როგორ გავამრავლოთ ხარისძირა და როდის უნდა შევიტანოთ ბინაში აზალია
ზოგიერთ მცენარეს იმდენად ლამაზი ყვავილი აქვს, რომ გულგრილს არავის ტოვებს და მისთვის გარჯაც არ გვენანება. თუმცა, ფლორის სამყაროში არსებობს ისეთი მცენარეებიც, ულამაზესი ყვავილიც რომ აქვთ და ძალიან იოლი მოსავლელიცაა. თუ რომელია ასეთი ოთახის მცენარე, ამას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან – თენგიზ პაპავასთან საუბარში შევიტყობთ.
– ბატონო თენგიზ, გვესაუბრეთ ხარისძირას შესახებ, როგორი და რამდენად გამძლე მცენარეა?
– ხარისძირას ხშირად უფლის ვარდსაც უწოდებენ. უფლის ვარდი ალბათ, იმიტომ შეარქვეს, რომ ზამთარშიც ყვავილობს და გაზაფხულზეც. თანაც ულამაზესია და ძალიან გამძლეა. ხარისძირა მრავალწლიანია. ფოთლები ფესვებიდანვე აქვს ამოზრდილი, ყვავილი კი სხვადასხვა ფერია. ეს მცენარე იმდენად უნიკალურია, რომ დაყვავილების შემდეგაც, მშვენიერ კოლოფს იკეთებს. დამჭკნარ და ულამაზო ხარისძირას ვერასდროს ნახავთ.
– სად არის ძირითადად გავრცელებული ეს მცენარე?
– მცენარე გავრცელებულია კავკასიაში ნებისმიერ ადგილას. ის საკმაოდ ადვილად გასამრავლებელია და მრავლადაა საქართველოში. მას იყენებენ დეკორაციისთვის. ხარისძირა იმდენად ლამაზია, რომ ბაღშიც და ბინაშიც საუკეთესო მცენარედ ითვლება.
– როგორ პირობებში ხარობს უკეთ?
– ხარისძირას უპირატესობა ის არის, რომ ისეთ ადგილებშიც შეიძლება მისი დარგვა და გახარება, სადაც სხვა მცენარე ვერ იხარებს. მაგალითად: ჩრდილშიც, უვარგის ნიადაგზეც და ძალიან მზიან ადგილებშიც.
– ესე იგი, გასახარებლად მას სეზონურად დიდი ყურადღება არ სჭირდება?
– ამ მცენარეს ზედმეტი მოვლა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ თუ მაინც გსურთ, რომ უფრო ლამაზი და შთამბეჭდავი გახადოთ, შეგიძლიათ, განათებულ ადგილას დადგათ ნორმალურ ტემპერატურაზე, მწველი მზე არ მოახვედროთ და ზომიერად მორწყათ. ასე, ხარისძირა თავს უნიკალურად იგრძნობს, თუმცა არც უყურადღებობით მოიწყენს. ის ჩრდილშიც კი გაიხარებს და თქვენ არ შეგაწუხებთ.
– რაც შეეხება ზამთარს...
– ამ მცენარის უნიკალურობა სწორედ ამ სეზონზე ჩანს. ზამთარში ულამაზესია მოყვავილე ხარისძირა. მთავარია, ამ დროს გამათბობელთან ახლოს არ დადგათ, რომ ფოთლები არ დაუზიანდეს. სხვა მხრივ, მას ზამთარში არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მორწყეთ, გაზაფხულთან შედარებით, იშვიათად, შეუმოწმეთ ნიადაგი და თუ გამომშრალია დაასხით წყალი. ბინაში შეუქმენით დაახლოებით, 14-18 გრადუსი ტემპერატურა და დამტვერილი ფოთლები ხანდახან გაუწმინდეთ. თუ ზამთარში დასასვენებლად მიდიხართ, შეგიძლიათ, თამამად დატოვოთ უმეთვალყურეოდ რამდენიმე კვირა და დამშვიდებული წაბრძანდეთ. წასვლის წინ დაუსხით წყალი და უკან დაბრუნებულს, ხარისძირა მშვენივრად დაგხვდებათ.
