კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქალურ საიდუმლოებებს უმხელს ავთო ცქვიტინიძეს სიდედრი და სად ეპარებიან ისინი ოჯახის წევრებს


ისინი სიძე-სიდედრი არიან, მაგრამ, ტრადიციულ ქართველ სიძე-სიდედრს ნამდვილად არ ჰგვანან – ერთმანეთთან დიდი მეგობრობა და გულწრფელი სიყვარული აკავშირებთ, რაც დრომ და ერთად გადატანილმა დიდმა ტკივილმა კიდევ უფრო გამოაწრთო. ავთო ცქვიტინიძესა და მზია თოთლაძეს ერთმანეთის გულის მოსაგებად „გამოცდები“ არც არასდროს დასჭირვებიათ – ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ცნობილი დიზაინერი სიდედრს ხშირად „ამოიჩემებს“ ხოლმე, მის სამზარეულოში კი თავს ისეთი ექსპერიმენტების უფლებასაც აძლევს, რის გაკეთებასაც სხვებთან ერიდება.


– როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

ავთო ცქვიტინიძე: ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის დაკავშირებული ჩემს პროფესიასთან, ბევრი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ჩემი საქმიანობის დამსახურებით და, მათ შორის არის მზიაც. ის ჩემთან თავისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მოვიდა კაბების შესაკვეთად – ძმისშვილის ქორწილი ჰქონდათ და მთელი ოჯახი ამ ქორწილისთვის ემზადებოდა. მე თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ჩემი სტუმრები. ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ხათუნამ მიიპყრო, თუმცა, არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა ამ ოჯახის ქალბატონებთან. დიზაინერისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც შემკვეთი თავის ემოციებს გამოხატავს, ემოციები კი ქალბატონ პატარკაციშვილებს არც მაშინ აკლდათ (იცინის). ყველაზე კარგი ის იყო, რომ ჩვენ იოლად გავუგეთ ერთმანეთს, ისინი არ აღმოჩნდნენ პრეტენზიულები და „პრიმერკებმაც“ ძალიან კარგად ჩაიარა.

მზია თოთლაძე: მაშინ ავთო უკვე ცნობილი დიზაინერი იყო. იმ პერიოდში მარჯანიშვილზე მუშაობდა. მან ჩვენ ძალიან კარგად მიგვიღო, გვაჩვენა სხვადასხვა ქსოვილი. მახსოვს, ძალიან ჩამაცივდა ერთ-ერთ ქსოვილზე, რომელიც ვარდისფერი იყო და მიმტკიცებდა, რომ ეს ფერი ძალიან მოგიხდებაო. მე ვუთხარი, ეს ფერი არასდროს მცმია და, ალბათ, არ მომიხდება-მეთქი. ავთომ იოლად დამიყოლია და მართლაც ძალიან ლამაზი კოსტიუმი გამოვიდა. იმ კოსტიუმს დღემდე ვინახავ, კარგი ქსოვილისგან არის შეკერილი, ახლა მოდაში აღარაა, მაგრამ, მოვა დრო და, როგორც ხდება ხოლმე, კვლავ ძველი მოდა დაბრუნდება. როდესაც ჩემი ძმისშვილის ქორწილში ჩვენ ყველანი ავთოს სამოსში გამოწყობილები მივედით, ჩემმა ძმამ მკითხა: სად შეიძინეთ ეს ლამაზი ტანსაცმელი, უცხოეთში წასვლა ხომ არ მოასწარითო? მე ვუთხარი, რომ არსებობდა დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე, რომელმაც ქორწილისთვის გამოგვაწყო. ცოტა მოგვიანებით, ერთ დღეს, ჩემს ძმასთან ვიყავი სტუმრად, ტელევიზიით სიუჟეტი გადიოდა ავთოზე. ბადრიმ მითხრა – ამ ბიჭის ტელეფონი ხომ არ გაქვს, უნდა დავურეკოო. მე მივეცი მას ტელეფონის ნომერი, ბადრიმ მაშინვე დაურეკა ავთოს და უთხრა: ძალიან მომეწონეთ, ნიჭიერი ბიჭი ხართ და დიდი მომავალი გექნებათო.

