კრიმინალური საუბრები
საწოლში კი ვწევარ, მაგრამ ვერ გამიგია მძინავს თუ მღვიძავს. ამ ბოლო დროს სულ ასე მემართება, თითქოს თავფეხიანად ვბუჟდები. არა, მე რომ მკითხო, სრულიად ჯანმრთელი ვარ ფსიქიკურადაც და ფიზიკურადაც, მაგრამ რატომღაც ჩემ გარშემო მყოფები ასე არ ფიქრობენ. უცნაურია, რატომ უნდა მოვიქცე ისე, როგორც ჩამჩიჩინებენ? ჰოდა, აი, გამარჯობა! რადგან არ ვიქცევი და არ ვფიქრობ ისე, როგორც ყველა, უკვე მიუღებელი ვარ. დედისამათამ, პატარა ბავშვი ხომ აღარა ვარ! 45 წლის კაცის შეცვლა არავის აღარ შეუძლია, თვით საყვარელ ქალსაც კი. მაგარია! საყვარელი ქალი იმიტომ არის საყვარელი, რომ ჩემ გადაკეთებას არ ცდილობს, ისეთი ვუნდივარ, როგორიც ვარ. მოვა ახლა ცოტა ხანში, გააღებს კარს, შემოვა, დამადგება თავზე და წამეკეკლუცება, კიდევ წევხარ? რა არის, მიბმული ხარ საწოლზეო. ხომ ვიცი როგორ უნდა ყველა ქალივით მანაც პრეტენზიული ტონით მითხრას, კიდევ გდიხარ, როდის აეთრევიო, მაგრამ ჭკვიანია. მინდა ახლა მე „წიკები“?! აი, კარის ხმაც. ხომ ვთქვი, მალე მოვა-მეთქი.
– ეი, მეგობარო, კიდევ წევხარ? ხომ ვიცი, არ გძინავს. როდის აბრძანდები? – ჩამესმა მელოდიური ხმა, მაგრამ მაინც არ ვახელ თვალებს. აი, საფერფლე აიღო და სამზარეულოში გავიდა. ახლა ყავას მომიტანს, მერე სიგარეტს მოუკიდებს და რამე სასაცილო ამბის მოყოლას დაიწყებს. შვიდი წელია, მისი არსებობით ვტკბები, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, თავშესაქცევ ამბებს თვითონ თხზავს თუ მართლა ხდება. რა უცნაური არსებები არიან ქალები, გეგონება, ყველას საერთო მამა ჰყავთ, უბრალოდ, გამოხატვის ფორმა აქვთ სხვადასხვა. როგორც მე ვასკვნი, სწორედ გამოხატვის ფორმებით ხდება არჩევნის გაკეთება, ოღონდ, ეს ქვეცნობიერის არჩევანია და ამიტომ ამბობენ, სიყვარული თავისთავად მოდის, შენ არ გეკითხება მოსვლასო. სხვა ქალი ისტერიკას დაიმართებდა ჩემს ბოლოდროინდელ საქციელზე, ჩემი ფისუნია კი აქ ჩამომიჯდება და ისეთი ცნობისმოყვარე თვალებით შემომაჩერდება, არანაირი სურვილი აღარ მექნება, რამე დავუმალო. როცა ყველაფერს მომაყოლებს, მეტყვის: „მაიმუნო!“ და ჩაიღიმებს. ეს „მაიმუნო“ მაგიჟებს და რაღაცნაირად ისე მთრგუნავს, რომ კაი ხანს ვიტანჯები. ათასნაირ პირობას ვდებ საკუთარ თავთან, ვცდილობ, აღარ ვიყო მაიმუნი, მაგრამ მერე მაინც ავურევ. რა ვქნა, არ მინდა, გული ვატკინო, მაგრამ არის სიტუაცია, რომელსაც გვერდს გულგრილად ვერ ავუვლი. სამი დღეა, სახლში არ ვყოფილვარ. კაციშვილმა არ იცის, სად ვიყავი... რა კარგი გამოგონებაა მობილური ტელეფონი! სანამ დამიჯდებოდა, თითოჯერ ვურეკავდი, ცოცხალი ვარ-მეთქი, ვეუბნებოდი, დანარჩენ დროს გამორთული მქონდა. მაიმუნი ვარ, აბა რა ვარ...
– აი, ყავაც მოგართვი. იქნებ, გვერდები გაანძრიო, თორემ, გაცივდება! – მეუბნება ჩემი „ფისუნია“.
სხვა გზა არ მაქვს და გვერდებს ვანძრევ, ანუ თვალებს ვახელ, ბალიშს ზურგს უკან მოხერხებულად ვიდებ და ყავის ჭიქას ვეპოტინები.
– ვა, თეფშზე რა დაგიდია? – გაოცებას ვერ ვმალავ ნამცხვრების დანახვაზე.
– ეს არის ნამცხვარი. თვალის ექიმთან ხომ არ წახვიდოდი? – იღიმება ეშმაკის ფეხი.
– არ უნდა მაკოცო? – ვეკითხები გამომცდელად.
– არა.
– რატომ, ნაწყენი ხარ? – აუუ, უკვე გამიფუჭდა გუნება.
– ნაწყენი კი არა ცუდი სუნი გექნება და, ხომ იცი, არ მსიამოვნებს.…
– რა ცუდი სუნი, გოგო, სუნი მაქვს და რა „შიკარნი“, იცი? – ვცდილობ, დაბრიყვებულის როლში არ აღმოვჩნდე.
– რა, პირში სუნამოებს ისხამდი? – ისეთი გადაიკისკისა, რომ მომთხარა საერთოდ.
აბა, რა უნდა ვუპასუხო? გამაბანძა, რა! არადა, მართალს ამბობს, მე თვითონ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირში სიმინდის ფქვილის ნარჩენები მეყაროს.
