ვისთან ერთად ცხოვრობს იტალიაში ანრი ჯოხაძის ძმა და რატომ ურჩევნია მას ქართველი ქალები სხვა ეროვნების ქალებს
ანრი ჯოხაძის ძმა, საოპერო მომღერალი ომარ ჯოხაძე, უკვე რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს, სწავლობს და სხვადასხვა კონცერტებში იღებს მონაწილეობას. ძმები ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგვანან და განსხვავდებიან კიდეც. რაც მთავარია, ორივე მიზანდასახული, წარმატებული და ნიჭიერი ადამიანია.
ომარ ჯოხაძე: ოზინოს აკადემიაში 2 წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ახლა სწავლა გავაგრძელე მარიო დელ მონაკოს და რენატა ტებალდის სახელობის აკადემიაში ქალაქ პეზაროში, სადაც მასტერკლასს გავდივარ და მისი დამთავრების შემდეგ, უკვე მასტერის წოდებას მივიღებ. ამ აკადემიაში ჩემთან ერთად ჩააბარა ორმა ქართველმა – ნინო გოგიჩაიშვილმა და ლაშა თითბერიძემ. ძალიან კარგ და დიდ პედაგოგებთან მიწევს მუშაობა. ესენი არიან მარიო მელანი, რომელიც ძველი სკოლის წარმომადგენელია და ასევე, ალა სიმონი. ის ქართველია, გვარად სიმონიშვილი. სიმონად არის აქ ცნობილი და ძლიერ პედაგოგად მიიჩნევენ. ამ ეტაპისთვის სწავლა არ არის რთული, პირიქით, უფრო საინტერესოა. ყოველდღიურად ახალ-ახალი ეტაპები, სირთულეები ჩნდება და როდესაც სერიოზულ პედაგოგებთან გიწევს მუშაობა, უკვე პრობლემა აღარაფერია. ქალბატონი ალა, იტალიაში ჩამოსული ყველა ქართველი მომღერლის მეორე დედა, გზის გამკვლევი და დამხმარეა, საოცრად ღვთისნიერი ადამიანია.
– სპექტაკლებში თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული?
– მაისის და ივნისის ბოლოს არის სპექტაკლები და მოსმენები მაქვს დანიშნული. ამის გარდა, სხვა კონცერტებშიც დამიძახეს. აქ იმართება კლასიკური მუსიკის საღამოები, სადაც მოდის ხალხი, რომელსაც უყვარს საოპერო, კლასიკური მუსიკა. რამდენიმე მომღერალს აგვარჩევენ ხოლმე და ამ კონცერტებში ვიღებთ მონაწილეობას.
– რა პრინციპით ხდება მომღერლის შერჩევა, კონკურენცია ნამდვილად იქნება.
– როდესაც აქ ხარ, გიცნობენ, იციან, როგორ მღერი, შესაბამისად სათვალავში ჰყავხარ და როცა კონცერტი იმართება, გეძახიან და გთხოვენ, მონაწილეობა მიიღო.
– როგორი გამოხმაურება აქვს შენს გამოსვლას, ალბათ, არის კრიტიკაც.
– კი, ძალიან საინტერესო კრიტიკა იწერება. ერთხელ დაწერეს ჩემზე, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მომღერალს მოვუსმინეთ, რომელსაც აქვს ლამაზი ხმა და გვპირდება, უფრო მაღალ საფეხურებზე ავა და დიდი მომღერალი დადგებაო.
– იტალიაში, იქ სადაც ამჟამად ცხოვრობ, სწავლობ, უკვე გაქვს შენი გარკვეული ადგილი. რთულია ახალგაზრდისთვის უცხო ქვეყანაში სწავლა და წარმატების მიღწევა?
– გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კარგი მომღერალი რომ ხარ, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შენს პიროვნებას. დახმარებას გიწევენ მეგობრები, ნაცნობები, ის ადამიანები, რომლებსაც იცნობ, იციან ვინ ხარ. აქ, როცა კარგი მომღერალი ხარ, კარგი ადამიანიც უნდა იყო, თუ გინდა, რომ წინ წახვიდე და ნელ-ნელა დასახულ მიზნამდე მიაღწიო. ანუ, მეგობრობა, ნაცნობობა და კარგი ადამიანები დამეხმარნენ ამ ყველაფერში.
– გქონია ისეთი მომენტი, როდესაც გითქვამს, დავიღალე და უნდა დავბრუნდე საქართველოშიო?
– არა, ჩემი საქმით არასდროს დავიღლები, თანაც არც რამე სერიოზული დაბრკოლება შემხვედრია. უბრალოდ, მომღერლის ხასიათია ასეთი, როდესაც „ხმაზე არ არის“, უხასიათოდაა, სახე მოღრუბლული აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ხელი ჩაიქნიო და უარი თქვა.
– რას აპირებ აკადემიის დამთავრების შემდეგ?
– როდესაც ოზინოს აკადემიაში ვსწავლობდი, უფლება არ მქონდა, გვეკრძალებოდა მოსმენებში, სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებში მონაწილეობა, ამას თუ გაიგებენ, მაშინვე გაგრიცხავენ აკადემიიდან. შემეძლო მოსმენებში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ უარი ვთქვი. იმ ეტაპზე არ მიღირდა, თანაც ძალიან დიდი რისკი იყო. რაც შეეხება მეორე აკადემიას, სადაც ახლა ვსწავლობ, ეს გაძლევს საშუალებას, შენი სურვილები განახორციელო, მიიღო მოსმენებსა და სპექტაკლებში მონაწილეობა.
– ალბათ, გართობისთვისაც გრჩება დრო.
– კი, ოზინო ძალიან მშვიდი ქალაქია, ისე მივეჩვიე ამ სიმშვიდეს, როცა დიდ ქალაქებში მივდივარ, ხმაური უკვე ქაოსად მეჩვენება. აქ დაახლოებით, ექვსი-შვიდი ქართველი სწავლობს, ხშირად ვართ ერთად. თანაც, მე ქართველებთან ერთად ვცხოვრობ.
– როდესაც ანრი გადაცემა „სიმართლის დროში“ ჩაიჭრა კითხვაზე, გშურს თუ არა შენი ძმისო, ბევრმა ეს პასუხი სწორად ვერ გაიგო და ამაზე დიდხანს საუბრობდნენ თბილისში.
– ასეთი რაღაცეები ძალიან აბსურდულია, არც უნდა დაიჯეროს ადამიანმა. როგორ შეიძლება, ჩვენს შორის რამე შურზე იყოს საუბარი!
– შენმა ძმამ მითხრა, რომ შენ მას ყველაფრით ჯობიხარ.
– ანრი უნიჭიერესი ადამიანია. მე არ ვარ მასავით ნიჭიერი. ნამდვილად მჯობია ბევრ რამეში.
– ალბათ, ჰგავხართ ერთმანეთს, თუმცა საკმაოდ განსხვავებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– რაც წლები გვემატება, მით უფრო მეტად ვემსგავსებით ერთმანეთს გარეგნობით. რაც შეეხება ხასიათს, განვსხვავდებით, თუმცა ერთი დედ-მამის შვილები ვართ და შესაბამისად, ბევრ რამეში ვგავართ კიდეც ერთმანეთს. მეც და ანრისაც საკმაოდ დამთმობი ხასიათი გვაქვს. ადრე ძალიან ფეთქებადი ვიყავი, მას შემდეგ, რაც იტალიაში მარტო ვცხოვრობ, უფრო დამთმობი გავხდი, მიმტევებელი, თავშეკავებული. როდესაც მარტო, შორს ცხოვრობ, საკუთარ ნაკლს, უარყოფით თვისებას უკეთესად ხედავ. შესაბამისად, მეც შევეცადე, რომ გამომესწორებინა ეს თვისებები და ის, რაც მოძალებული მქონდა უკვე ჩავახშე.