– როგორ გავამრავლოთ მცენარე?
– ხარისძირა მრავლდება ფესურის დაყოფით და თესლით. თესლით გამრავლებისას მის გახარებას ოთხი წელი უნდა ელოდოთ, ამიტომ გირჩევთ, მცენარე ფესურის დაყოფით გაამრავლოთ. ასე უფრო იოლია. ერთი მოზრდილი ფესურიანი ძირი შეიძლება, დაიყოს 2-3 ნაწილად. ეს უნდა მოხდეს ყვავილობის დასრულების შემდეგ. მცენარე ჩარგეთ 6-8 სანტიმეტრ სიღრმეზე, ისე რომ ფესურა დაიფაროს და დაელოდეთ ახალი მცენარის აღმოცენებას.
– ამის შემდეგ მცენარეს დამატებითი მოვლა ხომ არ სჭირდება?
– გასამრავლებელი მცენარის ჩარგვისას, გაითვალისწინეთ ერთი რამ: მორწყეთ ზომიერად. როგორც უკვე გითხარით, ხარისძირა უპრეტენზიო მცენარეა და შემდეგ თავისით დაიწყებს გამრავლებას. თქვენ მხოლოდ წყლის დასხმა არ დაგავიწყდეთ ხოლმე.
– როგორც ვიცი, ეს მცენარე სამკურნალოდაც გამოიყენება...
– დიახ, ხარისძირა გამოირჩევა თავისი სამკურნალო თვისებებით. ის ფართოდ გამოიყენება მედიცინაში უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ყველაზე მეტად უწყობს ხელს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. მას ამის გამო „ხარისძირა გასახდუნებელს,“ უწოდებენ.
– ემტერება თუ არა ხარისძირას მავნებელი?
– ამ მცენარეს მავნებელი საერთოდ არ ეკარება, რადგან მისი ფოთლები და ფესვები ტოქსიკურია და პარაზიტიც კი უფრთხის. გახსოვდეთ, თუ ბინაში ან ბაღში გაქვთ ეს მცენარე, თქვენც აუცილებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ. მცენარე საკმაოდ შხამიანია და არ არის სასურველი, ბავშვის ხელში მოხვდეს მისი ფოთოლი ან ყვავილი, რომ შემდეგ ხელი პირში არ ჩაიდოს. ამიტომ, დადგით ის ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი ვერ მიწვდება.
– რას გვეტყვით აზალიას შესახებ და სასურველია თუ არა მისი ბინაში გახარება?
– ისევე როგორც ხარისძირა, აზალიაც ულამაზესი ყვავილით გამოირჩევა და ცოტა მცენარე თუ შეედრება ყვავილების სიმრავლით.
– როგორ ვაყვავილოთ მცენარე უხვად და როგორ მოვუაროთ მას დაყვავილების შემდეგ?
– მცენარე ზაფხულში ყვავილობს. თუ გრილ ოთახში დადგამთ, უხვად იყვავილებს. დაყვავილების შემდეგ, კი, შემოდგომის პირველ ყინვებამდე, მცენარე შეგიძლიათ გარეთ, ჩრდილიან ადგილას გაიტანოთ. დამჭკნარი ყვავილები აუცილებლად მოაშორეთ და როდესაც ტემპერატურა დაიწევს, ოთახში შეიტანეთ გაზაფხულამდე.
– როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ აზალია?
– მას მზის მწველი სხივები არ მოსწონს, მაგრამ კაშკაშა სინათლე მისთვის აუცილებელია. აზალიასთვის ნორმალურია 18-24 გრადუსი სითბო ყვავილობისას კი იდეალურია – 10-16 გრადუსი. ეცადეთ 25 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას მოარიდოთ.
– ხშირად მოვრწყათ მცენარე?
– ზაფხულში ზომიერად მორწყეთ, ზამთარში კი – იშვიათად. მორწყეთ მხოლოდ რბილი, ნადგამი წყლით. მისი ნიადაგის შემცველობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ტორფი. მიწა აზალიებისთვის განკუთვნილი თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. შეგიძლიათ, მცენარე აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგათ, მხოლოდ მზის გულს აუცილებლად მოარიდეთ.