რას უწინასწარმეტყველებს ბრენდონ სტოუნი სოფო ნიჟარაძეს „ევროვიზიის“ კონკურსზე და რა სთხოვა მას ინდონეზიის პრეზიდენტის ცოლმა
გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი, ბესიკ შპეტიშვილი, იგივე ბრენდონ სტოუნი, წლევანდელ „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს სახელით აპირებდა გამოსვლას, მაგრამ მან ამაზე სოფო ნიჟარაძის გამო თქვა უარი, მას გზა დაულოცა, სიმღერაც დაუწერა და გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებს. ბესოს ცხოვრებაში ბევრი სიახლეა: როგორც მისგან შევიტყვეთ, ის მალე მამა გახდება, ინდონეზიაშიც აქვს პრეზიდენტის ცოლისგან ოფიციალური მიპატიჟება, მალე მისი მორიგი დისკიც გამოვა, კიევში და მოსკოვში ხშირად ეპატიჟებიან, უამრავი შეთავაზებაც აქვს და, ამის გამო, ვერა და ვერ მოახერხა საყვარელ დედაქალაქში – თბილისში ჩამოსვლა.
– ბესო, „ევროვიზიის“ კონკურსზე გეგმავდი საქართველოს სახელით გამოსვლას. რატომ თქვი უარი და იყო თუ არა ამის მიზეზი შენი და სოფო ნიჟარაძის დიდი ხნის მეგობრობა?
– რასაკვირველია, ჩემი და სოფოს მეგობრობა ამის მთავარი მიზეზია. რომ გავიგე, სოფო აპირებდა „ევროვიზიაზე“ გამოსვლას საქართველოს სახელით, იმწუთას შევცვალე ჩემი გეგმები და უარი ვთქვი მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენ დაახლოებით ხუთი წლის მეგობრობა გვაკავშირებს. მოსკოვში გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ საოცრად კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მიყვარს სოფო, უსაყვარლესი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი გოგოა. ვიცნობ მის შემოქმედებას, მოსმენილი მაქვს მისი ნამღერი და „ევროვიზიაზე“ მის წარმატებაში ეჭვიც არ მეპარება.
– ვისი იდეა იყო, რომ კონკურსზე სოფოს შენი სიმღერა ემღერა?
– ეს სოფოს იდეა იყო. ნათია უზნაძე დამიკავშირდა და მითხრა, სოფომ შენ შესახებ ბევრი გვიამბო, შენი სიმღერები მოსმენილი აქვს, ძალიან მოსწონს და, ხომ არ გაქვს ისეთი სიმღერა, რომელიც „ევროვიზიისთვის“ იქნება მისაღები და სოფოც კარგად მოირგებსო. ექვსი სიმღერა მაქვს და, ექვსივე, ინგლისურენოვანი-მეთქი, სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სიმღერა გამოვუგზავნე სოფოს. იქიდან ერთი აარჩიეს, რომელსაც „დამირეკე“ ჰქვია. რომ დამირეკეს და მითხრეს, ეს სიმღერა ავარჩიეთო, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა.
– რატომ გაგიკვირდა?
– სოფოს უფრო სამიუზიკლო, ლამაზი ხმა აქვს და, მეგონა, ბალადას ან ძალიან ხმიან სიმღერას აირჩევდნენ, მაგრამ, შევცდი. ეს სიმღერა ლედი გაგას, ბრიტნი სპირსისა და ჯენეტ ჯეკსონის სტილში მაქვს დაწერილი. სოფო ჩემთან ერთად გამოდიოდა „ახალ ტალღაზე“. კარგად ვიცი მისი სასიმღერო შესაძლებლობები. მაშინ სოფო რუსეთის სახელით გამოვიდა. რუსეთში რომ ცხოვრობდა, ხშირად ვხვდებოდით, მუსიკას ვუსმენდით, ვმღეროდით – ერთი სიტყვით, კარგად ეწყობოდა ჩვენი გემოვნება. ამის შემდეგ, მთელი ორი წელი დაკარგული გვყავდა ერთმანეთი. არ ვიცოდი, საქართველოში თუ დაბრუნდა. რომ გავიგე, „ევროვიზიაზე“ აპირებდა გამოსვლას საქართველოს სახელით, როგორღა გადავეღობებოდი წინ? წელს სოფომ გვასახელოს, მომავალ წელს კი, ვეცდები, მე გამოვიდე, რა პრობლემაა?! აუცილებლად ჩავალ და დავესწრები კონკურსს. ვუგულშემატკივრებ სოფოს.
– ბესო, როგორც ვიცი, უკრაინელ კონკურსანტსაც შენ დაუწერე სიმღერა. ეს შენი იდეა იყო?
– ვასილი ლაზაროვი, რომელიც უკრაინას წარმოადგენს, სიმღერებს არჩევდა. ამ შესარჩევ სიმღერებში ჩემი სიმღერაც არის. ვნახოთ, გადაწყდება თუ არა, რომ ჩემი სიმღერით წარდგეს „ევროვიზიაზე“. ეს მომღერალიც კონკურს „ახალ ტალღაზე“ გავიცანი და დავუმეგობრდი. ვასიამ რომ დამირეკა და მთხოვა, თუ შეგიძლია, „ევროვიზიისთვის“ სიმღერა დამიწეროო, არც დავფიქრებულვარ, ჩავედი უკრაინაში და იქ დავუწერე. კონსერვატორიაში საათობით ვისხედით და სპეციალურად მისთვის ვქმნიდით ამ სიმღერას. ჩავწერეთ და, გამოგიტყდებით, კარგი და ლამაზი ბალადა გამოვიდა.
