როგორ გადაიხადა კახა კალაძემ დაბადების დღე მილანში და რით გააოცა ის ანუკა არეშიძემ
მშვენიერი ანუკა არეშიძე, რომელსაც მილანში ძალიან ანებივრებს ორი მამაკაცი – მეუღლე და პატარა შვილი, ბუბუ, ბავშვობაში საკმაოდ ცელქი და აქტიური ყოფილა. ის დღესაც ლაღი, ხალისიანი და გულღია განწყობით, საოცრად დადებითი თვისებებით გამოირჩევა, რითაც ირგვლივ ყველას ხიბლავს და საყვარელ მეუღლეს ძალიან ბედნიერს ხდის.
ანუკა არეშიძე: ბავშვობაში ძალიან აქტიური, ცელქი, მხიარული ვიყავი, მაგრამ, სწავლაში – საოცრად ზარმაცი. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე და ახლაც ძალიან მიყვარს. მშობლებზე მანამდე ვიყავი დამოკიდებული, სანამ ჩემი შემოსავალი გამიჩნდებოდა. თუმცა, მანამდეც და მერეც ყოველთვის ვითვალისწინებდი მათ აზრს, რჩევას. ჩემი სიცელქე არასდროს გადადიოდა უზრდელობაში, არც მორცხვი ვყოფილვარ. ძმები მყავს და მათსა და ჩემს შორის ატეხილი ჩხუბის მიზეზი და თავი ყოველთვის მე ვიყავი. ჩემი ახტაჯანობის გამო, სულ ხიფათებში ვეხვეოდი და ახლაც ძალიან ხიფათიანი ვარ. აგარაკზეც ყველას ეზოში ხეებზე მე ვიჯექი, ოღონდ ეს ყველაფერი ადრეულ ბავშვობაში იყო. ერთხელ კინაღამ სარკე დამეცა სახეზე, მეორედ – მინის კარს დავეჯახე, გადავრჩი, რომ არაფერი დავიზიანე. მოკლედ, ბევრი ხიფათი შემმთხვევია, ისეთიც, რომ მერე ოპერაციის გაკეთებაც დამჭირდა, თუმცა, სერიოზულის არა. ასე, ხუთი წლის წინ ანანურში ორჯერ კინაღამ წყალში დავიხრჩე, მაგრამ, საბედნიეროდ, გადავრჩი. ამის გამო ჩემები დღემდე ძალიან შეშინებულები არიან. ბავშვობაში, როცა რამეს დავაშავებდი, რა თქმა უნდა, მიბრაზდებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ სახლიდან არგაშვებით გამოიხატებოდა.
– ძმები არ განებივრებდნენ?
– არა, პირიქით, ძალიან მკაცრად მზრდიდნენ, თუმცა, ეს უმცროს ძმას არ ეხება.
– შენი შემოსავალი ახსენე. გახსოვს, პირველად როდის იშოვე შენი შრომით ფული?
– როგორ არ მახსოვს. თამუნა ინგოროყვას ჩვენებაზე გამოვედი და მაშინ გადამიხადეს პირველად ფული, ძალიან გამიხარდა, თუმცა, არ მახსოვს, რამდენი იყო და რაში დავხარჯე. ალბათ, რაღაცეებს ვიყიდიდი.
– როგორც ვიცი, შენი წინაპარი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იყო.
– დიახ, ჩემი დიდი ბაბუა იყო ცნობილი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელსაც არაერთი გმირობა აქვს ჩადენილი. ის პარიზში და პეტერბურგში ცხოვრობდა, მეფის კარის გენერალი იყო. მისი შვილი – სოფიო, ბებიაჩემის ბებია, ანუ, მამაჩემის დიდი ბებია. იმ დროს ევროპაში საშინელი დაავადება მძვინვარებდა, გიორგიმ მოჰკიდა ხელი სოფიოს, პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოიყვანა და თავისი გვარი მისცა. როგორც თავად ამბობდა, სოფიოს შვედი მშობლები ჰყავდა, დაეღუპა და მერე თვითონ იშვილა. არის ვერსია, რომ სოფიო მისი ნამდვილი შვილი იყო, რადგან, მას ჩინელი ბავშვიც ჰყავდა ნაშვილები, მაგრამ თავისი გვარი მხოლოდ სოფიოს მისცა, მას განსაკუთრებულად ექცეოდა, გაამზითვა კიდეც. არსებობს ვარაუდი, რომ, შეიძლება, ის შვედი ქალისგან ჰყავდა.
– ალბათ, ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ასეთი წინაპარი გყავს.
– დიახ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მის შესახებ ოჯახშიც გვისაუბრია და, მიმაჩნია, რომ მამაჩემმა როგორც შეძლო, მისი კვალი სუფთად გააგრძელა.
