღაცეებს გვასწავლიან და ცოტა რთულია.
– სკოლის გარდა კიდევ სად დადიხარ?
– არსად, დრო არ მყოფნის. იმდენი მაქვს სასწავლი, ნამდვილი ტანჯვაა (იცინის). კლასელები მოდიან ხოლმე ჩემთან, ძირითადად ბიჭები. როცა პროექტებზე ვმუშაობთ, გოგოებიც მოდიან ჩემთან. ჩემს ოთახში შევდივართ ხოლმე, მაგრამ მე ყველაზე მეტად მამიკოს კაბინეტი მომწონს და აქ ვმეცადინეობ – მართვის უფლებით ჩამოვართვი. კომპიუტერი მეც კი მაქვს, მაგრამ მამიკოს ოთახი და კომპიუტერი უფრო მომწონს.
– მამასავით ფიზიკოსი ხომ არ უნდა გამოხვიდე?
– არა. მამიკო მეხმარება ფიზიკაში, გამოცდებს ჯერ მას ვაბარებ ხოლმე, მერე კი სკოლაში გავდივარ გამოცდაზე. დრო არა აქვს, მაგრამ ამისთვის მაინც იცლის; ხან „მაკდონალდსშიც“ კი მივყავარ, ერთი-ორჯერ კინოშიც წამიყვანა. თუ სახლში ადრე მოვიდა, „იაპონურ ჯოკერს“ ვეთამაშები ხოლმე. სულ მგონია, რომ მე მოვუგებ, მაგრამ ბოლოს მაინც ის იგებს. სამაგიეროდ, მე ვჯობივარ თხილამურებით სრიალში, ვერ ვასწავლეთ მე და დედამ, ეშინია, ნამდვილი „ჩაინიკია“.
– სკოლაში დაცვით რომ დადიხარ, მოგწონს?
– დაცვას მხოლოდ მივყავარ, იქ ჩემთან კი არ რჩებიან. მე ისე დავუმეგობრდი მამას დამცველებს, რომ, სულაც არაა ცუდი.
– კარგია, ცნობილი ადამიანის შვილი რომ ხარ?
– ძალიან ცოტა რამით არის კარგი, უფრო ცუდია. რაღაცეებს რომ ვიგებ მამაზე, ძალიან მტკივა გული. გუშინ, თურმე, ერთ ჩემს კლასელს მეორესთან წამოსცდა – ნოღაიდელივით მოღალატე ხარო? მე არ ვიყავი იმ დროს სკოლაში, მაგრამ, მაინც გავიგე. მე ვიცი, რომ მამაჩემი მოღალატე არ არის და რუსეთში იმიტომ წავიდა, რომ მეზობლებთან მტრობას, კარგი ურთიერთობა ჯობია. ზოგს ჰგონია, რომ მამაჩემი რუსეთში იმიტომ წავიდა, რომ მტერს შეუწყოს ხელი. მაგას მეც კი ვხვდები – რუსეთს რომ გადავემტეროთ, ამით რას მოვიგებთ? მიშა სააკაშვილი ძალიან ცუდად რომ არ მოქცეულიყო, ესეთი რამეები ხომ არ მოხდებოდა? მე ვხვდებოდი, მიშა როგორიც იყო და ამიტომაც არ მომწონდა. ადრე რამდენჯერმე შევხვდი, ერთხელ, ჩინურ რესტორანში ხელიც კი არ ჩამოვართვი, მარტო სანდრას და ედუჩას ჩამოვართვი. მიშა ადრე არ იყო ასეთი ცუდი პრეზიდენტი, თავისი ჭკუით და ფანტაზიით აფხაზეთის დაბრუნება უნდოდა, იმიტომ დაუწყო რუსებს ომი.
– მამა სახლში პოლიტიკაზე საუბრობს?
– არა, ის და დედა ცალკე გადიან ხოლმე და რაღაცეებს ჩურჩულებენ. ისე, როცა ძალიან გაბრაზებულია, მიშასაც აგინებს.
– შენ მაინც არ მითხარი, ვინ უნდა გამოხვიდე?