სანამ ამ ეშმაკის ფეხს გადავეყრებოდი, ჩემთან ერთი ქალი ცხოვრობდა. იმ დროს მასზე ამომდიოდა მზე და მთვარე, მტკიცედ მჯეროდა, რომ მიყვარდა და ასე გაგრძელდებოდა კიდეც, ეს რომ არ გადამყროდა. თითქოს თვალი ამეხილაო. მაშინ ვიფიქრე, აუ, რას ვიტანჯები, მე ხომ ეს ქალი არ მიყვარს-მეთქი. საშინელი გაორება დამემართა. იმასთან შეჩვეული ვიყავი და განშორება ტრაგედიად მეჩვენებოდა, თან, ისიც რაღაც არასასიამოვნო მომენტი იყო, ჩემი სახლიდან რომ უნდა გამეძევებინა. მისი ატანა აღარ მქონდა, ჩემი ფისუნია კი ისე მენატრებოდა, გულის გადასაყოლებლად დაწყებული სმა ჩემდა უნებურად ლოთობაში გადამეზარდა. „ზაპოი“ არ ავიკიდე?! ვეღარ ვფხიზლდებოდი. იმ ბატიტვინა ქალმა იფიქრა, ჭკუას ვასწავლიო და სახლში გაიქცა. დამტუქსა ვითომ! მეც ავდექი და ფისუნია ჩემს ბუნაგში მოვაცუნცულე. კარგა ხანს იხტუნავა მიტოვებულმა ქალმა, რა არ იჩალიჩა, მაგრამ დამთავრებული იყო გრძნობაც და ყოველგვარი ემოციაც. ამიტომ ვამბობ, რომ ქალმა ჭკუა უნდა იხმაროს, როცა რაღაც სათავისოდ უნდა. რა დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება ისეთი თვისებების გამომჟღავნებას, როგორიცაა დაყვავება, მიტევება, მოფერება... საერთოდ ასეა, როცა ვინმესგან რამეს მიღება გინდა, შენც უნდა გასცე, ჰაერზე არაფერი მოდის. ქალო, კაცი გყავს გვერდით, თან გყვება, უყვარხარ, შეგეჩვია, შენ კი, იმის ნაცვლად, რომ ხელი მაგრად ჩასჭიდო, მიუალერსო, გარბიხარ და ომს უცხადებ, ებრძვი?
– აბა, ჩემო მეგობარო, ყავა ხომ გადაყლურწე, ახლა პირად ჰიგიენას მიხედე, მერე ვიჭორაოთ, ხომ იცი, როგორ მაინტერესებს, სად იტაშფანდურე? – ღიმილით მეუბნება ფისუნია და სახეში მაბოლებს.
– რაზე უნდა ვიჭორაოთ? – თავს ვისულელებ მე.
– რაზე და, სამდღიანმა გულაობამ რა კვალი დაგაჩნია, – ღიმილს არ იშორებს სახიდან.
– იყო, რა! – ძალიან მეზარება მოყოლა, თუმცა ვიცი, რომ მაინც უნდა მოვყვე. დროის მოგების მიზნით, სააბაზანოში გავრბივარ, მაგრამ იქ ხომ არ დავსახლდები?! ამიტომ ჯობია, დროზე გავიდე და ჩავხტე თბილ ლოგინში. ბიჯოს, ეს რა ამბავია?! ფისუნიას კონიაკიც შემოუდგამს მაგიდაზე და თვალებაციმციმებული მელოდება.
– ეს რა არის? – ვიკითხე ლენჩივით.
– რა გააჭირე საქმე, ყველაფერზე „ეს რა არის“ უნდა იძახო? რა შეშინებული ხარ, სიტყვებს ვეღარ უყრი თავს – იღიმება ჩემი მტანჯველი და ვხვდები, რომ განიარაღებამდე სულ ცოტაღა დამრჩა.
– დავლიოთ? – ისევ ბრიყვულად გამომდის.
– ჰო, რა ვიცი, თუ გინდა, თავზე დავისხათ, – ისევ იღიმება ოხერი.
– რა გინდა? – კვლავ იდიოტური შეკითხვა გამომდის.
– რა უნდა მინდოდეს, ნაბახუსევი იქნება-მეთქი და კონიაკი წამოგიღე. შენი დაბრუნებისა ვთქვათ, – ტუჩები აბურცა და სირჩა მომიჩოჩა ეშმაკზე სამი დღით ადრე დაბადებულმა.
საქვეყნოდ ცნობილია ჩემი აუტანელი სიმთვრალის ამბავი, მაგრამ ფისუნიას აზრით, თურმე სუფრის წევრები არ მივარგა. მატყუებს, ვიცი, მაგრამ მსიამოვნებს. სხვათა შორის, ეს აზრი ტვინში მაქვს დალექილი და ფისუნიასთან ერთად თუ ვსვამ, მართლა არაფერს ვაშავებ. აი, ასეთი ეშმაკია ჩემი ფისუნია და როგორ შევძლებ მისი ძალაუფლებისგან გამოძვრომას? მეტი გზა არ მაქვს და ვიწყებ თხრობას.
