კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაიყვანა თავის გვარზე ჯემალ ღაღანიძემ შვილიშვილი და რაში ვერ აიყოლია ის შვილიშვილმა


რუსთაველის თეატრში რამდენიმე დღის წინ „ვარსკვლავბიჭუნას“ პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლს არაჩვეულებრივი მსახიობის ჯემალ ღაღანიძის ერთადერთი შვილიშვილი, სანდრო ღაღანიძე ასრულებს. სანდრომ გასულ წელს დაამთავრა ინსტიტუტი და პირდაპირ ამ თეატრის დიდ სცენაზე აღმოჩნდა. რობიკო სტურუამ სპექტაკლის შემდეგ გადაწყვიტა, ის შტატიანი მსახიობების გვერდით დაეყენებინა, რაც სანდროს ნიჭმა განაპირობა და არა ბაბუის სახელმა. ოჯახი უზომოდ გახარებულია ამ ფაქტის გამო. ჩვენ ამ ორი – ძველი და ახალი თაობის ადამიანების ცხოვრების წესით და ურთიერთობებით დავინტერესდით.


– ბატონო ჯემალ, როგორ მოახერხეთ, თქვენი შვილიშვილი, მსახიობი გამხდარიყო, თანაც რუსთაველის თეატრის?

– ამ სახლში სამოცდაჩვიდმეტი წელი გავატარე. ერთი ქალიშვილი მყავს, ნათია. ისე მოხდა, რომ ამუბნელი, თავისი კლასელი შეუყვარდა და გათხოვდა. სანდრიკა აქ დაიბადა და გაიზარდა. ჩემი ქალიშვილი პიანისტია და გერმანიაში წავიდა. სანდრიკა ჩვენს ხელში დარჩა. თავიდანვე ძმაკაცური ურთიერთობა გვაქვს. სულ ჩემთან ერთად იყო თეატრში, ჩემს კოლეგებთან ძმაკაცობდა. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ ჰქონდა. ბავშვობაში „სუხიშვილებში“ ცეკვავდა. სამოცდაათი წლის იუბილე რომ მქონდა, რესტორანში აღვნიშნე. ბევრი სტუმარი მყავდა, მათ შორის გიგა ლორთქიფანიძეც, რომელიც იმ დროს თეატრალური ინსტიტუტის რექტორი გახლდათ. სანდრომ რომ იცეკვა, გიგამ თქვა: კოჭებში ვატყობ, ჩვენი ბიჭი უნდა იყოსო. ამას ბებიამისმა და დედამისმა ყური რომ მოჰკრეს, აიტაცეს. რომ გითხრათ, მაინცდამაინც მესიამოვნა მისი ეს ნაბიჯი-მეთქი, მოგატყუებთ. ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც თეატრში ვმოღვაწეობ და ვიცი, რა გზა უნდა გაიაროს მსახიობმა, რომ წარმატებას მიაღწიოს. ინსტიტუტი გასულ წელს დაამთავრა. დადგა საკითხი, სად ემუშავა. თეატრში რეჟისორებს ვკითხე, იქნებ გაგესინჯათ-მეთქი. რობიკომ მითხრა: ჯერ სპექტაკლებში მინდა, რომ ვნახოო, მაგრამ უდროობის გამო ვერ ახერხებდა. მერე რეჟისორმა დათო მღებრიშვილმა მოიტანა პიესა „ვარსკვლავბიჭუნა“. უცებ მირეკავენ და მეუბნებიან, სანდრო მოიყვანე, მთავარ როლზე შერჩევა მიდისო. რეჟისორი დათო იყო და რობიკო ხელმძღვანელობდა. მე არ მიშვებდნენ რეპეტიციებზე და კარის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი. ერთი სცენა ძალიან მომეწონა, მერე ნელ-ნელა ხმებიც გამოვიდა, ძალიან კარგიაო. 3 იანვარს პრემიერა იყო. რობიკოს ვუთხარი: ისეთი რა გასაღები მოარგე ამ ბავშვს, რომ გახსენი. ისეთ რაღაცეებს ვუყურე, სანდროს ეს თუ შეეძლო არ ვიცოდი-მეთქი. რობიკომ მითხრა, გილოცავ, ჯემალ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სანდრო თეატრში შტატში ავიყვანოთო. სახტად დავრჩი. თვალზე ცრემლი მომადგა. თეატრში ჩემი მისვლა გამახსენდა. მეც რომ დავამთავრე ინსტიტუტი, თუმანიშვილი მოვიდა და მითხრა: რუსთაველის თეატრში სპექტაკლს ვდგამ და მჭირდებიო.

