არა მხოლოდ გულმოკლულები
ერთი მედლის ორი მხარე
ცხადი იყო, რომ, მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევმა ბ-ნი სააკაშვილი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა, ქართულ ოპოზიციას თუ არ დაუტკბებოდა, ახლობლობის ხელს მაინც გამოუწვდიდა (თუმცა, ისიცაა, რომ პაველ ფელგენგაუერი ჩვენთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ამტკიცებდა, რომ მოსკოვში ნინო ბურჯანაძეს უფრო ელოდებოდნენ, ვიდრე ზურაბ ნოღაიდელს). მთლად ასეც არა, მაგრამ, პირიქით მაინც მოხდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს კვალდაკვალ პარლამენტის ექსთავმჯდომარეც მიჰყვა (მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მოსკოვისკენ უფრო მეტად ბ-ნები ძიძიგური და დავითაშვილი იწევდნენ). ამ ყოველივეს დამნახავმა ხელისუფლებამ სიტყვა „მოღალატის“ ხმარებასაც მოუხშირა და იმის იმედიც გაიასკეცა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ), რომ „ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასა და რუსული ფულით დაფინანსებულ ძალებს შორის“ (თითქოს უკრაინაში დემოკრატიულად არ აერჩიათ ბ-ნი იანუკოვიჩი?!). ხოლო, ვიდრე „ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, ლარსის საბაჟო პუნქტიც გაიხსნა, ოფიციალური ვერსიით, სომხეთის ეკონომიკური ბედნიერებისთვის; მეტიც, ეს სომხეთის მისამართით საქართველოს მიერ კეთილმეზობლური დამოკიდებულების გამომხატველი ჟესტიაო (იმის მიუხედავად, რომ თვისებრივად სომხეთი რუსეთის თითქმის ისეთივე სატელიტია, როგორებიც – აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“). ზემო ლარსის გახსნის მეორე დღეს ერევანში არაღიარებული ყარაბაღის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად მსოფლიოს აუწყა, რომ ყარაბაღმა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ აღიარა. თუ გავიხსენებთ, რომ ვამბობთ ყარაბაღს და ვგულისხმობთ სომხეთს (გნებავთ, პირიქით), უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საქართველოს მისამართით სომხეთის მიერ არაკეთილმეზობლური ურთიერთობის გამომხატველი ჟესტია. თუმცა, ქართველი ექსპერტების ნაწილი ამ უსიამოვნო ფაქტს ნეიტრალურად ხსნის: ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებისკენ არის მიმართულიო (მეორე მხრივ, თუ ლარსს არ გახსნიდნენ, ჩვენს მეზობლებს არც პროვოცირების საშუალებას მისცემდნენ). ამის გათვალისწინებით კი, სრულიად გაუგებარია, რატომ უწოდებს ზემო ლარსის გამხსნელი „ნაცხელისუფლება“ პუტინთან შეყრილ მის განაყარს (ქ-ნ ბურჯანაძეს, ბ-ნ ნოღაიდელს, ბ-ნებს ძიძიგურსა და დავითაშვილს) მოღალატეებს?! შესაძლოა, ხალხური მოტივებით: ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო, ჰოდა, ვართ ასე, ოღონდ, არა მხოლოდ გულმოკლულები.