რატომ ვერ დაანგრიეს გიგა კვენეტაძისა და ნინო წიკლაურის ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია
პრომოუტერი ნინო წიკლაურის ირგვლივ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ერთი თემა: ხალხი მისი და გიგა კვენეტაძის გადაწყვეტილების შესახებ ალაპარაკდა. ზოგისთვის ეს მორიგი ჭორია, ზოგს კი მიაჩნია რომ მათ რეალურად გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება და, ამაში გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს, რომ მათი სასიყვარულო ისტორია უკვე წლებია, გრძელდება. გიგა მოსკოვის შოუ-ბიზნესში აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას, ნინო კი ამჟამად თბილისშია და თავის რჩეულთან გამგზავრებას მარტში გეგმავს. დღეს ჩვენი რესპონდენტი ნინო წიკლაურია, რომელიც თავად მოგვითხრობს იმ თემის შესახებ, რომელმაც საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
– ბოლო დროს ხმა გავრცელდა, რომ შენ და გიგა კვენეტაძემ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეთ, თუმცა, შენ აქ ხარ, გიგა კი – მოსკოვში.
– მართალია, ახლა აქ ვიმყოფები, მაგრამ, რეალურად, სულ გზაში ვარ – მოსკოვში მივდივარ და მოვდივარ. მარტში ისევ ვგეგმავ გამგზავრებას. საბოლოოდ გადასვლას ჯერ ვერ ვახერხებ, რადგან ჩემი სამსახურის ამბებია გასარკვევი. სამომავლო გეგმებში მაქვს გავხდე რომელიმე საინფორმაციო არხის წარმომადგენელი რუსეთში. ამიტომ მიწევს აქ ყოფნა და სხვადასხვა საკითხის მოგვარება.
– როგორც ვიცი, შენ და გიგას რამდენიმე წელია, ერთმანეთი გიყვართ.
– დიახ, ასეა და ეს ყველამ იცის. გიგა არასდროს მალავდა, რომ ვუყვარდი და მისი მუზა ვიყავი. იმდენი ხანია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება, გიგამ ცოლობა რომ მთხოვა, რაღაცნაირად, ისე მივიღე, თითქოს ახალი არც არაფერი მომხდარა. ეს ჩვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც არ ყოფილა სიურპრიზი, რადგან ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, გიგამ ოჯახის წევრებს ოფიციალურად შეატყობინა, რომ მე ის ქალი ვარ, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს.
– მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?
– ყველა ყველაფრის საქმის კურსში იყო და არავისთვის ახალი არაფერი მომხდარა. რომ იყოს ლაპარაკი 16 წლის ბავშვებზე, შეიძლება, მშობელი ჩარეულიყო და რაღაცეების აწონ-დაწონვა დაეწყო, მაგრამ ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ეს მხოლოდ ჩემი და გიგას გადასაწყვეტია. გიგას მამა გასულ წელს გარდაეცვალა. ის შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემ მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. გიგას ჰყავს ძალიან კარგი დედა და მის სანახავად ქუთაისში ხშირად ჩავდივარ. გიგას დედა ძალიან მომწონს და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
– როცა ორი შეყვარებული ადამიანი საკმაოდ შორს ცხოვრობს ერთმანეთისგან – ეს ხშირად ეჭვიანობის საბაბიც ხდება. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე? მით უმეტეს, რომ გიგამ იცის, რამხელა სანაცნობო წრე გყავს აქ, შენ კი იცი, რა ხდება რუსულ შოუ-ბიზნესში.
