კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება ვერ აისრულა მაია რჩეულიშვილმა და როგორი გახადა მან საყვარელი მამაკაცები


პრინციპულობა, პრაგმატული ჭკუა, სწორი სტრატეგიული ხედვა დებს – მაია და რუსუდან კერვალიშვილებს ბავშვობიდან მოსდევთ. მათ ყველაზე კარგად იციან დროისა და მიღწეული შედეგის ფასი, მაგრამ, თუ გული სიყვარულით კი არა, შურით გაქვს სავსე, რთულია, დაინახო, რომ ისეთი ადამიანების გვერდით ცხოვრობ, რომლებიც ქვეყანას კი არ ანგრევენ, არამედ აშენებენ. მრავალი წელია, ქალბატონი მაია საქართველოში ყველაზე მსხვილ სამშენებლო ბიზნესშია ჩართული, რაშიც ქმარ-შვილიც ეხმარება. მისი და, ქალბატონი რუსუდანი კი მოგვიანებით ოჯახურ ბიზნესს გამოეყო და ხმათა უმრავლესობით პარლამენტში მოხვდა, მაგრამ, ზოგიერთი პარლამენტარისგან განსხვავებით, იქიდანაც ვერ ისვენებს და ადამიანებისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ჩვენ ახლა კერვალიშვილ-რჩეულიშვილების ცხოვრების საათის დიდ ისარს ბევრად უკან გადავწევთ და ისეთ მომენტებზეც გიამბობთ, რაც ჯერ არსად გაჟღერებულა.

ქალბატონი მაია: მე და რუსო ვერაზე დავიბადეთ და გავიზარდეთ. იმდენად კარგი ხასიათი მქონდა, რომ ბაღშიც კი არ წამიყვანეს, ჩემთვის ვიყავი, არავის ვაწუხებდი. მომწონდა ბებიასთან (დედის დედასთან) ერთად სამზარეულოში ფუსფუსი. ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი საჭმელების კეთება და, სადაც არ უნდა წავიდე, ვიცი, რომ კიდევ ერთი სრულყოფილი პროფესია მაქვს. ჩემთვის დღემდე ეს არის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც ტვინი, დაკვირვება და გემოვნება სჭირდება. როცა ბებია უფრო სერიოზულ რაღაცეებს ამზადებდა, მრცხვენოდა, მეთხოვა, რეცეპტი ჩამაწერინე-მეთქი. ამიტომ, ბევრი რაღაც ვერ ვისწავლე. მაგალითად, ვაშლის პიროგი, რომელიც ნახშირმჟავა-ამონიუმით კეთდებოდა. დოზა ხომ უნდა მცოდნოდა, რომ ხალხი არ დამეწამლა?! დედამ და ბებიამ იცოდნენ, რომ მარტო ეს არ გამომადგებოდა. ეტყობა, გრძნობდნენ, რომ ბიზნესმენი გამოვიდოდი. დედაჩემის მძივებს, საყურეებს, ბეჭდებს რომ ვიკეთებდი, მეუბნებოდნენ: მაია, ნამდვილი „მეშჩანკა“ ხარო. შენიშვნებს მაძლევდნენ, რომ არ შეიძლება, ადამიანს ზედმეტად უყვარდეს ნივთები; არ უნდოდათ, ვაჭარი გამოვსულიყავი. მეორე ბებია, გვარად მაისაშვილი, სოფელ წესში ერისთავების მამულის გვერდით ცხოვრობდა. ის იყო ტიპიური გლეხი, რომლის მსგავსიც, ალბათ, ძალიან ცოტაა საქართველოში. ქმარმა სამი შვილის ამარა 37 წლის ასაკში მიატოვა და ლატვიელი ქალი მოიყვანა ცოლად. როგორ უნდა წარემართა ცხოვრება, კაცმა არ იცოდა. მთელი ოჯახის სიმძიმე ზურგზე დააწვა. მისცეს ექვსასი კვადრატული მიწა, რომელზეც ბეღელივით სახლი იდგა და უთხრეს, როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. მერე ბებია სოფელში ერთ-ერთი ძალიან მდიდარი ქალი გახდა. ბუნებრივია, როცა ერისთავების მეზობლად ცხოვრობ, შენც გიჩნდება კარგად ცხოვრების მოთხოვნილება. რასაკვირველია, ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია. ძალიან ენერგიული ქალი იყო. თავისი ბოსტანი, ვენახი ჰქონდა, საქონელი ჰყავდა. ცხოვრება ისეთია, ან დაგეტაკება და მოგერევა, ან შენ უნდა მოერიო – სხვა ვარიანტი არ არსებობს. მოკლედ, ბებია მოერია ცხოვრებას და მერე, როცა მასთან ჩავდიოდით, უბრალო არაფერი ჰქონდა, ვერცხლის დანა-ჩანგლით დაწყებული... ყველაფერი ძვირფასი ჰქონდა. აი, მაშინ დავინახე ერთი უცნაური თვისება ადამიანში: მთელი სოფელი ებრძოდა, ყოველთვის განკითხვის საგანი იყო. მერე მივხვდი, რომ ყველა ძლიერი ადამიანი შურის ობიექტია. თუ ვინმე მყავს გარშემო მაგალითად, ეს არის ბებია. მათ გარდა კიდევ მყავდა გამზრდელი ბებია-ბაბუა, თბილისელი ბებიის ძმა, აკადემიკოსი ელიზბარ მინდელი და მისი ცოლი თამარ ახვლედიანი. ერთი წლისა მიშვილეს უმარტივესი მიზეზით – ბინაში ჩავეწერე. მოსკოვში ცხოვრობდნენ. დიდი ბინა ჰქონდათ და მაშინ ასეთი წესი იყო: თუ ვინმეს არ ჩაწერდნენ, ჩამოართმევდნენ. ამიტომ, წელიწადში სამჯერ მოსკოვში მიწევდა ყოფნა. ბოლოს შვილივით შევუყვარდი.

