სად ნახა ვაჟა მანიამ მეგრელი ცხენი და რატომ ეგონათ უცხოეთში ის გუნდა
„ჯეოსტარელმა“ ვაჟა მანიამ თავისი ორიგინალურობით, დამახასიათებელი სტილითა და შესრულების მანერით მაყურებლის და მსმენელის სიმპათია პირველივე გამოსვლისას დაიმსახურა. მას ქართველი ელ ჯეროც კი შეარქვეს. ვაჟა რეალურ ცხოვრებაში ძალიან მხიარული, საყვარელი და ალალი ადამიანია. აი, ისეთი, მის გვერდით ადამიანი თავს კომფორტულად და ხალისიანად რომ იგრძნობ.
ვაჟა მანია: ჩემი ყოველდღიური ცხოვრება კურიოზული სიტუაციებით არის სავსე. ძალიან აქტიური და ხალისიანი ვარ და ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებს. არ მიყვარს მუდო ადამიანები. თუ კურიოზულ ამბავში მოვხვდი, ჩემეულ, კვიმატ ხასიათს ჩავრთავ ხოლმე და ხუმრობით ვცდილობ სიტუაციის განეიტრალებას. ასეთ სიტუაციაში თავს ისევ კურიოზით თუ დააღწევ, თორემ სხვაგვარად როგორ იქნება. დამწუხრებული, დანაღვლიანებული ადამიანი ამ განწყობით შენც გთრგუნავს. ამიტომ, აუცილებელია, სულ იცინო და იხუმრო.
– მერე, ამის გამო უხერხულ სიტუაციაში არ ვარდები?
– შეიძლება, ამ დროს მართლა სასაცილო ვჩანვარ, მაგრამ აბა, რა უნდა ვქნა? ხომ არ „დავიგრუზები“? მიყვარს ხალისიან ხალხთან ურთიერთობა და მიმაჩნია, რომ ადამიანი სულ უნდა იცინოდეს, ხუმრობდეს, ოხუნჯობდეს, რომ მის გვერდით თავი კარგად იგრძნო. ბავშვობაშიც ცელქი ვიყავი. სახლში არევის და „აბურჯგვნის“ დიდოსტატად მთვლიდნენ და ასეთად დავრჩი დღემდე. ამის გამო, მშობლებმა ბევრჯერ ამიწიეს ყური და მგონი, ამის დამსახურებაა კარგი სმენა რომ მაქვს (იცინის). სკოლაშიც ვცელქობდი. არ დამავიწყდება, ერთხელ „შატალო“ დავგეგმეთ ბავშვებმა. ნაწილმა მოახერხა გაპარვა, ნაწილი კი კლასში შემოვრჩით. უფრო სწორად, დაგვიჭირეს და კლასში დაგვაბრუნეს. ატყდა ერთი ამბავი. ვიფიქრე, მე გადავრჩები-მეთქი, მაგრამ... მეც მიმაყოლეს და დამსაჯეს.
– მათაც ყური აგიწიეს?
– (იცინის). ყური არ აუწევიათ, მაგრამ მთელი კლასი დაგვსაჯეს და გამოცდა ჩაგვაბარებინეს. კი გვსჯიდნენ, მაგრამ ძალიან ცელქები ვიყავით და მაინც ვახერხებდით გაპარვას.
– ვაჟა, სასმელთან დამოკიდებულებაში როგორ ხარ, თუ გახსოვს შენი პირველი სიმთვრალე?
– მაგ დღეს რა დამავიწყებს. პატარა ვიყავი და ისე დავთვერი ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე, დედამიწაც დატრიალდა, დროც აჩქარდა და თვალებშიც კარგა გვარიანად დამიბნელდა. გონზე არ ვიყავი. ბოლო თასმა მომიღო ბოლო (იცინის). თუკი რამე შეიძლება, ადამიანს დაემართოს, ყველაფერი მჭირდა. ბოლოს იქ დავრჩი. მეგონა, არასდროს დავლევდი, მაგრამ მერეც ვეპარებოდი სასმელს.
– სანადიროდ ან სათევზაოდ თუ ყოფილხარ და საინტერესო ამბავი თუ გადაგხდენია თავს?
– ერთხელ ვიყავი სათევზაოდ. რამდენი საათი ველოდე, სანამ ანკესზე თევზი წამოეგებოდა, ვერ გეტყვით. ბოლოს, როგორც იქნა, დავიჭირე. სიხარულისგან გიჟივით ვყვიროდი. ანკესიდან რომ მოვხსენი, გამისხლტა ხელიდან და წყალში ისკუპა. ასე მითხრა თევზმა „პაკა“ და დამტოვა მშრალზე. აი, მაშინ მივხვდი, თევზაობა ჩემი სტიქია რომ არ იყო. სოფელში რომ ვართ, მამაჩემს უყვარს ნადირობა. მობილიზებული მიდის ხოლმე დათვთან შესახვედრად. მეც გავყევი ერთხელ, მაგრამ ვერაფერი მოვინადირე. ერთი პერიოდი, მამაჩემი ყოველდღე დადიოდა დათვზე სანადიროდ. წავიდოდა, მოვიდოდა... წავიდოდა მოვიდოდა.. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. ერთ დღესაც რომ დაბრუნდა სახლში, ვუთხარი, მამი, შენ დათვის სანახავად მიდიხარ ტყეში, თუ სანადიროდ-მეთქი. ბოლოს როგორც იქნა, მოინადირა და ჩემი ყბიდანაც გათავისუფლდა (იცინის).
– გავიგე, შენ გამო თვითმფრინავმა რეისი დაგვიანებით შეასრულაო. მაშინ რა მოხდა?
– მოსკოვში ვისვენებდი და იქიდან რომ მოვდიოდი, თვითმფრინავში ჩაჯდომა დავაგვიანე. უფრო სწორად, რომ მივედი, ტრაპი უკვე მოხსნილი დამხვდა. ავტეხეთ ერთი ამბავი. როგორც იქნა, დააბრუნეს ტრაპი, ავედი და სალონში რომ შევედი, ყველა მგზავრი კარისკენ იყო შემოტრიალებული და მე მიყურებდა. ვინ მოდის ასეთი, რეისი რომ ამდენ ხანს გადადესო. მე რომ დამინახეს, სახეები დაეპრანჭათ – ამის გამო ვიცადეთო?! (იცინის).
– გერმანიაში ყოფნის დროს, მართლა გადარიე შენი სათხილამურო სპორტული მონაცემებით უცხოელი ტურისტები?
– (იცინის). გადავრიე, ის სიტყვა არ არის. თხილამურებზე დგომა არ ვიცოდი. ისე სრიალებდა ყველა, მეც მომინდა. ვიფიქრე, რა უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ შევძლო-მეთქი. ჯერ ბავშვებთან ერთად ვისრიალე, მერე გავდიდგულდი და მთის წვერზე ავედი. მოვირგე თხილამურები და დავეშვი. ასე მეგონა, სამყარო ჩემი იყო და ვიპყრობდი გერმანიის დათოვლილ მთებს. უცებ, დავინახე დიდი ტრამპლინი. ნელა შევანელე სვლა და გავჩერდი. გადავიხედე და მტრისას... ვიფიქრე, ვაი ჩემს თავს-მეთქი. შანსი არ იყო, იმაზე გადავმხტარიყავი, რომ გამერისკა, ისე გავფრინდებოდი, მგონი, გერმანიიდან თბილისამდე თხილამურებით, ფრენა-ფრენით ნახევარ საათში ჩამოვსულიყავი. დავჯექი და დავიწყე ფიქრი. გავიხედე, ეშვება ხალხი მთის წვერიდან და შხუილით მოდიან. ტრამპლინზე ხტებიან და თან უკან აქვთ კისრები მოგრეხილი, მე მიყურებენ. ფიქრობენ, გიჟია, თორემ, აბა, აქ რას ზის, საიდან მოხვდა, ან რა უნდაო. ავდექი, თხილამურები იღლიაში ამოვიდე, პირჯვარი გადავიწერე, მყარად დავჯექი და ისე გავაგრძელე სრიალი. აქეთ-იქიდან უცხოელი ტურისტები თხილამურებზე სრიალით მისწრებდნენ, მე კიდევ ხელში მეჭირა თხილამურები და დამჯდარი მივსრიალებდი. ბოლოში რომ ჩავედი, გუნდასავით ვიყავი, ყველგან თოვლი მქონდა, ყურში, ცხვირში, თვალებში, იღლიებში (იცინის).