– სიზარმაცე ახსენე, არადა, საერთოდ არ ტოვებ ზარმაცი ადამიანის შთაბეჭდილებას.
– ვარ ზარმაცი, ოღონდ, ეს უფრო ძილს ეხება. მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც ძალიან უყვართ დილის ძილი და ნებივრობას 2 საათამდე რომ გაჭიმავენ ხოლმე. დილით ადრე ადგომა ჩემთვის დიდი სასჯელია. თუმცა, რაც გავთხოვდი, უკვე ადრე ვიღვიძებ. ბუბუს 12 საათამდე სძინავს, მაგრამ მე და კახა ადრე ვდგებით და ორივე ჩვენს საქმეებზე მივდივართ.
– როგორ იწყება თქვენს ოჯახში დილა, რას აკეთებ იმისთვის, რომ მერე მთელმა დღემ სასიამოვნოდ და კარგად ჩაიაროს?
– დილით არასდროს არ უნდა ადგე ნელა, დინჯად; პირიქით, ჩქარა უნდა წამოხტე. მერე სარკეში უნდა ჩაიხედო, გაიღიმო, იღიღინო და, აი, ნახავთ, თუ დღე ძალიან ლამაზად, მხიარულად და სასიამოვნოდ არ ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცევი და მერე მთელი დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე ვარ. ჩვენი დილა ყოველთვის ხალისიანია, იმიტომ რომ, მე ვარ ასეთი და სხვანაირად არ შემიძლია ვიყო, კახასაც გადავდებ ხოლმე ჩემს ხასიათს, განწყობას. ისიც საკმაოდ ხალისიანია, უბრალოდ, ამ ყველაფრის გამოხატვა მე უფრო მეხერხება, ვიდრე მას.
– თქვენს შორის არც ისე პატარა ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს, პირიქით, უფრო გიწყობთ ხელს – კარგად გრძნობთ თავს და ერთმანეთს უკეთესად უგებთ.
– მართლა ასეა. მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ქალი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე კაცი. საერთოდ, ქალი უფრო ჭკვიანია, ვიდრე კაცი, ოღონდ, ეს ყველას არ ეხება. ქალებს, ალბათ, უფრო ბევრი რამ მიაქვთ გულთან და ეს იწვევს მათ ნაადრევ დაბერებას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სინამდვილეში კახა არის დაახლოებით 23-24 წლის, ანუ, დაბადების მოწმობით არის დიდი, თორემ ისე ტოლები ვართ. რა თქმა უნდა, ჭკვიანია და ისეთი, როგორც მის ასაკს შეეფერება, უბრალოდ, ხასიათებით, გულით არის ჩემი ასაკის, კარგად გვესმის ერთმანეთის, ყველაფერში ვუგებთ.
– როგორ ფიქრობ, რაც კახას მეუღლე გახდი, თუ შეიცვალა, თუ გახდა უფრო ხალისიანი, მხიარული? ალბათ შენც დაემსგავსე მას რაღაცეებში.
– სანამ კახას გავყვებოდი ცოლად, ჩემს მშობლებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ დავსერიოზულდებოდი და უფრო ჩამოვყალიბდებოდი, გავიზრდებოდი. მაგრამ, პირიქით მოხდა, ოღონდ, გარკვეულწილად ჩემზე კახას სიდინჯემ იმოქმედა და უფრო დავდინჯდი. სამაგიეროდ, ჩემმა გულღია ხასიათმა იმოქმედა კახაზე და უფრო გულღია, ხალისიანი გახდა. დღეს, როდესაც მისი მეგობრები მეუბნებიან, რომ მათ ასეთი ხალისიანი, გულღია, ბედნიერი კახა არ ახსოვთ, მე კიდევ უფრო ბედნიერი ვხდები.
– ახლახან კახას დაბადების დღე იყო. როგორ აღნიშნეთ, თუ მოუწყვე სიურპრიზი?
– მისი დაბადების დღე ჯერ სახლში აღვნიშნეთ, შემდეგ – რესტორანში. კახას არ უყვარს თავისი დაბადების დღე, ამიტომ, ვიწრო წრეში გადაიხადა, ქართველი და იტალიელი მეგობრები ჰყავდა. მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი სიურპრიზი მოეწონა, ძალიან ლამაზი ტორტი გამოვუცხვე – მილანის ფერებით და მისი ფოტოთი. ასეთი სიურპრიზი მისთვის არავის გაუკეთებია, თანაც, ტორტი ძალიან გემრიელი იყო. მიხარია, რომ უკვე მესამე დაბადების დღეს აღვნიშნავთ ერთად, თან, ახლა უკვე ბუბუც გვყავს. ჯერ პატარაა, მაგრამ მამიკოს თავისი რძის ბოთლი დაუთმო და ამით მიულოცა დაბადების დღე.
