როგორ დავიცვათ ძაღლის პირის ღრუ არასასიამოვნო სუნისგან და რამდენჯერ უნდა გავუხეხოთ მას კბილები
თუ თქვენს ძაღლს პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის, ეს იმის ნიშნავს, რომ მას პრობლემები აქვს და, თუ გსურთ, რომ ეს პრობლემა არ გაუმწვავდეს, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და აუცილებლად ვეტერინარს მიმართოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს გავესაუბრეთ, რომლის მონათხრობიდან ბევრ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: პარადონტიტი კბილის ფესვის გარშემო არსებული ქსოვილების ანთებითი დაზიანებაა, რაც ძაღლებში პირის ღრუს დაავადებებიდან ყველაზე ხშირია. პარადონტიტის განვითარებისთვის დამახასიათებელია კბილის ნადები, კბილის ქვები, ღრძილების სიწითლე, ღრძილებსა და კბილებშორისი ჯიბეები, რომლებშიც, შეიძლება, ჩირქიც იყოს, ხოლო პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი გაჩნდეს. პარადონტიტი, შეიძლება, მიმდინარეობდეს ყბის ქვეშ ლიმფური კვანძების ანთებით, ხოლო ხანგრძლივი მიმდინარეობისას, შეიძლება, გამოიწვიოს რინიტები და დააზიანოს გული და თირკმელები. მძიმე ფორმების დროს შეიძლება მოხდეს კბილის ფესვის გარშემო მდებარე ძვლოვანი ქსოვილის გაწოვა. ამ დროს ირყევა კბილები და ცვივა ალვეოლებიდან, ანუ კბილის ბუდიდან.
– უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით პარადონტიტის შესახებ?
– პარადონტოზი – ესაა კბილის ფესვის ირგვლივ მდებარე ქსოვილების არა ანთებითი ხასიათის დაზიანება, რომელიც მიმდინარეობს ღრძილების ქსოვილებისა და ყბის ძვლების დეგენერაციული დაზიანებით. ამ დროს შიშვლდება კბილის ყელი და კბილები თითქოს უფრო მაღალი ჩანს. გვიან სტადიაზე ისინი იწყებენ რყევას და ხდება ალვეოლებიდან მათი ამოვარდნა. აღნიშნული დაავადება გვხვდება იშვიათად და მას ხშირად შეცდომით პარადონტიტს უწოდებენ.
– რამდენ ხანს გრძელდება მისი მკურნალობა?
– პარადონტიტი ქრონიკული დაავადებაა და მისი მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია. ის მოითხოვს როგორც ანტიბიოტიკურ თერაპიას, ისე კბილების ქვებისგან გაწმენდას და არასასურველი კბილების მოშორებას. პირის ღრუს დამუშავება უნდა მოხდეს რეგულარულად. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პარადონტიტის სტადიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროს მკურნალობა არის უფრო მძიმე სტადიის პროფილაქტიკა. ამიტომ, თუ ცხოველს აქვს პარადონტიტი, ძაღლს რეგულარულად უნდა დაუმუშაოთ პირის ღრუ. ცხოველებს, რომლებსაც პირის ღრუში ქვების დაგროვების მიდრეკილება აქვთ, კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაუხეხოთ კბილები სპეციალური ვეტერინარული პასტით. ყველა კბილი აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა გაიხეხოს.
– რა არის პარადონტიტის გამომწვევი მიზეზი?
– უმეტეს შემთხვევაში, პარადონტიტის მიზეზი მემკვიდრეობითი მიდრეკილება და კვებაა. ამისთვის აუცილებელია, ცხოველმა მიიღოს ისეთი საკვები, რომელსაც დიდხანს დახრავს და დაღეჭავს. ძვლოვანი ქსოვილის თავისებურება ისაა, რომ მისი სიმყარე დამოკიდებულია, თუ რამდენად მოდის მასზე დატვირთვა. იმ შემთხვევაში, როცა ყბაზე, სადაც ალვეოლებია, კბილის ფესვებისთვის დატვირთვა ნაკლებია ან საერთოდ არაა, ხდება მისი დასუსტება და ნაწილობრივ გაწოვა. ეს იწვევს დაავადების შემდგომ განვითარებას. გარდა ამისა, ხანგრძლივი ღეჭვითი პროცესის დროს, კბილი მექანიკურად სუფთავდება. ამისთვის საჭიროა, ძაღლს მივცეთ სპეციალური კბილის საწმენდი სათამაშოები, რომლებიც იყიდება ზოომაღაზიებში. ასევე, შეიძლება, მისცეთ ახალი დიდი ძვალი, რომელზეც დარჩენილია ხორცისა და მყესების ნაწილები. ამ დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ძაღლმა ძვალი მთლიანად შეჭამოს. ძაღლს ძვალი მაშინ უნდა ავართვათ, როცა ხრტილსაც შეჭამს. ასეთი პროცედურები უნდა ჩავატაროთ კვირაში რამდენჯერმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძაღლი უკეთესად იგრძნობს თავს უკბილოდ, ვიდრე პირის ღრუში ქრონიკული ანთებითი პროცესით.
– რისგან ჩნდება კბილის ქვები?
– ქვები ჩნდება კბილის რბილი ნადებისაგან. კბილის ქვების დაგროვებისას პირის ღრუდან აღინიშნება არასასიამოვნო სუნი. ამ შემთხვევაში კბილები ყვითლდება ან მუქდება. კბილის ქვების მასობრივი დაგროვებისას კი, შეიძლება, კბილმა ფორმაც შეიცვალოს. კბილის ქვების მოშორებისას აუცილებელია ცხოველის ზოგადი ანესთეზია და სპეციალური მოწყობილობები. მასობრივად დაგროვებისას ცხოველს სჭირდება კბილების სისტემატური მოვლა. სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. ამ დროს პირის ღრუს ლორწოვანი ადგილ-ადგილ შეწითლებულია, აღინიშნება წყლულები, ეროზიები და ჩირქოვანი პროცესები, პირიდან არასასიამოვნო სუნი იგრძნობა.
– სტომატიტს რა იწვევს?
– სტომატიტი შეიძლება გამოიწვიოს პარადონტიტმა. მკურნალობისთვის აუცილებელია ანტიბიოტიკი და ვიტამინოთერაპია, ასევე, ადგილობრივი ჰიგიენური დამუშავება.
– ხშირია ძაღლებში კარიესის შემთხვევები?
– კბილის კარიესი ძაღლებში იშვიათად გვხვდება. ზედაპირული კარიესის შემთხვევაში კბილი იბჟენება, ღრმა კარიესის დროს კი საჭიროა მისი ექსტრიპაცია.
– რა ასაკიდან იწყება სარძევე კბილების მოცვლა?
– სარძევე კბილების მოცვლა ლეკვებში სამი თვის ასაკიდან იწყება. პატარა ჯიშის ძაღლებში სარძევე კბილები, შეიძლება, არ ამოვარდეს მუდმივი კბილების ამოსვლის დროსაც. ასეთი კბილები აუცილებლად უნდა ამოვუღოთ, რადგან ისინი იწვევენ კბილის ქვების წარმოქმნისა და პარადონტიტის პროვოცირებას. თუ დარჩენილი სარძევე კბილები ხელს არ უშლის მუდმივი კბილების სწორ განვითარებას, მათ აშორებენ რვა თვის ასაკში ზოგადი ნარკოზის ქვეშ, ხოლო მუდმივი კბილების არასწორი ზრდისას, სარძევე კბილებს უფრო ადრეც უღებენ.