ვინ ჩამოიტანა საქართველოში პირველად ჩაის ნერგები და რამდენი საუკუნის წინ მოხდა ეს ამბავი
საქართველოში ჩაის კულტურის ჩამოტანა-მოშენებას მეცხრამეტე საუკუნეში იწყებენ. პირველი ინიციატივა ამ საქმეში თავად ვორონცოვს ეკუთვნის. 1893 წელს კი პოპოვის მოწვევით ჩამოდის 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩაის კულტურის მოშენება. მის მიერ გამოყვანილ ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს ახლაც „ლაო ჩაის“ უწოდებენ. ამ საქმიანობის გამო ლაომ 30 წელი საქართველოში, კერძოდ, ჩაქვში იცხოვრა. მისი 7 შვილიდან, 5 აქ დაიბადა, რომელთაგან ნაბოლარამ ქართველ ქალბატონზე იქორწინა. ლაო ჯონჯაო დიდ ოჯახთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1958 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოდის ლაოს შვილიშვილი ლიუ კუანვენი, რომელიც ძალიან მალე ქართველ მხატვარ გივი ყანდარელს მიჰყვება ცოლად.
უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კუანვენი, ანუ როგორც ახლობლები უწოდებენ, მალი, საქართველოში ცხოვრობს. იგი დღეს ჩვენი რესპონდენტია.
მალი ლიუ-ყანდარელი: 1893 წელს ბაბუაჩემი პირველად ჩამოვიდა ბათუმში. რუსი ჩაით მოვაჭრის კონსტანტინე სიმონის ძე პოპოვის მოწვევით. ის მაშინ 23 წლის იყო. ბაბუა ჩამოსვლისთანავე შეუდგა მუშაობას და შედეგიც შესანიშნავი იყო – ზღვისპირა ქალაქის ჰავა ძალიან მოუხდა ჩინეთიდან ჩამოტანილ მცენარეს. მესამე წელს 100 გირვანქამდე ჩაი მიიღეს პოპოვის 80 „დესეტინა“ ფართის მქონე სამ მამულში. პოპოვს რუსეთში გაუგზავნია მოსავლის ნიმუშები და მათი ხარისხით, ფრიად კმაყოფილი დარჩნენ.
ამის შემდეგ ჩემი ბაბუა ჩინეთში ბრუნდება, ნახევარი წლით, ახალი ნერგებისა და ჩითილების ჩამოსატანად. რაც მთავარია, მისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოში დიდხანს მოუწევდა დარჩენა, რათა დაწყებული საქმე ფეხზე დაეყენებინა და ჩინეთიდან, უკვე ცოლ-შვილთან და დედასთან ერთად დაბრუნდა. ბაბუას შვიდშვილიანი ოჯახიდან ხუთი საქართველოში იყო დაბადებული.
– სად და როგორ პირობებში ცხოვრობდნენ საქართველოში თქვენი წინაპრები?
– პოპოვის შემოთავაზებული პირობები ბაბუასთვის მისაღები იყო: მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 500 მანეთს. პოპოვი თავად იხდიდა მგზავრობის საფასურს, აგრეთვე, ჩაქვში მდებარე მის ერთ-ერთ მამულში აშენდა კაპიტალური, კარგად მოწყობილი სახლი სპეციალურად ჩვენი ოჯახისთვის, ზღვიდან 300 მეტრის მოშორებით. ხოლო აგარაკი მწვანე კონცხზე შესთავაზეს, სადაც ოჯახი ზაფხულის პერიოდში ცხოვრობდა. აგრეთვე, ლაო ჯონჯაოს ემსახურებოდა ფაეტონი. საერთოდ, ბაბუას ძალიან უყვარდა ცხენები და საქართველოში ცხოვრების პერიოდში კარგი ცხენთსაშენიც ჰქონდა, სადაც ჰყავდა სხვადასხვა ჯიშის – არაბული, კავკასიური, ინგლისური და რუსული ცხენები და გასაწვრთნელად გერმანელი მომთვინიერებელი ჰყავდა გამწესებული. შემდეგ, როდესაც ბაბუა, კვლავ დაბრუნდა სამშობლოში, თან რამდენიმე ცხენიც წაიყვანა.
– ესე იგი, დიდი ხნის შემდეგ, ლაო ჯონჯაო კვლავ დაუბრუნდა სამშობლოს?
