რა ხელწერილი დააწერინა გია ჭანტურიამ მეუღლეს საღორიის ტყეში და რატომ სდარაჯობს ღამღამობით მას ცოლი
ის დღეს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია და საარჩევნო მარათონშია ჩართული – 53 წლის გია ჭანტურიას სურვილი აქვს, მშობლიურ ქალაქს ემსახუროს და ის საქმე აკეთოს, რაც მას ნამდვილად ეხერხება. მისი შრომითი ბიოგრაფია 16 წლის ასაკში, საკმაოდ მძიმე შრომით დაიწყო – ობოლ ბიჭს თავის დასამკვიდრებლად საკმაოდ რთული და მძიმე გზის გავლა მოუხდა, არც პოლიტიკური პერიპეტიები, ჭორები და სკანდალები აკლდა, თუმცა, იმავე მდინარეში მეორედ შესვლაზე მაინც არ თქვა უარი... როგორია გია ჭანტურიას ცხოვრება კადრს მიღმა, რატომ „მოიტაცა“ ის ცოლმა და რაზე ვერ ეუბნება საკუთარ თავს უარს, ამას ბატონი გია და მისი მეუღლე, მანანა დუნდუა, თვითონ გვიამბობენ.
– ბატონო გია, მძიმე საარჩევნო მარათონში ჩაერთეთ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ქართული პოლიტიკური ბატალიების შედეგად გადაგხდათ თავს, იმავე მდინარეში მეორედ რატომ გადაწყვიტეთ შესვლა?
– მე არასდროს არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და არც პოლიტიკასთან ვყოფილვარ უშუალოდ დაკავშირებული, თუმცა, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პროექტებში ვმონაწილეობდი, საგარეო პოლიტიკასთან ნამდვილად მქონდა აქტიური შეხება. მე დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში და მინდა, ვემსახურო ამ ქალაქს – სხვანაირად მოქცევის უფლება არ მაქვს. ამ ორი წლის განმავლობაში კარგად დავინახე, როგორ უჭირს თბილისის მოსახლეობას. ჩემი სურვილია, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო თბილისს. მერობა არაა პოლიტიკური საქმიანობა, მერი უნდა იყოს კარგი მეურნე, ამაზე პრეტენზია კი ნამდვილად მაქვს.
– თბილისის მერი და პოლიტიკა ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც თქვენ და აზერბაიჯანის პრეზიდენტი. როგორც ამბობენ, წლების წინ საკმაოდ ძვირად დაგიჯდათ თავისუფლება და, რომ არა თქვენი მეგობარი ილჰამ ალიევი, „ვარდების ხელისუფლება“ აუცილებლად დაგაკავებდათ.
– იმასაც ამბობენ, რომ რესტორან „წისქვილიდან“ მანქანის საბარგულში დამალული გავიპარე, მაგრამ ეს ასე არ იყო (იცინის), მანქანის საბარგულში არასდროს ვმჯდარვარ. ჩემთვის არავის არ შეუწერია ფული, მე გადავედი ბაქოში ამერიკულ პროექტში სამუშაოდ, რომელიც ორი წლის წინ დასრულდა. რაც შეეხება ჩემი და ილჰამის ურთიერთობას, ჩვენ მართლაც დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ერთმანეთი ოცი წლის წინ გავიცანით, ილჰამი არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და, ამასთან ერთად, ღირსეული ადამიანი. ჩვენი მეგობრობა ძალიან განსხვავდება სტანდარტული ქართული მეგობრობისგან, ჩვენი ურთიერთობა არის გულწრფელი და საქმიანი. ილჰამი გვერდით მედგა რთულ მომენტებში, ის ყოველთვის იცავდა ქართულ ინტერესებს უცხოელებთან იმ მოლაპარაკებებში, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– ალიევის ახლო მეგობარი, ბაქოში, ალბათ, მეფესავით ცხოვრობდით. თურმე, ახლაც ის გმფარველობთ მიშა სააკაშვილთან. ისე, რომელი უფრო ახლო მეგობარი ხართ მისთვის?
– პრეზიდენტიც ახლოს არის ილჰამთან, თუმცა, ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს. ის არაა ჩემთვის პრეზიდენტი, უბრალოდ, ახლო მეგობარია. მე ძალიან ვუფრთხილდები ამ მეგობრობას და არასდროს გამომიყენებია ბოროტად ილჰამის სახელი. მის კაბინეტშიც კი არ შევსულვარ გაუფრთხილებლად, არც მეფესავით არ ვცხოვრობდი (იცინის), საკუთარი სახლიც არ მიყიდია ბაქოში, სამსახურებრივ ბინაში ვცხოვრობდი. ჩემი ცოლ-შვილიც არ გადამიყვანია იქ საცხოვრებლად, ისინი თბილისში დავტოვე.
– რატომ ცხოვრობდით ბაქოში მარტო, ოჯახი რატომ არ წაიყვანეთ თან?
