ვის დაუკავშირა თავისი მომავალი ცხოვრება „ახალ კარმენად“ და „მსოფლიოს ახალ ვარსკვლავად“ წოდებულმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა, რომელსაც წელს „ლა სკალას“ სეზონის გახსნა სთხოვეს
ქართველები რომ მართლაც ნიჭიერი ხალხი ვართ, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მეცო-სოპრანო 25 წლის ანიტა რაჭველიშვილმა. ანიტა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, თუმცა უამრავ ქვეყანაში უწევს გასტროლებზე ჩასვლა. კრიტიკოსები ანიტას დასახასიათებლად ეპითეტებს ნამდვილად არ იშურებენ – მას „ახალი კარმენი“ უწოდეს და დიდი მსოფლიო კარიერაც უწინასწარმეტყველეს. მის საოცარ ხმასა და არტისტიზმს ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა. ამ ყველაფერთან ერთად, ანიტა საოცრად თბილი, თავმდაბალი და უშუალო ადამიანიც აღმოჩნდა.
ანიტა რაჭველიშვილი: დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან: მამა ბას-გიტარისტი და კომპოზიტორია, მაგრამ, სოციალური მდგომარეობის, გაჭირვების გამო მას მშენებლობებზე მოუწია მუშაობა, თუმცა ახლა საქართველოში ამ სფეროს ერთ-ერთ მაღალი დონის სპეციალისტად მიიჩნევა. რაც შეეხება დედას, ის მოცეკვავე იყო, თავიდან ბალეტზე დადიოდა, შემდეგ ქართულ ხალხურ ცეკვებში განაგრძო კარიერა, სხვადასხვა პროფესიონალურ ანსამბლში ცეკვავდა. თავისი სკოლაც ჰქონდა, სადაც ბავშვებს ამეცადინებდა, მაგრამ აქაც გაჭირვებამ შეუშალა ხელი, სტილისტობა ისწავლა და ახლაც სილამაზის სალონში მუშაობს.
– ალბათ, თავიდანვე გამოირჩეოდი სიმღერის ნიჭით.
– ბავშვობიდან ვმღერი. ფორტეპიანოზე ვუკრავდი და სიმღერებს ვწერდი საქართველოზე, სიყვარულზე, ბუნებაზე. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი მშობლების დაჟინებული თხოვნით, ვოკალის პედაგოგი მოვძებნეთ და კონსერვატორიისთვის დავიწყე მომზადება ქალბატონ მზია დავითაშვილთან. კონსერვატორიაში ჩაბარების ჩემდეგ ჩემი პედაგოგი გახდა მანანა ეგაძე. ჩემი სიყვარული კლასიკური მუსიკისა და ოპერისადმი, მათი დამსახურებაა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი ძალიან რთული იყო, მაგრამ არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა და ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო რამ მასწავლეს. ძალიან ბევრ კონცერტში ვმონაწილეობდი და კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში ბევრ სპექტაკლში ვიმღერე. ასევე, მომანიჭეს პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის სახელობის სტიპენდია.
– რა იყო შენი პირველი სერიოზული წარმატება?
– ჩემი პირველი სერიოზული წარმატება „ლა სკალას“ აკადემიაში სწავლის პერიოდს უკავშირდება. „ლა სკალას“ თეატრში ვიმღერე სპექტაკლ „ფიგაროს ქორწინებაში“ ქერუბინოს პარტია და ძალიან დიდი წარმატება მოვიპოვე.
– როგორ აღმოჩნდი „ლა სკალაში“? როგორც ვიცი, ამაში ძალიან დაგეხმარნენ მშობლები.
– 2007 წელს გავიგეთ, რომ ჩემი პედაგოგი მანანა ეგაძე, უკურნებელი სენით იყო ავად. მას არ უნდოდა ჩემი სხვა პედაგოგისთვის „გადაბარება“ და ერთად გადავწყვიტეთ, რომ მილანში წავსულიყავი და „ლა სკალას“ აკადემიაში გამოცდების ჩაბარება მეცადა. 400 კაცი მონაწილეობდა შესარჩევ ტურებში და მათგან სულ შვიდმა ჩავაბარეთ. სასწავლებლად წასასვლელად ჩემმა მშობლებმა ბინა დააგირავეს. ჩემი ყოველთვის სჯეროდათ და ყოველთვის გვერდში მედგნენ, ერთ მუჭად შეკრული ოჯახი ვართ. ბინის გამოსყიდვას წელიწად-ნახევარი მოვუნდი – „ლა სკალას“ სტიპენდიის ნახევარზე მეტს თბილისში ჩემს მშობლებს ვუგზავნიდი და, საბოლოოდ, გამოვისყიდე.
