ავთო ვარსიმაშვილის ახალი სპექტაკლი
„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“! – ავთო ვარსიმაშვილის ახალი სპექტაკლია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პარალელურად ორ ახალგაზრდას შორის სასიყვარულო ამბავს მოგვითხრობს. ომში ქმარდაკარგული ქალი, რომელიც მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად, ახალ სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვევა. ქალს, რომელსაც „შუა ქალაქის“ მსახიობი, მარიამ ჯოლოგუა თამაშობს, გარდაცვლილი ქმარი დაესიზმრება და სთხოვს, გათხოვდეს, იმისთვის რომ მის შვილებს პატრონი ჰყავდეთ. მაგრამ... ყველაფერი ამით არ მთავრდება, დანარჩენი თავად იხილეთ – წარმოდგენა „თავისუფალ თეატრში“ 5 მარტიდან დაიწყო.
ნიკა წულუკიძე, თეატრის კრიტიკოსი: ძალიან მისასალმებელია, რომ ამ თემატიკას გამოეხმაურა ავთო ვარსიმაშვილი და მისი სპექტაკლი ომში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. რთულია ასე ერთბაშად კომენტარის გაკეთება, თუმცა, სპექტაკლი, ალბათ, უფრო გათამაშდება და შეიკვრება. რეჟისორს არაჩვეულებრივად აქვს აგებული სპექტაკლის სქემა, რაც მაყურებლის დიდ თანაგანცდას იწვევს. ვულოცავ ამ წარმატებას „თავისუფალ თეატრს“!