კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არჩევდნენ საქმეებს უბანში ძველი პლეხანოველები და რატომ იყო მოდაში ჩხუბის დროს საჯდომში დანით დაჭრა


ცნობილ კოლორიტებზე უამრავი დაუწერელი ისტორია დადის ქალაქში. ისინი თბილისის ქალაქის ისტორიას თავისებურად ქმნიდნენ, გამორჩეული ვაჟკაცური, სამართლიანი ქცევით და თამადობით იმკვიდრებდნენ სახელსა და ხალხის სიყვარულს.

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი კი ბატონი ზურაბ ქელბაქიანია, რომელსაც ახლობლები კუსას ეძახიან. მას თავსგადახდენილი უამრავი საინტერესო ისტორია აქვს ჩვენი მკითხველისთვის მოსაყოლი.


ზურაბ ქელბაქიანი: მთელი თხუთმეტი წელი მორაგბე ვიყავი. დედაჩემი სულ იმას მეუბნებდა, რას დადიხარ, შვილო, ამ რაგბიზე, ნეტავი ვიცოდეო. ეს იყო 1966-1967 წლები. მაშინ ნამდვილად არ იყო საქართველოში სპორტის ეს სახეობა ცნობილი, თუმცა, საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავდა. პირველად 17 წლის ვიყავი, რომ მივედი და, ისე ჩამითრია ამ ვაჟკაცურმა სპორტმა, რომ მერე ვეღარც წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, არ მეთამაშა. ენთუზიაზმზე ვთამაშობდით. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი მაისური, გეტრი, „ტრუსიკი“ და „ნასკი“ დაგვჭირდებოდა ბიჭებს! სად იყო მაშინ სპონსორი?! დინამოს სტადიონზე იყო სათადარიგო მოედანი და იქ ვვარჯიშობდით. ისეთი მოედანი იყო, რომ დაეცემოდი, კარგა ხანს იარას ვერ მოიშუშებდი. არ დამავიწყდება, პირველად რომ მივედი და ვითამაშე, საღამოს ისეთი გატყაულ-დახეულ-დაფლეთილი მივედი სახლში, დედაჩემი მთელი ერთი კვირა ვიშვიშებდა. თან, გრძელსახელოებიანი „მაიკა“ არ მქონდა და მეორე დღეს „საროჩკით“ წავედი სათამაშოდ. ის „საროჩკაც“ მივახიე და უფრო მეტი „სინიაკითაც“ დავბრუნდი სახლში. სხვანაირი ჟინი აქვს ამ თამაშს. რაგბი ისეთი სპორტია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აყვარებს და აახლოებს. თუ გვერდით არ დაუდექი გუნდის წევრს, კოლექტიურად არ ითამაშე და მარტო დატოვე, მეტოქე ისე გადათელავს, მგონი, ვეღარც ააწიწკნო მიწას (იცინის).

– ძველი პლეხანოველი ხართ. ეს უბანი სამოციან წლებში მართლაც რომ ქუხდა და არაერთი ცნობილი კოლორიტი გაიზარდა იქ. ჩხუბები და გარჩევები თუ ხდებოდა ქუჩაში?

– გეთანხმებით, მართლაც გამორჩეული უბანი იყო. რომ გკითხავდნენ, რა უბნელი ხარო და უპასუხებდი პლეხანოველიო, იქ საუბარი დამთავრებული იყო. ქუჩაში ბირჟები მაშინ იყო თუ იყო. პლეხანოვზე სულ ოთხი ცნობილი ბირჟა იყო: გორკის კლუბთან, მარჯანიშვილის მოედანზე, კინოთეატრ „ამირანთან“ და „ოქტომბერთან“. მთელი დღე ვიდექით და, თუ ბიჭი გოგოსთან ერთად მოდიოდა, შანსი არ იყო, იმ გოგოსთვის ცუდი თვალით შეგვეხედა, ან რამე მიგვეძახებინა – ეს გამორიცხული იყო. ჩხუბები კი, რამდენიც გინდათ, იმდენი ხდებოდა. უბნებს შორის ისეთი ჩხუბები მიდიოდა, მტრისას (იცინის). ვორონცოველი დამრტყმელი ბიჭებიც კარგად მახსოვს. სხვათა შორის, ფულის წაგება-მოგებაზე, თავანის მოტანა-ჩაბარებაზე არასდროს დაურტყამთ ხელი, ყოველთვის გოგოს გამო ხდებოდა ჩხუბები. ყოველთვის იყო უბანში გამორჩეული გოგო, რომელიც რამდენიმე ბიჭს მოწონდა და მიდიოდა დაკა-დაკა. მე რაგბისტი ვიყავი და ჯანიც მიჭრიდა, ამიტომ ბევრი ძმაკაცი მთხოვდა დახმარებას და, ჩემს ძალას დავამადლიდი ვინმეს, მით უმეტეს, საყვარელი გოგონას გამო?! (იცინის). დამიჯერეთ, ვგიჟდები, ახლა რომ ვიგებ, ამან ის დაჭრა, იმან გულში დანა გაუყარა, იარაღი დაახალაო... მაშინ სად იყო მსგავსი ამბები?! თუ მაგარი ხარ და რამის თავი გაქვს, მუშტი გამოიყენე, შე მამაცხონებულო, ან უკანალში მაინც დაჭერი, სასიკვდილოდ როგორ იმეტებ ადამიანს?

– დავიჯერო, თქვენს ახალგაზრდობაში იარაღს არ იყენებდნენ საქმის გარჩევის დროს?

– როგორ არ იყენებდნენ, მაგრამ, იშვიათად და, ისიც – უკანალში, რომ დიდხანს დამახსოვრებოდა და ვერც კარგა ხანს დამჯდარიყო. არც გამიგია, იმ დროს უბანში ვინმე ვინმეს გულში ან მუცელში დაეჭრა. ერთხელ, არ დამავიწყდება, ვაკის პარკთან გოგონასთან ერთად მოვდიოდი. ისეთი სიტუაცია იყო, რომ ღამით სახლში ვერ მივიდოდი. ადრე სატელეფონო ჯიხურები იდგა ქუჩაში – ჩააგდებდი ოცკაპიკიანს და ილაპარაკებდი, აბა, სად იყო მობილურები, ახლა რომ ყველას ხანჯალივით აქვს ჯიბეში გარჭობილი! მოკლედ, ამ გოგონას ვთხოვე, აქ დამელოდე-მეთქი და ჯიხურში შევედი, რომ დედაჩემისთვის დამერეკა, არ ინერვიულო, ღამით სახლში ვერ მოვალ-მეთქი. გავიხედე, მოდის ხუთი ბიჭი. შებინდებულია. მესმის: რა მაგარი გოგოა, ამას ვენაცვალეთო. გავაღე ჯიხურის კარები, ტელეფონის ყურმილი ხელში მიჭირავს და ვუთხარი: ბიჭებო, თქვენი ჭირიმე, ეს გოგონა ჩემთან ერთად არის-მეთქი. გაჩერდნენ. უცებ, ერთმა მათგანმა, რომელიც ძალიან მთვრალი იყო, თქვა ხომ არ გაგველახა ეს ბიჭიო. ის ოთხიც დაფიქრდა და, არ უპასუხა – „დავაიო“?! დაიწყეს გინება, გაქაჩვა. ვეუბნები, ბიჭებო, გოგონასთან ერთად ვარ, რა მოგივიდათ, დაწყნარდით-მეთქი. მე ჩემი გასაჭირი მქონდა – გოგონა მელოდებოდა და იმათი გაქაჩვა მინდოდა ამ სიკეთის ჟამს?! (იცინის) მოკლედ, არ დაოკდნენ, მეგრულად შეუბერეს საუბარი და ლანძღვა-გინება. ისევ მშვიდად ვუთხარი: ბიჭებო, ბევრი მეგრელი მეგობარი მყავს, იმათ შემოევლოთ ჩემი ცხოვრება, მათ გამო თავს დავდებ. ქართველები არ ხართ? გამიგეთ, გოგონასთან ერთად ვარ-მეთქი. შენი ქალაქელი და შენი ასე და ისეო. ეგრე არ უნდა მეთქი, გავაგდე ყურმილი ხელიდან, დავერიე და ისე გავლახე ხუთივე, პატრონი ვერ იცნობდა. ვერ მოვზომე, ისე ვცემე; ორი კვირა მტკიოდა ხელები. სხვათა შორის, ამ ჩხუბის ამბავი მთელ თბილისში ამბად დადიოდა და ჩემი ყურითაც მაქვს მოსმენილი, რომ ამბობდნენ, კაცო თურმე ვიღაც პლეხანოველს ხუთი ბიჭი უცემია ვაკეშიო (იცინის).