ავთო: როცა მითხრა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ვარო, მე ვერ დავიჯერე, თავიდან მეგონა, რომ ვიღაც მაშაყირებდა (იცინის). რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ დღეს, მან კიდევ დამირეკა და მითხრა: როდემდე უნდა გაწელოთ შენ და ხათუნამ ეს ურთიერთობები, რაღას უცდითო. ის ძალიან თანამედროვე ადამიანი იყო მენტალიტეტით, არ უჭირდა გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება ითქვას, რომ მან დააჩქარა ჩვენი ნიშნობა (იცინის).

– როდის შეიტყვეთ, რომ ყველაზე ცნობილი დიზაინერი თქვენს ქალიშვილზე იყო შეყვარებული და იოლად დათანხმდით მათ დაქორწინებაზე?

ქალბატონი მზია: ამაზე უკვე თითქმის მთელი თბილისი ლაპარაკობდა, მეც ვიცოდი, რომ ხათუნასა და ავთოს შორის რაღაც სიმპათიები არსებობდა: ავთომ მოუხშირა ჩვენთან სტუმრობას და, ვხვდებოდი, რომ ხათუნაც არ იყო მის მიმართ გულგრილი, თუმცა ჩემთან ამ თემაზე არც ერთი არ იღებდა ხმას. ამ შეხვედრებს მეგობრობის საბურველით მოსავდნენ (იცინის). ავთო იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩემი გულის მოგება არ გასჭირვებია, თუმცა, არ მეგონა, რომ ის და ხათუნა ოჯახს შექმნიდნენ. ხასიათებით ძალიან განსხვავებულები არიან: ავთო უფრო დამყოლია, დამთმობი, რბილი ხასიათი აქვს; ხათუნა ცოტა უფრო რთულია, ზომაზე მეტად ობიექტური, ალბათ, ამიტომაც უგებენ ერთმანეთს ასე კარგად და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, თუმცა, ვაღიარებ, რომ მე ავთოს ხასიათი უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი შვილის. ამიტომაც, მე და ავთოს პატარა ოჯახური კოალიცია გვაქვს (იცინის).

– მათ ურთიერთობაში არ ერევით?

– არასდროს ჩავრეულვარ – ჩვენ დავარღვიეთ ეს სტერეოტიპი. თუ აზრს მკითხავენ – კი ბატონო, ისე კი, რატომ უნდა ჩავერიო? ავთო და ხათუნა ორი წელი ცხოვრობდნენ ჩემთან. თავიდან მეგონა, რომ სიძესთან ერთად ცხოვრება გამიჭირდებოდა და ვნერვიულობდი. ავთოს კარგად კი ვიცნობდი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, როგორ შევეგუებოდით ერთმანეთს ოჯახში, როგორი იქნებოდა ჩვენი დილა, საღამოები. თურმე, აბსოლუტურად ტყუილად განვიცდიდი ამას, იმდენად უპრობლემოდ, კომფორტულად ვცხოვრობდით ერთად, რომ, როდესაც ავთო და ხათუნა ცალკე გადავიდნენ, მათ გარეშე ძალიან გამიჭირდა. თან, უცებ გადაწყვიტეს წასვლა, სიურპრიზი მომიწყვეს. წინა დღეს თქვეს და მეორე დღეს გადავიდნენ.

ავთო: მე და მზია ძალიან ვგავართ ხასიათებით, ამიტომაც ვუგებთ ერთმანეთს ასე კარგად. თავიდან მე და ხათუნა ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ, როგორც კი ხათუნა დაფეხმძიმდა, მას განსაკუთრებით გაუმძაფრდა დამოკიდებულება დედის მიმართ, ფიზიკურად ვეღარ ძლებდა მის გარეშე. იმდენად ხშირად ვიყავით მზიასთან და ღამის 3-4 საათამდე ვრჩებოდით ხოლმე, რომ ცალკე ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. ახლაც სულ ერთად ვართ. ყოველდღე არა, მაგრამ, ორ დღეში ერთხელ მაინც ვართ ერთმანეთთან სტუმრად – ან ნანასთან ვართ გვიანობამდე, ან – მზიასთან. ხანდახან მზიასთან ხათუნას გარეშეც მივდივარ ხოლმე.

ქალბატონი მზია: ასეთი მორიგეობა გვაქვს დაწესებული, ოფიციალური ურთიერთობებისგან შორს ვართ. მე ვხედავ, რომ ჩემი შვილი ბედნიერია და ჩემთვის ეს არის მთავარი. მე ბედნიერი ვარ, რომ მან ავთოზე გააკეთა არჩევანი, ავთო ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, მზრუნველი მეუღლე და მამაა – ამაზე მეტი კი სიდედრს არ სჭირდება (იცინის).

ავთო: მე არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა „სიდედრი“. მიჭირს იმის წარმოდგენა, რაც სხვებისგან გამიგონია. მზია არის ჩემი მეგობარი. როცა სახლში ვართ, ძალიან გვიყვარს სამზარეულოში ყოფნა. თუ ბევრნი ვართ სახლში, გავიპარებით სამზარეულოში, განვმარტოვდებით ხოლმე და ვსაუბრობთ ყველაფერზე, პოლიტიკაზეც კი. მე ხომ ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ მზიასთან ამ თემაზე საუბარს ვბედავ – ამ ექსპერიმენტს ვატარებ (იცინის).

– სამზარეულოში სიდედრს ყავას უდუღებთ?

– რატომაც არა! ხან მზია მოადუღებს, ხან – მე.

ქალბატონი მზია: ავთოს არ უყვარს პოლიტიკა და ვერც ერკვევა. მისი პატრიოტიზმი არის მისი საქმე, რომლითაც მას საქართველოს სახელი უცხოეთში გააქვს. სხვაგან, ცნობილი დიზაინერების წარდგენაზე ის ქვეყნები ზრუნავენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ავთო კი ამას თავად ახერხებს. ის „მოსკოვის მაღალი მოდის ასოციაციის“ წევრია, არაერთხელ ჰქონდა შემოთავაზება, რომ რუსეთის სახელით გამოსულიყო ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებებზე, მაგრამ ავთომ ამაზე უარი თქვა, რის გამოც მისი პიროვნებით ძალიან ვამაყობ.

– ავთო, როდესაც პატარკაციშვილების დიდი ოჯახის სიძე გახდით, უკვე ცნობილი და წარმატებული დიზაინერი იყავით, თუმცა, სოციალურად მაინც სხვა ფენას ეკუთვნოდით. ამის გამო დისკომფორტი არ გქონიათ? რა შეცვალეს პატარკაციშვილებმა თქვენს ცხოვრებაში?

– მე მდიდარი ოჯახის შვილი არ ვიყავი, მაგრამ, ისეთ ასაკში დავოჯახდი, როცა უკვე ყველაფერი ნანახი მქონდა, ხამივით არაფერს ვუყურებდი. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობები იოლად ავაწყვეთ – განსხვავებული ქონებრივი ცენზის გამო არანაირი დისკომფორტი არ გვქონია. ამ ოჯახმა ბევრი რამ მომცა ადამიანური ფასეულობების თვალსაზრისით – მე ვნახე, როგორ ზრუნავენ დიდი ოჯახის წევრები ერთმანეთზე, როგორ ცხოვრობენ ისინი ერთმანეთის ცხოვრებით. ეს იყო დიდი და შეკრული ოჯახი, რომლის გვირგვინიც იყო ბადრი. ის ათას რამეს იგონებდა, რომ ოჯახის წევრებისთვის ყოველი დღე დღესასწაულად ექცია. ბადრის გარდაცვალების შემდეგ მასზე საუბარი მიჭირს, თუმცა, ერთს კი ვიტყვი, რომ ჩემთვის ის ძლიერი მამაკაცის ეტალონი იყო. მე არასდროს დამავიწყდება მისი მხარდაჭერა თუნდაც ჩემ მიმართ. როდესაც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა, ბადრიმ მე და თავის ქალიშვილს ნიუ-იორკში შეხვედრები მოგვიწყო ცნობილი დიზაინერების მენეჯერებთან – ეს იყო დაუვიწყარი სიურპრიზი ჩემთვის.

– ქალბატონო მზია, თქვენმა ოჯახმა ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა, როგორ დაგიდგათ სიძე იმ დროს გვერდში?

– ავთოსთვისაც ისეთივე მძიმე იყო ის პერიოდი, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ ვიყავით ერთად, ვანუგეშებდით ერთმანეთს, უფრო მეტად ვზრუნავდით ერთმანეთზე და ერთად გადაგვქონდა ის ტკივილი, თუ ამას გადატანა ჰქვია. უკვე ორი წელი გავიდა იმ დღიდან, მე ვერც ავთოს მოვთხოვ და ვერც ჩემს შვილებს, რომ, ისეთივე ტკივილი ჰქონდეთ გულში, რაც ბადრის დედას, ცოლსა და დებს გვაქვს, თუმცა, ვიცი, ეს ავთოსთვისაც ძალიან მძიმე გადასატანი იყო. რაც დრო გადის, ჩემი ტკივილი უფრო მეტად ღრმავდება. როცა მარტო ვრჩები, უფრო მეტად მენატრება ბადრი, უფრო მძაფრდება მის გარეშე ცხოვრების განცდა და უფრო მეტად მიკლავს გულს ის, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც საერთოდ დაივიწყა ის სიკეთე, რაც ჩემს ძმას ჰქონდა გაკეთებული. ისინი უმსგავსო და უსინდისო ტყუილებს იგონებენ ბადრის ოჯახზე, მათ ფანტაზიას უკვე საზღვარი აღარ აქვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ყველა იმას მიიღებს, რაც საკუთარი ცხოვრებით დაიმსახურა.

ავთო: ბადრის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, გავრცელდა ხმები, რომ მე და ხათუნა დავშორდით. იმის მიუხედავად, რომ ყველა ხედავდა, როგორი ურთიერთობა გვქონდა, ალბათ, მაინც არსებობდა ადამიანთა მცირე რაოდენობა, ვინც ფიქრობდა, რომ ჩვენი ქორწინება ანგარებით შედგა. მე ამ ჭორებმა ძალიან მატკინა გული, მაგრამ მერე შევეგუე, რომ, როცა ცნობილი ადამიანი ხარ, ასეთი ხმებიც იქნება...

– ცნობილი დიზაინერის პროფესიული დახმარება ხშირად სჭირდება სიდედრს?

ქალბატონèი მზია: დიახ, ერთხანს ძალიან ვყავდი „ამოჩემებული“, ახლა თავისი ცოლი „ამოიჩემა“, მაგრამ, ვიცი, რომ ისევ გადმოვა ჩემზე. ავთომ ყველაზე კარგად იცის, რა მიხდება – ეს ის თემაა, რაშიც მას ბოლომდე ვენდობი. მარტო მან იცის ის ჩემი ქალური „საიდუმლოებები,“ რომელიც ქალმა მხოლოდ დიზაინერთან შეიძლება გაამხილოს (იცინის).

ავთო: მზიამ ყოველთვის იცის რა უხდება, ყოველთვის იცმევდა გემოვნებით, მაგრამ ბოლო პერიოდში მისთვის არაფერი შემიკერავს, ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა და არ ჰქონდა განწყობა, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. თუ განსაკუთრებულ ადგილზე მიდის, ყოველთვის ვახერხებ მისთვის ახალი ტანსაცმლის შექმნას. როგორც ახლა ვხვდები, მის გარდერობს ჩემი დახმარება სჭირდება (იცინის).


скачать dle 11.3