ჩემგან განსხვავებით სკოლის პერიოდში ანრი უფრო მშვიდი იყო, მე კი ვერცხლისწყალივით მოძრავი, ყველაფერს მოდებული, სულ აქეთ-იქით დავრბოდი. თუმცა, ერთად იშვიათად ვჩხუბობდით ვინმეს წინააღმდეგ. თანაც, ანრის არ მოსწონდა ჩხუბი, საქმის გარჩევები. ახლა, ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ მართალი იყო, მაგრამ მაშინ ძალიან მომწონდა ასეთი რაღაცეები – ვყოჩობდი და საქმის გარჩევებში, ჩხუბებში ვიღებდი მონაწილეობას. ანრი ასეთ საკითხებში ნაკლებად ერეოდა. მერე, როცა გავიზარდეთ, აი, ბოლო პერიოდში, სანამ წამოვიდოდი, მაშინ უფრო გვიწევდა ერთიანი ძალებით ჩხუბი.
– რა იყო მიზეზი?
– ხან რა, ხან – რა. ძირითადად ისეთი შემთხვევები იყო, რომ ან ანრი არ ჩანდა, ან – მე. მერე ერთ-ერთი, დავიწყებდით ჩხუბს და მეორე ეშველებოდა. ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა. ერთხელ მახსოვს, ჩხუბი მოგვივიდა და ანრი, რომ გადმოვიდა მანქანიდან გაოცებულები დარჩნენ, ვერ წარმოედგინათ, თუ შეიძლებოდა, ანრიც ჩართულიყო ჩხუბში.
– ალბათ, საკმაოდ აქტიური და დამოუკიდებელი ბავშვები იყავით.
– ძალიან აქტიურები, დამოუკიდებლები ვიყავით. დედა იცი, როგორ გვზრდიდა, 7-8 წლის ასაკში შეგვეძლო ტაქსით ორივე წავსულიყავით დეზერტირების ბაზარში, გვეყიდა ყველაფერი, რაც სახლისთვის იყო საჭირო და ისევ ტაქსით მოგვეტანა. ერთხელაც წავედით მე და ანრი, ვიყიდეთ ყველაფერი და ტაქსის მძღოლმა, რომ დაგვინახა, გვითხრა, მაჩვენეთ ვინ არის დედათქვენიო. უცებ ვერ მივხვდით, რა უნდოდა, დედას დავუძახეთ. გამოვიდა და ტაქსის მძღოლი ეუბნება, თქვენ გენაცვალეთ, ქალბატონო, 20 წლის შვილი მყავს, ბაზარში ვერ გამიგდია და 7-8 წლის ბავშვები რა ყოჩაღები არიანო.
– ვინ ანგარიშობდა?
– ორივემ, მეც და ანრიმაც ბავშვობიდან კარგად ვიცოდით ფულის დათვლა, ვერავინ მოგვატყუებდა.
– ჩხირკედელებიც იყავით?
– კი, სახლში ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, ბევრი რამ გვეხერხება. შეიძლება სახლი ვერ ავაშენოთ, მაგრამ ლურსმანს ჩავაჭედებთ კედელში და რაც დასანგრევია, დავანგრევთ.
– კერძებსაც ხომ არ ამზადებ?
– არა, სახლში დედა ამზადებდა, აქაც, რომ წამოვედი, აკადემიაში ჩემს მეგობარ მანდილოსნებთან ერთად ჩავაბარე და ისინი ამზადებდნენ.
– ანუ, განებივრებენ.
– კი, მე ვინ გამაკეთებინებს კერძებს, ესენი ისეთ კარგ საჭმელებს ამზადებენ.
– ხშირად ქართველი მამაკაცები ამბობენ, რომ ქართველ ქალებს მაინც ვერავინ შეედრებაო, შენც ამ აზრს იზიარებ?
– ქართველი ქალი ყველა ეროვნების ქალს სჯობია. მათ სხვანაირი მენტალიტეტი აქვთ, ისევე, როგორ კაცებს. პირადად მე, ოჯახის შექმნის მიზნით, ყოველთვის ქართველ ქალს ვამჯობინებ.
– ანრი მიიჩნევს, რომ იდეალური მეუღლე იქნება, შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე?
– ორივე არაჩვეულებრივი მეოჯახე და იდეალური მეუღლეები ვიქნებით. ადამიანი ყველაფერს საკუთარი ოჯახიდან იღებს, მეც და ჩემს ძმასაც ერთნაირი სულისკვეთება გვაქვს. გვინდა გვქონდეს ერთიანი ოჯახი და ვიყოთ სამაგალითო მეუღლეები, სამაგალითო მამები.