– შენმა ძმაკაცებმა მითხრეს, მაიმუნმა ბავშვობაში ისე დაგლიჯა, ძლივს გადაარჩინეს და გამოგლიჯეს ხელიდანო. ეს სიმართლეა? და, სად ნახე ასეთი აგრესიული მაიმუნი პირისპირ?
– ბავშვობაში, ზოოპარკში წამიყვანეს, ვიფიქრე, მაიმუნს ვაჭმევ-მეთქი. გადავახტი ბორდიურს და დავიწყე საჭმლის მიწოდება. ჯერ ფრთხილად მართმევდა, მერე გამოყო გისოსებიდან ხელები, მეცა, მაჯაჯგურა, სულ დამახია ტანსაცმელი. ძლივს გამოგლიჯეს ჩემი თავი. სულ დაჩხაპნილი მქონდა მთელი ტანი. აცრაც არ გამიკეთეს და კარგა ხანს ელოდებოდნენ ჩემი მშობლები, როდის დავიწყებდი ჭაღზე „კატავს“ (იცინის). ერთხელ კი ცხენიდან გადმოვვარდი და კინაღამ ვემსხვერპლე მის სიყვარულს. სულ გიჟი ცხენები მხვდება. მოკლედ, შევხტი ამირანივით ცხენზე, ვიფიქრე, ახლა ჩემს კლასს ვაჩვენებ და მაგრად გავაჭენებ-მეთქი. ჯერ მიმიშვა, მერე კი ისეთი შეხტა და შემობზრიალდა, სულ მალაყები აკეთა ჰაერში. მგონი, ის უფრო იყო მეგრელი, ვიდრე მე (იცინის). ძირს რომ ჩამოვვარდი, ქვეშ მოვყევი. ძლივს დავიძვრინე თავი, გამოვძვერი და წასვლა რომ დავაპირე, ვიფიქრე, იქაურობას გავცდე-მეთქი, არ გამომეკიდა უკან? კარგა ხანს მარბენინა. რომ შემოგეხედათ, ვერ გაარჩევდით, მე ვიყავი ცხენი თუ ის. ძლივს გადავურჩი მის სიყვარულს. ასეთი რამ გაგიგიათ? ჯერ მიმიშვა, მერე კი სულ გაგიჟდა და გადაირია. არადა, ვიფიქრე, მეგრული ცხენია, მეც მეგრელი ვარ და გავუგებთ-მეთქი. მეტი არ იყოს ჩემი მტერი. მეგრელი ცხენები რომ ჩემი ფანები არიან, კი ვიცოდი, მაგრამ თუ ასე გაიგიჟებდნენ თავს, ამას წარმოვიდგენდი? (იცინის).
– შენში როდისღა იღვიძებს მეგრული ხასიათი?
– მეგრელი კი ვარ, მაგრამ პატიოსანი მეგრელი ვარ, არ ვიტყუები (იცინის). ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, შენ რანაირი მეგრელი ხარ, ბიჭო, ვერ გავიგეთო. გაგიგიათ, ვერ ვიტყუები, თვალები მყიდის. ისე, მე თუ მკითხავთ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პატიოსანი და ოხერი მეგრელი ვარ. პატიოსანი იმიტომ ვარ, რომ ვერ ვიტყუები, „ოხრობა“ კი იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან იუმორით და სიცილ-სიცილით ვიძვრენ თავს და ეს არ მიჭირს. თუ ჩემი მეგრული კვარახჭინობა არ ჩავრთე, რაღაც-რაღაც სიტუაციებში და ისე არ დავიძვრინე თავი, აბა რაღა მეგრელი ვიქნები? დამიჯერეთ, ხანდახან ესეც საჭიროა.