– ვინ უფრო აქტიურად იყო ჩართული თქვენს აღზრდაში? გარდა ბებიისა, ალბათ, კიდევ იყო ვიღაც, ვის შემხედვარესაც გაგიჩნდათ კარგად ცხოვრების სურვილი.

– მამა იმდენად არ იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში, რომ, ერთ დღეს, წვეულებაზე მეგობრებმა ჰკითხეს, გოგოები რამდენი წლისანი არიანო და ვერ უპასუხა – არ იცოდა, რომელ კლასში ვიყავით. თუმცა, ის უკიდეგანო სიყვარული, რაც ქართველ მამებს გოგოების მიმართ აქვთ, მასაც ჰქონდა. რაც შეეხება კარგად ცხოვრების მოთხოვნილებას, ეს ჩემი დედობილის დამსახურებაა: მოსკოვში რომ ჩავდიოდი, თითქოს სულ სხვა სამყაროში ვხვდებოდი – ყოველდღიური სადილის სერვიზიც კი საიმპერატორო გვქონდა. არნახულად მანებივრებდნენ. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო. დიდი ხნის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა კურთხევა მომცა: რაც შეიძლება ბევრი ძვირფასი ნივთი შეიძინე, რომ საქართველოდან არ გავიდესო – ეს მისგან მივიღე, როგორც დავალება. მას შემდეგ, რაც მხვდება, ყველაფერს ვყიდულობ, უკვე სახლში აღარ ეტევა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნივთის მონა ვარ. უბრალოდ, სილამაზე მიყვარს. ბევრიც სასტუმროებში განვათავსე და ახლაც ასეა, სასტუმროებს სულ ასე ვაწყობ. ვინმე რომ ჩამოვა, არ მინდა, თქვას, რა ღარიბული სასტუმრო აქვთო (რჩეულიშვილების „რჩეული სასტუმროების ქსელი“ – ე.პ.). მე და რუსო ამაშიც განვსხვავდებით. მისთვის არ არსებობს ნივთი, მისთვის არსებობს საქმე და სიკეთე. რასაკვირველია, მეც მიყვარს ქველმოქმედება, რადგან ყველამ ვიცით, უფალი გაძლევს და შენ ხარ გამტარი, მაგრამ, ბიზნესს უყვარს თვლა. ერთ დღესაც, შემოგეცლება ხელიდან და ისე დარჩები.

