იულია ასლამაზოვი: „თუ ბიჭი მკაცრად მომექცევა, პირიქით გავაკეთებ იმას, რასაც ამიკრძალავს“
იულია ასლამაზოვი: ბავშვობაშიც მინდოდა მოდელობა, მაგრამ მშობლები მიშლიდნენ. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ უარი აღარ უთქვამთ. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და, საერთოდ, ამ სფეროში ტრიალი. ვარჯიში, დეფილეზე გამოსვლა საკმაოდ სასიამოვნოა, ახალი ადამიანებიც გავიცანი.
– როგორც ყველა გოგონას, ალბათ შენც გსიამოვნებს კომპლიმენტების მოსმენა.
– ცხადია, მსიამოვნებს. ცუდი კომპლიმენტიც მომისმენია, მაგრამ, მივეჩვიე, არანაირი რეაქცია არ მაქვს. ადრე ვბრაზდებოდი, ახლა უკვე იგნორს ვუკეთებ.
– როგორი გართობა გიყვარს?
– მეგობრებთან ერთად, ხან კლუბებში მივდივართ, ხან რესტორანში, ღამის, კლუბური ცხოვრებაც მიყვარს. თუმცა, ვსწავლობ და ხშირად არ დავდივარ.
– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?
– კომუნიკაბელური და პუნქტუალური ადამიანი ვარ, ვერ ვიტან ლოდინს. მხიარულიც ვარ, მეგობრულიც. ვისთანაც საჭიროა, იმასთან თბილი ვარ, სითბოს გამოხატვა სხვადასხვანაირად შემიძლია.
– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები.
– მყავს, ძირითადად ჩემზე უფროსები არიან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ორიგინალურ რაღაცეებს აკეთებენ ჩემს მოსახიბლავად.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– ჩემთვის მთავარი ბიჭის ხასიათია, თუმცა, გარეგნობასაც ვაქცევ ყურადღებას. უნდა იყოს მაღალი, ძალიან მომწონს გრძელთმიანი ბიჭები, ასევე, სპორტული აღნაგობის, შავი ან ყავისფერი თვალებით. რაც შეეხება ხასიათს, უნდა იყოს მხიარული, ჰქონდეს იუმორის გრძნობა, ჭკვიანი უნდა იყოს და განათლებული, ეჭვიანი – არა, მე არ ვარ ეჭვიანი და არც ვაძლევ იმის საბაბს, რომ ჩემზე იეჭვიანონ.
– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?
– მან ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ. თუ მეყვარება, შეიძლება, წავიდე დათმობაზე. მაგრამ, როდესაც იცის, რომ მოდელი ვარ, უნდა შეეგუოს ამას. ისე, თუ მკაცრად მომექცევა, პირიქით, გავაკეთებ იმას, რასაც ამიკრძალავს. მაგრამ, თუ ამიხსნის, რატომ არ უნდა გავაკეთო ესა თუ ის რამე, მაშინ გავითვალისწინებ და წავალ დათმობაზე.
– მოგეწონება, მამაკაცმა შენს ჭკუაზე, რომ იაროს?
– არა, არ მომეწონება. კაცი უფრო მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე ქალი და ერთმანეთი საკუთარ ჭკუაზე არ უნდა ატარონ. მე არ მომეწონება, რომ ბიჭმა ჩემს ჭკუაზე იაროს.
– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ შენი გული დაიპყროს?
– მთავარია, ჩემ მიმართ როგორი გრძნობა ექნება, თუმცა, საჩუქრებიც მნიშვნელოვანია. ბუნებრივი და ყურადღებიანი უნდა იყოს, რომ თავი მომაწონოს. საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს, ძნელად მივდივარ დათმობაზე და ეგოისტიც ვარ. მიჭირს კომპრომისებზე წასვლა, თუმცა, გააჩნია სიტუაციას. თუ საჭიროდ მივიჩნევ, ყველაფერს გავაკეთებ სიყვარულისთვის.
– ანუ, რას გააკეთებ საყვარელი მამაკაცისთვის?
– ყველაფერს. თუ გოგონას მართლა უყვარს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი სიყვარულისთვის, ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
– როგორ ფიქრობ, ბიჭმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს გოგონას გულის დასაპყრობად?
– რა თქმა უნდა. ეს ორივეზე არის დამოკიდებული. თუ უნდა, წავიდეს ბიჭი სხვა გოგონასთან, მე არაფერს ვეტყვი. შანსს იმ შემთხვევაში მივცემ, თუ მომეწონება, სხვა შემთხვევაში – არა.
– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს? ხშირად ამას ქალებს აბრალებენ ხოლმე.
– მე თუ მეყვარება, სხვა ბიჭთან არ წავალ, თუ ვხედავ, რომ მასაც ვუყვარვარ, არ ვუღალატებ. მამაკაციც ასე უნდა მოიქცეს, არ უნდა მიღალატოს. ქალი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, ლამაზად გამოიყურებოდეს, რომ მისით ამაყობდეს მამაკაცი. ასევე, კაციც უნდა უვლიდეს თავს, რომ ერთმანეთით ამაყობდნენ.
– როგორ ფიქრობ, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ყველაფერში არ უნდა აჰყვნენ?
– სახლში ორი ტელევიზორი და ორი კომპიუტერი უნდა ჰქონდეთ, რომ არ იჩხუბონ. არა, უნდა აჰყვნენ ერთმანეთს, რომც მეზარებოდეს, თუ ენდომება, გავყვები, რომ იგრძნოს, როგორ მიყვარს.
– ქალი საყვარელ მამაკაცთან ბოლომდე უნდა გაიხსნას?
– ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რაღაც საიდუმლო, „იზიუმინკა“ – ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. მამაკაციც უნდა იყოს ცოტა იდუმალი, ყოველდღიურად სხვადასხვანაირი, მაშინ ის უფრო საინტერესო იქნება. ყოველთვის უნდა ცდილობდეს ქალის გაოცებას. საერთოდ, ბოლომდე მაინც ვერ გაიცნობ ადამიანს, მასში ყოველდღიურად ახალ-ახალ რაღაცეებს იგებ.
– როგორ ფიქრობ, შეყვარებული მამაკაცების მართვა იოლია?
– ძალიან მარტივია. როდესაც მამაკაცს უყვარხარ, ყველაფერს გაპატიებს. შეყვარებული ქალის მართვაც ადვილია, თუმცა, ქალსაც გააჩნია, ზოგიერთმა, შეიძლება, თქვას, არ გინდა და ნუ გინდა, წავალ იმასთან, ვინც უკეთ გამიგებს, გადაგიყვარებ და სხვას შევიყვარებო.
– მოგეწონება, საყვარელმა მამაკაცმა რომ გაგაკონტროლოს?
– თუ ბიჭი ჩემ მიმართ ინტერესს ამჟღავნებს, აინტერესებს, სად ვარ, ვისთან ერთად, ესე იგი, არ „ვკიდივარ“. ქალმაც უნდა იცოდეს, სად არის მისი საყვარელი ადამიანი, ცუდ რამეს ხომ არ აკეთებს.
– ქალმა საყვარელ მამაკაცს უნდა დაუტოვოს მისი დაკარგვის შიში?
– მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში, რომ მისთვის იბრძოლოს, დააფასოს. იმიტომ, რომ მერე ინტერესი იკარგება. როდესაც ქალი ლამაზია, კარგად გამოიყურება, მის გვერდით მყოფი მამაკაცის ყველას შურს და ცდილობენ, წაართვან. ამიტომ, მამაკაცისთვის უფრო მეტი თავის ტკივილია, როცა გვერდით ლამაზი ქალი ჰყავს.