– დავიჯერო, ისინი რომ გაგინებდნენ, თქვენ ასე ტკბილად ესაუბრებოდით?

– სხვათა შორის, არ დამავიწყდება, ერთ-ერთმა მკითხა, რატომ არ გვაგინებო. ვუთხარი, გინება არ მიყვარს, აი, რაც მიყვარს, ახლავე გაჩვენებთ-მეთქი და ვცემე. ერთმა ნაცემმა მოისაზრა და მითხრა, ტელეფონი მომეცი უნდა გნახო მერეო. მივეცი სახლის ტელეფონის ნომერი, რა პრობლემა იყო? მეორე დღესვე დამირეკეს და შეხვედრა დამინიშნეს. არც მე დავიხიე უკან და მივედი დათქმულ ადგილზე, თან მეგობარი გავიყოლე – დათო გალოგრე. პლეხანოვზე, ძველ კინოსტუდიასთან შევხვდით. ვიფიქრე, ახლა წავა ისევ საქმის გარჩევა, გაწევ-გამოწევა-მეთქი, მაგრამ ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, იმ გოგონასთანაც ბოდიში მოგვიხადე, ნასვამები ვიყავით და ვერ მოვზომეთ. თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვართ ჩამოსულები, ჩვენც პლეხანოვზე ვცხოვრობთ ქირით, ცოტა ზედმეტი დავლიეთ და ამიტომ გაწყენინეთ, დამნაშავეები ვართო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა მათი მხრიდან ბოდიში, ისეთი დალილავებულები იყვნენ, მაგრამ, კაცურად მოიქცნენ. აი, ეს არის ნამდვილი ვაჟკაცობა. მერე რესტორანში დამპატიჟეს ჩემს ძმაკაცთან ერთად. შემეშინდა, კაცო, ახლა აქაც არ დათვრნენ და არ გააპათოლოგონ-მეთქი. ვუთხარი, არ გვინდა დალევა, ვისაუბროთ-მეთქი, გაეცინათ – მართლა ისეთი სიმთვრალე კი არ გვაქვს, მაშინ ძალიან მთვრალები ვიყავით, ზომაზე მეტი მოგვივიდაო. ავდექი და თამადად ის დავაყენე, ვინც პირველად გამექაჩა იმ დღეს და თან არ დავალევინე (იცინის).

– ეს როგორ? თამადა იყო და არ დაულევია?

– ყველას უკვირს. ვუთხარი, თუ დალევ, ავდგები და წავალ-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, დამიჯერა და თამადა კაცმა წვეთი არ დალია.

– როგორც ვიცი, სულ ორი სიმღერა გაქვთ დაწერილი. მათგან ერთი, კერძოდ, „შენ ჩემი ოცნების ღმერთო“, მერაბ სეფაშვილმა და მაია ასკურავამ შეასრულეს და ცნობილი კლიპი შვეიცარიაში გადაიღეს; მეორე კი ერთ-ერთმა ცნობილმა მილიონერმა ებრაელმა ახლახან იყიდა თქვენგან. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი გადაგიხადათ?

