ჰყავდა თუ არა ვაჟას წაწალი
„ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ჩემი ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ. მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ასევე მამით“ – წერს ვაჟა-ფშაველა მისთვის დამახასიათებელი ენით, თავის დაუმთავრებელ წერილში „ჩემი წუთისოფელი“, სადაც მრავალ მნიშვნელოვან მომენტს იხსენებს საკუთარი ცხოვრებიდან. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მის დამოკიდებულებაზე სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. ჩვენი რესპონდენტია ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბიძე.
თამარ შარაბიძე: ვაჟა პირველად 10 წლის ასაკში ყოფილა შეყვარებული, თელავის სემინარიაში სწავლის პერიოდში. შემდეგ თბილისში გადავიდა სასწავლებლად და თელაველი სატრფოც თბილისელმა შეცვალა. ასე იყო მანამ, სანამ ვაჟამ გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა და პეტერბურგიც მოიარა, შინ დაბრუნებულმა გორს მიაკითხა სახელმწიფო სამსახურის ძიებაში, თუმცა, ამაოდ. ამის შემდეგ მას ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მუშაობა შესთავაზეს. რა თქმა უნდა, ვაჟა დათანხმდა. მის შეგირდს, გიორგი ამილახვარს, საერთოდ არ აინტერესებდა სწავლა. ფშაველი იყო მაინც ვაჟა, ფიცხი, ერთხელ ვეღარ მოითმინა და მუშტიც უთავაზა შეგირდს. აღშფოთებულმა ამილახვარმა იაღარზეც კი გაიწია, მაგრამ დააშოშმინეს. მომავალში ისინი მეგობრობდნენ კიდეც, თუმცა, ალბათ, „უჩიტელი“, როგორც მაშინ ეძახდნენ, მაინც ვერ გაუძლებდა გიორგისნაირ მოსწავლეს, რომ არა კეკეს სიყვარული, რომელიც ამილახვრის სახლში ცხოვრობდა.
– ვინ იყო კეკე?
– კეკე ნებიერიძე ამილახვრის უკანონო შვილი იყო, რომელიც მამის ოჯახში იზრდებოდა და მსახურობდა – იგი ამილახვრის „კნეინას“ მოახლე გახლდათ. კეკე ერთხელ უკვე ყოფილა გათხოვილი, მაგრამ უდროოდ დაღუპვია ქმარი. ვაჟამ პირდაპირ ვერ გაბედა, რომ კეკესთვის თავისი გრძნობები გაემხილა. ეს ამბავი ქალმა სხვა მოახლეებისგან შეიტყო. მათი სიყვარული შედგა. თუმცა, მანამდე, ვაჟას აუღწერია სატრფოსთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ ცხოვრება მთაში ქალებს და რა სირთულეებთან შებმა მოელოდა კეკეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ცოლი გახდებოდა.
– რა უპასუხა ამაზე კეკემ?
– „დედამა – კიო, კიო, მაინც წამოვალო“, – გვიამბობს ამის შესახებ მათი ქალიშვილი გულქან რაზიკაშვილი. გორიდან პატარძალი ძმებთან – ბაჩანასა და თედოსთან ერთად წამოუყვანია ვაჟას. მცხეთაში კი მათ მამამისმა ათკაციანი მაყრიონი დაახვედრა. მგზავრებმა მაღაროსკარში მდებარე თურმანაულის დუქანში შეიარეს. იმხანად მაღაროსკარი ფშავის ცენტრი იყო. ყველამ იცოდა, რომ ვაჟას ცოლი მოჰყავდა და პატარძალი არ იყო ფშაველი. მაშინ ძირითადად ფშაველი ფშაველზე ქორწინდებოდა, მთიული – მთიულზე. ალბათ, ამიტომ, ბარიდან ჩასული ვაჟას პატარძლის შესახებ ერთ-ერთ მთიულს, სახელად ქურსიკას, შაირი გამოუთქვამს, რასაც საშინელი ჩხუბი მოჰყოლია. ვაჟას ძმები მუშტი-კრივით გამოირჩეოდნენ. ქურსიკას დანა უხმარია. ვაჟას დანა არ ჰქონია, ამიტომ სხვისთვის ამოუცლია და ისე გაჰკიდებია ქურსიკას. ბოლოს, დასისხლიანებულმა მაყარმა კეკე ფშავში აიყვანა.
– როგორ შეხვდნენ ფშაველები ბარიდან წაყვანილ კეკეს?
– კეკეს სიხარულით ელოდნენ ფშავში. პატარძალი ძალიან მოეწონათ, რადგან ისეთივე აღმოჩნდაო, როგორც ვაჟას დედა – გულქანი. თბილი, წყნარი და მშვიდი ქალი ყოფილა, ტანად პატარა. დროთა განმავლობაში კარგად აუთვისებია ფშაველთა საქმიანობა და ზნე-ჩვეულებები. მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მეხუთე შვილზე იყო კეკე ორსულად, როდესაც გარდაიცვალა.
– რა იყო კეკეს გარდაცვალების მიზეზი?