– აქტიურად ხარ ჩაბმული შოუ-ბიზნესში. სულ ახლახან დაოჯახდი და შვილსაც ელოდები. საქართველოში გეგმავდი ჯვრისწერას. რატომ გადაიფიქრე?
– სულ გადარბენაზე ვარ, ჰაერში ვატარებ ჩემს ნახევარ ცხოვრებას (იცინის). მოსკოვიდან მქონდა შემოთავაზებები, დისკზეც ვმუშაობდი, რომელიც სულ მალე გამოვა. ისეთი გიჟური სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ ვერა და ვეღარ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა. ერთ რამეს გაგიმხელთ, რაზეც ძალიან მწყდება გული: საიდან აღარ მირეკავენ, ყაზახეთიან, მოსკოვიდან, უკრაინიდან; სად აღარ მიწვევენ, მაგრამ საქართველოდან ზარი არ არის. არადა, სულ ვამბობ, ბრენდონ სტოუნი კი ვარ, მაგრამ მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბესიკ შპეტიშვილად დავრჩები-მეთქი. ძალიან მინდა, ჩემი უკრაინელი მეუღლე ჩამოვიყვანო თბილისში, მაგრამ, უახლოეს მომავალში, ალბათ, ვერ მოვახერხებ, რადგან მალე ბავშვს ველოდებით და მშობიარობა უწევს. გადაწყვეტილი მაქვს, მშობიარობას დავესწრო და, თუ ბიჭი მეყოლა, პაპაჩემის სახელი – რიჩარდი დავარქვა, თუ გოგო იქნება, მაშინ ჩემს მეუღლეს ვთხოვ დახმარებას (იცინის). შეიძლება, ცოლის მშობიარობის დროს რომელიმე უცხო ქვეყანაშიც ვიყო და ვერ დავესწრო ჩემი პატარას დაბადებას. თუ კონცერტი მექნება, ხომ ვერ გადმოვფრინდები იმწუთას?! როგორც გითხარით, ფიგაროსავით ხან სად ვარ და ხან – სად. ძალიან გვინდოდა თბილისში, სამებაში დაგვეწერა ჯვარი, მეჯვარეებიც შერჩეული მყავს – ჩემი ბავშვობის მეგობრები, მაგრამ, ჯერ ვერ მოვახერხეთ. ძალიან უნდოდა ჩემს მეუღლეს თბილისის ნახვა, სულ ვეუბნები, ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია ჩემი ქვეყანა-მეთქი, რომ ინტერესში ჩავაგდე. იმედია, ბავშვის დაბადების შემდეგ მალე ჩამოვალთ, ჩემებსაც აინტერესებთ ჩემი პატარა ოჯახის ნახვა. თბილისელ მეგობრებს სულ ვესაუბრები, კასეტებს მიგზავნიან და ვუყურებ, არ ვწყვეტ კავშირს საქართველოსთან, საქმის კურსში ვარ, რა ხდება მანდ. ამას წინათ მეგობრებმა ქორწილის კასეტა გამომიგზავნეს. ვუყურე და გაოცებული დავრჩი – ქორწილში უკრავდნენ „ქუჩის მუსიკოსები“. მათ შესახებ არაფერი ვიცოდი და ძალიან მომეწონა მათი დაკრული. კომპიუტერით ვადევნებ თვალს ქართულ შოუ-ბიზნესს, მაგრამ, მირჩევნია, მანდ ჩამოვიდე და ყველაფერი თვითონ ვნახო. აქ მყავს გერმანული შოუ-ბიზნესის „ვარსკვლავი“ მეგობრები და მათთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– შარშან „იურმალის“ კონკურსზე პირველი ადგილი ინდონეზიელმა მომღერალმა აიღო. ეს ბიჭი შენი აღმოჩენილი იყო და, თუ არ ვცდები, დღეს საკმაოდ პოპულარული ადამიანია. თუ გრძელდება თქვენი მეგობრობა?
– რა თქმა უნდა, გრძელდება და ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს. ინდონეზიაში, პრეზიდენტის კონცერტებზე მღერის და მისი ოჯახის ხშირი სტუმარია. ახლახან გერმანიაშიც იყო ჩამოსული და მითხრა, ინდონეზიაში პირადი მიწვევა გაქვს პრეზიდენტის ცოლისგან, ძალიან უყვარხარ და მოსწონს შენი მუსიკაო. თან, რომ გაიგეს, სანდი სანდორო ჩემი აღმოჩენილია და მე წავიყვანე იურმალაში, უფრო მეტად გაუჩნდა სურვილი, გავეცანი პირადად. ასე რომ, როცა დრო მექნება აუცილებლად ჩავალ ინდონეზიაში და პრეზიდენტის ოჯახს პირადად გავიცნობ.
– სამომავლოდ სამშობლოში დაბრუნებას თუ გეგმავ ოჯახთან ერთად?
– მიხარია, რომ ჩემს შემოქმედებას იცნობენ საქართველოში და ბევრი მეგობარიც მყავს მანდ. რაც შეეხება დაბრუნებას, თუ ჩემს ცოლ-შვილს მოუნდება მანდ ცხოვრება, მეც დავთანხმდები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ცოლს მოეწონება ჩემი ქვეყანა და მომთხოვს საქართველოში ცხოვრებას.