როგორ აღმოჩნდა ნოდარ ქუმარიტაშვილი ბნელ გვირაბში და რა ხდებოდა ვანკუვერის ოლიმპიადის კულისებში
ცოტა ხნის წინ ვანკუვერში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა – ვანკუვერი საბედისწერო ადგილი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის – ნოდარ ქუმარიტაშვილისთვის, რომლის დაღუპვასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდეც ცხადია, რომ საციგურაო ტრასაზე საერთაშორისო სტანდარტები დარღვეული იყო, რამაც გააჩინა ეჭვი ზამთრის ოლიმპიადისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ბოლომდე გაუმართაობის შესახებ. ამ აზრს არ იზიარებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ირაკლი ჯაფარიძე, რომელიც იმაზეც გვესაუბრა, თუ რა ხდებოდა ოლიმპიადის კულისებში.
ირაკლი ჯაფარიძე: საქართველო ზამთრის ოლიმპიადებზე 1994 წლიდან მონაწილეობს. უკვე მესამე ოლიმპიადაა, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტულ მისიას ვხელმძღვანელობ: – 2002 წელს ვხელმძღვანელობდი მისიას ამერიკაში, სოლტ-ლეიკ-სიტიში, 2006 წელს კი – ტურინში გამართულ ოლიმპიადაზე. ყველა ოლიმპიადა, სადაც კი ჩასვლა და დასწრება მომიწია, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ოლიმპიადა გაყოფილია ორ სოფლად: სპორტის ისეთი სახეობების მონაწილეებისთვის, როგორებიცაა, სამთო-სათხილამურო, ტრამპლინები და სრიალი, ოლიმპიური სოფლები ქალაქიდან მოშორებით, მთაშია; რაც შეეხება საციგურაო სახეობებს – ჰოკეის, ფიგურულ სრიალს, შორტრეკსა და ასე შემდეგ, რომლებშიც ღონისძიებები დახურულ დარბაზებში ტარდება, სოფლები კეთდება ქალაქებში. ასე იყო კანადაშიც, ერთი სოფელი ქალაქის ცენტრში განათავსეს, მეორე სოფელი დისტლერი კი – ვანკუვერიდან დაახლოებით 120 კილომეტრში. სოფლები იზოლირებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან, ორივე სოფელში აშენებული იყო თანამედროვე ტიპის, 5-6-სართულიანი კარგად მოწყობილი საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებლად გამოიყენება. ვანკუვერის კორპუსების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდული იყო. ყველა ოლიმპიური სოფელი დაცვის განსაკუთრებული ზომებით მას შემდეგ გამოირჩევა, რაც 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე, პალესტინელები შეიპარნენ საცხოვრებელ კორპუსში და დახოცეს სპორტსმენები, რომლებიც ისრაელიდან იყვნენ. ოლიმპიურ სოფლებში საპატიო სტუმრების შესვლაც კი განსაკუთრებული საშვების მეშვეობით ხდება, თუნდაც მათ შორის რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. წელს ორივე ოლიმპიურ სოფელში 8 000-მდე სპორტსმენი ცხოვრობდა.
– დელეგაციის სხვა წევრები და საპატიო სტუმრები, ვთქვათ პრეზიდენტი, ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობენ?
– არა, პრეზიდენტი ცხოვრობდა სხვაგან, სასტუმროში. ოლიმპიურ სოფელში საპატიო სტუმრის რანგში შემოდიოდა: ოლიმპიურ სოფელში მხოლოდ სპორტსმენები, მწვრთნელები და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ცხოვრობენ.
– როგორ არის მოწყობილი ოლიმპიური სოფლები?
– ოლიმპიურ სოფლებში ძალიან საინტერესო სამყაროა: კორპუსები ძალიან კომფორტულად არის მოწყობილი და სპორტსმენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი – არსებობს გასართობი და მოსასვენებელი ადგილები, ბილიარდი, აუზები. არის ძალიან დიდი სასადილო, სადაც სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებია წარმოდგენილი. საერთოდ, სპორტსმენების კვებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ყველა კერძს ამოწმებენ და თავად მიირთმევენ ექიმები, კვების სპეციალისტები, რადგან სხვადასხვა ტურნირზე სპორტსმენთა მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. ოლიმპიურ სოფელში სასტიკად აკრძალულია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება.
– როგორც ამბობენ, ვანკუვერში ყველაფერი წესრიგში არ იყო და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებობდა ბევრი პრობლემა.
