გააჩერეთ „ვულკანი“
საუბარი ზედმეტად ემოციურ ქალბატონებზე გვექნება. თუ თქვენც გამოირჩევით ჭარბი ემოციურობით, ადვილად ფეთქდებით და გარშემო ყველაფერს წალეკვით ემუქრებით, მაშინ ეს რჩევები სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი.
ჭარბ ემოციებთან ბრძოლაში ძალიან გამოგადგებათ აუტოტრენინგი. აუცილებელი არ არის, საკუთარ თავს მუდმივად რაღაც აუკრძალოთ და დატუქსოთ, თუკი ემოციას დროულად ვერ მოთოკავთ. „გამოსწორება“ ეტაპობრივად დაიწყეთ: უთხარით საკუთარ თავს, რომ სხვას თქვენზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვს: რომ ასეთი „აფეთქებებით“ მხოლოდ ნერვულ სისტემას დაიზიანებთ. ზომიერება სიხარულშიც საჭიროა. მით უფრო, აუცილებელია ის ნერვიულობისას. ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ნუ ინერვიულებ იმაზე, რისი გამოსწორებაც შეიძლება და, მით უმეტეს, არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რასაც უკვე აღარაფერი ეშველებაო“.
ფეთქებადი ხასიათის ქალებს ძალიან უჭირთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ეს მათთვის ნამდვილი პრობლემაა. ემოცია ხელს უშლის მათ აზრების, ყურადღების კონცენტრაციაში. ამ დროს სხვები ვერ დაგეხმარებიან. პირიქით, ხელსაც შეგიშლიან. ამიტომ, შეეცადეთ, დარჩეთ მარტო, გამორთეთ ტელეფონი, დალიეთ ჩაი ან ყავა, ჯერ ცოტა დაისვენეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი თქვენს კონკრეტულ საქმეზე.
* ნებისმიერი ქალი რაღაც პერიოდის განმავლობაში მგრძნობიარე ხდება: უმძაფრდება ემოციები, ინტუიცია. ღიზიანდება სწრაფად და ზოგჯერ უმიზეზოდ ნერვიულობს. როცა ხვდებით, რომ ვულკანს ვერ გადააბიჯეთ და მან, შესაძლოა, ყოველ წუთს იფეთქოს, დელიკატურად გააფრთხილეთ თქვენი ახლობელი ადამიანები, რათა მათ უნებლიეთ არ აწყენინოთ.
არ იფიქროთ იმაზე, რომ თქვენი ემოციურობა ნაკლია. სულაც არა. უბრალოდ, ამ ემოციების მართვა უნდა ისწავლოთ.