სად გააჩინა შვილი ხათუნა სხირტლაძემ და რა საჩუქარი გაუკეთა მან მამამთილს დაბადების დღეზე
„მის საქართველო 2008-ის“, მშვენიერი ხათუნა სხირტლაძის ცხოვრებაში ძალიან სასიხარულო სიახლეა. ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ის ბავშვს ელოდებოდა. სულ ახლახან, 22 თებერვალს, ხათუნა პატარა ვაჟკაცის დედა გახდა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე თავს მშვენივრად გრძნობს.
როგორც იცით, უსაყვარლესი ხათუნა სხირტლაძის მეუღლე ბიზნესმენ კობა ნაყოფიას შვილი – ნიკა ნაყოფიაა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს თავისი მშვენიერი მეორე ნახევარი და ძალიან ანებივრებს. ხათუნასთვისაც ნიკა იდეალური მეუღლეა. წყვილი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებს, კარგად ეწყობიან და, ყველაფერ ამასთან ერთად, ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული და ძალიან კარგი წყვილია. რაც შეეხება ნიკას და ხათუნას ურთიერთობას, ეს ცოტა ადრე დაიწყო, როდესაც მათ უნივერსიტეტში ერთ-ერთ გამოცდაზე გაიცნეს ერთმანეთი. მანამდე ნიკა შვეიცარიაში იმყოფებოდა ხათუნა კი – ჩინეთში და, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფელები იყვნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ. მაგრამ, იმ გამოცდის შემდეგ მათი ურთიერთობა მალევე აეწყო, სიყვარულში გადაიზარდა და, ბოლოს ნიკა ჯერ ყურში ჩაჩურჩულებით გამოუტყდა ხათუნას სიყვარულში, შემდეგ კი, როდესაც ხათუნა აფრიკაში გაემგზავრა სილამაზის კონკურსზე, თავადაც გაჰყვა და იქვე დანიშნა. ნიკაც და ხათუნაც ერთ თვეში არიან დაბადებულები და, როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგვანან და გემოვნებაც ერთნაირი აქვთ. რაც მთავარია, ერთმანეთის ფიქრებს, სურვილებს უსიტყვოდ ხვდებიან და ცდილობენ, ყოველი დღე საინტერესოდ და კარგად გაატარონ. მშვენიერი წყვილი ორიგინალურობითაც გამოირჩევა, ამის მაგალითი კი მათი ქორწილია, რომელიც თურქეთში ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გადაიხადეს, ჯვარიც იქ დაიწერეს და ხელიც მოაწერეს. ქორწილში ნეფეც და პატარძალიც საოცრად კარგად გამოიყურებოდნენ. მათ ქორწილში სტუმრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს. რაც შეეხება მშვენიერი „მისის“ ფეხმძიმობის ამბავს, ორსულობამ ძალიან კარგად ჩაიარა და ხათუნას გართულებები არ ჰქონია, არც ფეხმძიმე ცოლისთვის დამახასიათებელი ჭირვეულობით არ შეუწუხებია. მეუღლე თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში ვერც აცნობიერებდა, რომ ახალ სიცოცხლეს ელოდებოდა. სამაგიეროდ, ახლა ხათუნა დედაა და ეს მას უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. ოჯახმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ხათუნას ვენაში გაეჩინა შვილი, შესაბამისად, იქაურ სამშობიაროში იყო კონტროლზე აყვანილი და მთელი ორსულობის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა ექიმთან კონსულტაციაზე. თებერვალში ხათუნა მთელ ოჯახთან ერთად შვილის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩავიდა ვენაში, პატარა ნიკოლოზ ნაყოფია კი ქვეყანას 22 თებერვალს მოევლინა. როგორც შევიტყვე, ამ დღეს ნიკას მამა ყოფილა დაბადებული და მშვენიერმა რძალმა მას საოცარი სიურპრიზი გაუკეთა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბავშვის დაბადებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე, თუმცა, მომავალი მამა და ხათუნას მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ. ბავშვს სახელი დედამ და მამამ ერთად შეურჩიეს, ორივეს ძალიან მოსწონდა სახელი ნიკოლოზი და, შესაბამისად, ნაყოფიების ახალ წევრს ეს სახელი დაარქვეს. ამჟამად, ახალბედა მშობლები პატარა ნიკოლოზთან ერთად ვენაში იმყოფებიან, თუმცა მალე აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას და პატარა ნიკოლოზიც პირველად „ნახავს“ თბილისს. რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვენიერი დედა და მისი პატარა შვილიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. ხათუნას პატარა ნიკოლოზი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს. როგორც შევიტყვე, ის საოცრად ლამაზი ბავშვია. მან უკვე შეძლო მშობლებისა და ოჯახის წევრების გულის საბოლოოდ მონადირება. ახალბედა დედა ძალიან ბედნიერია და მეუღლესთან ერთად უკვე შვილის აღზრდით არის დაკავებული. მე ამ მშვენიერ და ძალიან საყვარელ წყვილს ვულოცავ პატარა ნიკოლოზის დაბადებას და ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს და ღმერთის და წმიდა ნიკოლოზის მფარველობას ვუსურვებ.