– ჩემი ცოლიც და შვილიც მუშაობდნენ და რატომ უნდა დაენებებინათ საქმისთვის თავი? ჩემი შვილი ჩვეულებრივ კლინიკაში მუშაობს სტომატოლოგად. მე არ ვუკაფავ მას გზას, თავად უძღვება თავის საქმეებს. ჩემთვის შრომა ყველაზე დიდი პრიორიტეტია. ძალიან ბევრი სირთულე მაქვს გამოვლილი ცხოვრებაში, ამიტომაც ყველაზე კარგად შრომის ფასი ვიცი. 12 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დავრჩით მე და ჩემი ძმა დედაჩემის კმაყოფაზე. ადრეულ ასაკში ვიწვნიე პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ, ძალიან ბევრი რამ მაკლდა, მაგრამ, როგორმე დედას რომ შევხიდებოდი, 14 წლისამ მალულად დავიწყე მუშაობა. დედას ვეუბნებოდი, ფრენბურთზე დავდივარ-მეთქი, მაგრამ, სკოლის მერე მიკროძრავების ქარხანაში მუშად ვმუშაობდი. როცა პირველი ხელფასი ავიღე, დედაჩემს იატაკის მოსაპრიალებელი ვუყიდე, 28 მანეთი მივეცი. დედამ ლამის ტირილი დაიწყო – ეგონა, ფული მოვიპარე. ძლივს დავარწმუნე, რომ ვმუშაობდი. დედასთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა, თუმცა, დედიკოს ბიჭი არასდროს ვყოფილვარ. ჩემთვის უცხო არაფერია – ბირჟაზეც ბევრჯერ ვმდგარვარ და ხშირად ვჩხუბობდი კიდეც, ორჯერ დამჭრეს, ერთხელ ხანჯალი ისე დამარტყეს, ძლივს გადავრჩი. იმ ინციდენტმა დიდი იარა დამიტოვა. ამის მიუხედავად, იმ პერიოდმა და, საერთოდ, ქუჩამ, ბევრი რამ მასწავლა – სიმართლე, ადამიანების შეცნობა და პატივისცემა, რაც მერე ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. ასე რომ, მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვისაც ცხოვრებას მამები უწყობენ (იცინის).
– თუმცა თქვენს ცხოვრებაში იყო ერთი „მამობილი“ – ედუარდ შევარდნაძე, რომელიც თავის ერთ-ერთ მემკვიდრედაც კი მიგიჩნევდათ. ახლა ხშირად ნახულობთ მას?
– მე მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ახლა ხშირად ვერ ვნახულობ. როცა ჩამოვედი, ვნახე და ბევრი ვისაუბრეთ. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მის შვილთან, პაატასთან, ასევე, ნუგზარ შევარდნაძესთან, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მე და პაატა ერთ ქალაქში ვცხოვრობდით, ერთ ქალაქში გავატარეთ ახალგაზრდობის წლები, თუმცა, ჩვენ შორის ახლო ურთიერთობა უფრო გვიან დამყარდა – მაშინ, როცა შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა.
– საარჩევნო ბატალიებში მეუღლე არ გყავთ ჩართული?
– არა, მისი საქმე სახლი და ოჯახია. ჩემი საქმეებისგან ყოველთვის შორს არის, თუმცა, მანანა ყველაფერში მიდგას გვერდში – ჩვენ ოცდაათი წელია, რაც ოჯახი გვაქვს და ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. ადრე მოდაში იყო გოგოს მოტაცება, სულ ვამბობ, რომ მე კი არა, მანანამ მომიტაცა-მეთქი.
– ეს როგორ მოხდა?
ქალბატონი მანანა: რაც არ უნდა იძახოს ასე, სინამდვილეში, თვითონ მომიტაცა. უნივერსიტეტში წაყვანა შემომთავაზა მეგობრის მანქანით, რომლითაც, თურმე, ბევრი გოგო ჰყავდათ მოტაცებული. ქუთაისში რომ ჩავედით, მერე მითხრა: ცოლად მომყავხარ და თუ არ გინდა, წადი სახლშიო. ღამის პირველ საათზე, საღორიის ტყიდან სად უნდა წავსულიყავი? ხელწერილიც კი დამაწერინა, რომ ჩივილს არ დავიწყებდი (იცინის).
– ქალბატონო მანანა, მეუღლეს ბაქოში საცხოვრებლად რატომ არ გაჰყევით?
– ხშირად ჩავდიოდი იქ, მაგრამ მთლიანად ვერ გადავედი. ჩემი ქალიშვილი შვილებთან ერთად ჩვენთან ცხოვრობს, მათ ჩემი ხელშეწყობა სჭირდებათ და ვერ მივატოვებდი. გია თავადაც ძალიან კარგად უვლის საკუთარ თავს, მისი მარტო დატოვება არაა პრობლემა. თქვენ რომ ნახოთ, როგორ გემრიელ საჭმელებს აკეთებს...