– ეს 30 წლის შემდეგ მოხდა. მანამდე ბაბუა თავის დღიურში წერს: „სურვილები ამისრულდა – ბავშვებმა მიიღეს განათლება და ახლა, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ სიკეთე ვნახეთ და სიხარული განვიცადეთ, მე და ჩემს მეუღლეს სამშობლოში დაბრუნება გვწადია. ამ ადგილებთან დაკავშირებული მოგონებები ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ყოველთვის ნათელი და სასიამოვნო იქნება. ჩვენ ყველა შევეჩვიეთ აქაურობას“. სანამ ჩვენი ოჯახი სამშობლოში დაბრუნებას დააპირებდა, მანამ ჩემმა მშობლებმა დაქორწინება გადაწყვიტეს. დედაჩემი, ნონა თუშმარიშვილი, ულამაზესი გოგონა სამხედრო პირის ქალიშვილი იყო. ბებია დედის მხრიდან ჩერქეზი მყავდა, მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მოჰყვა. მისი მეუღლისთვის კი, ანუ ბაბუაჩემისთვის დედის მხრიდან, ტრაგედია იყო ერთადერთი ქალიშვილის 17 წლის ასაკში გათხოვება, თან ასე შორს. ეს ქორწინება ასევე ტრაგედია იყო მეორე ბაბუასთვისაც, რადგან მისი ოჯახი უკვე სამშობლოში დაბრუნებას ფიქრობდა და ალბათ, ჩინურ ტრადიციულ ქორწილზე ოცნებობდნენ საკუთარი ნაბოლარა ვაჟისთვის.
მამა და დედა გაიპარნენ, მათ ამაში დაეხმარა ოჯახის მეეტლე და ერთ-ერთი მოსამსახურე. მამამ მთელი ბათუმი და მისი შემოგარენი ზეპირად იცოდა, რადგან ამ ადგილებში ხშირად ჯირითობდა ხოლმე. ამიტომ, გაპარულებმა იარეს და სადღაც მთაში მდებარე ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ამ ეკლესიის სახელწოდება მე არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩემი მშობლები იხსენებდნენ, ეს ტაძარი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჯვრისწერამდე მამა მოინათლა. ეს ამბავი 1922 წელს მოხდა.
– სად დასახლდა სამშობლოში დაბრუნებული ლიუს ოჯახი?
– ისინი, ხარბინში დაბინავდნენ. ეს იყო 1924-1925 წლებში. მოგვიანებით დაიწყო ჩინეთ-იაპონიის ომი. ბაბუამ უარი განაცხადა თავისი ქალაქის ხელახლა მიტოვებაზე. დანარჩენები პეკინში დავბინავდით, სადაც ჩვენ სკოლაში დავდიოდით, მამა კი უფრო ღრმა ჩინეთში წავიდა დასამკვიდრებლად. ჩვენი ორსართულიანი სახლი ახლაც დგას პეკინში. დედამ მასში სასტუმრო გახსნა, მზარეული და მსახურები აიყვანა და ასე გავდიოდით ფონს.
– თუმცა, მოგვიანებით, მაინც მოგიწიათ პეკინის დატოვებაც.
– ასე იყო. პეკინში იაპონელი ფაშისტები დაბოგინობდნენ. ერთ დღეს ისინი დაინტერესდნენ ჩემი ძმით, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, სუფთა კავკასიური გარეგნობა ჰქონდა და რამდენიმე ენასაც ბრწყინვალედ ფლობდა. მათ დედას შესთავაზეს, რომ ედი ჯაშუშთა სკოლაში შეეყვანა. ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით კი წაიყვანეს და აიძულეს, ეყურებინა, თუ როგორ აწამებდნენ ურჩ ჩინელებს იაპონელები. ისინი ცივი წყლით ბერავდნენ მათ, თუ დალევა აღარ შეეძლოთ, ამას ყელში ჩათხრილი რეზინის მილით ახერხებდნენ, შემდეგ კი წყლით გაბერილ ადამიანებს წიხლებით უსწორდებოდნენ. ეს საშინელება იყო. ამ სანახაობის შემდეგ დედას მკურნალობა დასჭირდა, რომ საღად აზროვნება დაბრუნებოდა.
– რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენმა ოჯახმა?
– მამაჩემს ჰქონდა უნიკალური კოლექციები, რაც არც ისე ძნელად მოსაგროვებელი იყო ზღვისპირა ქალაქში გაზრდილი ახალგაზრდისთვის. მან გაყიდა თავისი კოლექციები და ყველაფერი რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, რათა ცოლ-შვილი ყალბი პასპორტებით წაეყვანა თავისთან, ლანჯოუში. მათ მეგზურობას ოჯახის ერთგული მსახური უწევდა. პირველ ჯერზე მან ბავშვები გაიყვანა სამშვიდობოს, მერე კი უკან დაბრუნდა და დედასთან ერთად გაუდგა იმავე გზას. ჰენანის პროვინციის ქალაქ შანციუს გავლისას იაპონელმა ოკუპანტებმა ის დააკავეს, რადგან უცხო გარეგნობის გამო ჯაშუშად მიიჩნიეს. პასპორტის მიხედვით დედა თურქეთში დაბადებული ლიუ იუენნა იყო. დედა დააპატიმრეს. მან მთელი ღამე საკანში, სიკვდილის მოლოდინში გალია. მისი მოახლეც დაკავებული ჰყავდათ და მათ არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. დილას რუსული კომისიის წინაშე წარადგინეს დედა. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა: თქვენ ნონა არ ხართო. პეკინში ჩვენს სახლ-სასტუმროში ცხოვრობდა კაზაკი კაბარეს მოცეკვავე, შთამბეჭდავი გარეგნობის ქალბატონი რაია, რომელსაც შვილი ჰყავდა – ერთი იაპონელისგან, ერთი იტალიელისგან და ასე შემდეგ. მას ძალიან უჭირდა, ბოლო მშობიარობას კინაღამ გადაჰყვა. მაშინ დედამ გადაარჩინა, ფეხზე დააყენა და რადგან საშუალება არ ჰქონდა, ჩვენი ავტოფარეხი სახლად გადაუკეთა და იქ დაასახლა. ჰოდა, ეს რუსი ოფიცერი იმ მოცეკვავის ძმა გამოდგა, რომელიც თავის დას გაეფრთხილებინა, ასეთი გზა აქვს გასავლელი და ყურადღებით იყავი, თუ დახმარება დასჭირდეს, დაეხმარეო. დარჩენილი გზა, მისი წყალობით მშვიდობით გავიარეთ.