– მთავარია, ვიყო ჭკვიანი და განათლებული ადამიანი. იურისტი გამოვიდოდი, მაგრამ, ამ ქვეყანაში ისეთი მოსამართლეები არიან, იურისტობა საერთოდ არ მინდა. მაგათ გამო ბევრი ნათესავი დაგვიჭირეს. არც პოლიტიკოსი არ გამოვალ არასდროს, იმიტომ რომ, ათასი ჭორი შეიძლება მოგიგონონ. თან, პოლიტიკოსებმა არც მეგობრობა იციან და არც ძმაკაცობა. აი, მაგალითად, გია ბარამიძე მამაჩემის მეგობარი იყო და ახლა მამას ისე ლანძღავს... პოზიციის შესანარჩუნებლად იქცევა ასე. ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, მაგრამ, ალბათ, უფრო ბიზნესმენი გამოვალ. მაგალითად, გავხსნი დიდ სავაჭრო ქსელს, სადაც გავყიდი დისკებს და კომპიუტერებს. მინდა, რომ ბილ გეითსივით ცნობილი ვიყო. იმდენ ფულს, ალბათ, ვერ ვიშოვი, რაც იმას აქვს, მაგრამ, მაინც კარგი იქნება. სანამ მე გავიზრდები, ბილ გეითსი დაბერებული იქნება და, იქნებ, ის ჩაიძიროს და მისი ადგილიც დავიკავო (იცინის).
– ეგ როგორ უნდა მოახერხო?
– კარგად ვისწავლი და... დედა მეუბნება, უცხოეთში უნდა ისწავლოო, მაგრამ, მე თბილისში მირჩევნია სწავლაც და ცხოვრებაც, იქ მარტოს გამიჭირდება. რომ გავიზრდები, ვნახოთ. დედა მეუბნება, კვირაში ერთხელ მაინც ჩამოვალ ხოლმეო, მაგრამ, მაგას ისე ეშინია თვითმფრინავის, კვირაში ერთხელ სად ივლის?! თბილისში ომი რომ იყო, მაშინ უცხოეთიდან მოვფრინავდით, თბილისში თვითმფრინავები ვერ მოდიოდნენ და ერევანში უნდა ჩავფრენილიყავით. ერევანში სანამ დავფრინდებოდით, ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი ისე ირწეოდა, ლამის ფრთები დაარტყა მიწას. დედაჩემმა ისეთი კივილი მორთო, რომ... ისე, უცხოეთი კარგია, მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. კვიპროსშიც წამიყვანეს დედამ და მამამ, იქ ბასეინში ლამის დავიხრჩვე. ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი ბარსელონაში, ძალიან ლამაზი ქალაქია. ყველაფერი დათვალიერებული მაქვს, „გაუდის“ შენობებიც. იტალიაშიც ნამყოფი ვარ, საფრანგეთშიც და გერმანიაშიც. ძალიან მინდოდა ინგლისში წასვლა, რადგან „ლივერპულის“ ფანი ვარ. მამამ სიურპრიზი მომიწყო – ბილეთები იყიდა და თამაშზე წავედით, მაგრამ მაგარი წვიმა მოვიდა და თამაში გადაიდო.
– მამიკო პრემიერ-მინისტრი რომ იყო, ის ჯობდა, თუ, ახლა უფრო მოგწონს მისი სამსახური?
– ყველაზე მეტად ის მამიკო მომწონს, რომელიც სახლშია და ჩუსტები აცვია (იცინის). სახლში ძალიან მკაცრია. თუ დედაჩემს არ გავაბრაზებ, ხმასაც არ მცემს, მაგრამ, დედა თუ გავაბრაზე, მამა ზომაზე მეტად მკაცრი ხდება. ისე, ძალიან მანებივრებს, ყველა სურვილს მისრულებს და სულ მეფერება. წვრილ ფულსაც მჩუქნის ხოლმე და მერე სკოლის ბუფეტში ვხარჯავ. ეხლა შემპირდა, რომ კვადროციკლს მიყიდის და, ვიცი, რომ ამ ოცნებას ამისრულებს.
– კიდევ რა არის შენი ოცნება?
– ძალიან მინდა, რომ ჩემი ნათესავები გამოუშვან ციხიდან; კიდევ, მინდა, რომ შემხვდეს ისეთი ლატარიის ბილეთი, რომელიც ბევრ ფულს მოიგებს. იმ ფულით მარტო ჩემთვის კი არ ვიყიდი რამეებს, ყველაზე საწყალ ბავშვებს დავეხმარები... კიდევ, მინდა, რომ და ან ძმა მყავდეს. ოღონდ დედამ და მამამ გააჩინონ და, რაც უნდათ, ის დაარქვან.