ბატონი გია: კულინარიაში დიდი ხნის წინ დავოსტატდი. როცა პატარა ვიყავი, დედა სულ მუშაობდა და მე ვაკეთებდი ხოლმე სახლში საჭმელს. ნებისმიერი ცნობილი კულინარი შემეჯიბროს და ვაჩვენებ ჩემს შესაძლებლობებს. საქართველოს მასშტაბით ხუთეულში გავალ, რეკორდებსაც კი დავამყარებ (იცინის). ახლა ბაქოში კიდევ უფრო დავოსტატდი – ყველა საჭმელი კარგად გამომდის – ხორციც, თევზიც. თუმცა, უკვე თხუთმეტი წელია, რაც ვეგეტარიანელი გავხდი და ხორცს არ ვეკარები. იმის გამო, რომ ასე კარგად ვამზადებ სადილებს, პრობლემებიც ჩნდება ხოლმე. ძალიან ვაკონტროლებ მანანას სამზარეულოში (იცინის).
ქალბატონი მანანა: ამ თემაზე ჩვენს ოჯახში დისკუსიები ხშირად ტარდება. საერთოდ, გია ძალიან მკაცრი და პედანტია, განსაკუთრებულ წესრიგს ითხოვს. შეუძლია, უცებ სადმე აძვრეს და თითით შეამოწმოს, სადმე მტვრის ნაწილაკები ხომ არ არის. მის ოთახში ხელს არ ვახლებთ მის არც ერთ ნივთს, ყველაფრისთვის თავისი ადგილი აქვს მიჩენილი – ამაზე მკაცრი სახით გვაფრთხილებს ხოლმე.
– ასეთი მკაცრი გაბრაზება იცის?
– როგორც ყველა გურული, საკმაოდ ფიცხია. უცებ გაბრაზდება, მაგრამ, კეთილი გული აქვს და სიბრაზეც მალე გასდის.
ბატონი გია: მე არ ვარ კლასიკური გურული, რომაელი ვარ, ჩვენი გვარი რომაელების შთამომავლებისგან მოდის, რომლებიც საუკუნეების წინ ჩამოდიოდნენ კოლხეთში, რათა კოღოს ნაკბენით განკურნებულიყვნენ შიზოფრენიისგან. ძალიან მოეწონათ ჩვენი კოღო, ჩამოდიოდნენ რომაელები და ტოვებდნენ ცენტურიებს. ჩვენ, ჭანტურიები, მათი ყოფილი ცენტურიები ვართ, ოღონდ, განსხვავებულები (იცინის).
– მემკვიდრეობით რა გერგოთ რომაელებისგან?
– გვარი, მეტი არაფერი. რაც მაქვს, ყველაფერი საკუთარი შრომით მაქვს შექმნილი. კი ამბობენ, რომ მილიონერი ვარ, მაგრამ, არც ასეა საქმე. არც ვაკეში მაქვს სახლი და არც საირმეზე, დღემდე ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობ.
ქალბატონი მანანა: ისეთი პერიოდებიც იყო, როცა უნივერსიტეტში წასასვლელი გზის ფული არ გვქონდა და ბოთლებს ვაბარებდით. ახლაც თავისებური მიდგომა აქვს ფულთან დაკავშირებით – ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვისას ხელგაშლილია, მაგრამ, უნდა იცოდეს, ფული სად და როგორ იხარჯება.
– ქალბატონო მანანა, მეუღლეს სიურპრიზების მოწყობა ეხერხება?
– დიახ, ბუნებით საკმაოდ რომანტიკულია. ლექსებს წერს ხშირად, მაგრამ, მერე ანადგურებს, რომ არ ვნახოთ. გიასთან ერთად ბევრი სირთულის გავლა მომიწია, ამიტომაც მის ამ გადაწყვეტილებას – გახდეს თბილისის მერი, დიდი სიხარულით არ შევხვდი – ვიცი, რომ ჩვენი მშვიდი ცხოვრება შეიცვლება. თუმცა ასეთი მძიმე დღეებიც ბევრჯერ გვქონდა. ამის მიუხედავად, გია ისეთი ძლიერი მამაკაცია, მის გვერდით სიმშვიდის პოვნა არაა რთული... ჩვენთვის ბევრ დროს ვერ პოულობს, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის რეგლამენტირებული იყო, მაგრამ, ღამღამობით ვდარაჯობ ხოლმე, რომ საოჯახო თათბირები მოვაწყოთ (იცინის). თუმცა, როცა პოულობს დროს, ძალიან რომანტიკულ სიურპრიზებს გვიწყობს ოჯახის წევრებს. ნამდვილად არაა „ოროსანი“ ქმარი (იცინის).
ბატონი გია: როდესაც ცოლად მოვიყვანე, ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში ამოსული იასამანი ვაჩუქე. ის იასამანი დღემდე გვაქვს შენახული. გავიდა დრო და პარიზშიც წავიყვანე, მაგრამ, ჭყვიშში მოწყვეტილი იასამანი უფრო ძვირფასი აღმოჩნდა მისთვის, ჭყვიშში გატარებული თაფლობის თვე ჯერ არ დავიწყებია... (იცინის).