ვინ დაჰპირდა ნიკუშა სარალიძეს ქალად გადაქცევას და რას განიცდის ის მამაკაცების დანახვაზე
ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთებში არაერთი უცნაური, დაუჯერებელი ანონიმური აღიარება დაიბეჭდა. ადამიანს კი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ეყო გამბედაობა, გაემხილა საკუთარი ვინაობა და საქვეყნოდ, ღიად ეთქვა ის, რაზეც მამაკაცებს ყველაზე მეტად ეშინიათ საუბარი.
ნიკუშა სარალიძე მთაწმინდაზე ცხოვრობს. მაღალი, შავგვრემანი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცია. გალანტური, თავაზიანი, თბილი და საინტერესო მოსაუბრე. გაცნობისთანავე დამიმეგობრდა. ის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მამაკაცია, თუმცა, საკმარისია, მასთან სულ მცირე დრო დაჰყო, ხმის ამოღებაც არ არის საჭირო, გრძნობ, რომ შენ გვერდით ქალია.
ჩემი რესპონდენტი განსხვავებული, უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობს. ის არაორდინარული, ექსტრავაგანტური ტიპია. მიუხედავად იმისა, რომ აქვს საყვარელი საქმე, ჰყავს უამრავი დაქალი, ამბობს, რომ მარტოსულია, რადგან მიაჩნია, რომ სრულყოფილებისთვის მთავარი – ქალური ბედნიერება აკლია.
ნიკუშა: 33 წლის წინ, როცა ამქვეყნად მოვევლინე, – „ბიჭია, ბიჭიაო!“ – დაიძახეს. სინამდვილეში კი... დაიბადა გოგო. მე ბუნების შეცდომა ვარ, ცხოვრების სისულელე. ალბათ, ჩემი წინაპრების ერთად აღებული ყველა ცოდვის გამო ვაგებ პასუხს. ბუნებამ სასტიკად დამცინა და მამაკაცის სხეულში ქალის სული ჩამიდგა. ანატომიურად მამაკაცი ვარ, სულიერად – ქალი.
იყო დრო, სიმართლის თქმის მეშინოდა. მეშინოდა დაცინვის, გაკიცხვის, მოკვეთის... როცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, ვთქვი, რომ არ უნდა ვიყო მხდალი და ლაჩარი და დადგა დრო, ნიღაბი მოვიშორო.
– ქალად თუ გრძნობ თავს, ცხადია, მამაკაცები მოგწონს...
– თავისთავად. ქალის ინტერესი საერთოდ არ მაქვს. ჩემთვის შიშველი ქალი მხოლოდ ლამაზი ნატურაა, მეტი არაფერი. აი, შიშველი მამაკაცის დანახვაზე კი... სუნთქვა მეკვრის, თვალთ მიბნელდება. მინდა, გარკვევით ვთქვა: მე „ცისფერი“ არ ვარ! მე, უბრალოდ, ქალი ვარ, ბევრ ქალზე უფრო მეტად ქალი!
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– ნაზი მამაკაცები მაღიზიანებს. კაცი უნდა იყოს ძლიერი, უხეში, მოუქნელი, თუმცა, სექსში – ნაზი.
– ახლა შეყვარებული ხარ?
– როგორ გითხრათ... მე ჩემს პირველ და ერთადერთ სიყვარულს მივტირი. როცა ერთმანეთს შევხვდით, რომა 18 წლის იყო, მე – 20-ის. ერთი წელი ვმეგობრობდით. ჩვენ პლატონური ურთიერთობა გვქონდა. სიყვარულზე არასოდეს გვისაუბრია, – უხმოდ ვუგებდით ერთმანეთს. ეს იყო სუფთა, ამაღლებული გრძნობა. სამწუხაროდ, მან მიღალატა და ცოლად ჩემი დაქალი მოიყვანა. მართალია, თავიდან ამ ამბავმა ლამის შემიწირა, მაგრამ არ დამიწყევლია. ეს მათი არჩევანი იყო. იცხოვრონ, როგორც სურთ – ყველა თავის წილ ბედნიერებას ეძებს. ახლა მათ ორი შვილი ჰყავთ, ღმერთმა გაუზარდოს. პირადი ტრაგედიის გამო სასმელს მივეძალე. ლოთი არ ვარ, უბრალოდ, სასმელი სევდას მიქარვებს.
– ნუთუ მას მერე სულ არავინ გყოლია?
