ოკუპაცია დაიწყო, ოკუპაცია გრძელდება
ანუ ვინ აანთებს ჩირაღდანს
ჩვენ არ გვაქვს ცალსახა დამოკიდებულება ბისმარკის გამონათქვამისადმი, რომ „პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია“, სამაგიეროდ, ყველანი ვთანხმდებით, რომ 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის თარიღია. ხოლო, რაკი ოკუპაცია დაიწყო და ოკუპაცია გრძელდება, წლევანდელი 25 თებერვალი განსაკუთრებული სიმძაფრით აღინიშნა (სიმძაფრეში ამ ტრაგიკული თარიღის თეატრალიზებულ გაფორმებას ვგულისხმობ). მეორე მხრივ, სიმძაფრე არც ჩვენ მიერ იმ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს აკლდა (მაგალითად, ასეთს: „ჩვენ არავის დავუთმობთ საქართველოს მიწის ერთ კენჭსაც კი“, „საქართველო არასდროს დაიჩოქებს“ და ასე შემდეგ), რადგან, არ ვეთანხმებით ბისმარკს, სადაც ის ამბობს: პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარიაო. ოღონდ, ისიცაა, რომ ამ პატრიოტული აღტკინების სისრულეში მოყვანა არ შეგვიძლია (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით). ჰოდა, რაკი ჩვენი სურვილები ჩვენს შესაძლებლობებს არ ემთხვევა, კენჭებს ვინღა ჩივის, ცხინვალის ციხეში დატყვევებული ქართველები ღვთის ანაბარად და ედუარდ-ჯაყოს იმედად არიან მიტოვებული. როგორც აღმოჩნდა, მათ მოსანახულებლად უკვე „წითელი ჯვარიც“ აღარ შედის (გაეროზე, ეუთოზე, ევროკავშირსა და რაღაც ამდაგვარებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), ქართულ პოლიტიკურ სპექტრს (როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ ფლანგზე) კი ამ პრობლემისთვის არ სცალია: ერთი ნაწილი ავღანეთის ოპერაციის წარმატებითაა შეწუხებული, მეორე – მერის სკამის დასაპყრობად ემზადება, დანარჩენები კი ჩირაღდნებს ვანთებთ წითელი ოკუპაციის გასაპროტესტებლად. თუმცა, თუ მხოლოდ ამაზე მოვცდით, შესაძლოა, ისეც გამოვიდეს, რომ ამდენ ქადილ-ქადნებაში ჩირაღდნის ასანთები ადგილიც კი აღარ დაგვრჩეს.
ანუ, თანამედროვე საბრძოლო პათოსი შემდეგნაირია: (განა – ვინ შეკაზმავს ცხენს) ვინ აანთებს ჩირაღდანს?