– სანამ ამას მოგიყვებით, გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი. მერე გიტარაზე დაკვრის სურვილიც მოვიდა. უფრო სწორად, ჩემი ბიძაშვილი უკრავდა კარგად. ასე თბილისში ცოტა თუ უკრავდა და მღეროდა. სადაც მიდიოდა, მთელი ქალების ყურადღება მისკენ იყო მიმართული, ქეიფი არ ჩაივლიდა მისთვის რომ არ დაეძახათ. ვიფიქრე, ქალების ყურადღება და ხშირი დაპატიჟებები არც მე მაწყენს-მეთქი (იცინის). მოკლედ, ვისწავლე აკორდები ნელ-ნელა, თან გენეტიკამაც შემიწყო ხელი და „დავსპეცდი“. რაც შეეხება ჩემს სიმღერას „შენ ჩემი ოცნების ღმერთო“, რომელსაც მერაბი და მაია ასრულებენ, საკმაოდ ორიგინალურ გარემოში დავწერე. ერთი გოგო შემიყვარდა. ბათუმში ცხოვრობდა, ქეთო ერქვა. ყოველ შაბათ-კვირას გავიდებდი გიტარას მხარზე და იქ ვიყავი. მატარებლის გამცილებლები უკვე მცნობდნენ. ბილეთსაც აღარ ვიღებდი, თბილად ვიჯექი მათ კუპეში. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს, კარგ ხასიათზე ვიყავი, ცოტა ნასვამიც, ჩემი ლექსი წავიღიღინე: „შენ ჩემი ოცნების ღმერთო...“ და, რიტმი მომეწონა. ასე რომ, ეს სიმღერა მატარებლის კუპეში დავწერე და „პრავადნიცამ“ მოისმინა პირველად ჩემი სასიყვარულო შედევრი (იცინის). მერე ეს სიმღერა მერაბმა და მაიამ იმღერეს და ზუსტად ის თქვეს, რისი თქმაც მე ვერ მოვახერხე იმ ქალისთვის. იმ ქალს დავშორდი და კარგა ხანს აღარ ვმღეროდი ამ სიმღერას, დაახლოებით ხუთი წელი. თუმცა, ვერ დაგიმალავთ, გონებაში სულ ვღიღინებდი. რაც მთავარია, ამ სიმღერის ნოტები არ არსებობდა, ზეპირად ვიცოდი. სუფრასთან ვმღეროდი ხოლმე. მერე კი დაიბრალეს ვიღაც-ვიღაცეებმა – ჩვენია და კუსა პლაგიატიაო, მაგრამ მე მაგის კაცი არ ვარ. მოკლედ, სუფრაზე მოსმენილი სიმღერა აიტაცეს ახალგაზრდებმა – აი, დათო გომართელის, ირაკლი ჭანტურიას პლეადამ და მღეროდნენ. მერაბმაც სუფრაზე მოისმინა და მოეწონა. კარგა ხანს, არ იცოდა რომ ეს ჩემი სიმღერა იყო და, როცა დამიკავშირდა, კლიპი უკვე ტელევიზიით გადიოდა. რომ ვნახე კლიპი და მოვისმინე სიმღერა, ოცი წლის შემდეგ, ისე იმოქმედა, ამხელა კაცს ცრემლი წამომივიდა, სულ თვალწინ დამიდგა ჩემი ახალგაზრდობა. მერე ლექსების წერასაც დავანებე თავი და არც სიმღერა დამიწერია. ერთ დღესაც, ამ ოცი წლის შემდეგ, ისევ მომაკითხა მუზამ და დავწერე მეორე სიმღერა „ოცი წლის შემდეგ“. ეს სიმღერა კი გადავიტანე ნოტებზე და ამაში ჩემი მეუღლე – ლალი დამეხმარა. სიმღერა იყიდა ერთმა ქართველმა ებრაელმა, ბორის ჯანაშვილმა, რომელიც ძალიან კარგად მღერის და ხშირად კრემლშიც არის ხოლმე მიწვეული კონცერტებზე. სხვათა შორის, ჩვენი ხმები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჯერ დარეკა და მითხრა, შენი სიმღერა მაქვს მოსმენილი, ძალიან მომწონს და, თუ გაქვს კიდევ სიმღერები, იქნებ, მომასმენინოო. სპეციალურად ჩამოვიდა, მესტუმრა სახლში, ვიმღერე, მოისმინა, ჩაიწერა მაგნიტოფონზე, მოეწონა და იყიდა. როგორც გავიგე, უკვე ფონოგრამაც ჩაწერილი აქვს, კლიპიც უნდა გადაიღოს და თავის სოლო კონცერტზეც იმღერებს. შეიძლება, კრემლშიც იმღეროს, ვერ გეტყვით. ეს სიმღერა კი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი. ბორისი აქ არის გაზრდილი და ალალი თბილისელი ებრაელი ბიჭია. არც ეტყობა დიდი ფულის პატრონი და რუსი ოლიგარქების „პრიამოი“ ძმაკაცი რომაა. სულ ქართულად მღერის და ღმერთმა გაუმარჯოს. მითხრა: მიდი, რა, კიდევ რამე გამოაცხვეო, მაგრამ, ყველაფერს თავისი განწყობა უნდა... და – მუზა (იცინის).


скачать dle 11.3