– მას მუცელი მოსწყდა. ამ დროს ვაჟა ყვარელში იმყოფებოდა სტუმრად, თავის დასთან. გაუგია თუ არა ეს ამბავი, მაშინვე წასვლა განუზრახავს, მაგრამ დას არ გაუშვია – დილას ერთად დავადგეთ გზასო. იმ ღამით დაუწერია დამწუხრებულ პოეტს „იას უთხარით ტურფასა“, სადაც მშვენიერ სტრიქონებს უძღვნის კეკეს: „მიწავ, შენ გებარებოდეს, ეს ჩემი ტურფა იაო...“
– ამის შემდეგ როგორ წარიმართა ვაჟას ცხოვრება?
– დარჩა დაქვრივებული ვაჟა ოთხი მცირეწლოვანი შვილის ამარა. ამ პერიოდისთვის მას მშობლები უკვე დაღუპული ჰყავდა და პატარებს ძირითადად ბაჩანას ცოლი ზრდიდა, მაგრამ ის დიდხანს ვერ იტვირთავდა მაზლის ოჯახის მიხედვას. ამიტომაც დადგა საკითხი, ვინ შეიძლებოდა, ცოლად გაჰყოლოდა ვაჟას. სთავაზობდნენ მრავალ ვარიანტს. ბოლოს, მეგობარმა ბესო შანიძემ, აკაკი შანიძის ბიძამ, შესთავაზა – გიორგი დიდებაშვილს ჰყავს შინ მიბრუნებული ქალი, რომელიც შენ გამოგადგებაო. გიორგი დიდებაშვილი მთიული იყო, ხორხის ხეობიდან.
მართლაც, ვაჟა ძმებთან ერთად ეახლა მას. „საით გაგიწევიათო?“ – ჰკითხა მათ მასპინძელმა, ვითომდა არ იცოდა ფშაველების მისვლის მიზეზი. „საითაც გაგვიწევია, იქ მოვედით; შენი ქალი, თამარი მინდა ვითხოვო და მიტომ მოვედი, არც მეშინია და არც მრცხვენიაო“, – უპასუხია ვაჟას.
– როგორ მოიქცა დიდებაშვილი?
– მას პირდაპირ არ გაუტანებია ქალი. ასეთი ჩვევა ჰქონდათ: ჯერ უარზე იდგნენ, იყო მისვლა-მოსვლა, ხანდახან სამ წელიწადსაც კი იწელებოდა ასეთი ამბები, ბოლოს გაატანდნენ. ვაჟას ეს არ აწყობდა, მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დედა თავისი შვილებისთვის, თუმცა მეორედ ჩასვლა მაინც მოუწია. თან, ქალი ნანახი არ ჰყავდა. დიდებაშვილმა ქალი გადამალა, თუმცა, ბაჩანამ იპოვა იგი ნათესავებში, სახლში მოიყვანა, ვაჟას მიუსვა, თვითონ მეორე მხრიდან მოუჯდა და მამამისს გამოუცხადა: „უკვე ჩვენიაო“. ამასობაში ვაჟამ ჩუმად შეავლო თვალი და მოეწონა კიდეც. თამარი ზორბა ქალი ყოფილა და, ალბათ, იფიქრა, რომ მთის პირობებს გაუძლებსო. გიორგის აუტეხავს ალიაქოთი, იარაღისკენაც წაუღია ხელი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს თითქმის ტრადიციული „აღშფოთება“ იყო და ელოდებოდნენ მის დამშვიდებას. ამის შემდეგ გაიმართა „ბუზიკა“ ანუ მუსიკა, ცეკვა-თამაში. საღამოს ვაჟამ თამარი წამოიყვანა, თუმცა, მანამდე გიორგი დიდებაშვილს ვაჟასთვის ხელწერილი ჩამოურთმევია.
– რასთან დაკავშირებით?
– ხელწერილში ვკითხულობთ, რომ ვაჟას თამარი მიჰყავს ხასად, მისივე სურვილით და სიტყვას იძლევა, რომ მოუვლის შეძლებისდაგვარად კარგად. „მისგანაც ველი, არ მიმიყვანოს იქამდე, რომ დავითხოვო სახლიდან. და თუ შევნიშნე სიკეთე და მოხერხებული იქნება, უნდა ჯვარი დავიწერო შენს ქალს თამარზე...“ მათ სიცოცხლის ბოლომდე ერთად იცხოვრეს. ამ ქორწინების ნაყოფია ვახტანგ რაზიკაშვილი.
– როგორი დედობა გაუწია თამარმა ვაჟას შვილებს?