– დებს თუ გქონდათ განსხვავებული პროფესიებისადმი მისწრაფება?

– ძალიან მინდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი და, გასაოცარია, რომ არ შემიყვანეს ბალეტზე. ერთხელ დედამ მე და რუსო ცირკში წაგვიყვანა, რიგი იყო და ისე გაწვალდა, კინაღამ დაგვხოცა, უკან დავბრუნდით, აღარც შეგვიყვანა. ეტყობა, ესეც დაეზარა. ჩემი დედობილი ჩემთვის ულამაზეს სასცენო კოსტიუმებსა და პუანტებს ყიდულობდა, პირდაპირ დიდი თეატრიდან მოდიოდა, მაგრამ... რუსო არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო. ყველა საგანში „ხუთი“ ჰყავდა. მე კი, რაც არ მინდოდა, გამორიცხული იყო, მესწავლა. ვგიჟდებოდი მათემატიკაზე და, ასე მეგონა, მსოფლიოში მათემატიკაზე იოლი საგანი არ არსებობდა. ახლაც ასეა: ვიღებ გრანდიოზულ ამოცანას, ამ ამოცანას, ასე ვთქვათ, „ვახურდავებ“, უკან ვაბრუნებ, ყველაზე ადვილ ამოხსნას ვუძებნი და მერე ვმოქმედებ. რუსოს ჟურნალისტიკა უნდოდა და, ალბათ, კარგი ჟურნალისტი იქნებოდა, მაგრამ, მამას ჯინაზე ექიმი გახდა – ისეთი ტონით უთხრა, ვერ ჩააბარებო, არ მოეწონა. მე არქიტექტურულზე ჩავაბარე.

– თქვენს მშობლებზეც მიამბეთ.

– მამა შარშან გარდაგვეცვალა. გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ყელში რაღაც პატარა წამონაზარდი გაუჩნდა. ვიცოდით, რომ ორგანიზმში რამდენიმე სიმსივნური წამონაზარდი ჰქონდა. სიმართლე რომ გვეთქვა, არ წავიდოდა და არ დაიწყებდა ყელში ჩიჩქნას. ამოაჭრევინა. ისრაელში წავიყვანეთ, სადაც დასხივება დაუწყეს, ამან თავის ტვინის იშემია გამოიწვია და გარდაიცვალა. 31 წლის ასაკში კათედრის გამგე, შემდეგ დეკანი და ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი გახლდათ. დედა ტიპიური დიასახლისი იყო. ის არის ადამიანი, რომელმაც ჩემგან და რუსუდანისგან შექმნა ის, რაც ვართ.

– ალბათ, ძალიან ამაყობდნენ თქვენით.

– პირიქით, ძალიან სწყინდათ. რა ჰქონდათ გასახარი?! მათთვის შოკის მომგვრელი იყო, ძველ ბიჭს რომ გავყევი ცოლად, მაგრამ ვახოს მაგრად ჩავჭიდე ხელი. ჯერ კომკავშირის ცეკას, მერე – პარტიის ცეკას თანამშრომელი გახდა და საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა – ბიზნესმენი. ზვიადის დროს ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელმაც ძალიან ბევრი ფული იშოვა. მერე, შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, ბიზნესში ყოფნა აღარ მოუნდა და გამოგვიცხადა, კენჭი უნდა ვიყაროო. გახდა ვიცე-სპიკერი, თუმცა ეს ძველბიჭობა მთელი პარლამენტის პერიოდში შერჩა.