– ალბათ, ათი საათი იქნებოდა, თენგოსგან რომ გამოვედი და წამოვედი შინისკენ. ხომ გახსოვს, იმ დღეს მაგრად წვიმდა. ხიდზე რომ გადმოვუხვიე, დავინახე ორი გოგო იდგა პატარა ბავშვთან ერთად. ბავშვი შემეცოდა, მანქანა გავუჩერე და ვკითხე, საით მიდიოდნენ. აღმოჩნდა, რომ გზა მაინცდამაინც არ გამიმრუდდებოდა, თუ წავიყვანდი. მეტად ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის. მოკლედ, რომ მივედი იმ მისამართზე, ბავშვიანი მეორეს ეხვეწა, ჩემთან ამოდი, ასე სად გაგიშვაო, ის კი უარზე იყო. მოკლედ, ბავშვიანი წავიდა. ამ მეორემ მთხოვა, მეტროსთან გამიჩერეთო. ვიფიქრე, თუ მადლს ვაკეთებ, ბარემ მარილს მოვაყრი-მეთქი და სადარბაზომდე მივიყვანე. უკუნეთი სიბნელეა. ხელში საფულემომარჯვებული ქალი მოკრძალებულად შემეხვეწა, იქნებ კარამდე მიმყვეთ, მეშინიაო. საფულე რომ დავინახე, მაგრად გამიტყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ავყევი. სანთებელის შუქზე გააღო კარი, მადლობა გადამიხადა და დაამატა, იქნებ ერთი წუთით შემობრძანდეთ, სანთელიც ავანთოო. შენ თავს გეფიცები, დახმარების გარდა, საერთოდ არანაირი აზრი არ მომსვლია თავში. მან სანთელი აანთო და მითხრა, ვიცი, ფულს არ აიღებთ, ამიტომ უარს ნუ მეტყვით, ყავაზე გეპატიჟებითო. ჯერ ვიუარე, მაგრამ მერე ვიფიქრე, რაღა სახლში ვიჩალიჩო, შუქი იქაც არ იქნება, ბარემ აქ დავლევ ყავას, წავალ და მაშინვე დავწვები-მეთქი. ყავა გაამზადა და სასმელიც დამიდგა. უცბად ხომ არ წამოვხტებოდი? ერთი სამი ჭიქა გადავკარი, წამოვდექი და დამშვიდობების ცერემონიალი რომ დავიწყე, შემაწყვეტინა, ძალიან გთხოვთ, თუ არ გეჩქარებათ, იქნებ ცოტა ხნით კიდევ დარჩეთ, ტელეფონმა უნდა დარეკოს, გააჩნია, რას მეტყვიან, შეიძლება, თავიც მოვიკლაო. ვიფიქრე რა შარში მხვევს ეს ტიპშა-მეთქი, მაგრამ შეშინებული ხომ არ მოვხევდი. გავაბით ლაპარაკი. დიდი შენძრეული გოგო აღმოჩნდა, ხან რას მეკითხებოდა სასხვათაშორისოდ, ხან – რას და უცბად მომიხია:
– არ გინდა, გავიჩხიროთ? – მეთქი მომესმა. თურმე, რა მომესმა, ნაღდად ამბობს! ჰო იცი, არა? როგორ მეთქვა უარი, ქალი მეპატიჟებოდა. ჰოდა, ეგრე იყო, რა!
– კაი ერთი, სამი დღე მაგას რათ უნდა? – ჩაიფრუტუნა ფისუნიამ.
– ჰო, რა, მოკლედ, იქ ვიყავი.
– მერე, კარგი იყო?
– რა იყო კარგი?
– ქალი.
– ვაფშე იყო კარგი პონტი, ცალკე ქალი არ იყო! – მომწყინდა ოროსანი ბავშვის როლში ყოფნა.
– საინტერესოა... – გაურკვეველი მიმართულებით გაიხედა ფისუნიამ.
– რა არის საინტერესო, რაც იყო გითხარი, არ დამიმალავს არაფერი.
– საინტერესო ისაა, რომ უცნობმა ქალმა სახლში აგიყვანა, არ იცის, ვინ ხარ, სამი დღე სახლში გტოვებს, გაგორავებს როგორც უნდა და თან „წამალს“ დაუყვედრებლად გიჩხირავს. რა, ორი გროში ღირს „წამალი“ თუ დიდი ხნის უნახავი შეყვარებული ხარ? იქნებ სულაც პოლიციელი იყავი ან ვიღაც ახვარი, რატომ გენდო? რატომ გაგულავა? – ჩაფიქრებულმა გააგრძელა მოწევა.
– მოიცა, რა!
– ხვალ რომ შარში გაეხვიო, არ გაგიკვირდეს! – ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მითხრა ფისუნიამ და თავი გააქნია.
– რა შარში უნდა გავეხვიო, ჩემი კოორდინატები იმან არ იცის და... – ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი.
– მანქანის ნომერს არ შეხედავდა?
– ალბათ, შეხედავდა, ორჯერ ჩავიდა მაღაზიაში.
– ჰოდა, აბა, რაღა კოორდინატები უნდა მეტი, ვერ მოგძებნის, თუ მოუნდა?
– ეე, რატომ უნდა მომძებნოს, ტო? – მომეშალა ნერვები რეალურ ვითარებაზე.
– იქნებ მოიხიბლა უცნობი მამაკაცით? – ფისუნიას სიტყვებს ირონია დაეტყო.
– ჰოდა, თუ მოიხიბლა მომძებნოს! – არ დავრჩი ვალში.
– დედა, რა სულელი ხარ?! – თვალებმოწკურულმა შემომხედა მტარვალმა და ისევ გამიღიმა, ოღონდ, მომეჩვენა, რომ უეცრად შეშფოთდა.
– ცუდად ხომ არა ხარ, სასწრაფოს გამოვუძახო? – რაღაცნაირი ცივი ხმით ჩამკივლა ყურში.
– რას დამკივი, ქალო!
მეორედ რომ დამიჭირეს, სამნი ვიყავით. კაი დრო იყო მაშინ! ლენინგრადში როსტოვიდან გადავინაცვლეთ და ვაბხოდჩიკობდით, აბა, ნაკოლის მომცემი ვინ იყო. სუფთად ვმუშაობდით, უფაქტოდ, ფულის და ოქროულობის გარდა, ხელს არაფერს ვკიდებდით. ფულით ეგრევე „ოტ კაშლიას“ და „ნოქსირონს“ ვყიდულობდით, ოქროულობას ბარიგას ვაბარებდით და ვიყავით მხიარულად. ათასში ერთხელ თუ წავიდოდით რესტორანში, ისიც გოგოების სურვილით, თორემ რა გვერესტორნებოდა, ვის რაში სჭირდებოდა გაბურულ კაიფში სასმლით გაჭყეპვა.
