თითოეულ რბოლაში მონაწილეობისთვის მიხაელ შუმახერს მილიონ დოლარს შეპირდნენ
წესითა და რიგით, ლეგენდარული გერმანელი პილოტი მიხაელ შუმახერი „ფორმულა 1-ს“ უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ექიმებმა ამის ნება არ მისცეს. შუმიმ ექვსი თვის წინ კისრის მალები მას შემდეგ დაიზიანა, რაც სეირნობისას მოტოციკლიდან ჩამოვარდა. პრინციპში, რაღა სეირნობისას, როგორც წესი, შუმი ძალიან სწრაფად მიჰქროდა. არადა, როცა აქტიური სპორტსმენი იყო, მოტოციკლის მართვა აკრძალული ჰქონდა. მაშინ მას თხილამურებით სიმაღლიდან დაშვებაც (და არა სრიალი) აუკრძალეს და ზოგადად, ყველანაირ ექსტრემალური სპორტის სახეობაში მონაწილეობაც. არ გეგონოთ, შუმი ამ წესებს არ იცავდა. რომელიმე პუნქტი რომ დაერღვია და ეს „ფერარის“ შეფებს შეეტყოთ, მიხაელს 5-მილიონიანი ჯარიმა არ ასცდებოდა.
შუმახერის დაბრუნება „ფორმულაში“ მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ფერარის“ ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა დაშავდა. შუმის თითო რბოლაში მონაწილეობის სანაცვლოდ მილიონსაც დაჰპირდნენ, მაგრამ – ექიმებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
„დაბრუნება იმდენად მსურდა, რომ ექიმებს არ დავუჯერე და ბოლიდის საჭეს მივუჯექი. მესამე წრეზე მივხვდი, რომ გაძლება გამიჭირდებოდა, რადგან კისერი საშინლად ამტკივდა, მეხუთე წრის შემდეგ კი თვალებში დამიბნელდა და, კიდევ კარგი, გაჩერება მოვახერხე,“ – ასეთი კომენტარი გააკეთა შუმახერმა.
ყველაფრის მიუხედავად, გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ შუმახერს რამდენიმე გვერდი მიუძღვნა და სპეციალისტთა მოსაზრებებიც გამოაქვეყნა. საერთო აზრით, ასეთ შედეგს „ფორმულაში“ ვერავინ აჩვენებს და შუმის რეკორდები მუდმივმოქმედი იქნება. „კიკერმა“ პილოტის აბსოლუტურად ყველა მიღწევა გაიხსენა და მათი სრული სიაც გამოაქვეყნა. შუმახერის რეკორდებს უცვლელად გთავაზობთ და თავად განსაჯეთ, შეძლებენ თუ არა ოდესმე მათ დამხობას.
მიხაელ შუმახერის რეკორდები:
ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული: 7 (1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003, 2004);
ზედიზედ მოპოვებული ტიტულები: 5 (2000-2004);
ყველაზე მეტი გამარჯვება: 91;
ერთ სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება: 13 (2004);
ერთ სეზონში ზედიზედ მოგებული რბოლები: 7 (2004);
ყველაზე ხშირად მოგებული ერთი და იგივე რბოლა: 8 (საფრანგეთის დიდი პრიზი);
ერთ გუნდთან ერთად მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 72 („ფერარი“);
პოულიდან მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 40;
ყველაზე მეტი პოული პოზიცია: 68;
ყველაზე მეტი სტარტი წინა რიგიდან: 115;
ყველაზე მეტი ფინიში მოწინავე სამეულში: 154;
ყველაზე მეტი მეორე ადგილი: 43;
ყველაზე მეტი ფინიში ქულებში: 190;
ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა: 1 369;
ერთ სეზონში მოპოვებული ყველაზე მეტი ქულა: 148 (180 შესაძლებლიდან, 2004);
ყველაზე მეტი უსწრაფესი წრე: 76;
ყველაზე მეტი უსწრაფესი წრე ერთ სეზონში: 10 (18 შესაძლებლიდან, 2004);
ყველაზე მეტ რბოლას ლიდერობდა: 141;
ყველაზე მეტ წრეს ლიდერობდა: 5 108;
ერთ სეზონში ლიდერობის ყველაზე მეტი კილომეტრაჟი: 3 336 კილომეტრი (2004);
ყველაზე დიდი საშუალო სიჩქარე მოგებულ რბოლაში: 246.149 კილომეტრ-საათში (2003 წელი, იტალიის დიდი პრიზი);
ზედიზედ ყველაზე მეტი კვარცხლბეკი: 19 (ამერიკის შეერთებული შტატები 2001 – იაპონია 2002);
ზედიზედ ყველაზე მეტი ფინიში ქულებში: 24 (უნგრეთი – 2001, მალაიზია – 2003);
ზედიზედ ყველაზე მეტი სეზონი, რომლებშიც (რბოლები) მოიგო: 15 (1992-2006);
ზედიზედ ყველაზე მეტი გამარჯვება პოულიდან: 6;
ყველაზე მეტი ტრიპლი (პოული, გამარჯვება, უსწრაფესი წრე): 22;
ვიცე-ჩემპიონთან უდიდესი უპირატესობა: 67 ქულა (2002);
ყველაზე ადრე მოპოვებული ტიტული: 2002 (ივლისში, როცა სეზონის ბოლომდე (17-დან) 6 ეტაპი რჩებოდა);
ერთ გუნდში გატარებული ყველაზე მეტი სეზონი: 11 („ფერარი“, 1996-2006);
ყველაზე მეტი რბოლა ერთ გუნდში: 162 („ფერარი“);
პირველ და ბოლო მოგებულ რბოლებს შორის ყველაზე დიდი დროა: 14 წელი, 1 თვე და 1 დღე;
თანაგუნდელს ერთხელაც არ უჯობნია კლასიფიკაციაზე: 1992, 1993 და 1994;
ერთადერთი პილოტი, ვინც ერთ სეზონში ყველა რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა: 2002.
წვრილმანი მიღწევები:
მოგებული აქვს ყველა მრგვალი რბოლა – 50-ე, მე-100, 150-ე და მე-200 დიდი პრიზი;
რბოლები, რომლებიც არასდროს მოუგია: სამხრეთ აფრიკის, მექსიკისა და თურქეთის დიდი პრიზები;
მისი გამარჯვებათა რაოდენობა (91) თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ამ სიაში მომდევნო ორის – ალენ პროსტისა (51) და აირტონ სენას (41) მიერ მოპოვებული გამარჯვებები;
ქულები მოიპოვა იმ რბოლების 76,6 პროცენტში, რომლებშიც იასპარეზა;
ლიდერობდა იმ რბოლების 57 პროცენტს, რომლებშიც იასპარეზა.
ყველაზე მეტჯერ დაისაჯა რბოლიდან მოხსნით ან დისკვალიფიკაციით: მოიხსნა ორიდან და დისკვალიფიკაციით გამოტოვა ერთი, ჟაკ ვილნევთან გამიზნული შეჯახების გამო, 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი შედეგები გაუქმდა.