– არ ველოდი, გიგას მოსკოვში ამდენი ფანი თუ ეყოლებოდა. ჩემი მხრიდან ეჭვიანობა „ოდნოკლასნიკებიდან“ დაიწყო. იქაურ გოგოებს ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ. არ აინტერესებთ, ჰყავს თუ არა შეყვარებული, კარგი გოგოა ის თუ ცუდი და ასე შემდეგ. რუსი გოგონები საშინელებებს მწერდნენ. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი და ერთი პერიოდი ჩემი და გიგას ურთიერთობა დაშორებამდეც კი მივიდა, მაგრამ, გიგას ფანებმა ის ვერ გაითვალისწინეს, რომ „კერკეტ კაკალთან“ ჰქონდათ საქმე – მათ გამო ფარ-ხმალს ასე ადვილად არ დავყრიდი და ხუთი წლის სიყვარულს არ დავკარგავდი. მოკლედ, ეჭვიანობის სცენები უფრო ჩემი მხრიდან იყო, მისი მხრიდან – არა. პრინციპში, მე ეჭვიანობის საბაბს არც ვაძლევდი.
– როგორც ვიცი, გიგა რუსულ შოუ-ბიზნესში დღითიდღე პოპულარული მუსიკოსი ხდება და მის სიმღერებს ბევრი ცნობილი შემსრულებელი მღერის.
– გიგას სიმღერა აბრამ რუსომ იყიდა, ასევე, ჟასმინმა. ამჟამად სიმღერას ბასკოვს უწერს, ზვერევს კი არანჟირება გაუკეთა. როგორც ვიცი, ჟასმინიც და აბრამ რუსოც, ამ სიმღერებზე კლიპს იღებენ. გიგას სიმღერებს მღერიან ასევე დამწყები მომღერლებიც, სხვადასხვა პოპულარული პროექტის მონაწილეები. მგონი, უცხო ქვეყანაში, ასე მოკლე დროში, ძნელია მსგავსი პოპულარობის მოხვეჭა. ყოველთვის ვაღიარებდი, რომ გიგა ერთ-ერთი უნიჭიერესი პიროვნებაა, უბრალოდ, ის აქ წერდა და აკეთებდა იმას, რაც საქართველოს ბაზარს მოერგებოდა. სხვათა შორის, გიგას თითქმის ყველა სიმღერა, რომლებსაც დღეს რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად მღერიან, საქართველოშია დაწერილი და ყველა მე მეძღვნებოდა.
– შენ გიგა კვენეტაძის პროდიუსერიც იყავი. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა მომღერლის პროდიუსერი მისი საყვარელი ქალის ამპლუაში?
– ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. მაშინ ქართველ მომღერლებს საერთოდ არ ვიცნობდი. მახსოვს, ბათუმში ვიყავი და მეგობართან ერთად მანქანით ვსეირნობდი. უცებ რადიოში გიგას სიმღერა გაჟღერდა. ისეთი სიტყვები იყო, გულში ჩამწვდა. ვიკითხე, ვინ მღერის ამ სიმღერას-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მიპასუხა – გიგა კვენეტაძეო და, მეც ვუთხარი, თბილისში მივდივარ, ეს ბიჭი უნდა გავიცნო და ყველა სიმღერა ჩემზე უნდა ვამღერო-მეთქი. ვიზუალურადაც არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა. ასეც მოხდა: „16 რაუნდში“ ვიყავი მეგობრებთან ერთად, სადაც გიგას და ოთიკო ანდრიაძის დუეტი მოვისმინე. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო სიმღერა – „როგორ მინდა, მოგეფერო,“ რომელიც მართლა ძალიან მომწონდა, მაგრამ გიგას არ ვიცნობდი. კონცერტის დროს გიგა ჩვენგან შორიახლოს იჯდა. მიმტანს ვთხოვე, ორი ბოთლი შამპანური და ხილის დიდი და განსხვავებული ასორტი გიგას მაგიდასთან მიეტანა. და ვთხოვე, ეთქვა, რომ ეს მისი ფანისგან იყო გამოგზავნილი. ეს სცენა არასდროს დამავიწყდება. გიგა დაიბნა, აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, ვინ იყო მისი თავგამოდებული ფანი. წასვლას ვაპირებდით, რომ ჩემმა დაქალმა პროტესტი გამოთქვა: მე ამას ასე ვერ დავტოვებ, რატომ არ უნდა იცოდეს, ვინ გაუგზავნა ასეთი კარგი საჩუქარიო. სანამ საპირფარეშოში გავედი, ყველაფერი მოაგვარა და, უკან რომ დავბრუნდი, გიგა უკვე ჩვენს მაგიდასთან იჯდა. აი, ასე გავიცანი გიგა კვენეტაძე. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, მერე ურთიერთობაც დროთა განმავლობაში აეწყო. მისი პროდიუსერი კი მოგვიანებით გავხდი. პროდიუსერობის ნიჭი ჩემში გიგამ აღმოაჩინა. მას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს მე ქართულ შოუ-ბიზნესში მიცნობენ. ცოტა ხნით, მაგრამ „პირველი სტერეოს“ მუსიკალური არხის ხელმძღვანელიც ვიყავი და ეს ყველაფერი გიგას გაცნობის შემდეგ მოხდა.
