კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდნენ ყუთლუ არსლანის თანამოაზრეები ისნის სამეფო სასახლეზე იერიშის მიტანას და როგორ ჩაახშეს თამარის კარზე პარლამენტის შექმნის იდეა


საქართველოს ისტორიაში თამარის მეფობის ხანა მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეულია. მისი მმართველობის პერიოდში ყუთლუ არსლანს გაუჩნდა პირველად იდეა საქართველოში პარლამენტის დაარსების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის გახმოვანებიდან 80 წლის შემდეგ, ინგლისში შეიქმნა პირველი პარლამენტი. რა ბედი ეწია ყუთლუ არსლანის იდეას და, საერთოდ, ვინ იყო იგი, ამაზე ისტორიკოსი ჯაბა სამუშია გვესაუბრება:


– მეთორმეტე საუკუნე საქართველოს ისტორიაში გამორჩეულია. ეს ის ეპოქაა, როდესაც საქართველომ მიაღწია წარმატებას როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაში.

ამ პერიოდის საქართველოში ბევრი ცნობილი ფაქტი მოხდა, მაგრამ ზოგიერთს, რატომღაც დღეს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

– მაგალითად?

– ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ თამარის მეფობის ხანაში შამქორის, ბასიანის ბრძოლებზე, ან იმ წარმატებებზე, რაც კულტურულ სფეროში იყო, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ ისეთ კარდინალურ საკითხებს, როგორებიცაა, პოლიტიკური აზრი, პოლიტიკური კულტურის განვითარება. ამ კუთხითაც, საქართველო იმდრიონდელ მსოფლიოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თამარის დროს სიკვდილით დასჯა აკრძალული იყო. ეს ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია. ქართველი მემატიანე ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაისაჯა სახელმწიფო ღალატისთვის, მათაც მხოლოდ თვალები ამოსწვეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თამარის დროინდელი სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი მიდიოდა ქვრივ-ობოლთა დასახმარებლად. თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, ეს არის გარკვეული სოციალური პოლიტიკის ერთგვარი გამოვლენა იმდროინდელი საქართველოსთვის.

ამავე პერიოდში, ქართული პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, სწორედ თამარის ეპოქაში გაიჟღერა პირველად სამეფო ხელისუფლების შეზღუდვის იდეამ. ბევრი ფიქრობს, რომ ნაკლებად რეალურია, ვისაუბროთ თამარის ეპოქის პარლამენტზე, მაგრამ, თუ თანმიმდევრულად მივადევნებთ თვალს მოვლენებს, მივხვდებით, რომ სწორედ თამარის ეპოქაში იდგმება პირველი ნაბიჯები პარლამენტიზმის მიმართულებით.

– კონკრეტულად რა მოვლენას გულისხმობთ?

– ჩვენ ვსაუბრობთ 1185 წლის მოვლენაზე. 1184 წელს, როდესაც, გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა თამარ მეფე, ქვეყანაში შეიქმნა საკმაოდ კრიზისული სიტუაცია – თამარს ფეოდალების გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. თამარის მამა გამოირჩეოდა რადიკალური პოლიტიკით: მას შემდეგ, რაც მას აუჯანყდნენ ორბელები და მათთან ერთად ფეოდალთა საკმაოდ დიდი დასი, მან ერთი ხელის მოსმით გაისტუმრა ყველა ეს წარჩინებული სამეფო კარიდან, ჩამოართვა მათ თანამდებობები და გადასცა ერთგულ ადამიანებს. აქედან მოყოლებული, დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან ერთად მართავდა გიორგი მესამე ქვეყანას. როგორც კი გიორგი გარდაიცვალა, ფეოდალთა განაწყენებულმა ნაწილმა სასწრაფოდ იერიში მიიტანა გიორგის მიერ აღზევებულ პირებზე. ესენი იყვნენ ყუბასარი და აფრიდონი. ყუბასარი გიორგის კარზე იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, აფრიდონი კი – მსახურთუხუცესი. ყუბასარი ნაყივჩაღარი გახლდათ. ამ პერიოდში ის უკვე დაავადებული იყო საკმაოდ მძიმე სენით და მოძრაობაც უჭირდა. ამიტომ, ეს მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მან ადვილად დაკარგა თანამდებობა. რაც შეეხება აფრიდონს, რომელიც დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა, ის საერთოდ დაამცრეს.

