კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაიკითხა მოხსენება ნატოში ქართველმა გენერალმა მისთვის უცნობ სამ ენაზე


ის პერიოდია, როდესაც საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და, როგორც ექვსი ენის მცოდნე, ბრიუსელში მიმავლინეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გენერალთან ერთად, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ. იმ გენერალს სამინისტროში ერთ-ერთი უმაღლესი პოსტი ეკავა და ნატოში სიტყვით უნდა გამოსულიყო. პროტოკოლის მიხედვით, გენერალს რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, რომელსაც მე ვადგენდი, ხოლო დარბაზში მსხდომნი კი სინქრონული თარგმანის მეშვეობით მოისმენდნენ.

გამოსვლის წინა დღეს გენერალმა მიხმო და მეკითხება:

– ლევანა (გენერალი კუთხური აქცენტით ლაპარაკობდა), მაი ტექსტი დამიწერე?

– დიახ, ბატონო გენერალო, გამოსვლის ტექსტი უკვე მზადაა. აი, ქართული ვარიანტი და აი – რუსული, რომელიც თქვენ უნდა წაიკითხოთ-მეთქი, – ვუთხარი გენერალს და ფურცლები მივეცი.

მან ტექსტები ზერელედ გადაათვალიერა, უკან დამიბრუნა და მეუბნება:

– იცი, რა, ლევანა, შენ ხომ ბევრი ენა იცი?

– დიახ, ბატონო გენერალო, ქართულის გარდა, კიდევ ექვსი ენა ვიცი: რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და არაბული.

– სად მოასწარი ამდენი?

– ბაბუაჩემი პოლიგლოტი იყო, თვრამეტი ენა იცოდა და იმან მასწავლა.

– პოლიგლოტი რას ნიშნავს?

– ბევრი ენა რომ იცის.

– ჰოდა, მასე ვქნათ, ძამია, შენ ახლა ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულადაც დამიწერ წასაკითხ ტექსტებს, ოღონდ ქართული ასოებით და მე ეს ტექსტი ამ სამ ენაზე უნდა წავიკითხო...

რომ იტყვიან, გენერლის სიტყვებზე ტვინში დამცხა და ძალიან მორიდებულად ვუთხარი:

– ბატონო გენერალო, წესისამებრ, გამოსვლა დროშია შეზღუდული და მხოლოდ ერთ ენაზე შეიძლება-მეთქი.

გენერალმა კი კოპები შეკრა და ხმას აუწია:

– ბიჭო, პირველად გამოვდივართ ქართველები ნატოში და რუსულად ვილაპარაკოთ? რამით ხომ უნდა დავამახსოვროთ თავი! ამიტომ, რასაც გიბრძანებ, შეასრულე და ტექსტები ერთ საათში ჩემთან იყოს. წაკითხვა უნდა „დავამუღამო“ და დრო მჭირდებაო.

რაღას ვიზამდი, გენერლის გამოსვლის ტექსტი სამ ენაზე დავწერე, ოღონდ ქართული ასოებით და გენერალს ერთ საათში მივუტანე. მან ტექსტებს გადახედა, შემდეგ სარკის წინ დადგა და მათი კითხვა დაიწყო ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად. სიმართლე უნდა ვთქვა, გენერალმა ისე დაამუღამა ეს ტექსტები სამივე ენაზე, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ენების ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა.

დადგა გამოსვლის დღე და საათი. ქართველი გენერალი ნატოს მაღალ ტრიბუნაზე ავიდა და გაჭედილ დარბაზს ჯერ ინგლისურად წაუკითხა ტექსტი, შემდეგ ფრანგულად და ბოლოს გერმანულად. მართალია, ასეთი რამ პირველად მოხდა ნატოს ისტორიაში, მაგრამ ის არ გაუჩერებიათ და გამოსვლის ბოლოს მქუხარე ტაში დაიმსახურა... შესვენების დროს ქართული დელეგაციის წევრებთან ცნობილი ამერიკელი გენერალი, ჯეიმს ვუდსონი მოვიდა, ქართველ გენერალს მაგრად ჩამოართვა ხელი და მრავალი საქებარი სიტყვა უთხრა, ბოლოს ასე დაასრულა.

– როგორც განათლებულ და პოლიგლოტ კაცს, ნატოს საერთაშორისო დეპარტამენტში მუშაობას გთავაზობთო.

ქართველ „პოლიგლოტ“ გენერალს ვუდსონის ერთი სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ, უღიმოდა და „იეს, იეს“ ეუბნებოდა. ბოლოს კი, ვითომ ნერწყვი გადასცდა, ხველება აუტყდა, მაჯაზე ხელი მომკიდა და ტუალეტში წამათრია. იქაურობას რომ მოვცილდით, ხველა შეწყვიტა, გენერლის სიტყვები მათარგმნინა და მითხრა:

– ახლა მე სასტუმროს ნომერში ავალ და ვინც არ უნდა მიკითხოს, უთხარი, არ ვიცი სადაა-თქო...

ერთი სიტყვით, ჩვენ კიდევ ორი დღე დავრჩით ბრიუსელში და „პოლიგლოტი“ გენერალი არც სპეციალურ ბანკეტზე გამოჩენილა, არც პრესკონფერენციაზე და თბილისში გამოფრენამდე თავის ნომერში იყო ჩაკეტილი. გენერალი ვუდსონი კი მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა – ღმერთო ჩემო, სად გაქრა ეს სიმპათიური პოლიგლოტი ქართველი გენერალიო...

ვიცე-პოლკოვნიკ ლევან ქათამაძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3