– როგორ გაიცანით მომავალი ქმრები?

– ლიკანში ვიყავი. რაღაც დარჩათ და, ვინაიდან ადრე მივდიოდი, მე გამომატანეს – თუ შეიძლება ამ მისამართზე მიიტანეო. მივედი და ვხედავ, ვიღაც, პიჟამაში გამოწყობილი ახალგაზრდა ზის და წიგნს კითხულობს. გინდ შევსულიყავი და გინდ გამოვსულიყავი, რეაქცია იყო ნული, აბსოლუტურად არ მომაქცია ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თაყვანისმცემლები არ მაკლდა. ჩემთვის ქუჩის რომანტიზმი საერთოდ არ იყო ნაცნობი, ჩვენს წრეში სულ რამდენიმე ძველი ბიჭის სახელი და გვარი იყო ცნობილი და მასზეც გამეგო, რომ მეტსახელად ტუი ერქვა. მერე ვახომ და ზაზამ გაიცნეს ერთმანეთი და ბოლომდე განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. ზაზა უკვე ჩემი სიძე იყო. სრულიად შემთხვევით, ერთ სუფრასთან მოვხვდით. აღმოვაჩინე, რომ ისეთი განათლებულია, მთელი ჩემი წრე ერთად რომ შეკრიბო, იმდენი წიგნი არავის წაუკითხავს, რამდენიც მას. ამაში დიდი ინტრიგა იყო ჩადებული: სად ასწრებს ძველი ბიჭი განათლებას? მერე მისი მშობლები რომ გავიცანი, აქ უკვე მივხვდი, რომ „ოქსფორდს“, „კემბრიჯს“ და ცხოვრებისეულ ყველა დიდ ინსტიტუტს ერთად გავდივარ. საბოლოო ჯამში, ეტყობა, მეც მოვხიბლე. პრანჭვა დავიწყე. რაც შეეხება რუსოს, ის გაიპარა და მამას, მგონი, მაშინ დაემართა პირველი ინფარქტი.

– თქვენც და ქალბატონ რუსუდანსაც თითო შვილი გყავთ. გული არ გწყდებათ, რომ მეტი არ იყოლიეთ?

– ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ამაში დიდი წვლილი ჩვენს მშობლებს მიუძღვით, რომლებიც წინააღმდეგები იყვნენ ჩემი და რუსუდანის მეორედ მშობიარობის. ეტყობა, ეშინოდათ. აქაც დავუჯერეთ. მერე, უცებ, ორმოცდაოთხი წლის ასაკში მომინდა შვილის გაჩენა, ვიფიქრე, მალულად გავაჩენ-მეთქი, მაგრამ მერე ვახოს შეეშინდა.

– გუკას ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როცა ქუჩამ გაიტაცა და, აქაც, როგორც ქმრის შემთხვევაში, თქვენ იქონიეთ გავლენა.

– ბიზნესის პარალელურად, ვახოსთან პარტიაში ვიყავი ჩაბმული, მაგრამ, ნახევარი ტვინით გუკასთან ვიყავი. მინდოდა, რომ გუკას რაღაც დოზით ენახა ქუჩა, თუმცა, ერთ რამეს ვერ გავუწიე ანგარიში. იმას, რომ გუგა შეძლებული ოჯახის შვილი იყო და, ამ დროს, ბუნებრივია, ყველა მეგობარს უნდა შენ გვერდში დგომა. როცა ფინანსები გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება ნარკოტიკის შემოთავაზება და შენ ხარ ძირითადი ბანკირი, რომელსაც ამის ყიდვა ყოველთვის შეგიძლია. მოვიდა დრო, როცა გუკამ თვითონ გადაწყვიტა, ქუჩისთვის გვერდი აექცია და ამაში უდიდესი წვლილი საქართველოს პატრიარქს მიუძღვის. 2002 წელია, უკვე არეულობა იწყება. სრულიად შემთხვევით, ჩვენთან მოხვდა პატრიარქი და ვახოს ჰკითხა: რა პრობლემა გაქვსო. სინოდის ძალიან ბევრი წევრი ამ მომენტში ჩვენთან იყო. ვახომ უთხრა: უწმიდესო, გუკა ნარკომანიაო. გუკას სირცხვილისგან რა დაემართა, ვერ აგიწერთ. უწმიდესმა გუკას თავზე ხელი დაადო და თქვა: გურამი თვითონ დასძლევს ამ პრობლემასო – და გუკამ მეორე დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო.

