რატომ უხატავს ხელებს და ფეხებს ცნობილ ადამიანებს მხატვარი რეზო ადამია და როგორ გააოცა მან პარიზი
ცნობილი მხატვარი, ფერმწერი და ესეისტი, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, საფრანგეთის ქალაქ დიჟონის საერთაშორისო გამოფენის საპატიო დიპლომისა და პარიზის საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის მუდმივი წევრი, რეზო ემელიანე ადამია, სულ ახლახან დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ის პერიოდულად მუშაობს. მისი ფერწერული ტილოები არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეულ საგამოფენო დარბაზებს, მუზეუმებს, მდიდარი კოლექციონერებისა და მაღალი წრის წარმომადგენელთა სახლებს ამშვენებს. ის ერთ-ერთი თანამედროვე ქართველი მხატვარია, ვისი ნახატებიც უცხოეთში ძალზე ძვირად ფასობს.
ბატონმა რეზომ მხატვრობაში ახალ მიმდინარეობას მიაგნო – სხვადასხვა ფერებში, ადამიანის ნატერფალის მიხედვით, აბსტრაქტული სურათების შექმნა. სუფთა, დაგრუნტულ ტილოზე ჯერჯერობით ჭაბუა ამირეჯიბის ხელისა და ფეხის ანაბეჭდი გადაიტანა. როგორც თავად აღნიშნა, მისი „ნატურები“ სხვა გამოჩენილი ადამიანებიც იქნებიან.
– ბატონო რეზო, როგორ გადახვედით ქართული თემატიკიდან ფრანგულ, კერძოდ, პარიზულ თემატიკაზე?
– ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ადვილი არ იყო პარიზში და ნორმანდიაში მოხვედრა. ხელოვნებათმცოდნეები მეკითხებოდნენ: თქვენს მუქ ფერწერას როგორ შეუთავსებთ პარიზულ ფერებსო. დიდი შრომის, რისკისა და ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა, გადავერთე პარიზულ, ძალიან რთულ და უფაქიზეს კოლორიტზე. მერე მეუბნებოდნენ – მშვენივრად ჩასწვდით სირთულეებს და პარიზული ხასიათის გასაღებს დაეუფლეთო. ამან თაყვანისმცემლები და სურათის შეძენის მსურველები გამიჩინა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ორმა პატარა მუზეუმმა თითო სურათი შეიძინა. ჩემი ნახატებით დაინტერესებულია პომპიდუს მუზეუმი, მაგრამ პარიზის პეიზაჟებზე მუშაობის პერიოდში რატომღაც ვერ გავბედე სურათის მიტანა. ზოგჯერ, ადგილზე მეყიდება გაუმშრალი და უჩარჩო სურათი.
– როგორ მიგიღეს ფრანგმა კოლეგებმა?
– სამმა ფრანგმა მხატვარმა რამდენჯერმე დამხატა ქალაქის მოტივებზე მუშაობისას და ბავშვივით მიხაროდა. ხელოვნების ცენტრში ყოველ ორ თვეში მხატვრების იმდენი ცვლა მოდის, რომ ბოლო არ უჩანს. ჩემთან უფრო მეგობრული დამოკიდებულება გაუჩნდათ. რაღაც პერიოდი ავად ვიყავი, გავცივდი – სენის სანაპიროზე ქარმა და წვიმამ მომისწრო. დაუმთავრებელი სურათით და გაშლილი ეტიუდით სად შევაფარებდი თავს და ხიდის ქვეშ გავჩერდი. წლებს რა ვუთხარი, თორემ სუსხი რას დამაკლებდა. კისრის კუნთები ისე გამიკავდა, თითქოს დანა გამიყარესო. ყოველდღე, რეგულარულად, პარიზში მცხოვრებ ესპანელ და კორეელ მხატვარ ქალბატონებს ჩემთვის წამლები, საჭმელი მოჰქონდათ და მეგობრულად მივლიდნენ. ძალიან თბილად მექცეოდნენ უკრაინელი, რუსი, ბელორუსი, სომეხი მხატვრებიც. მეც, ჩემი მხრივ, გამოცდილებას და სიკეთეს არ ვიშურებდი მათთვის. პარიზის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მხატვართა მიწვევა ორთვიანია, მე კი ყოველ წელიწადს ექვსი თვით მაჩერებენ. ოქტომბერში, ლუვრთან ახლოს, გალერეა „ეპოპეაში“, რომლის მეპატრონეც ანდრეი ფეშერი გახლავთ, ჩემი პერსონალური გამოფენა მოეწყო. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, სიდნეი პეურელესმა თქვა, ადამია პარიზული სილამაზის უდიდეს პროპაგანდას ეწევა მთელ მსოფლიოშიო. ცენტრის თანამშრომლები ყველაფერში ხელს მიწყობდნენ. თუკი ვინმესგან ხელთ ჩაუვარდებოდათ სახატავი მასალები, ჩემთვის გადაინახავდნენ და რომ ჩავდიოდი, დამტვირთავდნენ. მეც უსაჩუქროდ არავინ დამიტოვებია. უნდა გენახათ, ჩემს სურათს რომ გადავცემდი, როგორი სიყვარულით ეფერებოდნენ. ერთხელ, „ნეფის“ ხიდთან „სიტეს“ კუნძულის ხატვას მოვრჩი და იაპონელების ჯგუფი მომადგა ფოტოაპარატებით. ერთხელ, ისევ „ნეფის“ ხიდზე ვიდექი. სენას კუნძულსა და ლუვრს ვხატავდი. ვიღაც შავკანიანი მამაკაცი მოვიდა გაღიმებული და გამეცნო: მე აფრიკიდან ვარ, ხელოვანი და მწერალიო. ნახატით აღფრთოვანებული დარჩა. გულის ჯიბიდან პატარა ფლაკონი ამოიღო. მარჯვენა ხელი მომეციო. მეც მორჩილად გავუწოდე. ზეთოვანი სუნამო იყო. თითები დამისველა, დამლოცა და მითხრა, ასეთი სურათის დამხატველი ხელი ამას იმსახურებსო. გაოგნებული დავრჩი.