– როგორი იყო შენი ცხოვრების იტალიური ეტაპი? ალბათ, თავიდან გაგიჭირდა ახალ გარემოსთან, ადამიანებთან შეგუება, ცხოვრების სტილის შეცვლა...
– იტალიაში თავიდან ძალიან გამიჭირდა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პირველად მივდიოდი ჩემი სამშობლოდან და ჩემი ოჯახიდან შორს; მარტო ცხოვრებას არ ვიყავი მიჩვეული. თანაც, ჩემი პედაგოგი მილანში ჩემს წასვლამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა. რთული იყო პირველი თვე, მაგრამ იტალიელები არაჩვეულებრივი ხალხია და ბევრი მეგობარი გავიჩინე, გვერდში დამიდგნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. ენაც სწრაფად ავითვისე და აქაურ საზოგადოებასაც უცებ შევეგუე. იტალია ჩემი მეორე სამშობლო გახდა, ახლაც აქ ვცხოვრობ და, როდესაც სხვა ქვეყნებში ვარ წასული, იტალია ისევე მენატრება, როგორც საქართველო.
„ლა სკალას“ აკადემიაში სწავლაც რთული იყო. საერთოდ, აკადემიის სისტემა ძალიან ცუდია მომღერლისთვის. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა პედაგოგთან გიწევს მუშაობა, ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს და სხვადასხვა ტექნიკას გასწავლიან. მომღერალს ეს გაზრდაში არ ეხმარება, პირიქით, ტექნიკური და ვოკალური პრობლემების რიცხვი იზრდება. საბედნიეროდ, აკადემიის გარეთ ვიპოვე პედაგოგი, რომელთანაც აკადემიაში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი და ახლაც მასთან დავდივარ. მას დევიდ ჰოლსტი ჰქვია, არაჩვეულებრივი პედაგოგია. აკადემიას რაც შეეხება, იქ ვისწავლე, თუ რა რთულია ამ სამყაროში გზის გაკვლევა და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ისეთ არაჩვეულებრივ მომღერლებთან ვიმუშავე, როგორებიც არიან: ლეილა გენჩერი, მირელა ფრენი, რენატო ბრუსონი, ლუჩიანა სერა, ლუის ალვა და არაჩვეულებრივი რეჟისორი მარკო განდინი. ჩემდა საბედნიეროდ, პედაგოგები ჩემით პირველი დღიდანვე ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ბევრ კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას. აკადემიაში სწავლის პირველივე წელს ვიმღერე „ლა სკალას“ თეატრის სპექტაკლში – პუჩინის „ტრიტიკოში“. მონაზონი ზალატრიჩეს პარტია. შემდეგ იყო მოცარტის „ფიგაროს ქორწინებაში“, ქერუბინოს როლი, პიზეტის „მკვლელობა კათედრალზე“ – გუნდის ლოტბარის როლი. არაჩვეულებრივი იყო თეატრში მუშაობა, ზღაპრული თეატრია და ყველა მომღერლის ოცნებაა იქ სიმღერა.
– როგორც ვიცი, წელს „ლა სკალაში“ სეზონი გაიხსნა სპექტაკლით „კარმენი“, რომელშიც შენ ასრულებდი კარმენის პარტიას.
– 2009 წლის აპრილში „ლა სკალას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა, სტეფან ლისნერმა დამიბარა და მითხრა: ძალიან ბევრი მეცო-სოპრანო მოვისმინეთ მე და მაესტრო ბარენბოიმ და გადავწყვიტეთ, რომ 2009-2010 წლების თეატრის სეზონს შენ გახსნი „კარმენითო“. ეს ჩემთვის ამაღელვებელი და არაჩვეულებრივი ცნობა იყო. ჩემი და ჩემი ოჯახის ოცნება სრულდებოდა – მსოფლიოში წამყვან თეატრში ვიმღერებდი მთავარ პარტიას. მომზადება როლისთვის ძალიან ხანგრძლივი და რთული იყო. საფრანგეთშიც კი წავედი მარია კალასის პედაგოგთან სამეცადინოდ, რომელიც პიანისტია და შესრულების მანერაში, ფრანგულ ენაში ამეცადინებს მოსწავლეებს. ძალიან დამეხმარა.
– როგორი იყო შეფასებები, კრიტიკა, გამოხმაურება? როგორც ვიცი, ჯერ არ იყო სპექტაკლი დასრულებული, როდესაც შენმა აგენტებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თეატრებიდან მიიღეს შემოთავაზებები.
