სარკოზის სისუსტე
პარიზი მსოფლიო მოდის აკვანია და შეუძლებელია, ეს ქვეყნის პრეზიდენტსა და მის მეუღლეზე არ აისახოს. სარკოზიზე დაბალს მსოფლიო მხოლოდ ორ პრეზიდენტს იცნობს – მედვედევს და კიმ ჩენ ირს – ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მეთაურს. სარკოზი ყველა საშუალებით ებრძვის ამ პრობლემას. მაგალითად, ცდილობს, სატელევიზიო ჩაწერების დროს გარშემო მაღალი ადამიანები არ შემოიკრიბოს. თუ არ ჩანს, სპეციალურ სადგარზე დგება, იცვამს საგანგებოდ მისთვის შეკერილ ფეხსაცმელებს, რომელიც მას ცოტათი მაინც ამაღლებს. სარკოზის მესამე ცოლი, კარლა, მაღალი ქალია. გათხოვებამდე კარლას არცთუ სახარბიელო მეტსახელი ჰქონდა – „დონ ჟუანი კაბაში“. მის კოლექციაში (რა თქმა უნდა, არქივში) მიკ ჯაგერი და ერიკ კლაპტონიც აღმოჩნდნენ.
საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ ეს ქორწინება იქამდე გასტანს, სანამ ბატონი სარკოზი პრეზიდენტის სავარძელში დარჩება, თუმცა ეს სკეპტიკოსების მოსაზრებაა. ასეა თუ ისე, კარლა დღეს ფუფუნებაში ცხოვრობს. ის ხომ ყველაზე რომანტიკული ქვეყნის პირველი ლედია. ბევრი პირველი ლედისგან განსხვავებით, ბრუნის ბუნებრივად გრძელი, ბუნებრივი ფერის თმა აქვს და არ უყვარს თმასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
პრეზიდენტის საათის საყვარელი მარკაა „როლექსი“, რა თქმა უნდა, ოქროსი და ის 22 000 ევრო ღირს. უყვარს ელეგანტურად, თუმცა სადად ჩაცმა. სამაგიეროდ, კარლა ყოველთვის ბრწყინავს. უყვარს შანელისა და ლაურენტას სამოსი, ხან უპირატესობას დიორის სახლს ანიჭებს. ქმრის დაბალი ტანის გამო კარლამ „ბალეტკები“ შეიყვარა. მას ამ ფეხსაცმელს „რეპეტო“, „შანელი“ და „დიორი“ უკერავს. ნიკოლა პირიქით, ქუსლიან ფეხსაცმელს ეტანება.
სარკოზი ცნობილია თავისი მთავარი სისუსტით – „მყვირალა“ აქსესუარების სიყვარულით. მაგალითად, არასოდეს იშორებს „რეი ბანის“ უზარმაზარ „ავიატორებს“, უმაღლესი ხარისხის მინებით.
ბრუნი უარს არ ამბობს ძვირფასეულობაზე. ყველაზე ხშირად მის მშვენიერ სხეულს „ჩაუმეტის“ ფირმის სამკაული ამშვენებს. მარადიული სიყვარულის ნიშნად, სარკოზიმ კარლას ვარდისფერბრილიანტიანი გულის ფორმის ბეჭედი აჩუქა, დორ ვიქტუარ დე კასტელიანის ექსკლუზიური ნიმუში. კარლას ასევე მუდმივად უკეთია საქორწინო ბეჭედი, რომელიც მთლიანად ბრილიანტებითაა მოჭედილი. ფრჩხილები კი ყოველთვის მოკლედ აქვს დაჭრილი. ის ხომ გიტარაზე უკრავს.