– იყო ერთი, სულ სამჯერ მქონდა მასთან სექსი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ გაიძვერა იყო და ფულს „მცინცლავდა“. ზაზა იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან იყო, პროფესიონალი თაღლითი, ფულის გულისთვის საკუთარ დედას გაყიდდა. ბოლოს იქამდეც კი დაეშვა, საკუთარი შვილები გაძარცვა და ლაჩარივით გაიპარა. ასე რომ, სიყვარულში არ მიმართლებს და რადგან რეალობაში ბედნიერებას ვერ განვიცდი, მას ვირტუალურ სამყაროში ვეძებ. ინტერნეტის საშუალებით ერთ ყმაწვილს წელიწადზე მეტხანს ვესაუბრებოდი ქალის სახელით. ბოლოს, რომ გამოვუტყდი, ბიჭი ვარ-მეთქი, ძალიან გაბრაზდა.
– მშვენივრად გამოიყურები, ალბათ, საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევ. პირადი სტილისტიც გყავს?
– აქაც ორიგინალური ვარ. ერთფეროვნებას ვერ ვიტან, ამიტომ ორჯერ ერთ სტილისტთან არ მივალ. სხვათა შორის, ვინც ამას წინათ მაკიაჟი და ვარცხნილობა გამიკეთა, ისეთი პრანჭია და კეკლუცი ბიჭი იყო, ისეთი ნაზი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, პეპელასავით დანარნარებდა და დაფარფატებდა და, ამავე დროს, ქალებს მუშტრის თვალით უყურებდა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, თავი კაცად მოგაქვს, ისე კი ნამდვილი „ნაზიბროლა“ ხარ. შე კაი კაცო, ასე მეც კი არ ვინაზები-მეთქი. თუმცა, რაც მართალია, მართალია, ის თავისი საქმის დიდი ოსტატია – ნამდვილ ქალად მაქცია. მერე, იქვე ახლოს, ბარში შევედი. იქ მყოფთ ისეთი რეაქცია ჰქონდათ, თითქოს უცხოპლანეტელი დაინახეს. ნუთუ მამაკაცმა მაკიაჟი რომ გაიკეთოს, დანაშაულია?! ადამიანები ძალიან ძნელად იღებენ განსხვავებულს, უჭირთ სიახლესთან შეგუება. მე სხვებს არ ვგავარ და ამას არც ვმალავ. განა უკეთესია, ვიფარისევლო და თავი ისეთად მოგაჩვენოთ, როგორიც არ ვარ.
– როგორ მოაღწიე დღემდე, როგორ გახდი ის, ვინც ახლა ხარ?
– საბავშვო ბაღში ბიჭი შემიყვარდა. ძალიან მომწონდა, სულ მასთან ვთამაშობდი, მოსვენებას არ ვაძლევდი, მასზე ვზრუნავდი, ჩემ წილ დესერტსაც კი ვუტოვებდი. ამ ყველაფერზე აღმზრდელები გულიანად იცინოდნენ ხოლმე. აზრად არავის მოსდიოდა, ამაში „გადახრა“ დაენახა. არადა, ადამიანს მიდრეკილებებსა და თვისებებს ადრეულ ასაკშივე შეატყობ.
– სკოლაში ვისთან მეგობრობდი?
– რა თქმა უნდა, გოგონებთან. ბიჭებთან საერთოს ვერ ვპოულობდი, ვკომპლექსდებოდი, ვიბნეოდი... ფიზკულტურის გაკვეთილზე, როცა ბიჭების გასახდელში ტანსაცმლის გამოცვლა მიწევდა, სირცხვილით ვიწვოდი.
სხვათა შორის, მეშვიდე კლასამდე გრძელ თმას ვატარებდი. ძალიან ლამაზი თმა მაქვს. ალბათ, სწორედ ასეთ თმაზე ამბობენ, ერთ ქალად ღირსო. საბედნიეროდ, კარგი კლასი შემხვდა და ბავშვებიც კარგად მეპყრობოდნენ, ალბათ, იმიტომაც, რომ კარგად ვსწავლობდი. თუმცა, ყველა როგორც გოგოს, ისე მიყურებდა.
– რა იყო შენს ბავშვობაში ყველაზე დასამახსოვრებელი, ყველაზე ნათელი?
– რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ჩვენმა სკოლამ ცეკვა „ჯეირანი“ გაიტანა. ქალის პარტიის ცეკვა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. განსაკუთრებით კი ეს ცეკვა მხიბლავდა. ერთი რეპეტიციაც არ გამომიტოვებია. ყველა მოძრაობა ისე ავითვისე, არაფერი მეშლებოდა. მოხდა სასწაული: გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მოცეკვავე გოგონამ ფეხი მოიტეხა, შემცვლელის პოვნა კი რთული აღმოჩნდა. პედაგოგს შევთავაზე, მეც გამომცადე-მეთქი. თავიდან სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩემმა ცეკვამ მოხიბლა და ამიყვანა. ფილარმონიაში გამოვედით. გამომაწყვეს კაბაში, გამიკეთეს გრიმი. ისე ვიცეკვე, კაციშვილი ვერ მიხვდა, ბიჭი რომ ცეკვავდა. უბედნიერესი ვიყავი. თავი მართლაც ქალი მეგონა – სულით ხორცამდე ქალი, უმშვენიერესი ქალი!