– ზოგიერთმა კრიტიკოსმა ჩემს გამოსვლას „ტრიუმფალური“ უწოდა. ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერას, ჩემს შესრულებულ როლს. ამის დასტური ის არის, რომ ჩემმა აგენტმა, მეორე აქტის დასრულებისთანავე, ელექტრონულ მისამართზე 53 სხვადასხვა შემოთავაზება მიიღო, თანაც, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრიდან. პრემიერას პირდაპირ ეთერში მსოფლიოს 120 ქვეყანაში აჩვენებდნენ. არაჩვეულებრივი გრძნობა მქონდა – მსოფლიოს 120 ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გვიყურებდა.
– სხვადასხვა ინტერნეტ-საიტზე ვნახე, როგორ წერენ შენზე აღფრთოვანებით, რომ შენ გაქვს საოცარი ხმა, არაჩვეულებრივი არტისტიზმი, ხარ მსოფლიო ოპერის ახალი ვარსკვლავი და წინ მსოფლიო კარიერა გელოდება.
– დიახ, „ახალი კარმენი“ მიწოდეს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამოსვლას. ძალიან ვღელავდი და მეშინოდა, პრემიერა როგორ ჩაივლიდა, რადგან ჩემი დებიუტი 25 წლის ასაკში ისეთ თეატრში შედგა, სადაც უკვე ძალიან ცნობილი მომღერლები მღეროდნენ. მაესტრო ბარენბოიმისა და რეჟისორ ემმა დანტესის დახმარებით გავუმკლავდი ყველაფერს, მთელი თეატრი მედგა გვერდში და ძალიან მეხმარებოდნენ.
– როგორც ვიცი, ხშირად დადიხარ გასტროლებზე. ახლახან „კარმენი“ კანადაში, ტორონტოში შეასრულე. მომიყევი კანადური წარმატების შესახებ. კიდევ რა გეგმები გაქვს?
– 17 თებერვალს შედგა ჩემი დებიუტი კანადაში – ტორონტოში, „კარმენი“ ვიმღერე, წარმატებით გამოვედი. 2014 წლამდე ყველაფერი დაგეგმილი მაქვს: ბერლინის თეატრში ვმღერი, „ლა სკალას“ თეატრში – 2010, 2011 და 2012 წლებში. ასევე, დაგეგმილი მაქვს გამოსვლები ტოკიოში, მოსკოვში, სალერნოში, ვერონაში. 2011 წლის თებერვალში ჩემი დებიუტი შედგება ვალენსიის თეატრში – ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინში“ ოლგას პარტიას შევასრულებ. ამავე წლის აპრილში ამსტერდამში მაქვს დებიუტი, შევასრულებ ჩემს უსაყვარლეს დალილას პარტიას სენ-სანსის ოპერაში „სანსონი და დალილა“.
– როგორ ცხოვრობს ანიტა ევროპაში, როგორია შენი იტალიური ცხოვრების სტილი?
– იტალიაში ცხოვრება არაჩვეულებრივია. ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ, როცა თავისუფალი დრო მრჩება, ვცდილობ, ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარო, რომლებსაც იშვიათად ვნახულობ და ძალიან მენატრებიან. წვეულებებზე სიარული არ მიყვარს, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, სადაც ჩემი მეგობრები არ იქნებიან. წყნარი ცხოვრების სტილი მაქვს და ხმაურიან გართობას სიმშვიდეს, სახლში საყვარელ ადამიანთან ერთად კარგი ფილმის ყურებას ვამჯობინებ.
– როგორც მივხვდი, გათხოვილი ხარ, ვინ არის შენი მეუღლე?
– რამდენიმე თვის წინ გავთხოვდი. ჩემი მეუღლე იტალიელია, ისიც მომღერალია – ტენორი. „ლა სკალას“ აკადემიაში ერთად ვსწავლობდით და ვმეგობრობდით, ყოველთვის გვერდში მედგა, მეხმარებოდა. არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენი მეგობრობა ქორწინებით დავაგვირგვინეთ. მას საქართველო ძალიან უყვარს და უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა. მარტში ჩამოვდივარ თბილისში, 10 მარტს ჩემი პედაგოგის – მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ვიმღერებ ორკესტრთან ერთად. ღონისძიება ტარდება კონსერვატორიის რექტორის, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილისა და მანანა ეგაძის ოჯახის ორგანიზატორობით. თბილისში ჩამოსვლას ხშირად ვაპირებ, მინდა, სხვადასხვა ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა.