რით ვერ აცდუნეს გიორგი სუხიტაშვილი და ვინ გადაარჩინა მისი სიყვარული
ჯეოსტარელი გიორგი სუხიტაშვილი იღბლიანი ადამიანია – ერთ მშვენიერ დღეს, როცა ცხოვრებამ ყველაზე დიდი სიურპრიზი მოუწყო, მის ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. ამ სიურპრიზმა, ბევრ სიკეთესთან ერთად, ტკივილი და მძიმე დღეებიც არგუნა, თუმცა გიორგიმ ამ სირთულის გადალახვა მაინც შეძლო – დღეს მისი მედალი მუდმივად „არიოლზე“ ზის და თითქმის ყველაფერი აქვს, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება: კარგი ოჯახი, ერთგული მეგობრები, საყვარელი საქმე და მემკვიდრეობა, რომელიც სახელმწიფო განძზე უფრო ძვირფასი აღმოჩნდა მისთვის...
გიორგი სუხიტაშვილი: თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ყველაფერი, რაც გამაჩნია, არის დიდი მადლი, რაც უფლისგან მერგო. პირველ ყოვლისა, გამიმართლა, რომ მაქვს სიმღერის ნიჭი, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე. ცხოვრებაში ძალიან ბევრ „ფრონტზე“ გამიმართლა: დავიბადე გორში, სკოლაც იქ დავამთავრე, თუმცა ბავშვობა სოფელ კარალეთში გავატარე. სახლი გორშიც გვქონდა, მაგრამ სოფლელი ბიჭი ვიყავი და მიყვარდა კარალეთში ყოფნა – სკოლაში სოფლიდან დავდიოდი. მაშინ ჩემი ოცნება იყო, მომღერალი გამოვსულიყავი, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამეს მივაღწევდი და ამ ოცნებას ავისრულებდი. მამაჩემი მუსიკოსია და ყველანაირად მეხმარებოდა, თუმცა, იმ პირობების ფონზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დიდ მიზნებზე ოცნება წარმოუდგენელი იყო. არ მინდა, ვინმემ ისე იფიქროს, თითქოს საკუთარი წარსულით უკმაყოფილო ვარ, პირიქით, ვგიჟდები ჩემს კარალეთზე, მაგრამ, სოფელში ასაფრენი ბილიკი ვიწროა და, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა შენს ცხოვრებაში, შესაძლოა, ვერაფერსაც ვერ მიაღწიო. სწორედ ეს „რაღაც“ არის იღბალი. როცა თბილისში ჩამოვედი, აქ ძალიან დიდი ასპარეზი დამხვდა: თეატრალური ინსტიტუტი, ჩემი ჯგუფი „ვივო“, სადაც ჩამოვყალიბდი როგორც მომღერალი. იღბლისა და საკუთარი თავის წყალობით, ბავშვობის დროინდელი ყველა ოცნება რეალობად იქცა.
– როგორ ფიქრობ, რომ არა „ჯეოსტარი,“ შენი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა?
– ამდენი რამ ნამდვილად არ შეიცვლებოდა. იმ პერიოდში ხშირად ამბობდნენ, თითქოს ამ კონკურსზე იმიტომ გავიმარჯვე, რომ მაშინ კონფლიქტი იყო გამწვავებული. ეს ხმები თავიდან ძალიან მტკენდა გულს, მაგრამ მერე მივეჩვიე. ბოლო წლებში ჩემს რეგიონში კონფლიქტი მუდმივად იყო, მაგრამ მე „ჯეოსტარის“ ფინალისტი არ ვიყავი. იმ წელს ნამდვილად არ მემღერებოდა და კონკურსში მონაწილეობა გადაფიქრებულიც კი მქონდა, მაგრამ მოხდა ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ: იმ პერიოდში პეკინის ოლიმპიადა იყო, ინტერნეტით რამაზ ნოზაძეს ვესაუბრებოდი და, რამაზის შემართებამაც, სამშობლოსთვის წარმატება მოეტანა იმ მძიმე დღეებში, ძალიან იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე; კულმინაცია იყო ცირეკიძის მოგება და მისი ჟესტი, როცა თითებით ზურგზე მინიშნებული „გეო“ აჩვენა. ეს იყო ყველაზე დიდი ბიძგი და მე წავედი „ჯეოსტარის“ ქასთინგზე. ჩემს გამარჯვებაში მთავარი იყო იღბალი, მაგრამ, შრომაც აუცილებელია. არსებობს ისეთი გამონაკლისებიც, როცა ადამიანები შრომობენ, მაგრამ იღბალი არ სწყალობთ. ასეთი პერიოდები ჩემს ცხოვრებაშიც იყო, ბევრჯერ არ გამიმართლა, მაგრამ, როცა იღბალი შანსს გაძლევს, ის ხელიდან არ უნდა გაუშვა და აუცილებლად უნდა გამოიყენო. იმ გზაზე, რაც მე გავიარე, „ჯეოსტარი“ იყო ყველაზე დიდი შანსი რაც მე აქამდე მომეცა.
– შენს ცხოვრებაში ერთ დღეს მოვიდა დიდი წარმატება, რასაც დიდი პოპულარობაც მოჰყვა. ემოციურად ეს როგორ მიიღე?
– თავში ამივარდა თუ არა პოპულარობა? (იცინის). არა, ეს ნამდვილად არ იყო. როცა ერთ დღეს შენთან ყველაზე დიდი და მოულოდნელი წარმატება მოდის, არის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ, უაღრესად რთული. ძალიან ძნელია იმის შენარჩუნება, რასაც იღბალი გაძლევს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რასაც არ უნდა მიაღწიოს, თავის წარსულთან კავშირი არ უნდა გაწყვიტოს. მე ისევ იმ სოფლელ ბიჭად დავრჩი, მყავს ისევ ის მეგობრები, ვისთან ერთადაც აქამდე მოვედი. ისევ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი – ალბათ, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გამართლება. ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო მამაჩემი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კაცად, პიროვნებად, ქართველად ჩამოყალიბებაში. ის ყველაფერში გვერდში მიდგას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ოჯახი, რაც ადამიანისთვის დიდი სიმდიდრეა. მყავს არაჩვეულებრივი ბაბუა და ბებია, რომლებიც ჩემს დასთან, ძმასთან და მშობლებთან ერთად იყვნენ ჩემი ორბიტის ყველაზე უღალატო წევრები (იცინის). მათგან დიდი სიყვარულით ვარ განებივრებული, როცა პატარა ვიყავი, ბაბუასთან ერთად სოფლის საქმეებს მეც ვაკეთებდი. დღესაც მაქვს ჩემი იარაღები – ბარი, თოხი, ცელი. ბაბუას მემკვიდრეობა იყო პატარა ხერხი და ნამგალი, რომელსაც იმ პერიოდში ჩემთვის სახელმწიფო განძის მნიშვნელობა ჰქონდა (იცინის).
– პირად ცხოვრებაში თუ ხარ იღბლიანი?
– ალბათ, ამ მხრივაც მიმართლებს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ლამაზი არ ვარ, არასდროს მაკლდა თაყვანისმცემლები (იცინის). ხომ არიან ძალიან ლამაზი ტიპები, მე ვიცი, რომ მათ რიცხვში არ ვარ, თუმცა, გოგონებისგან ყურადღება არასდროს დამკლებია – ეტყობა, მეც ჩემი შარმი მაქვს. ზოგს სიმღერით მოვწონდი, ზოგს სხვა თვისებების გამო. ადამიანის შეფასებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზროვნება. ქალებსაც ამის მიხედვით ვაფასებ. უტვინო ქალები, რაც უნდა ლამაზები ყოფილიყვნენ, არასდროს მაინტერესებდა.
– როგორც ჩანს, „ანკესებს“ ხშირად აგდებდი.
– კი, ძალიან ხშირად (იცინის). ყველანაირ ქალზე მინადირია, მაგრამ, რაც დავოჯახდი, მოვჭკვიანდი. როდესაც „ჯეოსტარის“ წყალობით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ჩემი პირადი ცხოვრება აირია. პოპულარობას აღვიქვამდი, როგორც ბოროტ ადამიანს, რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას შეცვლით ემუქრებოდა, ამისთვის მე კი ვიყავი მზად, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფები არ იყვნენ მზად. მე მზად ვიყავი, რომ ამ პოპულარობის შემოტევებისთვის გამეძლო და თავი არ დამეკარგა. იყო პატარ-პატარა „ბრძოლები“, მაგრამ საბედნიეროდ, მე და ჩემმა მეუღლემ შევძელით ჩვენი სიყვარულის გადარჩენა. მედალს ორი მხარე აქვს, მაგრამ ჩემს მედალზე წინაც და უკანაც ერთი და იგივე რამ „ხდება“ – ჩემთან ყოველთვის „არიოლია,“ ვცდილობ, ასე დავინახო და ასე აღვიქვა.