ამის შედეგ, თითქოს უნდა დაწყნარებულიყო ვითარება, მაგრამ, მემატიანე გვაწვდის ერთი ადამიანის ძალიან საინტერესო ისტორიას – ეს არის ყუთლუ არსლანი, რომელმაც შემოიტანა იდეა: დაიდგას კარავი ისნის ველზე, სამეფო სასახლის გარეთ, ამ კარავში დასხდნენ დიდებულები და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები და მათ განაგონ სამეფო საქმე. შემდეგ კი მოახსენებდნენ მეფეს და, „სრულ იქმნებოდა ამის შემდეგ ეს საკითხნიო“. თუ კარგად დავაკვირდებით, ყუთლუ არსლანი დგამს ნაბიჯს სამეფო დარბაზზე უფრო დიდი სახელმწიფოებრივი სტუქტურის შექმნის მიზნით, სადაც, სამეფო დარბაზისგან განსხვავებით, მეფე არ ესწრება განსჯას. ეს ცალკე უწყებაა, სადაც უნდა შეიკრიბონ დიდებულები და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომლებიც განსჯიდნენ საკითხს და შემდგომ მოახსენებდნენ მეფეს. თამარმა და მისმა გარემოცვამ იმწამსვე დაიჭირეს ამ იდეის დედააზრი, რომ ეს იყო „დასასრული მეფობისა“. მართლაც ასეა. რეალურად, ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი სამეფო ხელისუფლების შესასუსტებლად.

– რა ვიცით ამ იდეის ავტორზე, ყუთლუ არსლანზე?

– სამწუხაროა, რომ მემატიანეებმა ჩვენ ამ პიროვნების შესახებ არანაირი ცნობა არ შემოგვინახეს. ვიცით, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი. სავარაუდოდ, ის სწორედ იმ დროს მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც აფრიდონი და ყუბასარი, ანუ, ყუთლუც გიორგი მესამის ერთგულია, თუმცა, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, დიდ საგვარეულოს ეკუთვნის. არის ვერსია, რომ ყუთლუ თორელთა გვარის წარმომადგენელი იყო. თუმცა ეს არ არის ბოლომდე დასაბუთებული. ამ მოვლენის შემდეგ ყუთლუ არსლანი ქრება ისტორიიდან. იყო რამდენიმე მოსაზრება, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ფანტაზიაა, რომ, თითქოს, ყუთლუ არსლანი და შოთა რუსთაველი ერთი და იგივე პიროვნებაა, რომ იგი ამ მოვლენის შემდეგ წავიდა აქტიური პოლიტიკიდან და ამის შემდეგ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“.

– რატომ ვერ იქნა რეალიზებული ყუთლუ არსლანის იდეა?

– ეს იდეა გაანეიტრალეს. ყუთლუ არსლანი მიიწვიეს სამეფო კარზე და შეიპყრეს, რითაც თავი ამ შეთქმულებისა განეიტრალდა. მას თანამოაზრეების საკმაოდ დიდი არმია ჰყავდა, რომლებმაც ერთი ხანობა გადაწყვიტეს კიდეც ისნის სასახლეზე იერიშის მიტანა, მაგრამ ვერ გაბედეს. ამ დროს ჯერ არ არის საქართველოში მომწიფებული რევოლუციური მოძრაობა, არ არსებობს იარაღი სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ. არც სახელმწიფო ხელისუფლებაა იმდენად დაშორებული ხალხთან, რომ ამ ნაბიჯისკენ უბიძგოს მათ. ანუ, ამ შემთხვევაში, ნიადაგი რევოლუციისა და გადატრიალებისათვის მზად არ იყო. ამანაც იმოქმედა, რომ ყუთლუს მომხრეები შეყოყმანდნენ და რადიკალური ზომები ვერ თუ არ მიიღეს. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ყუთლუს მომხრეთა გასანეიტრალებლად საქმეში ჩაერთო ქალი. ეს იყო ჭკვიანური გათვლა თამარის გარემოცვისა. მან მიაგზავნა ორი საპატიო მანდილოსანი შეთქმულებთან, რომლებიც იარაღს აჟღარუნებენ, მაგრამ ვერ დგამენ გადამწყვეტ ნაბიჯს.

– ვინ იყო ეს ორი ქალბატონი?

