ცეცხლის ყრა
ანუ ცრემლების ტბაში
რაკი ერთობის იდეა „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“, გასულის გასულ კვირას ჭადრაკის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას ბ-ნი ალასანიაც შეუერთდა (რითაც, თითქოს „ყველას მინუს ნოღაიდელის“ თანამოაზრეთა პრინციპს უგანა). ამ ერთობით მოგვრილმა სიხარულმა მთასავით კაცებიც კი აატირა (დაახლოებით, ასეთი პოეტური პათოსით „ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლებიც უტირია“), თუმცა, მოგვიანებით, განა იმიტომ, რომ „ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი“, გაუგებარი მოტივებით, ბ-ნმა ალასანიამ იქ შეკრებილ საზოგადოებასაც უგანა და დაღვრილ ცრემლსაც და, ისევ თავის წიაღს, ანუ ალიანსს დაუბრუნდა (დაახლოებით ისეთი პროზაული პათოსით, როგორიცაა „განდაგანა“). ბ-ნი ალასანიას პირველმა განდაგანამ მის ალიანსელ თანამოაზრეებს („რესპუბლიკელებსა“ და „მემარჯვენეებს“) თვალებიდან სულ ცეცხლის ნაპერწკლები აყრევინა. ამ ცეცხლის ეშხით თუ, იმის გამო, რომ ცრემლის მდინარეები არ ეპიტნავა, გასულ კვირას ბ-ნი ალასანია ისევ იქ მივიდა, საიდანაც გამოვიდა („მემარჯვენეების“ ვებ-გვერდმა საზეიმოდ გვაუწყა: „ირაკლი ალასანია ძველ პოზიციებს უბრუნდება და წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს“), თანაც ისე, თითქოს არც არსად წასულა. ჰოდა, რაკი თითქოს არც წასულა, „ქართულმა აკადემიამ“ და 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ იგი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. ხოლო, რადგან, როგორც ჩანს, ეს ჩვენი პოლიტიკოსები ჭრელი პეპლებივით აფრთხიალებულან (მიუხედავად შიდა და გარე პოლიტორიენტაციისა) და არც იმ ძველ სიბრძნეს სცემენ პატივს, რომელიც ღაღადებს, სიტყვამ კაცს ცოლი დაატოვებინაო (თუმცა ისიცაა, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ, ჯერ ერთი, პოლიტიკოსს სქესი არ აქვს და, რაც მთავარია, სიტყვის ძალას ცრემლის ძალა ურჩევნიათ), ამ გაუგებრობაში ჯერჯერობით მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება, მანამდე კი ქართულ პოლიტავანსცენაზე განვითარებულ სიუჟეტში ძაღლი უფრო ცნობს თავის პატრონს, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები – თავიანთ მშობლიურ პარტიებსა თუ პარტგაერთიანებებს.