სანდრო: ყოველთვის ხელოვნებისკენ მქონდა მიდრეკილება. ერთი პერიოდი სპორტითაც ვიყავი დაკავებული, პარალელურად ვცეკვავდი, მაგრამ ჩემი შინაგანი მოთხოვნილება მსახიობობა იყო. მთელი ბავშვობა რუსთაველის თეატრში მაქვს გატარებული და სპექტაკლის დასრულებისას მსახიობები მადლობის გადასახდელად რომ მოდიოდნენ, ბაბუაჩემს გავხედავდი და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ბუნებრივია, ეს შეგრძნება ჩემზე გადმოდიოდა და იმ მომენტში, ვფიქრობდი, ნეტავ ახლა მეც ვიდგე მათ გვერდით-მეთქი.

– ბატონო ჯემალ, თქვენი ქალიშვილის შვილი თქვენს გვარზე რატომ არის?

ჯემალი: ერთი ქალიშვილი მყავს და ჩემი გვარი რომ არ გამწყდარიყო, სანდრომ თვითონ გამოთქვა სურვილი, ჩემს გვარზე გადმოსულიყო, რაც ვაჟკაცობაში ჩავუთვალე. ერთხელ ბათუმში ვიყავით, ერთად ვითევზავეთ და, მერე კაფესთან ჩავიარეთ. ყველამ მიცნო და რომ დაინახეს, ბავშვთან ერთად ვიყავი, ზოგმა ნაყინზე დაპატიჟა, ზოგმა – ნამცხვარზე. ეტყობა, მოეწონა და იქიდან რომ წამოვედით, გზაში მითხრა: ბაბუ, არ შეიძლება, მეც ღაღანიძე ვიყოო.

ძალიან ენაკვიმატი და ეშმაკი ბავშვი იყო. ერთხელ ვსხედვართ და ტელევიზორს ვუყურებთ. მაშინ შვიდი წლის იქნებოდა. ვატყობ, ისეთი კადრები უნდა წავიდეს, ბავშვის იქ ყოფნა არ იქნება. სანდრო, გადი, – ვეუბნები. ბაბუ, ეს ეგეთი ფილმი არ არის, ფანჯარა გაიხსნება, თეთრი რაში შემოვარდება და ხმალაობა დაიწყებაო. მეც დავუჯერე. რა რაში, რის რაში... შემოვიდა ტიტველი ქალი, კაცი და იქ ამბები წავიდა... დამთავრდა ყველაფერი. ახლა ვეკითხები: ბიჭო, აბა, სად იყო რაში-მეთქი. გამოტოვეს ბაბუო, – მიპასუხა.

– მამაკაცებს თქვენი სალაპარაკო ენა გაქვთ. როცა სანდრო, „ისეთ“ ადგილას მიდის, თუ ხვდებით?

– სად მიდიხარ, რომ ვეტყვი, იქიდან დამიძახებს, – ჰა, ხომ არ წამოხვალო, უკვე ვიცი, რაშიც არის საქმე, მაგრამ, ლენას შეიძლება, ვუღალატო? ვერ ვუღალატებ.

– სანდროს მეგობრებში როგორ გრძნობთ თავს, თუნდაც სუფრასთან?