– ერთმანეთს რით ანებივრებდით ამ წლების განმავლობაში?
– გიგა თავისი ლამაზი სიმღერებით მანებივრებდა. მეტყოდა: ნინო, სიმღერა დაგიწერე, მოდი, მოისმინეო. დღითიდღე მისი შექმნილი სიმღერები ერთიმეორეზე უკეთესი იყო. დღეს გიგას სწორედ ის სიმღერები იყიდება რუსულ შოუ-ბიზნესში, რომლებიც თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემთვის არის დაწერილი. გიგა ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანია, ძალიან ერთგული და თავშეკავებული პიროვნებაა.
– თავად რით ანებივრებდი გიგას?
– მეც ჩემებურად ვანებივრებდი. მე ის გაგება არ მაქვს, რომ ამბობენ, კაცი უნდა აკეთებდეს ყველაფერსო. ჩვენთან ასე არ ხდება, ყველაფერი ერთობლივი გვაქვს: თუ გვაქვს, ორივეს გვაქვს, თუ არა და – არც ერთს. ყოფილა შემთხვევა, პრემია ამიღია ან სხვა გაუთვალისწინებელი თანხა გამოჩენილა. უცებ გიგასთვის მითქვამს: გიგა, ხვალ ბაკურიანში მივდივართ, ან გუდაურში. ასეთი სიურპრიზები ხშირად მომიწყვია მისთვის. გარდა ამისა, ერთმანეთს სხვადასხვა ნივთითაც ვანებივრებდით, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია – სიყვარულს არ ვაკლებდით.
– როდის და სად უნდა დააკანონოთ თქვენი ურთიერთობა? ასევე, მაინტერესებს გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავთ, თუ ვიწრო წრეში?
– მართალია, რაღაც საკითხებზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ერთ აზრამდე მივალთ. რომ გითხრა, დოლ-გარმონი იქნება, თეფშების მტვრევა წავა, „ვისია ქალი ლამაზს“ იმღერებენ და ასე შემდეგ – ასე არ იქნება. ვნახოთ. როგორც იცით, ძალიან დიდი წრე მყავს როგორც შოუ-ბიზნესში, ასევე სპორტში, მთავრობაში, ხელოვნებაში. ყველა რომ დავპატიჟო, დამიჯერე 5 000 კაცს ავცდებით. მაგრამ, ვეცდებით, უახლოესი ადამიანები არ გამოვტოვოთ, რომლებსაც გაუხარდათ ჩვენი გადაწყვეტილების გაგება. 5 000-კაციან, გრანდიოზულ კონცერტს ნამდვილად არ ვგეგმავთ. ალბათ, ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნავთ, სადაც 100 კაცამდე სტუმარი გვეყოლება დაპატიჟებული. სად გადავიხდით – არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ქორწილი საქართველოში უნდა გადავიხადოთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჯვარი ქუთაისში, გელათის ან ბაგრატის ტაძარში დავიწეროთ. მართალია, მოსკოვში არის ქართული ეკლესია, მაგრამ, მინდა, ჩემმა მოძღვარმა საქართველოში დამწეროს ჯვარი.
– თქვენი მეჯვარეები ვინ იქნებიან?
– გიგას მეჯვარე დათო ხუჯაძე იქნება, ჩემი კი – ჩემი სეხნია, მოსკოვში მცხოვრები ნინო წიკლაური.