ერთ დღეს შევედით ბაითში და რას ვხედავთ, ბლომად ფული და „წამალია“. ეგრევე მივხვდით, რომ ბარიგას ბინა იყო, თანაც, კონსპირაციული. ყველაფერი ავიღეთ, თან ბარიგას სულს ვაგინებთ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გავიმეტეთ, ერთი „ზახოდი“ დავუტოვეთ, ვინ იცის, იქნებ თვითონაც კაიფობს და ლომკა ტეხავს-მეთქი. აი, ასეთი კარგი ბიჭებიც ვიყავით. ახლა კი, როგორ გინდა აუხსნა ადამიანს, რომელმაც არ იცის, რა არის „წამალი“ და კაიფი, თუ რატომ შევრჩი ვიღაც უცნობ ქალს სამ დღეს.…
ისევ ლენინგრადში ვართ. შევძვერით ბინაში, დავიშალეთ და ვხედავ, ერთი ფეხაკრეფით უკანვე მოიძურწება საძინებლიდან, ფერი აღარ ადევს სახეზე და ხელით გვანიშნებს, წამოდითო. შევიხედეთ და რას ვხედავთ! საწოლზე წევს მშვენიერი გოგო, სრულიად შიშველი და გემრიელად სძინავს. თავთან, ტუმბოზე ასმანეთიანი დევს. ისე ლამაზად იწვა, სამივეს თვალი ზედ დაგვრჩა, მაგრამ ჩვენი პრინციპები გამონაკლისებს არ უშვებდა. ჩვენი კრედო ქურდობა იყო და ამიტომ შორს ვიყავით ყოველგვარი ძალადობისგან. არც ასმანეთიანს და არც გოგოს ხელი არ ვახლეთ, მაგრამ, რაც ასაღები იყო ავიღეთ და ჩუმად გამოვიძურწეთ... მოდი და, ახლა ამ თვალებმოწკურულ და საეჭვოდ ჩაჩუმებულ ფისუნიას გააგებინე, რომ წუხანდელი ქალისთვის სამ დღეში სამჯერ არ შემიხედავს და შეიძლება, საერთოდ ვერც ვიცნო.
– შენ კიდევ დიდხანს უნდა იყო ჩუმად? – ვკითხე და ხელი გავუწოდე.
– შენ ხმას არ იღებ და მე რა ვთქვა? – მიპასუხა ფისუნიამ მოგონილი საყვედურით და მომეკრო.
სულ სხვანაირ სითბოს აფრქვევს საყვარელი ქალის სხეული, რომელიც მე რატომღაც სულიდან გამოსული სითბო მგონია. რანაირი მზეთუნახავიც უნდა იყოს, თუ არ ასხივებს იმ უხილავ სითბოს, ვერანაირად ვერ თბები და მეორედ ნახვის სურვილიც არ გიჩნდება. ხედავ, რომ ლამაზია და უნაკლო, შეგიძლია შეეხო, მაგრამ არ გიზიდავს, არ გინდა. მარტო დარჩენილ ლამაზ ქალზე სულ ამეკვიატება ხოლმე ფიქრი, რომ მას სიყვარული არ შეუძლია. კაცს ადანაშაულებენ, მან უნდა გახსნას ქალიო, რა ჯანდაბას გახსნი და როგორ, როცა მისგან არანაირი იმპულსი არ მოდის და რაც უნდა მოინდომო, ხელში მაინც მუთაქა შეგრჩება. გინდა მუთაქა და, თანაც, გაყინული? ეს ქალები რა სხვანაირად ფიქრობენ, კაცი ყოვლისშემძლე ჰგონიათ, არადა, გასაღებს თუ მოარგებ, კაცზე უმწეო, უსუსური და სუსტი არსება დედამიწაზე არ არის. ფიზიკური ძალა რის მაქნისია, დიდი-დიდი შტანგა ასწიო...
– ბრაზიანო, რატომ ბრაზდები ყველაფერზე?
– არა, სულელო, გეჩვენება, – ვეუბნები პატარას. მინდა, გაბუტული ტუჩები შევირიგო, მაგრამ მიმალავს, მარიდებს.
– მე სხვისი ნაკოცნი ტუჩები არ მინდა! – აგრძელებს გაბუტვას.
– ნუ სულელობ! ხომ იცი, რომ მე ყველას არ ვკოცნი?! – ამამღვრია და ახლა მეთამაშება ცუღლუტი. არ ვტყუი. ტუჩები ისეთი ორგანოა, რომელსაც ვერ ვაკოცებ, თუ არ მიყვარს. ტუჩებში კოცნა ხომ სულთან სიახლოვის, სულზე კოცნის მცდელობაა. ტუჩები კი არა, მინდა, მთლიანად გადავყლაპო, ეს კი არ მანებებს. სად წავა, აქ მყავს ჩაბღუჯული.
* * *
ვაა, დაღამებულა? ნეტავ, შუქი თავისით აინთებოდეს, ვინმე საჭმელსაც მაჭმევდეს და ერთხელაც გამიჩხერდეს. არა, მაინც როგორი ატეხვა იცის „წამალმა“. თუ არა გაქვს, არ გინდა, მაგრამ ერთი-ორჯერ თუ მიაყოლე, მერე უკვე თავს განატრებს. ისე, ეს რა ათასნაირი გოთვერნობა მოიგონეს. ახალი გამოსული რომ ვიყავი, თავიდან ვერ მივხვდი რას ჩალიჩობდნენ, რომ გავიგე, რასაც ხარშავდნენ, კინაღამ „გავრეკე“-მეთქი, გადით, გადაშენდით, მე მაგ შხამს ჩემს ვენაში არ გავუშვებ! გავგიჟდი... თურმე, სანამ მე რუსეთში ვიჯექი, აქ მთელი ალქიმიკოსობა გაჩაღებულა. ჩემს ახალგაზრდობაში თუ იყო, „სუფთა“ იყო, თუ არადა, „კალიკები“ და პლანი ამინდს არ ქმნიდა. ერთიცაა, ნარკომანობა სამარცხვინო იყო, ახლა ამ პაცნებს ჰგონიათ, „წამალზე“ თუ შეჯდებიან, მაგარი ტიპები არიან. რაღაც დაკომპლექსებული კაცების საზოგადოება გაჩნდა. ვაა, ბედი არ გინდა?! საიდან გამეჩითა ის ნაბიჭვარი ქალი, ხოშიანად ვიყავი, კაიფი მინდოდა?! ფისუნიამ მაინც გაიღვიძოს, ამაზე კაი წამალი ჯერ არ გამოუგონიათ. ვაა, პულტი სადღა დავკარგე, ტელევიზორს მაინც ჩავრთავ, რამე ახალს იტყვიან. პრინციპში, ახალი რა უნდა თქვან, ერთსა და იმავეს ღეჭავენ. ამ ტელევიზიების ცალკე გამკვირვებია, ქვეყანაზე მარტო ცუდი რამე როგორ ხდება, კარგი სულ აღარაფერია? ისედაც ნევროზიანი ხალხი დადის, კიდევ დაშინება უნდათ? ნახე, ნახე, რას ამბობენ, რა ქურდულ მენტალიტეტზე ლაპარაკობენ, იციან, ვაფშე რას ბაზრობენ? ამათ, მშიერმა კაცმა რომ ქათამი მოიპარა, ისიც ქურდი ჰგონიათ, აქლემის და ნემსის ვარიანტს ვერ გასცდნენ. ავოეეე!