– ესენი იყვნენ ხვაშაქ ცოქარი და კრავაი ჯაყელი. იქ მითითებულია, რომ ესენი იყვნენ სამძივართა და სურამელების გვარის წარმომადგენელთა ოჯახიდან. როგორც ჩანს, ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჩართულნი არიან პოლიტიკურ პროცესებში. თვითონ ყუთლუ არსლანსაც რაღაც ნათესაური კავშირი უნდა ჰქონოდა ამ საგვარეულოებთან. ამ ქალბატონებმა დაიყოლიეს შეთქმულები, შედგა შეთანხმება და ყუთლუს იდეამ მარცხი განიცადა, თუმცა, თავად ყუთლუ არსლანს ხელშეუხებლობა არგუნეს. ასე დამთავრდა ჩვენში პარლამენტის იდეის არსებობა.

– შეიძლება კი, რომ რეალურ პარლამენტზე ვისაუბროთ მაშინდელ საქართველოში?

– ჩვენ ვსაუბრობთ მეთორმეტე საუკუნეზე. სიტყვა „პარლამენტმა“ ყური არ უნდა მოგვჭრას იმ თვალსაზრისით, რომ პარალელი გავავლოთ თანამედროვე პარლამენტთან და მოვთხოვოთ ყუთლუ არსლანს, რატომ არ არის მის მოთხოვნებში თანამედროვე პარლამენტიზმის ნიუანსები ოპოზიციებით, ფრაქციებითა და კომიტეტებით. ამას ხომ არ ითვალისწინებს მეთორმეტე საუკუნე?! ჩვენ ვამბობთ, რომ მეთორმეტე საუკუნეში პირველად ჩავარდა მარცვალი საქართველოში პარლამენტის შექმნისა. სამწუხაროდ, ეს მარცვალი ვეღარ გაღვივდა, ვინაიდან, მონღოლების შემოსევით გამოწვეულმა პოლიტიკურმა საფრთხემ მთლიანად ჩაითრია საქართველო დიდ უბედურებებსა და ჭაობში, თორემ, ეს მარცვალი აუცილებლად გაღვივდებოდა მეცამეტე საუკუნეში.

საქართველოს ისტორიაში ვხვდებით განმარტებას, რომ ყუთლუ არსლანის გამოსვლა ძალიან ჰგავს თავისუფლების ქარტიის მიღებას ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს პერიოდში. მან დიდი გადასახადები დააკისრა ბარონებს, რის გამოც ისინი აუჯანყდნენ და პეტიცია წარუდგინეს. ინგლისის მეფე იძულებული შეიქნა, ხელი მოეწერა თავისუფლების ქარტიაზე, რომელიც ითვალისწინებდა, რომ გარკვეულ ჩარჩოში მოქცეულიყო მეფის ქმედებები. მოგვიანებით კრიზისი მეფის ხელისუფლებასა და ბარონებს შორის ისე გაღრმავდა, რომ მეცამეტე საუკუნის შუა ხანებში მოხდა სერიოზული გამოსვლა სიმონ დე მონფორის ხელმძღვანელობით. 1265 წელს, ინგლისში სიმონ დე მონფორმა, ხუმრობით მას „ინგლისელი ყუთლუ არსლანი“ შეიძლება ვუწოდოთ, პირველად მოიწვია პარლამენტი. თუ დავაკვირდებით, რას ითხოვს სიმონ დე მონფორი და რას ითხოვს ყუთლუ არსლანი, აღმოვაჩენთ, რომ მათი მოთხოვნები საოცრად იდენტურია, ოღონდ, აღსანიშნავია, რომ ეს იდეა ინგლისთან შედარებით 80 წლით ადრე გაჩნდა ჩვენში.

– მოგვიანებით, თუნდაც ისევ თამარის მეფობაში, რატომ აღარ წამოიჭრა ეს იდეა ხელახლა?

– თამარის პერიოდში ეკონომიკის კუთხით ქვეყანამ დიდ წარმატებებს მიაღწია. როგორც აღწერენ, ეს ის ეპოქაა, როდესაც გლეხი აზნაურივით ცხოვრობდაო. უკვე აღარ არის საჭირო ფიქრი რევოლუციურ იდეებზე – ნებისმიერი რევოლუცია ხომ კრიზისიდან ამოიზრდება! ეკონომიკურად და პოლიტიკურად მზარდ ქვეყანაში კი, ფაქტობრივად, რევოლუციები არ ხდება – ეს დაუწერელი კანონია. ასე რომ, ყუთლუ არსლანის იდეა ვერ იქნა რეალიზებული, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ, დაახლოებით 80 წლის შემდეგ, ასეთივე იდეა გაუჩნდა სიმონ დე მონფორს, რომელმაც ინგლისში პარლამენტი შექმნა.


скачать dle 11.3