– სქესის შეცვლაზე არ გიფიქრია?
– 17 წლის რომ ვიყავი, პლასტიკური ქირურგიის ოსტატს, კუზანოვს მივაკითხე. ჰორმონალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 99 პროცენტით ვარ ქალი, ერთი პროცენტი კი იმ ჰორმონზე მოდის, რომელიც წვერის ამოსვლას უწყობს ხელს (თუმცა წვერიანი ქალიც ბევრი მინახავს). აქ ასე ხდება: ჯერ სახის პლასტიკურს აკეთებენ, მერე ჰორმონებს უშვებენ ორგანიზმში – ადამიანს სცვივა ბეწვი და ეზრდება მკერდი; შემდეგ სახისა და ტანის კორექციას აკეთებენ და, თუ ყველაფერი კარგად მიდის, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სასქესო ორგანოს აცლიან და საშვილოსნოს ყელს უდგამენ. ყოველივე ეს რომ გამეკეთებინა, დღეს სრულფასოვანი ქალი ვიქნებოდი, მხოლოდ ბავშვის გაჩენას ვერ შევძლებდი. ეს არაფერია – ბავშვს ვიშვილებდი. სხვათა შორის, თავადაც ნაშვილები ვარ. კუზანოვმა მითხრა, ისეთ ქალად გაქცევ, კაცებს ჭკუიდან გადაიყვანო. მას ქალის მამაკაცად გადაქცევის ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, საპირისპირო ოპერაცია კი – ჯერ არა. ამიტომ დაინტერესდა ჩემით. მითხრა, ყველაფერს უფასოდ გაგიკეთებო.
– ხელი რამ შეგიშალა?
– არასრულწლოვანი ვიყავი და მშობლების თანხმობა იყო საჭირო, მათ კი მითხრეს, ამას თუ გააკეთებ, შინ აღარ დაბრუნდეო. რა უნდა მექნა? სად უნდა წავსულიყავი? – და დავრჩი ასე, „ცხოვრების სისულელე“. ახლა კი ასეთი ოპერაცია დაგვიანებულია.
– წეღან ახსენე, ნაშვილები ვარო...
– მესამე კლასში ვიყავი, მეზობლის ბავშვმა წამომაძახა, ნაშვილები ხარო. მე მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი. ცოტა ხნის შემდეგ კი დედამ თვითონ მითხრა სიმართლე.
– ბიოლოგიური მშობლების შესახებ თუ იცი რამე?
– წლინახევრის ვიყავი, როცა მიშვილეს. ბალტიისპირელი ბოშების შვილი ვარ. ლენინგრადის ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს.
– მათი ნახვის სურვილი თუ გაგჩენია?
– ძალიან მაინტერესებდა მათი ნახვა. რას აღარ წარმოვიდგენდი ხოლმე. საოცრად მდიდარია ბავშვური ფანტაზია. ხომ იცით, ბოშებს როგორი ქარიზმა აქვთ. ჩემს ფიქრებში ისინი რაღაც ზღაპრულ, რომანტიკულ სამყაროში ცხოვრობდნენ. ერთხელ, სკოლაში (მეცხრე კლასში ვიყავი) ვიღაც მშვენიერმა შავგვრემანმა ქალბატონმა მომაკითხა. ულამაზესი ქალი იყო (თუმცა, შეიძლება, მე დავინახე ასეთად), და რუსულად მეუბნება, მე შენი დედა ვარო. მე ის ზუსტად ასეთი წარმომედგინა! ცივად შევხვდი, მატერიალურ დახმარებაზეც უარი ვუთხარი. მას არ უთქვამს, ჩემთან წამოდიო. მართალია, გამზრდელი მშობლები ძალიან მიყვარს და არასდროს მივატოვებ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მეწყინა. თუმცა, იქნებ ჩემი გამზრდელი მშობლებისთვის ტკივილის მიყენება არ უნდოდა?!
ჩემი მშობელი დედა კიშინოვთან ახლოს მდებარე ბოშათა სოფელ ლიუდეში ცხოვრობს. იქ მცხოვრები ბოშები ჩვენს ბოშებს როდი ჰგვანან – სულ სხვა კატეგორიაა, მაღალი კასტა.
მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი დედას.
– გამზრდელ მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან კარგი. მე მათ სიყვარული მასწავლეს. მატერიალურადაც არასდროს არაფერი მაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემი არ ესმით, მე ძალიან კარგად მესმის მათი. მესმის, რომ მშობლები არიან და ფიქრობენ, ჩემივე კეთილდღეობისთვის უმჯობესი იქნება, თავიდან ამოვიგდო, როგორც ისინი ამბობენ, ჩემი „ახირება“.