– რა გაყვირებს, კაცო, გული გამისკდა! – შეშინებულმა ფისუნიამ თვალები აახამხამა და ინსტინქტურად კარისაკენ გაიხედა.
– ნახე, რას ამბობენ, ლამის საწოლიდან გადმოვვარდე!
– ოო, ეგ გუშინ თქვეს, შენ რომ „გულაობდი“, და დღეს იმეორებენ. გააჭირეს საქმე ერთი და იმავეს ლაპარაკით! – არაფრად ჩააგდო ჩემი აღშფოთება ამ მართლა ქათამმა.
– ქალო, შენ მაინც ხომ გესმის ამათზე მეტი, ვერ იგებ, რას ამბობენ?
– მერე, რას ვუშველი? – ურეაქციოდ დამიბრუნა პასუხი ფისუნიამ.
– როგორ აშტერებენ ამდენ ხალხს, ვგიჟდები!... ამათ ქურდული იდეისა რა ესმით... წავიდნენ, რომელიმე ბებერ მილიციელს მაინც ჰკითხონ, ÷òî ê ÷åìó, იქნებ იმან მაინც აუხსნას.
– კარგი რა, რომ აუხსნას, ესენი გაიგებენ რო? რა ტყუილად ქოთქოთებ? – ცივად მპასუხობს ფისუნია.
– ქოთქოთს მოგცემ ახლა... ბევრი თუ ვერაფერი გაიგეს, იმას მაინც გაიგებენ, რომ ყაჩაღი, „მედვეჟატნიკი“, ჯიბგირი, აფერისტი და ასე შემდეგ – პროფესიებია, ხოლო ქურდული იდეის მიმდევარი შეიძლება, ამ პროფესიიდან რომელიმეს ფლობდეს ან სულაც რამდენიმეს ერთად... ნახე, ნახე, აღმოვფხვრიო, ვერაფერსაც ვერ აღმოფხვრი! იდეა ვიღაცის დილიხორზე არც იბადება და არც კვდება.
– ტყუილად გამოდიხარ სიტყვით. გინდა, ერთ ანეკდოტს გეტყვი?
– წადი რა, რა დროს ანეკდოტია...
– გეტყვი, რა! ერთი ტიპი ლენინისნაირი წვერ-ულვაშით დადის. მეორე ეუბნება, რას ჰგავხარ, წადი, გაიპარსე, თორემ ლენინი მგონიხარო. იმან უპასუხა, წვერს კი გავიპარსავ, მაგრამ იდეებს რა, ვუყოო? – თავისივე ნათქვამ ანეკდოტზე თვითონვე გადაკუჭკუჭდა ფისო.
– ეგ რა შუაშია, გოგო! ანეკდოტი მინდა?
– შუაში კი არა, თავშია! – ენას არ აჩერებს ეს შობელძაღლი.
– „რიკოს კანონი“ გამოიყენა ამერიკამ, მაგრამ რა ფეხები მოჭამეს ვინმეს? მოიგონეს, რა! ქურდს ჰკითხავ, ქურდი ხარ თუ არა, ის გეტყვის იმას, შენ ეტყვი ამას... მიდიიი...
– კაი რა, ნუ ბრაზობ!
– ლაგერებში არის ბირკა, რომელზეც პატიმრის გვარ-სახელი წერია და მკერდზე გაქვს მიკრული. თავდაპირველად ეს მიუღებელი იყო ქურდულში. ამ ბირკის არგაკეთების გამო ქურდები კრიტებში მიდიოდნენ, „ძაღლებს“ კლავდნენ, სიკვდილზე აწერდნენ ხელს. რომ ნახეს ქურდებმა ვიჟლიტებითო, თქვეს, ძმებო, მერე რა მოხდა, გულზე ხომ ჩვენი გვარ-სახელი გვეწერება, „ძაღლმა“ რომ გვკითხოს, ხომ ვეტყვით, ტყუილად რაღას ვეკვლევინებითო. გადაწყდა, რომ ბირკაზე გვარ-სახელის დაწერა არაქურდული არ არის და ეს პრობლემა მოისპო. პირიქით მოხდა ჩეფირის შემთხვევაში. რუსეთის ლაგერებში ჩეფირი სიცოცხლის ელექსირის ტოლფასია და როგორია, როცა ტანჯვით მოდუღებულ ჩეფირს გადაგიღვრიან და კარცერშიც ჩაგაყუდებენ. ნერვებდაწყვეტილი თუ ხელჩაქნეული პატიმარი ამის მომთმენი არ არის. რამდენი „ძაღლი“ და კაი ბიჭია ამის გამო მკვდარიც და დასახიჩრებულიც. ადგნენ ბობოლა „ძაღლები“ და თქვეს: ბოლო-ბოლო ჩეფირი მაგრად დაყენებული ჩაია, სხვა ხომ არაფერი. ესენი ამ ჩაის სვამენ, ენერგია ემატებათ, ერთგვარად სტრესი ეხსნებათ, მოდით, დავრთოთ ნება... ოღონდ ჭკვიანად იყვნენ და, დალიონ ჩეფირი... და ჩეფირის პრობლემა მოიხსნა. რას ამბობ, ბრიგადა რომ კარგად იმუშავებდა, „ხაზეინი“ სულზე ათ პაჩკა ჩაის გვიმატებდა. იმას სულ არ აინტერესებდა, ბრიგადიდან რამდენმა კაცმა იმუშავა, მთავარი იყო, გეგმა 100 პროცენტით შესრულებულიყო.