– თბილისშიც ბევრი მხატვარია, მაგრამ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვა ძალიან უჭირთ, მაღალ ფასებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. იქ როგორ არის ამ მხრივ საქმე?
– ისევ პირადი ცხოვრების მაგალითზე გეტყვით. როგორც უკვე გითხარით, პარიზში მრავალი ადამიანია ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი. ზოგიერთი მათგანი სამხატვრო გალერეის თუ რესტორნის მეპატრონეა. სხვადასხვა კოლექციონერს და შემთხვევით მყიდველს მაღალი დონის ნამუშევარიც რომ წარუდგინო, ბაზრის დონეზე გევაჭრება. ამგვარი სიტუაციისას, ბოდიში და, გული გერევა კაცს. ნებისმიერი ფერწერული ტილო ტანჯვის, გაუთავებელი შრომისა და მატერიალური სიდუხჭირის ფონზე იქმნება. ერთ-ერთი დიდი რესტორნის მეპატრონე, სან-მიშელის მეტროსთან ახლოს, ყოველი სურათის შეძენისას, გამაღიზიანებელ სპექტაკლს მართავდა. ისედაც იაფად შეთავაზებული სურათის ფასი ნახევრამდე დამიყვანია ხოლმე. მის რესტორანში რომ შევივლიდი, რომლის გარეთაც ჩემი ნახატები იყო გამოფენილი მისი რესტორნის ფიარისთვის, ერთ ბოთლ წითელ ღვინოს გამიხსნიდა და ღიმილით მეტყოდა: მესიე რეზო, ჩემი რესტორანი დალოცეთო. მეც სულითა და გულით სიკეთეს ვუსურვებდი. მაშინ დახატული სურათების უმეტესობა იქ დარჩა, ზოგიც ღირსეულ ადამიანებს ვაჩუქე. ერთხელ ლადო გუდიაშვილმა მითხრა: რეზო, დაიმახსოვრე! კარგი ნახატი არასოდეს მისცე მას, რომელიც მეტწილად ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. მნიშვნელოვანი ფერწერული ტილო შენთან უნდა იყოს, ან, მუზეუმში, გალერეაში, გამოფენებზე, ანდა, კარგ კოლექციონერთანო.
– ყველა გამოჩენილ მხატვარს დიდი ტილოს შექმნისას შესრულების თავისებური მანერა და განსაზღვრული დრო აქვს. ზოგმა, შეიძლება, ერთ ნახატს ერთი თვე მოანდომოს, ზოგმა – ერთი ან ოცი წელი. თქვენ როგორ მუშაობთ?
– რთულია პარიზული სილამაზის ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა. ნამდვილ თავგანწირვას მოითხოვს. როცა შეუძლოდ გავხდი, ერთმა ქართველმა ექიმმა ქალბატონმა მითხრა, ათი დღე შეწყვიტე მუშაობა და დაისვენეო. მე ვუთხარი: არა, ქალბატონო, არ შემიძლია, მე ხომ ხატვის ჟინით ვარ დაავადებული და, მუშაობა რომ შევწყვიტო, შეიძლება, უფრო უარესად გავხდე-მეთქი. იმ დღეებში მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ვმუშაობდი. ასე რომ, გასული წელი ჩემთვის საკმაოდ მძიმე და ხიფათიანი იყო, თუმცა, იყო დიდი წინსვლაც. უკვე მეორე გალერეამ დამიდო ცამეტ სურათზე კონტრაქტი შანზელიზეზე. ერთ-ერთმა ფირმამ ნოტრდამის ფერწერული ტილოს ათასი ცალი რეპროდუქცია დაბეჭდა. რაც შეეხება მასალას, ძირითადად საღებავებით ვხატავ. ხატები და ზოგი კამერული ნაწარმოები კი ტემპერაში მაქვს შესრულებული.