– მაინტერესებს, რას საქმიანობ, როგორია შენი ყოველდღიური რუტინა?
– დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. შესანიშნავი კულინარი ვარ. ვაკეთებ ყველაფერს: ორსართულიანი ტორტებით დაწყებული, ეგზოტიკური კერძებით დამთავრებული. მინდა, ვინმეზე ვზრუნავდე, ვინმეს ვჭირდებოდე. რადგან შეყვარებული არ მყავს, მთელი ჩემი სითბო, მთელი ჩემი ყურადღება მშობლებზე გადამაქვს.
რაც შეეხება პროფესიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. პროფესიით არასდროს მიმუშავია. მიყვარს ისტორიული რომანების კითხვა. თავადაც ვწერ. ყველა ჩემი რომანი და მოთხრობა ბიჭების სიყვარულს ეძღვნება. ჩემი ნათესავი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, დამპირდა, გამოქვეყნებაში დაგეხმარებიო. ჩემი ხელნაწარები ისეთი პოპულარულია, სულ ხელიდან ხელში გადადის.
– შენს ძირითად საქმიანობაზე რატომ არაფერს ამბობ? ამ დარგში საკმაოდ გაითქვი სახელი...
– საქორწინო კაბების დიზაინერი ვარ. ეს საქმე 90-იან წლებში წამოვიწყე. მაქვს ჩემი პატარა მაღაზია. კლიენტების ნაკლებობას არ განვიცდი. ბავშვობიდან მიყვარდა პატარძლები, მათი ყურება განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა. სულ მათ ვხატავდი. მშობლებს კი ეს ძალიან არ მოსწონდათ. ჭკვიანი კაცი იყო ცხონებული ბიძაჩემი. ერთხელ მათ უთხრა, მოვა დრო და ამით შეჭამთ პურსო. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა, რაც ჩემი ყველაზე ლამაზი, ყველაზე სანუკვარი ოცნება, აუხდენელი სიზმარი იყო – ხორცი შევასხი და სხვებზე გადავიტანე. ასე ავისრულე ნაწილობრივ ჩემი ოცნება. ახლა სხვებს ვმოსავ, სხვისი ბედნიერება მავსებს.
სხვათა შორის, ჩემში „ქალური“ რომ „ჩაეხშოთ“ მშობლები წვერის მოშვებას მთხოვდნენ. 20 წლის ასაკში, მშობლების ხათრით, რაღაც პერიოდი წვერსაც კი ვატარებდი.
– რა არის შენი კაბების განმასხვავებელი, ასე ვთქვათ, „საფირმო“ ნიშანი?
– ჩემს კოლექციაში ყველაზე მეტად არასტანდარტული, თამამი მოდელები მომწონს. მაქვს მინიც, მიდიც, ტანზე მომჯდარი, გამჭვირვალე, სხვადასხვა ფერის საპატარძლო კაბები. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ კაბებს ნაკლები გასავალი აქვს. ყველას მოსწონს, მაგრამ ჩაცმას იშვიათად ბედავენ. ამას წინათ, ერთ საპატარძლოს ძალიან მოეწონა ვიწრო, ფარშევანგისკუდიანი კაბა. საქმრო სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამაზე ისეთი ჩხუბი მოუვიდათ, ლამის ქორწილი ჩაიშალა.
ჩემთან ძალიან ბევრი წყვილი მოდის და ერთი უცნაური „კანონზომიერება“ აღმოვაჩინე: ჯერ შესაფერისი წყვილი არ მინახავს. წარმოსადეგ, ახოვან ვაჟკაცს, უშნო, შეუხედავი გოგონა მოსდევს და პირიქით. ნეტავ, რატომ ხდება ასე? ბოლოს, მაინც მინდა, გამოგიტყდეთ: ყველა პატარძალს შევნატრი, მისი ბედნიერებით ვცოცხლობ, მაგრამ ამავე დროს მშურს მისი: რატომ ის და რატომ მე არა?!
– მოდი, მაინც ოპტიმისტურად დავამთავროთ ჩვენი საუბარი: რას ელი ხვალინდელი დღისგან?
– ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მაქვს. თითქმის არაფერი ხდება. ზანტად მიიზლაზნება ერთფეროვანი, ნაცრისფერი დღეები. მე კი სულ სხვა რამ მინდა. ბოშა ვარ და სისხლი მიდუღს. მინდა ციებ-ცხელება შემეყაროს, მინდა თავზე ცა ჩამომექცეს, მინდა ცეცხლის ალში დავიფერფლო, წყლის მორევში ჩავიხრჩო. სიცოცხლე მინდა!.. მინდა!.. მინდა!.. მინდა!.. ყველაფერი მინდა.
ელენე ჩხენკელი