ჩეფირი მაგარი რამეა!
თამაში ყველგან მოსულია, მით უმეტეს, როცა იძულებული ხარ, წლობით ერთი ადგილი ტკეპნო. ამბობენ, წაგება და მოგება ძმები არიანო... კი, ძმას თუ ეთამაშები, მაშინ არიან ძმები, თორემ, როცა თვითგადარჩენის ინსტინქტი, აზარტი და დაუწერელი პასუხისმგებლობა ერთმანეთში იბლანდება, აღარაფერი არსებობს. წაგებულის არჩაბარება თავის დაკარგვას ნიშნავს. ერთი გაწრიპული მინსკელი ბიჭი იყო, თავისთვის მიდი-მოდიოდა და ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს სრულიად არ აწუხებდა არაფერი, არადა, ახალი შემოსული იყო და მთელი თორმეტი წელი წინ ედო. მოთამაშეები, როგორც წესი, ყოველთვის და ყველგან ცალკე წრედ გამოიკვეთება ხოლმე. ეს ბიჭი თითქოს მათკენ იხრებოდა, მაგრამ თამაშში არ ერეოდა. ცოტა ხანში მასზე იერიში მიიტანეს მოთამაშეებმა. ტიპმა ის კი არ თქვა, თამაში არ ვიციო, არა, პირიქით, „ზამასკაში“ დატოვა, თქვენთან ვერ ვითამაშებო. ეე, რას ჰქვია „თქვენთან“! მოკლედ, ჩაუჯდა ეს ბიჭი და პატარ-პატარა წააგო, ჩააბარა წაგებული და ისევ განმარტოვდა. ვა, ასეთ „ბულკს“ ვინ შეეშვება? ტიპი უარობს, თამაში არ მინდაო, ისინი კიდევ არ ეშვებიან. ბოლოს გატყდა „მინსკი“. მოთამაშეები შეიკვრნენ, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ. ნაღდი ფულიდან უკვე ჩასაბარებელ დროზე გადავიდნენ. მოკლედ, ყველასგან ჩაიბარა მოგებული, ერთის გარდა, რომელმაც გადავადება სთხოვა და ესეც დიდსულოვნად დათანხმდა. გადის ორი-სამი დღე და „მინსკიმ“ გაიგო, რომ მის მევალეს ფული გაუჩნდა, სხვა მევალეს გადაუხადა, ამას კი არ უხდის. შუადღეა, ყინავს, თან შესვენების დროა. ტყეში პატარა ჯიხურებივით ფიცრულები იყო, რომლებიც „კაი ბიჭებს“ გვქონდა დათრეული. შესვენების დროს იქ ვაფარებდით თავს და ჩეფირს ვხარშავდით. როგორ მოხვდა „მინსკი“ იმ ჯიხურში, სხვა საქმეა, მაგრამ, ასეა თუ ისე, თავის მევალესთან ერთად ჯიხურში ჩეფირი მოხარშა და თან ელაპარაკება, „აინტერესებს“ რატომ მოიქცა არაკაცურად. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბაც და ატაკა თვითნაკეთი დანა მუცელში. იმ დროს შევედი ჯიხურში, ტიპს რომ ხელი აქვს მუცელზე მიდებული და სისხლი ფეხებზე გადმოსდის. „მინსკი“ ჩეფირს ატასავებდა და თან რაღაცას მშვიდად უხსნიდა. რა ჩემი საქმე იყო... სასხვათაშორისოდ ვიკითხე:
– ჰა, ჩეფირსა სვამთ?
– ჰო, ვაპირებდით ერთად დალევას, მაგრამ აღარ გამოდის, – ძალიან მშვიდად მიპასუხა „მინსკიმ“.
– გასაგებია, არცაა საჭირო, – ვუპასუხე და გამოვტრიალდი, მაგრამ „მინსკის“ ხმა დამედევნა.
– გივი, ძმა, ეს მეუბნება, ხომ ხედავ, ვკვდები და სიკვდილის წინ ჩეფირი დამალევინეო... მეტი მისკა არა მაქვს, ახლა ეს სანამ სისხლისგან დაცლილა, დავალევინებ, ცოდოა, ძალიან უნდა, მერე კიდევ მოვხარშავ და ერთად დავლიოთ.
– ჟïჭñèხî ხðჭò, ÿ óæå ÷èôèðíóë ... შენ იცი, ისე გააკეთე, რომ ყველაფერი სუფთად იყოს.
– ისედაც ყველაფერი სუფთადაა, – მიპასუხა „მინსკიმ“.
– ეი, „მინსკი“, დაუჩქარე რა, თორემ ცოტა ხანში, ალბათ, გონებას დავკარგავ და მერე რაღად მინდა შენი ჩეფირი! – ლამის გული ამოაყოლა სიტყვებს როჟამ.
– ახლავე, ახლავე! – „მინსკიმ“ დაიჩოქა ფიცრულზე ნახევრად წაქცეულ როჟასთან, თვითონ წამოუწია თავი და ყლუპ-ყლუპად ასმევდა ჩეფირს.
აღარ გამოვსულვარ გარეთ, ვიდექი და ვუყურებდი, როგორი მზრუნველობით ასმევდა „მინსკი“ ჩეფირს მომაკვდავს და რა მადლიერი თვალებით უყურებდა იგი მას. იმ წუთში ჩემთვის ორივე ვაჟკაცი იყო... არც მანამდე და არც იმის შემდეგ არ მითამაშია და, ალბათ, ამიტომ ვერასოდეს გავიგებ, რა მუღამია თამაშში.