– ბევრი მეგობარი მყავს, მიყვარს კარგი პურის ჭამა და სმა. შევატყვე, რომ ესეც ამის კაცია. ძირითადად, აქ იკრიბებიან. მეც და ბებიამისსაც გვირჩევნია, აქ იყვნენ, ვიდრე სხვაგან. მსახიობი კაცი ვარ და ადვილად ვუღებ ალღოს ახალგაზრდებსაც და შუახნისებსაც. რა ჯობია ამათთან ყოფნას, ერთი ორი სადღეგრძელო, შეიგინე კიდეც და უკვე ამათი წრის ხარ.

სანდრო: არა მარტო ჩემი, ყველას მოთხოვნილებაა ბაბუა ჩვენს სუფრასთან იჯდეს. ყველაზე დიდი, შეიძლება, ნახევარი საათი დაგვითმოს. სულ რომ არ იყოს ჩემი ბაბუა, ამ ადამიანმა გადასარევად იცის, ქართული სუფრის ფასი და პეწი. მის თბილისელობას და ასაკსაც თუ გავითვალისწინებთ, გადავავლებთ თვალს მის ცხოვრებას, იმდენ სუფრაზეა ნამყოფი, არ ვიცი, რა შეიძლება, შეეშალოს და არ მოგეწონოს მისგან. სხვათა შორის, ძალიან კარგია ნასვამი, საერთოდ არ ეტყობა. ისედაც ვუყვარვარ და როცა ნასვამია, კიდევ უფრო გიჟდება ჩემზე. არის მომენტები, როცა ჯუჯღუნებს.

ჯემალი: ამბობს, ჯუჯღუნებსო, კაცო, რომ წავა და მთელი ღამე არ ჩანს, ხომ უნდა დარეკოს და თქვას, ამ დროს მოვალ ან მეგობართან ვრჩები და არ მოვალ. რა გახდა ამ მობილურზე ერთი თითის დაჭერა. რაც შეეხება სუფრას, რომ წამოიზარდა, ჩემს მეგობრებში იჯდა. დავთვრებოდით და ცეკვას ვთხოვდით. ესეც ცეკვავდა, თორემ ისე ვინ მოუშვებდა ამას ჩვენთან. სახლში რომ მოვალ და მკითხავს: ვა, ბაბუ, როგორ ხარ? უკვე ვიცი, რომ ფული უნდა. თუ მივეცი ფული, ესე იგი, მისი ჭკუით, კარგად ვარ.

– სანდრო, ხომ იცი, ბებია-ბაბუები შვილიშვილებზე როგორ „აფანატებენ“, რატომ ანერვიულებ?

– მნიშვნელობა არ აქვს, ნასვამი ვარ თუ არა, ძალიან მიყვარს ღამე გასვლა, სახლში გამთენიისას შემოვდივარ და ეს გრძელდება წლები. ახალგაზრდული ცხოვრების რიტმზე ვარ გადართული და ამათგან სულ პრეტენზიები მესმის, ვერ ეგუებიან ამას. მამასთანაც მომდის ხოლმე პატარა კონფლიქტი, მაგრამ რაღაც მომენტში, მაინც მიგებს, ესენი კი – ვერა. ამას წინათ, ერთ ადგილას ვიყავი, კარგი დრო გავატარე, იქიდან მეორე ადგილას მომინდა წასვლა. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და გამოცარიელებული მაქვს. ვიფიქრე, სახლში მივალ, რომელიმეს ფულს გამოვართმევ და წავალ-მეთქი. მოვედი და შემატყვეს, „აჟუჟუნებული“ ვარ, მექაჩებიან, რომ დავრჩე. მე ვეუბნები, უნდა წავიდე-მეთქი. მერე ეს ყველაფერი კამათში გადაიზარდა... აი, რომ მაბრალებ, სიმთვრალეში დაბორიალობსო.

– აცალეთ ბავშვს გართობა, ბატონო ჯემალ, თქვენ არ დადიოდით აქეთ-იქით სანდროს ასაკში?

– ჩვენ, ძირითადად, დაბადების დღეებზე ვიკრიბებოდით, 8 მარტს და სხვა დღესასწაულებზე. წინათ არ იყო რესტორნები და ბარები. ეს სახლი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან დიდია და ორადაა გაყოფილი. გვერდზე ჩემი ძმის ოჯახი ცხოვრობს. ამ სახლში სულ ბანკეტები იყო. თუ „სხვაგან“ გახვევას გულისხმობთ, ახალგაზრდა კაცი „უმაგისოდ“ შეიძლება? მე კი გამახსენდება ხოლმე ეს რომ იტყვის, წავედითო, მაგრამ ბებიამისი ვერ იგებს. სულ ფანჯარაშია გადაკიდებული და ელოდება. ვეუბნები, დაწყნარდი, ქალო, წადი, დაიძინე, ახალგაზრდა კაცია, ცოტას გაივლის და მოვა. ხომ არ ვეტყვი, ქალთან არის-მეთქი. ვერა და ვერ ხვდება. ლენა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს კაცი დადგეს, მაგრამ ამათ ხომ არ ესმით. სინამდვილეში ძალიანაც კარგად ესმით, მაგრამ არ უნდათ, გაიგონ. ახლა ბედნიერი დღეები გვაქვს ოჯახში, სანდრო რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. რომ მეგონა, ყველაფერი მთავრდება, უცებ აღმოჩნდა, რომ ახლა იწყება. ამ ყველაფერს გამართლება უნდა, მხოლოდ ნიჭი არ ჰყოფნის.

– სანდრო, ბაბუასთან თუ ლაპარაკობ პირად საკითხებზე და ემთხვევა თუ არა თქვენი აზრი ერთმანეთისას?

– როცა კონკრეტულ თემაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რაღაც რჩევას ველი. ჩემთვის სასიხარულოა ის მომენტი, რომ ის მხოლოდ ბაბუა კი არა, ჩემი ძმაკაცია. თუ პატარ-პატარა რაღაცეებს არ ჩავთვლით, ძირითადად, ჩვენი აზრი ემთხვევა. მეც საკმაოდ ტრადიციული, ბუნებით აზიატი ვარ. არ მინდა, რომ რაღაც საკითხებში ჩემი შეხედულება შევცვალო, ჩვენი ოჯახის რომელიმე ტრადიციას ხაზი გადავუსვა. რაღაც პერიოდია საჭირო იმისთვის, რომ ისეთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგა, რასაც ქორწინება ჰქვია. არ მინდა, ოჯახი დროებით შეიქმნას.

ჯემალი: ამას ჩვენგან დამალული არაფერი აქვს. ხანდახან ნამეტანს ლაპარაკობს და ვეუბნები – კარგი, ბიჭო, კი ვართ ბებია და ბაბუა, მაგრამ ამდენიც არ უნდა თქვა-მეთქი. მე ახლა ვხვდები, ვისზეც არის საუბარი, ის ამაზე უმცროსია, სულ მთლად ბავშვია. რა ეჩქარებათ. რატომ უნდა დაიტანჯონ? იყვნენ ასე, როგორც არიან სიყვარულით და მერე რომ შეხედავენ, უკვე დადგა დრო, ბავშვი იყოლიონ, ვინ უშლით.

– ესე იგი, თქვენ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ახალგაზრდებმა ქორწინებამდე იცხოვრონ, ისე, როგორც ეს უცხოეთშია მიღებული?

– ჩემი თაობის ადამიანისათვის ცოტა მიუღებელია ეს. ბოლოს და ბოლოს, ბაბუა ვარ, მამა ხომ არა. ამის მშობლებისთვის შეიძლება, მისაღები იყოს, იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან. ეგ კი არადა, თხუთმეტი გოგო-ბიჭი ერთად რომ შეიკრიბება, და საუბრობენ, თარჯიმანი მჭირდება, არ მესმის, რაზე ლაპარაკობენ. მარტო ჩემს ოჯახში ხომ არ ხდება ეს? საერთო სენია.


скачать dle 11.3