დაივიწყეთ წესები
წესრიგის სიყვარული ძალიან გვიწყობს ხელს პირადი ცხოვრების მოწყობაში, მაგრამ მეტისმეტი არაფერი ვარგა – ზღვარგადასული წესრიგის სიყვარული ბევრ პრობლემას ქმნის. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს თვისება უარყოფითად აისახება ურთიერთობებზე. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თქვენმა საყვარელმა ადამიანმა მოგიწყოთ რომანტიკული ვახშამი. მიხვედით და, იმის ნაცვლად, რომ გაგიხარდეთ, მადლობელი იყოთ მისი, – შენიშვნებს აძლევთ, რომ რაღაც ისე ვერ არის. ამას რა მოჰყვება, ალბათ, უკვე ხვდებით.
ნუ დაიწყებთ მტკიცებას, რომ საღამოს 10 საათის შემდეგ, ადამიანთან დარეკვა უზრდელობაა. ამით დააკომპლექსებთ თქვენს უახლოეს მეგობრებს და ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვეღარ დაგირეკავენ. თანამედროვე ცხოვრებაში ეტიკეტის ერთგულება ზოგჯერ ძალიან სასაცილოა. ნუ შეზღუდავთ მამაკაცს, მიეცით მას საშუალება, იყოს თავისუფლად და თქვენ გვერდით თავი კომფორტულად იგრძნოს. მამაკაცებს არ უყვართ, როცა იზღუდებიან და იძულებულები ხდებიან, მათთვის უსარგებლო წესებს გაუწიონ ანგარიში. კაცი თავს კარგად იმასთან გრძნობს, ვინც მას საშუალებას მისცემს, იყოს უბრალო, ბუნებრივი და არ ითამაშოს. ხელოვნურობა აკომპლექსებს მამაკაცს. ის გაურბის ნაძალადევ, რთულ სიტუაციებს. ამიტომაც, ისევ და ისევ თქვენი ბედნიერებისთვის, ზოგჯერ მაინც, აუცილებლად დაივიწყეთ წესები, ანუ, ნუ გახდებით ეტიკეტზე ზედმეტად დამოკიდებული.