სიყვარულის ნაირსახეობა
არ თქვათ, რომ სიყვარული მხოლოდ „ვერტიკალურია და ბრუნვადი“. სიყვარული ბევრნაირი შეიძლება იყოს და ამაში ფსიქოლოგებიც დაგვემოწმებიან. გსმენიათ რამე ქალსა და კაცს შორის ისეთ სიყვარულზე, როცა მათთვის პრიორიტეტი მეგობრობაა? სხვათა შორის, ასეთი ურთიერთობა ძალიან მყარია და, თუ ოჯახი ამ ნიადაგზე შეიქმნა, მას დანგრევის საფრთხე ნაკლებად დაემუქრება. მამაკაცს ძალიან მოსწონს, როცა ქალი მას გვერდში უდგას. შეუძლია, ესაუბროს საკუთარ პრობლემებზე, გეგმებზე, მომავალზე და მისი თანადგომის იმედიც ჰქონდეს. მამრობითი სქესის „დაქალი“ არაჩვეულებრივი პარტნიორია. მით უფრო, თუ უსიტყვოდ ესმის თქვენი. ასეთი ურთიერთობები საკმაოდ მდგრადია და მრავალწლიანი. მამაკაცს თქვენ აძლევთ საშუალებას, კარგად გაგიცნოთ და მშვიდად შეაფასოს თქვენი ღირსებები. ორივე პარტნიორი უკომპლექსოდ, თავისუფლად ახერხებს ურთიერთობას, რაც დადებითად აისახება ორივეს ფსიქიკაზე.
ზოგჯერ მამაკაცი თამაშობს მეგობარს – ვითომ მას თქვენგან მხოლოდ სულიერი სიახლოვე ხიბლავს, სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მოიწევს თქვენკენ, გიახლოვდებათ და როცა მასში საფრთხეს ვეღარ დაინახავთ, ანუ ბოლომდე მოიპოვებს თქვენს ნდობას, მაშინ გაგიმხელთ თავის ჭეშმარიტ გულისნადებს. ამ დროს გაბრაზება და ლაპარაკი იმაზე, რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს, სისულელეა. მით უმეტეს, თუ თქვენი გული თავისუფალია და წინააღმდეგი არ ხართ, სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ.
ჯერ ჰკითხეთ საკუთარ თავს, გჭირდებათ თუ არა ეს ადამიანი. თუკი მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობთ მეგობრის ამპლუაში, რატომ არ უნდა გახდეთ მისი საყვარელი? ეს კავშირი ჰარმონიული იქნება.