ჩაი ფულის მაგივრობასაც სწევდა ხანდახან. ჩეფირით ყველაფერს იშოვიდი, რაც კი მოიპოვება ლაგერში, მათ შორის ქალსაც... პედერასტს, თორემ, საქართველოს ზონა კი არაა ნამდვილი ქალი ჩაგახუტონ... ვაა, „ქათამი“ უძახე შენ და რეციდივისტია. „ქათმების“ ბარაკი ცალკეა და ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ქუჩაში რომ შეგხვდეს, შეიძლება მაგარი ვაჟკაცი გეგონოს. ეგ რა არის, ლაგერში დაჭრებიც მომხდარა „ქალის“ გამო. „ჩემი ქალია“ და მორჩა! კაი ბიჭის „ქალი“ საკუთრებასავითაა, სხვა არ დაებაზრება, ბანძებს – მიდი-მოდი... ზოგი ისეთი გაბანძებული „ნაშა“ იყო, სანიტარულ ნაწილში ექიმს ევედრებოდა, აღარ შემიძლია, სამი დღე მაინც დამასვენეთ იმათგან, ვეღარც ვჯდები და ვეღარც დავდივარო. სხვათა შორის, იშვიათად, რომ ექიმი არ შესულიყო პედერასტის მდგომარეობაში.
ნამსახურებ ჯარისკაცებს არავითარი რეაქცია აღარ აქვთ არაფერზე, გარდა გაქცევის მცდელობისა. ამ დროს ჯარისკაცს იქით უხარია, რომ პატიმარი გარბის. ბოლო-ბოლო სადამდე ირბენს მშიერი და გათოშილი. ჯარისკაცი ესვრის, ოღონდ ფეხებში კი არა თავში და ორკვირიან შვებულებასაც გაირტყავს. ახალბედები კი სხვადასხვანაირად ერთობიან. ერთხელ „ავჩარკა“ დასვეს და ზურგს უკან სამი პაჩკა ჩაი დაუდეს. დგანან ეს ახვრები და ამბობენ, ვისაც ჩაი უნდა, აიღოსო. ამ დროს ისეთი მომენტია, რომ ბარაკის „ლარიოკში“ უგზოობის გამო თაგვის შესაჭმელიც აღარაფერია.
– ამ გახსენებაზე, ჩაი ხომ არ გინდა? – სადღაც შორიდან ჩამესმის ფისუნიას ხმა. ჩაი როგორ არ მინდა, ძალიან მაგარი ჩაი, ერთი კოვზი მურაბით. ვაფშე ჩეფირი მინდა. ასე მგონია, დაუძლურებული ვარ, რაღაც გაურკვეველ სისუსტეს ვგრძნობ. ფისუნიამ კონიაკი რომ მოიტანა, დავლიე თუ არა, აზრზე არა ვარ. ხომ ვამბობ, ვეღარ გამიგია მძინავს თუ მღვიძავს. რა კარგი იქნება ახლა ერთი დიდი ჭიქა ქაფქაფა ჩეფირი, მაგრამ ვინ მომიდუღებს? მე კიდევ ადგომა მეზარება... ჩაი, ნიორი და სალა! მაგარი იყო! სანამ რუსეთში მიკრავდნენ თავს, სამივე მძულდა. პირველ წელს ძალიან მაგარი ყინვები იყო. რომ გადააფურთხებდი, წკრიალით ეცემოდა ძირს. ტყეში დავყავდით, ტაიგაში. „კანვოი“ ზედაც არ გვიყურებდა, ისე, ფასონად იყვნენ. რომელი სულელი დააპირებს გაქცევას, როცა იცის, რომ ან ნადირი შეჭამს, ან გაიყინება. ორმა არიფმა რატომღაც იფიქრა, რომ გააღწევდნენ. საღამოს რომ დაგვთვალეს, მაშინღა გაირკვა მათი გაქცევის ამბავი. თავი არავის შეუწუხებია. „ხაზეინმა“ ცას ახედა, ამაღამ მაგრად მოყინავს და, ნადირმა თუ არ დამასწრო, ხვალ გვამებს მოვიტანო. მესამე დღეს მარხილით მოიტანეს გაყინული გვამები და ვახტაზე დაყარეს. რამდენიმე დღე იქ ეყარა. მოკლედ, უსიტყვოდ გვაჩვენებდნენ, რომ ჩვენი სიცოცხლე გაუფასურებული იყო, რომ ჩვენ ჩამოწერილი ადამიანები ვიყავით. ტიპი იყო, რუსი, მაგრამ ჯილა. იმას რომ ველაპარაკებოდი, მსიამოვნებდა – კაცი იდგა შენ წინ, ვაჟკაცი რუსი. ზუსტად ისეთად წარმომედგინა თავადი იგორი. ჯერ ხმა ჰქონდა ისეთი, გეგონებოდა, ყელში გამაძლიერებელი უდგასო. „თავადმა იგორმა“, მოსაკლავი იყო და მოკლა კიდეც ახვარი პატიმარი. ლაგერშივე მოიყვანეს ლოთი ადვოკატი, იქვე გაიმართა სასამართლოც და დახვრეტა მიუსაჯეს. ადვოკატი ისეთი მთვრალი იყო, თვალების ადგილზე ხაზებიღა ჰქონდა დარჩენილი. პროცესის განმავლობაში, რომელიც სულ ნახევარ საათს გაგრძელდა, ეძინა. ბოლოს უკვე, განაჩენი რომ უნდა გამოეცხადებინათ, გააღვიძეს და ფორმალობისთვის სიტყვის თქმის უფლება მისცეს. ტიპმა ჯერ თვალები იფშვნიტა, ვერ ხვდებოდა სად იყო და რის შესახებ უნდა ეთქვა სიტყვა, მერე კი, როცა გამოერკვა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიყვირა: თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მოსამართლევ! გთხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიუსაჯოთ სასჯელის უმაღლესი ზომა! მოსამართლემ ურეაქციოდ უპასუხა: თქვენი თხოვნა გათვალისწინებული იქნება! რა თქმა უნდა, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
ადამიანი მგზავრი ხარ, რომელიც საიდანღაც მოდიხარ, ცოტა ხანს აქ ყოვნდები და მერე ისევ სადღაც მიდიხარ. არასდროს იცი, საიდან მოხვედი, რატომ და სად წახვალ. ისიც კი არ იცი, როდის გაგამგზავრებენ სადღაც სხვაგან, უსასრულობაში...