– გულქანი იხსენებს, რომ თამარი „ხმელი“ ხასიათის, ანუ ცივი ქალი ყოფილა. ბავშვები გრძნობდნენ მის დედინაცვლობას. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ თამარმა არაფერი დაგვაკლო, რაც შეეძლო, გაგვზარდა, არ დაგვაავადა, გვაჭამა, გვასვა და მე ჩემს დედინაცვალს, ვერ გადავაგდებ, ვერაო. ბავშვები მას ირონიით „მთიულას“ ეძახდნენ. ერთგან გულქანი წერს კიდეც: „ეს მთიულა, სურათში როა, ისე ლამაზი არ ყოფილა. სურათში რომ სამკაულები აქვს ასხმული, ის თავისი არაა. ერთი ვერცხლის საყურეები ჰქონდა და ერთი რქის ვარდისფერი ბეჭედი, რომელიც მეწვრილმანესგან იყიდა ფშავში, სულ ეს იყო“. ვაჟას ქალიშვილი გულქანი იმასაც იხსენებს, მთიულას არ მოსწონდა, როდესაც მამა დედაზე ლაპარაკობდაო.
ერთხელ გულქანს ძროხები დაჰკარგვია და შიშით სახლში ვეღარ მისულა. მთელი ღამე ტყე-ტყე ეძებდა. დილას ვაჟას ხის ძირას ჩაძინებული უპოვია შვილი. გულქანს ტირილით უთქვამს, შემეშინდა და მიტომ ვერ მოვედი სახლში, იმასაც კი ვფიქრობდი, რატომ ვარ ადამიანი, წვიმა რატომ არ ვარო. ვაჟას მოსწონებია, ეს რა კარგად თქვიო და ამის შემდეგ დაუწერია „რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა“. გულქანს უფრო ვაჟასეული აზროვნება ახასიათებდა. ის იხსენებს, რომ ვაჟას ძალიან ჰყვარებია იები. სულ მეუბნებოდა ხოლმე, გოგო, ძროხაში, რომ წახვალ, იები მომიკრიფე, „სტაქანში“ ჩამიწყვე და მაგიდაზე დამიდეო.
– როგორი იყო პირადად ვაჟასა და თამარის ოჯახური ცხოვრება?
– ოჯახური ცხოვრება ვაჟასა და თამარს მაინცდამაინც დამტკბარი არ ჰქონიათ. როგორც ცნობილია, მათი უსიამოვნებები ძირითადად იმის გამო ხდებოდა, რომ შუა ხვნა-თესვის დროს ვაჟას უცებ წერის ჟინი მოუვლიდა, მიატოვებდა თამარს ხარებთან, წამოვიდოდა და წერდა ხოლმე. მას სხვანაირად არ შეეძლო, თამარს კი ეს არ ესმოდა და არც ვაჟას პოეტობისა სწამდა დიდად. თვითონვე იხსენებს: როდესაც ვაჟა გარდაიცვალა, დიდუბის ეკლესიაში ყოფილა დასვენებული. როგორც კი გაისმა, ვაჟას ცოლ-შვილი მოდისო, ხალხი შუაზე გაყოფილა და გზა მიუციათ მათთვის დიდი პატივით. აი, მაშინ კი დაუჯერებია თამარს, რომ ქმარი დიდი კაცი ჰყავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის მაინც მატერიალური მხარით საზღვრავდა, რადგან გულქანის მოგონებაში კვლავ ვკითხულობთ თამარის სიტყვებს: ოჯახზე, რომ არ ფიქრობდა და სულ ქვეყანაზე ფიქრობდა, რა მისცა ვაჟას ქვეყანამ?! მშიერ-ტიტვლები დაგვტოვა და მიწაშიც მშიერი და ტიტველი წავიდაო.
ამ მოგონებების მიხედვით, თამარი წარმოჩინდება, როგორც ცივი ქალი, მაგრამ, ეტყობა, მასაც ჰქონდა ამის მიზეზი; ჯერ ერთი, გაუსაძლისი ეკონომიკური პირობები, თანაც, მარტო უხდებოდა შრომა, პლუს ამას – ხუთ ბავშვს უვლიდა. მით უმეტეს, თამარისა და ვაჟას ქორწინება სიყვარულის ნიადაგზე არ შემდგარა.
– ვაჟას თუ ჰყავდა წაწალი?
– ვაჟას წაწალი არ ჰყოლია, შეიძლება, იმიტომ, რომ ის ადრეული ასაკიდან წამოვიდა ბარში სასწავლებლად, მის ძმებს კი – ჰყავდათ. ბაჩანამ თავისი წაწალი შეირთო ცოლად და ამის გამო კარგა ხანს გადასახლებულიც იყო ფშავიდან. მეორე ძმას – თედოსაც შეეძინა შვილი წაწალთან, თუმცა მას არ შეურთავს იგი.
გულქანის ნაამბობიდან ცნობილი ხდება, რომ, თურმე თამარს ჰყვარებია რკინიგზის მუშა, რომლის სურათსაც ჩიქილის ტოტში გამოკრულს ატრებდა ცხოვრების ბოლომდე. ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა ვაჟამ ამის შესახებ, როდესაც თავის გმირს, აღაზას, ის სამი ბალანი, რომელიც ზვიადაურზე ააჭრევინა ჩიქილის ტოტში გამოაკვრევინა, აღაზას ქმარს კი ათქმევინა: „იტირე, მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა,
დიაცს მუდამაც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა“.