– დღეს 3 მარტია, დედის დღე (ინტერვიუ 3 მარტს არის ჩაწერილი – ავტორი), მოგილოცა კახამ?
– ახლახან დამირეკა, თბილისშია და მომილოცა. დედის დღეს მის გარეშე შევხვდი, მაგრამ ბუბუა ჩემთან, თანაც, 8 მარტს აღარ ვიქნები მარტო. არ უყვარს კახას ყვავილების ჩუქება და არც მე მიყვარს, მაგას მირჩევნია, ქოთნის ყვავილი მაჩუქოს – ეს მილანური ტრადიციაა.
– როგორ მიდის სწავლის საქმე? როგორც ვიცი, ახლახან მილანის „ფეშენ ვიკზეც“ იყავი.
– კი, ვიყავი მილანის „ფეშენ ვიკზე“ და ძალიან მომეწონა. 2010-2011 წლების ზამთრის კოლექცია იყო წარმოდგენილი. კახას არ უყვარს ასეთ თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ამიტომ, არ წამოსულა. მე როგორც ვიპ-სტუმარი ისე ვიყავი დაპატიჟებული. ყველაზე მეტად „გუჩი“ მომეწონა, მაგრამ „არმანის“ ნამუშევრებს დიდად ვაფასებ – ის 72 წლის ასაკში ებრძვის უმძიმეს სენს და მაინც დაუზოგავად მუშაობს. რაც შეეხება სწავლას, მინდა ვთქვა, რომ კარგად ვსწავლობ, დიასახლისობას და სახლში ჯდომას არ ვაპირებ. ადამიანი, რომელიც 24 საათი სახლში ზის, სხვანაირად აზროვნებს, ხოლო რომელიც დაკავებულია, აქვს თავისი საქმე – ის კიდევ სხვანაირად ფიქრობს. მე მინდა, რომ წარმატებული და საქმიანი ქალი ვიყო. მოდა, ფეშენი არის ჩემი სფერო და აუცილებლად ჩავერთვები, მაგრამ მინდა, რომ ამ მხრივ კარგი განათლება მივიღო და არ მქონდეს არაჯანსაღი ამბიციები.
– როდესაც ფეშენ შოუს ესწრებოდი, პოდიუმზე გამოსვლა არ მოგინდა?
– არის მომენტები, როდესაც პოდიუმი ძალიან მენატრება, მაგრამ, მოვა დრო და ამ მონატრებას აუცილებლად დავიკმაყოფილებ.
– შენ და კახა ტანსაცმლის საყიდლად ერთად დადიხართ?
– დიახ, ისეთ დღეს, როდესაც ბევრი ხალხი არ არის ქალაქში, მე და კახა მთელი დღე საყიდლებზე დავდივართ. ადრე ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ ახლა უკვე აღარ. შემიძლია მაღაზიებში ვიარო მთელი დღე. კახას დიდად არ უყვარს მაღაზიებში სიარული, ამიტომ, ხშირად მე ვურჩევ სამოსს, მერე კი ერთად მივდივართ და ვყიდულობთ. კახა არასდროს წუწუნებს, თანაც, თვალის ერთი გადავლებით ვხვდებით, რა კოლექციაა და, თან, ვიცით, რა და სად უნდა ვიყიდოთ. ამიტომ, ბევრი დრო არ გვჭირდება.
– ჯერჯერობით სწავლობ და კარიერა გვერდზე გადადე, სამაგიეროდ გყავს, როგორც შენ ამბობ ხოლმე, მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.
– ნამდვილად მიმაჩნია თავი წარმატებულ ქალად, თანაც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეუღლე მყავს, რა თქმა უნდა, მე მის თასებსა და წოდებებს არ ვგულისხმობ – ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია, მე ვსაუბრობ მასზე, როგორც არაჩვეულებრივ პიროვნებაზე. რაც შეეხება კარიერას, აუცილებლად ვიქნები ისეთი წარმატებული, როგორიც მე მინდა და როგორიც ჩემს მშობლებს უნდოდათ, ვენახე. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. არ მინდა, რომ ჩემი სახელი და გვარი მხოლოდ კახა კალაძის მეუღლეობასთან ასოცირდებოდეს, მინდა, რომ მეც ვიყო წარმატებული და ჩემი სახელი და გვარიც ბევრ რამეს ამბობდეს. მე ვამაყობ კახათი და მინდა, რომ მანაც იამაყოს ჩემით.