– თქვენს ყოფილ და ახლანდელ რძლებზე რას გვეტყვით?

– გუკას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, თეონა ცინცაძე. ერთად სულ ხუთი წელი იყვნენ, მაგრამ, სადაც შვილი არ არის, ხომ იცით, ის ოჯახი ადვილად ინგრევა. ახლა გვყავს საოცარი რძალი, ნუცა კუხიანიძე, რომელიც ზუსტად ისევე „ეომება“ გუკას, როგორც თავის დროზე მე – ვახოს. უნდა, რომ ყველაფერში წარმატებული და გამორჩეული იყოს. გვყავს პატარა ეკატერინე, რომელსაც ვეუბნები ხოლმე – ბებო, ეს ხვეული თმები მე გაჩუქე-მეთქი. ნუცა კარგა ხანს არ დაფეხმძიმდა და იერუსალიმში, ჩემი დისშვილის ჯვრისწერაზე რომ ვიყავით, ტაძარში ხმამაღლა შესთხოვა ღმერთს, შვილი მომეციო. ცალკე მე და ვახო დავხოხავდით მუხლებზე სინას მთაზე ეკატერინეს მონასტერში და შევთხოვდით უფალს.

– ვიცი, რომ თქვენ გინდოდათ, გუკა მთლიანად თქვენზე არ ყოფილიყო დამოკიდებული და თავისი საქმე ჰქონოდა. ამიტომ, რამდენიმე მეგობართან ერთად და თქვენი დახმარებით, კინობიზნესი წამოიწყო, რომელსაც „სანგუკო“ დაარქვეს. როგორ მოგწონთ ის, რასაც ისინი აკეთებენ?

– გუკა ძალიან პატარა იყო, როცა მითხრა, რეჟისორობა მინდაო და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ გარშემო ამ სფეროში არავინ გვყავდა. მერე ინგლისში წავიდა ცოტა ხნით სასწავლებლად, რომ ჩამოვიდა, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულზე სწავლობდა, მაგრამ, უფრო ხელოვნებისკენ იყო მიდრეკილი. სანამ სტუდიას დააარსებდა, მანამდე „ყარაბაღი“ გადაიღეს, ანუ, უკვე ამ ბიზნესში იყო. ამან იმდენად დააინტერესა, რომ წინ ვერ დავუდგებოდი. დღესდღეობით გუკა, „სანგუკოსთან“ ერთად, „ცენტრ პოინტის“ დირექტორია.

– თუ გქონიათ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა ფინანსურად ძალიან გაგიჭირდათ და როგორ იპოვეთ გამოსავალი?