სხვათა შორის, ომის დაწყების შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ, განსაკუთრებული რეჟიმის პატიმრები ვექვემდებარებოდით განადგურებას. სახელმწიფო ყოველმხრივ შეუწყნარებელი იყო რეციდივისტების მიმართ.
მოკლედ, ვინც გინდა ყოფილიყავი, სახელმწიფოს პირად საკუთრებად რჩებოდი. სიტყვა „თავისუფალი“ პირობითი ცნებაა შიგნითაც და გარეთაც. ერთი უცნაური ბიძა-როჟა იყო, ამბობდნენ პროფესორიაო. რატომ იჯდა რეციდივისტებში არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ერთი კია, სულ რაღაცას ლაპარაკობდა და ეს რაღაცა ყოველთვის საბჭოთა კავშირის ქებით მთავრდებოდა. გაქანებული კომუნისტი ბიძა იყო. დადიოდა და ლოზუნგებს ისროდა (ერთის გარდა, რადგან იმ ლოზუნგის გამო ჩვენგან მოხვდა). ყველას ტვინი ჰქონდა გამოჭედილი, მათ შორის ციხის პერსონალსაც. ჩვენ არ ვუშლიდით, რადგან „ძაღლებზე“ ვკაიფობდით. ერთ დღეს მთელი ლაგერი „ხაზეინის“ წინ ვდგავართ. „ხაზეინმა“ დაიწყო რაღაცის ლაპარაკი და უცბად პროფესორმა მთელი ხმით შემოსძახა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. „ხაზეინი“ გაიჭიმა და ენაჩავარდნილი, დორბლმორეული იდგა ჰიმნის დამთავრებამდე თავის ქვეშევრდომებიანად. დამთავრდა ჰიმნი, მაგრამ ბუზიც ვერ აუფრინეს. მერე რა უნდა ეთქვათ, ჩვენი დიადი სამშობლოს ჰიმნს მღეროდა და დავსაჯეთო? პროფესორი შემთხვევას არ უშვებდა, რომ თავისი კომუნისტური იდეები არ გაეზიარებინა ოფიცრებისთვის. ეგ კი არა, საჩივარიც კი დაწერა ბრეჟნევის სახელზე, რომ ლაგერში კომუნისტური პროპაგანდა-აგიტაციისთვის მორიგე ოფიცერმა, შენ სულელი ხომ არა ხარ, რეებს ბოდავო, უთხრა. სხვათა შორის, „ხაზეინმა“ პროფესორს დაუყვავა, ოფიცერს კი საყვედური გამოუცხადა, ოღონდ, სხვა მოტივით. აი, ასეთი ტიპი იყო პროფესორი. რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ ერთ დღეს მან შიმშილობა დაიწყო. ეს აბუნტებული პროფესორი წერილს წერილზე სწერდა ხან ბრეჟნევს, ხან თავისი ოლქის დეპუტატს, ხან ვიღაც რაიკომის მდივანს და იყო ერთ დღეში. ათასნაირად ეხვეწა „ხაზეინი,“ რომ შიმშილობა შეეწყვიტა, მაგრამ ვერაფრით დაიყოლია. მისი გაგზავნილი წერილები ცხადია, იქვე რჩებოდა, მაგრამ ერთმა წერილმა როგორღაც გააღწია და რომელიღაცა კვლევითი ინსტიტუტიდან ვიღაც ტიპები მართლა გაიჩითნენ. ის კი არ იკითხეს, ისედაც მშიერმა პატიმარმა რატომ დაიწყო შიმშილობაო, ეცნენ, მაგრად გაკოჭეს, ძალით უღებდნენ პირს და ასხამდნენ საჭმელს. კაცს შიმშილობის უფლებაც არ მისცეს...
ჩვენ ხომ გამოუსწორებლები ვართ. გამოუსწორებელი – მაგარი სიტყვაა... გამოუსწორებელი ყველაა, ოღონდ, ზოგის ჩანს და ზოგის – არა. რეციდივისტებად არ იბადებიან... ყველანაირ კრიმინალს სახელმწიფო ქმნის... სახელმწიფო რომ ხარ, შენი მოქალაქის გაკრიმინალება კი არ უნდა გინდოდეს, პირიქით, მათი პოტენციალი საშენოდ უნდა გამოიყენო, თორემ ისე, ყველა ადამიანში დევს დანაშაულის ჩადენის ელემენტები.
ჩვენი ლაგერის ახლოს მხოლოდ ოფიცრების დასახლება იყო, სადაც ოჯახებით ცხოვრობდნენ. ბავშვი ხალასი არსებაა, ამიტომ, ნორმალურ ბავშვს ყოველთვის მოჭარბებულად აქვს სიბრალულის გრძნობა, რომელიც ყოვლად მიუღებელია ოფიცერი მშობლებისთვის. როგორი წარმოსადგენია, რომ ოფიცრის ბავშვებს შევცოდებოდით ზოლიან ტანსაცმელში გამოწყობილი პატიმრები. ისინი ხომ თავიანთი მშობლების შემცვლელებად უნდა გაზრდილიყვნენ და იქვე უნდა ემუშავათ. ბავშვებმა იცოდნენ, ჩვენ საძულველი ადამიანები ვიყავით და შემთხვევას არ უშვებდნენ, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ ჩვენს შეურაცხყოფაში. დასახლებაში რომ ჩაგვატარებდნენ, ქვებსა და ცარიელი კონსერვის ქილებს გვესროდნენ, გვაფურთხებდნენ და დაგვჭყიოდნენ, თქვე ნაბიჭვრებო, სამშობლოს მოღალატეებოო... ამ დროს, თვითონ იყვნენ ნაბიჭვრის შვილებიც, ნაბიჭვრებიც და მომავალი ნაბიჭვრების მშობლებიც. იმ ბავშვებისგან კარგი ადამიანის გაზრდის შანსი არაა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში