კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს და როდის გამოცხადდება ის ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად


ნათქვამია, „პური ჩვენი არსობისაო“. ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლაც ნატურალურ პროდუქტზეა საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე რეალურია, ვინაიდან, გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ პარლამენტის წევრს, ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გიორგი გოგუაძეს, რომლის ინიციატივაა აღნიშნული პრობლემის წინ წამოწევა.


გიორგი გოგუაძე: უკვე რამდენიმე თვეა, რაც „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის“ დადგენილების ირგვლივ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ საკითხი ეხება გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპერტის რეჟიმის დროს მის მარკირებას. ინიციატივის მეორე ნაწილი ეხება გენმოდიფიცირებული ცოცხალი პროდუქტების შეზღუდვას საქართველოს ტერიტორიაზე. ესენია: ნერგები, სათესლე მასალა, საინკუბაციო კვერცხები და ასე შემდეგ, რომელიც მიღებულია გენური მოდიფიცირების საშუალებით. კარტახენის ოქმის რატიფიცირება მოხდა 2009 წლის 26 სექტემბერს, რომელიც ხელმოწერილია თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ და ითვალისწინებს იმ პროდუქტების მარკირებას, რომლებიც მიღებულია არა ბუნებრივად, არამედ გენური ინჟინერიით. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებაც გვქონდა იმისათვის, რომ მოგვეხდინა ამ პროდუქციის იდენტიფიცირება; ამასთან ერთად, თავად მოვითხოვე, რომ საკანონმდებლო ბაზა გამყარებულიყო საერთაშორისო ვალდებულებით. სახელმწიფო ვალდებულია, თავის მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა პროდუქციას ყიდულობს ის – ნატურალურს თუ გენმოდიფიცირებულს. ამის მერე მოქალაქეს ექნება არჩევნის უფლება, რას შეიძენს ის – ჯანმრთელობისთვის მავნე თუ ნატურალურ, ადგილობრივ პროდუქციას.

– საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში წერია, რომ საქართველო უნდა გამოცხადდეს გენმოდიფიცირებული ორგანოებისგან თავისუფალ ზონად. კერძოდ, რას ითვალისწინებს ეს ნოვაცია?

– გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმები არის შინაური ცხოველების საინკუბაციო კვერცხი, ქვირითი, რომელიც პრაქტიკულად საფრთხეს უქმნის ჩვენს ისტორიულ ჯიშებს როგორც მეცხოველეობაში, ისე მემცენარეობაში, რადგან, დიდი რისკია იმისა, რომ გადაშენების პირას მივა ჩვენი ისტორიული ჯიშები. საქართველო აქამდე რეალურად ამაყობდა იმით, რომ იყო აგრარული ქვეყანა და ადგილზე ჰიბრიდულ ჯიშებსაც იღებდნენ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მსოფლიოში ნატურალური ხორბლის 21 ჯიში არსებობს და აქედან 14 – ქართულია. შესაბამისად, გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, გავრცელება ავტომატურად იწვევს ნატურალური ჯიშების გადაშენებას. ვფიქრობთ, ხსენებული პროდუქციის მარკირება კარგი იქნება, მაგრამ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო გამოცხადდეს ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად.

– რამდენადაც ვიცი, არ არსებობს სამსახური, რომელიც პროდუქციის ვარგისიანობას სწავლობს. მხოლოდ მარკირებას უნდა ვანდოთ ჩვენი ჯანმრთელობა?

– ეს კიდევ უფრო გლობალური პრობლემაა, ვინაიდან მე შევეხე გენმოდიფიცირებულ პროდუქციას. ზოგადად კი ჩვენს ბაზარზე შემოდის ისეთი უვარგისი პროდუქტი, რომლებიც ათასგვარი მომწამლავი სასუქითაა გაჯერებული, ისინი გენმოდიფიცირებული არაა, მაგრამ, ჯანმრთელობისთვის არანაკლებად საშიშია. ყველა პარლამენტარი ვალდებულია, იმსჯელოს ამ საკითხზე. უახლოეს პერიოდში მთავრობა მოგვაწვდის კანონპროექტს, რომელშიც იქნება გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა იქნეს პროდუქციის შემოწმება, რა საზედამხედველო ორგანო უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ შეამოწმებს პროდუქციას და რა სანქციები იქნება გატარებული დამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებიან, რომ, აკრძალვის მიუხედავად, შემოიტანონ და მოახდინონ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება.

– საინტერესოა, მაინც, რომელი ქვეყნებიდანაა შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქცია და ძირითადად რომელი სახეობის პროდუქტზეა საუბარი?

– არ გეგონოთ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი მხოლოდ კარტოფილითა და პომიდვრით შემოიფარგლება, ესენია ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელებით დაწყებული და ჩაით დამთავრებული პროდუქტები, აღარაფერს ვამბობ ხორცსა და სოიაზე, რომლის 80 პროცენტი გენმოდიფიცირებულია. მსგავსი პროდუქცია მსხვილი ქვეყნებიდან მოდის. სამწუხაროდ, ზუსტი აღრიცხვიანობა არ ხდება და ამ ქვეყნების სტატისტიკაც არ გაგვაჩნია. როცა მარკირების რეჟიმი ჩაირთვება, მაშინ ზუსტად გეტყვით, რომელი ქვეყნიდან ვიღებდით ყველაზე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებულ პროდუქციას.

– სანამ მარკირების რეჟიმზე გადავალთ, მანამდე რას გვირჩევთ, რით განვასხვავოთ ნატურალური და გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ფასის მიხედვით?

– ჩვენ გვგონია, რომ ვყიდულობთ ნატურალურ პროდუქტს, სინამდვილეში კი, ის გენმოდიფიცირებულია, რადგან არ ვიცით მისი წარმომავლობა. ჩემი ოპონენტები განმარტავდნენ, რომ, როცა მოხდება ამ პროდუქციის დიფერენციაცია, მაშინ ფასები გაიზრდებაო. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კონკურენცია ითვალისწინებს მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას. ეტიკეტზე რომ ეწერება, რომელია ნატურალური და რომელი – გენმოდიფიცირებული, ფასში ცოტა განსხვავებაც რომ იყოს, ბუნებრივია, გირჩევნიათ, გადაიხადოთ ძვირი და იცოდეთ, რომ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნით.

– ბატონო გიორგი, მართალია, ექიმი არ ბრძანდებით, მაგრამ მაინც, იქნებ განმარტოთ, თუ რა დაავადებებს იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქციის ხშირი გამოყენება?

– მსოფლიოს მეგა-კომპანიებს ჰყავთ ფიარ- სამსახურები, ლობისტები, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ, გადაფარონ ამ პროდუქტების მავნებლობა, თუმცა, უკვე ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა არსებობს იმის შესახებ, რომ გენმოდიფიცირებული საკვები იწვევს სხვადასხვა დაავადებას: მწვავე ალერგიებს, მოწამვლას, კიბოს და ასე შემდეგ. შეიძლება, ვინმე შემედავოს, ეს დამტკიცებული არ არისო. მინდა, მათ განვუმარტო, რომ დამტკიცებული და შეთანხმებული არის 50/50-ზე, ანუ, ვერც ერთი მხარე ვერ ამტკიცებს, რომ ის უვნებელია. როცა ქვეყანაში არსებობს 50-პროცენტიანი რისკიც კი, პრევენცია უნდა მოხდეს იმისა, რომ რეალურად შეიზღუდოს მისი გავრცელება. ჩვენ ხომ არ ვკძალავთ ამგვარი პროდუქციის შემოტანას? გავაფრთხილოთ მაინც ადამიანები, რომ მსგავსი პროდუქციის შეძენა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და, მერე ადამიანის გადასაწყვეტი იქნება, იყიდის თუ არა.

– როდის იქნება ხსენებული კანონპროექტის განხილვა და როდიდან დაიწყება პროდუქციის აღრიცხვიანობა?

– ამ კვირიდან ვიწყებთ ხსენებული კანონპროექტის განხილვას, მერე მთავრობა დეტალურ კანონპროექტს წარმოადგენს ამ დადგენილების საფუძველზე და ერთი თვის მერე გვექნება საშუალება, რომ აღვრიცხოთ, რა პროდუქცია შემოდიოდა და რა პრევენციები უნდა მოვახდინოთ. გარდა იმისა, რომ საფრთხეს ავიცილებთ, მერწმუნეთ, ძალიან დიდი სტიმული იქნება ადგილობრივი წარმოებისთვის, კერძოდ, ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა აღორძინდეს.


скачать dle 11.3