– ასეთი პერიოდი იყო, როცა შალვა ბიძია დაიჭირეს. პროკურატურა და „კაგებე“ ერთად მოვიდა და, რაც კი სახლში თუ ანგარიშებზე ფული იყო, ყველაფერი დაბლოკეს. თამაზ კობახიძე, რომელიც დღემდე ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარია, ცეკაში მუშაობდა და მთელი თავისი „პაიოკი“ ჩვენთან მოჰქონდა. კვირიდან კვირამდე საჭმლის პრობლემა არ არსებობდა. ასევე იყო ჩვენი ნათესავი ნოდარ დიდიძე, შალვა ბიძიას მეგობარი ბორია ინასარიძე, რომელსაც ყოველი თვის დასაწყისში ჩვენთან გარკვეული თანხა მოჰქონდა. ეს გაგრძელდა თითქმის წელიწადი. მე მოვკიდე ხელი მთელ ჩემს ძვირფასეულობას, წავიღე და გავყიდე. ორმოცდაორი ათასი მანეთი მომცეს და სიხარულით კინაღამ გავგიჟდი, რომ სახლში ამდენი ფული მოვიტანე. ეს იმხელა თანხა იყო, რომ, შეიძლებოდა, ოთხი მანქანა გეყიდა. მერე, შალვა ბიძია რომ გამოვიდა, ყველაფერი ორმაგად დაგვიბრუნეს.

– როგორ ჩაებით სამშენებლო ბიზნესში, რა გზა გამოიარეთ ამისთვის?

– თავდაპირველად იყო ავიაკომპანია. მაშინ მხოლოდ ნუგზარ შევარდნაძის ავიაკომპანია –„კრაერო“ არსებობდა. გვქონდა ვახოს ნაყიდი უამრავი ფართი და შალიკო ბიძიას დანატოვარი. მე და ვახოს დამ ლესელიძეზე ერთ-ერთ ფართში გავხსენით სააგენტო. ეს იყო ძალიან დიდი ბიზნესი. მოგება ერთ დღეზე ათას რვაასი დოლარი გამომდიოდა. ეს ხდება 1991 წელს, როცა ფული არავის აქვს. ამასთან ერთად გადავწყვიტეთ, თვითმფრინავში გაგვეკეთებინა კვების პაკეტი, ისეთი, როგორიც მე მიყვარს. ამაში ჩვენი თანამშრომლები დავიხმარეთ. მოკლედ, „კრაეროს“ ვაჯობე დატვირთვაში. ბოლოს ლიცენზია აღარ გაგვიგრძელეს. მერე მე და რუსომ გადავწყვიტეთ რესტორანი „ევროპა“ გაგვეკეთებინა. რამდენიმე ადამიანი ვიყავით დამფუძნებლები, მენეჯმენტი კი იყო ნიკიტიჩას და მამულიჩას ხელში. მოგება კვირაში თხუთმეტი ათასი დოლარი იყო. მერე პარტნიორებმა, გვითხრეს: თქვენ ხომ მართეთ, ახლა ჩვენ გვამართვინეთო. მესამე თვიდან დაიწყო ვარდნა ნულის დონეზე, მაგრამ, ვინაიდან არავითარი ხელშეკრულება არ არსებობდა, ვერც პასუხს მოსთხოვდი. რაც შეეხება მშენებლობას, ვერ ვიტყვი, რომ მარტომ დავიწყე. უმდიდრესი მამამთილი მყავდა, მე და რუსოს მამაც გვერდზე გვედგა, მაგრამ, უძრავ ქონებას, რომ დაიწყო მაინც დიდი ფული უნდა. აქაც უფალი დაგვეხმარა. დავიწყეთ ფულის მულტიფიცირება. წავიდა ბევრი მითქმა-მოთქმა, როგორ გაჩნდა „ცენტრ პოინტი“. ცუდია, როცა შენს წარმატებას აწერენ არა ჭკუას, არამედ მაქინაციებს. იდეა კი გაჩნდა იქიდან, რომ მამამ რუსუდანს აუშენა სახლი და მე არ ამიშენა. ვუთხარი: მე დავამთავრებ ამ სახლს, ზემოდან სართულებს დავადგამ-მეთქი. როცა სართულებს ვადგამდი, რამდენიმე კაცი მოვიდა და მითხრა: თუ შეიძლება, თქვენი სართულები მოგვყიდეთო. აი, მაშინ მივხვდი, რომ დრო მოვიდა. მას შემდეგ წინ მივდივართ.


скачать dle 11.3