– აზარტულ თამაშებში გიმართლებს, ოდესმე რამე მოგიგია?
– არაფერი განსაკუთრებული. პატარა ვიყავი, როცა ქუჩაში რაღაც ლატარია ვითამაშე და თმის ფენი მოვიგე. ჯერ ვერც კი მივხვდი, ეს ფენი რა იყო. როცა მითხრეს, რისთვის იყო საჭირო, ვყოყმანობდი, წამეღო თუ არა სახლში. ვფიქრობდი, თავში არ მომხვედროდა, არ ეთქვათ – ეს საიდან მოიტანეო, მაგრამ პრიზი მაინც წავიღე სახლში და დედაჩემს ვაჩუქე, აბა, მე რად მინდოდა? (იცინის) საკმაოდ უიღბლო ვიყავი სპორტულ ღონისძიებებში. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს და სოფლებს შორის ტურნირებს ვაწყობდით. ძალიან ბევრჯერ გავხდი მსაჯების უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ წაგებისთანავე როლები იცვლებოდა და ისინი ხდებოდნენ ხოლმე ჩვენი მსხვერპლი. ვაღიარებ, რომ ჩვენი მხრიდან მათზე არცთუ მსუბუქი ძალადობები ხდებოდა (იცინის).
საერთოდ, აზარტული თამაშები არ მიტაცებს. მე არ დავდივარ კაზინოში სათამაშოდ, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ, ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად და, მხოლოდ „დამკვირვებლის“ სტატუსით. ბევრჯერ უთქვამთ: მოდი, შენ არიფი ხარ, ითამაშე და გაგიმართლებსო, მაგრამ მე არ ვრისკავდი და ამ ცდუნებას ვუძლებდი – პრინციპი მაქვს ასეთი: არის ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები, რასაც არასდროს არ გავაკეთებ. კაზინოსთან არ ვმეგობრობ, მაგრამ, ტოტალიზატორში მაქვს ხოლმე კარგი მოგებები – 2 ლარით 700 ლარიც კი მომიგია. ერთხანს ეს ჩემთვის კარგი შემოსავალი იყო, მაგრამ ჩემთან ფული იოლად არ მოდის, ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომო (იცინის). შრომა არ მეზარება, ახლა დავიწყე ალბომის ჩაწერა, ვმუშაობ შესანიშნავ სტუდიაში, არაჩვეულებრივ ბენდთან ერთად. ამ ალბომის ჩაწერაში ძალიან მეხმარება ჩემი იღბლის თაიგული – „ჯეოსელი“. ამ პროექტის პრეზენტაცია მოხდება გაზაფხულზე და ყველა ქართველს ძალიან მოეწონება. ვნახოთ, როგორი რეზონანსი მოჰყვება ალბომს. ჩემი საქმე არის თეატრი, სიმღერა – მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ მინდა, რომ საქართველოდან წასვლა მომიწიოს, მაგრამ ამის აუცილებლობას უკვე აშკარად ვხედავ, თუმცა, ახლა არ მინდა ამ თემაზე საუბარი. თუ საქართველოდან წავედი, ეს ნიშნავს, რომ ძალიან გამიჭირდა. სანამ ახალგაზრდა ვარ, რაღაც უნდა მოვასწრო. ძალიან კარგია ხალხის სიყვარული, მაგრამ ამის უკან დგას ბევრი ყოფითი პრობლემა. წუწუნი არ მიყვარს, თუმცა წასვლის მეტს, ჯერჯერობით სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. არადა, ვაღიარებ, რომ არსად წასვლა არ მინდა – ჩემი სურვილია, რომ ჩემი იღბალი, ნიჭი და სიყვარული ჩემს ქვეყანაში დავხარჯო...