– არა, ეს ასე არაა. ყველა ოლიმპიადა კარგადაა ორგანიზებული, ოლიმპიურ სოფელში ტრანსპორტის მიმოსვლის საათებიც კი ზუსტად იყო გაწერილი. რამდენიმე გამოსვლა გადაიდო ამინდის გაუარესების გამო – ბუნებას თავისი კორექტივები ყველა ოლიმპიადის მსვლელობაში შეაქვს. რომ არა ჩვენი ტრაგედია და ქართველი სპორტსმენის დაღუპვა, ასეთი პრეტენზიები არ გაჩნდებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრების გახსნის დღეს დაიღუპა. ამით იყო გამორჩეული ეს ოლიმპიადა. ამ ინციდენტის შემდეგ ყურადღება უფრო გამახვილდა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და საციგურაო სპორტის ფედერაციამ ოფიციალურად არ აღიარეს, რომ ტრასასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, თუმცა, ის, რომ ნოდარის გარდაცვალებისთანავე შეიცვალა ტრასა, უკვე აღიარება იყო. იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო დარღვეული, მაგალითად, ტრასის ყინულის ღარი უნდა ყოფილიყო 90 გრადუსი, თუმცა ყინული არ იყო მისული ამ ნიშნულამდე. ნოდარი არ გაუფრთხილებიათ, რომ იმ საბედისწერო ვირაჟში მზის დამცავი ფარდა დაშვებული იყო. საერთაშორისო წესებით, ფარდა აწეული უნდა იყოს, რადგან მზის დამცავი ფარდა თუ დაშვებულია, სპორტსმენს მხედველობა ეკარგება. ნოდარმა ეს არ იცოდა და მას, პრაქტიკულად, ბნელ გვირაბში მოუხდა შესვლა. ერთ ღამეში ტრასის სიგრძეც შეიცვალა და დამცავი ხის ჯებირიც კი ააშენეს.
– ნოდარის გარდაცვალება ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ იმოქმედებდა გუნდზე. რა ხდებოდა ქართულ სპორტულ მისიაში?
– ამან ძალიან მძიმედ იმოქმედა გუნდზე. არა მხოლოდ ჩვენ, მთელი ქალაქი განიცდიდა ჩვენი სპორტსმენის დაღუპვას, უცხო ხალხი გვისამძიმრებდა. სოფლის მოსახლეობამ თანხების შეგროვება დაიწყო, პატარა აუქციონიც კი მოაწყვეს სპორტსმენებმა; ერთმა მოციგურავე გოგონამ თავისი სპორტული სამოსიც კი გაყიდა აუქციონზე, რომ შეგროვილი თანხისთვის შეემატებინა ფული. ახლა ანგარიშიც არის გახსნილი ნოდარის სახელზე, მისი სიცოცხლე, ისევე, როგორც ნებისმიერი სპორტსმენის, დაზღვეული იყო.
– რა თანხად?
– ზუსტად ვერ გეტყვით, დაახლოებით 50 000 დოლარად. დაზღვევის გარეშე სპორტსმენები სამი დღითაც კი ვერ მიდიან ტურნირებზე. ჩვენ არ გვქონდა საზეიმო განწყობა და, გავედით თუ არა მოედანზე, მაშინვე დავტოვეთ გახსნის ცერემონიალი, რათა მოგვეთათბირა, თუ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გამოსვლა. ის, რომ თითქოს ჩვენ ოლიმპიადის დატოვებას ვაპირებდით, არასწორია. პირიქით, პრეზიდენტმა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა გაამხნევეს ჩვენი სპორტსმენები. როდესაც ჩვენ გამოვედით, ჩვენს უკან მომავალი ქვეყნის სპორტული მისია შეაჩერეს და მოედნის დიდი ნაწილის მარტო გავლის საშუალება მოგვცეს. ჩვენი დელეგაცია 8 სპორტსმენისგან შედგებოდა – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ასეთი დიდი შემადგენლობით გავიდა ზამთრის ოლიმპიადაზე, წინა ოლიმპიადებზე 3-4 სპორტსმენით გამოვდიოდით ხოლმე. დიდ ქვეყნებს, ამერიკას, კანადას – ასობით სპორტსმენი ჰყავდა წარმოდგენილი.
– ჩვენმა გუნდმა ამ ოლიმპიადაზე წარმატებების მიღწევა ვერ შეძლო, ყველაზე მეტად მაინც ელენე გედევანიშვილმა გაგვიცრუა იმედები. რატომ ვერ შეძლო მან ვანკუვერში ევროპის ჩემპიონატის შედეგის გამეორება?
– ელენე იყო და არის ზამთრის სახეობების ლიდერი. მან პირველ დღეს, მოკლე პროგრამაში, ძალიან კარგი გამოსვლა აჩვენა და პირადი რეკორდიც დაამყარა. მით უმეტეს, სულ ახლახან, ასეთი წარმატებები ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან მესამე ადგილი აიღო. საქართველოსთვის ეს არის პირველი მედალი სპორტის ზამთრის სახეობებში. არ ვიცი, რატომ მოეცარა ხელი ელენეს ვანკუვერში, ალბათ, ძალიან დაძაბული იყო და ფსიქოლოგიურად არ აღმოჩნდა მზად, რომ ასეთ მძიმე კონკურენციაში მოუწევდა გამოსვლა. ბოლო წლებში კონკურენცია სპორტში ძალიან გამძაფრდა. ელენე ბოლო გამოვიდა, მის წინ გამომსვლელებიდან უმეტესობამ კარგი შედეგი აჩვენა და ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს სპორტსმენზე. ევროპის ჩემპიონ კოსტნერს საერთოდ კატასტროფა დაემართა, მაგრამ ჩვენთვის ეს რა შეღავათია?! მან ჩააგდო ყველა პროგრამა, თორემ, ათეულში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო.
– ის ორჯერ დაეცა საციგურაო მოედანზე.
– დაცემა არაპროფესიონალებისთვის არის შესამჩნევი, თორემ, ელენემ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი შეცდომაც დაუშვა – სამმაგი სალხოვის ნაცვლად ორმაგი შეასრულა, არ გამოუვიდა სამმაგი ლუცი, რომელიც იდეალურად გამოუვიდა პირველ დღეს. რა თქმა უნდა, ნოდარის გარდაცვალებამ ელენეზეც ძალიან იმოქმედა, მაგრამ, ამას მშვენივრად გაართვა თავი პირველ დღეს. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ელენე მაინც გუნდის ლიდერი აღმოჩნდა – მეთოთხმეტე ადგილი მხოლოდ მან მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად მოემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. 50-ე ადგილი დაიკავა ჯაბა გელაშვილმა, რომლის დებიუტიც ამ ოლიმპიადაზე შედგა, გიგანტურ სლალომში; დებიუტანტი იყო ნინო წიკლაურიც, რომელიც სლალომში გამოდიოდა, უფრო მეტს ველოდით იასონ აბრამაშვილისგან, რომელიც უფრო გამოცდილი სპორტსმენია. ვერც სამთო მოთხილამურეებმა გვასახელეს ისე, როგორც ველოდით, თუმცა, ამ ყველაფერს თავისი მიზეზებიც აქვს.
– თქვენს შვილზე რას იტყვით, მისი გამოსვლაც წარუმატებელი იყო.
– ოთარი კარგად გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, ოცეულში მოხვდა. საკმაოდ რთული სალიცენზიო ტურნირები მოიგო, ფიგურული ცეკვებიდან ოლიმპიადაზე მხოლოდ 15 ქვეყანა მოხვდა. ოთარისა და მისი მეწყვილისთვის ეს იყო მესამე სტარტი, რამაც საბოლოო შედეგზე იმოქმედა.
– სპორტსმენებმა პრეზიდენტის კრიტიკა არ დაიმსახურეს, თუნდაც ელენემ, რომელიც მისი ფავორიტია?
– ასეთი რამ არ ყოფილა. სპორტში მარცხი ისეთივე ჩვეულებრივი რამ არის, როგორიც მოგება. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. სპორტის სახეობების განვითარებას დრო სჭირდება, ტრამპლინები თუ არ აღდგა, მარტო ის, რომ ლეგენდად ქცეული კობა წაქაძე გვყავს, არ გვიშველის. ადრე, სანამ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით, ზამთრის სახეობის გუნდებში ქართველების მოხვედრა რთული იყო, უფრო რუსებსა და უკრაინელებს ანიჭებდნენ პრიორიტეტს. კობა წაქაძეს უამრავი დიდი ტურნირი აქვს მოგებული, მას მსოფლიოს ლეგენდარული სპორტსმენები უწევდნენ ანგარიშს, მაგრამ, ოლიმპიადის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მედლები არ ერგო. იცით, ახლა როგორ ემზადებიან ამერიკელი, კანადელი და ავსტრიელი სპორტსმენები? იქ აქვთ ყინულის სასახლეები, საოცარი სათხილამურო ტრასები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მოწყობილი. თუ შენს ქვეყანაში კარგი ბაზები არ გაქვს, სხვაგან როგორ კარგადაც არ უნდა მოემზადო, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ.