მათრახდარტყმულები
უმუშევრობის ქართული ხიბლი
მართალია, პედაგოგთა მიერ მარტის დასაწყისში დაანონსებული პროტესტი გადაიდო (ან უკეთესი მომავლის მოლოდინმა იძალა, ან ბუნტის სათავეშივე ჩახშობამ შეასრულა თავისი ფასდაუდებელი როლი), სამაგიეროდ, გასულ კვირას პარლამენტის შენობაზე მშვიდობიანი საპროტესტო იერიში გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მიიტანა ისეთ ძველ მოტივებზე, როგორებიცაა: შრომის კოდექსის შეცვლა, მშრომელთა უფლებების დაცვა, სამედიცინო დაზღვევა, პენსიონერებისა და სტუდენტების უფლებების დაცვა. მშრომელთა სამწუხაროდ და ხელისუფლების საბედნიეროდ, საპროტესტო აქციაში მხოლოდ რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მათ, ვინც ესწრებოდა, ზემოთ მყოფებს შეუთვალეს, რომ ხელისუფლების მხრიდან იგნორირების ფაქტებს არ შეურიგდებიან (თუ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები მათ სპეციალურ განცხადებას ყურად არ იღებენ). უფრო მეტიც, გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ბ-ნმა პეტრიაშვილმა, ბრძანა, თუკი მთავრობა და პარლამენტი მათ მიმართვას დროულად და საქმიანად არ გამოეხმაურება, სულ რაღაც 10 დღის ვადაში, გაერთიანებული პროფკავშირები სრულიად საქართველოსგან დარჩენილი საქართველოს მასშტაბით გაფიცვებს გამართავსო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები (არ ვგულისხმობ პედაგოგებს) საკმაოდ თბილად გრძნობენ თავს, გამორიცხულია, მათში სოლიდარობის გრძნობამ გაიღვიძოს. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ უმუშევრები დასაქმებულებზე მეტნი ბრძანდებიან (რაც იმას ნიშნავს, რომ შრომითი კოდექსის ამბები ნაკლებად ანაღვლებთ, ოღონდ კი დროებითი სამუშაო მაინც იშოვონ), ადვილი მისახვედრია, რომ მთავრობას მშრომელების პროტესტი გადადებული ფეხის წვერზე ჰკიდია. აი, ასეთი მარტივია უმუშევრობის ქართული ხიბლი.