– როდის გახდა შესაძლებელი ქალბატონი ნონას სამშობლოში დაბრუნება?
– სტალინის სიკვდილის შემდეგ დიდხანს ვერ ბედავდა ამ ნაბიჯის გადადგმას. დედა, 1956 წელს ჩამოვიდა სამი თვით. კახეთში ჩასული, ჩვენს მშობლიურ სოფელში, მამის საფლავზე დაწოლილა და დიდხანს ყოფილა ასე გაჩუმებული, გაუნძრევლად. ასე გამოხატა თავისი განცდა.
მამას და დედას დიდი სიყვარული აკავშირებდათ და ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყვნენ. დედა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებდა, ჭამა საერთოდ არ უყვარდა. შეეძლო, მხოლოდ ყავაზე და სიგარეტზეც იოლად გადასულიყო. მამა ხშირად გვიმზადებდა ხოლმე ხაჭაპურს. ის და დედა დასხდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენ საქართველოზე. მე ვუსმენდი და სულ ვფიქრობდი, როგორი იყო მათი საყვარელი და საოცნებო საქართველო...
– როდის გახდა შესაძლებელი საქართველოში თქვენი ჩამოსვლა?
– მე პეკინში ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ ჩამოვედი თბილისში. როგორ შეიძლება, რომ არ მომწონებოდა აქაურობა, თუმცა, მეორე მხრივ, გამოგიტყდებით, რომ თავი მონასტერში მეგონა.
– რატომ?
– როგორ გითხრათ, ძნელი იყო ჩემთვის აქაურობასთან შეგუება. ძალიან მიყვარს ხინკალი. მახსოვს, ერთხელ, სახინკლეში შევედი, სადაც უამრავი კაცი იდგა და ხინკალს მიირთმევდა და მე რომ დამინახეს იქ შესული, ისე მომაჩერდნენ, როგორც ზოოპარკში დადიან დასათვალიერებლად. მერე ვიღაცამ დამტუქსა და მე დარცხვენილი, უკანმოუხედავად გამოვიქეცი იქიდან. არ შეიძლებოდა კინოში სიარული და ასე შემდეგ. საერთოდ, ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული და ასეთ რაღაცეებს ვგრძნობდი.
– საქართველოში ჩამოსვლიდან სულ მალე იქორწინეთ?
– დიახ. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი პიროვნება და ნიჭიერი მხატვარი გივი ყანდარელი იყო. როდესაც მე მეოთხე კურსზე ვიყავი, ის მაშინ ასპირანტურაში სწავლობდა და ხანდახან ჩვენთან უწევდა ურთიერთობა, ძირითადად, როცა ვიღაცის მაგივრად ლექციას გვიკითხავდა ხოლმე. ჩვენ 1959 წელს ვიქორწინეთ. მაშინ 23 წლის ვიყავი.
– უკვე 50 წელია, საქართველოში ცხოვრობთ. უცხო არ უნდა იყოს თქვენთვის, რა არის ნოსტალგია...
– როგორ შეიძლება, არ მქონოდა ნოსტალგია, მაგრამ ახალგაზრდობაში ძნელად ვგრძნობდი, უფრო სწორად, გვიან გავაცნობიერე, რომ რასაც ვგრძნობდი, იმას ნოსტალგია ჰქვია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა შემოთავაზება მივიღე, რომ არც დავფიქრებულვარ, მაშინვე მივატოვე ჩემი სპეციალობა და ჩინური ენის პედაგოგად დავიწყე მუშაობა. ნახევარი საუკუნე ცოტა არაა. მე მიყვარს საქართველო და ჩინეთი, ორივეგან ჩემი ფესვებია. დღეს ვხელმძღვანელობ საქართველო-ჩინეთის კულტურულ ცენტრ „აბრეშუმის გზას“, ხოლო ჩემი წინაპრების ცხოვრების ისტორია გამოვეცი წიგნად „ჩაის კულტურის სათავეებთან, საქართველოში“.