ბარონესას წყევლა
აგათა კრისტი
მე და პუარო ჩარლტონში ვსადილობდით, როდესაც დარბაზში კაპიტანი ვინსენტ ლემესიურე შემოვიდა. მას ერთხელ საფრანგეთში შევხვდი. თან ერთი ბატონი ახლდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, ბიძამისი ჰუგო ლემესიურე იყო. მე და პუაროს არსად არ გვეჩქარებოდა, ამიტომ, როდესაც თავიანთ მაგიდასთან მიგვიპატიჟეს, სიამოვნებით დავთანხმდით. უფროსი ლემესიურე მეცნიერი აღმოჩნდა და ამჟამად, ხელისუფლების დაკვეთით, რაღაც ქიმიურ კვლევებს ატარებდა.
ცოტა ხანში საუბარი ახალგაზრდა, მაღალმა კაცმა შეგვაწყვეტინა. მან ვინსენტს სამწუხარო ამბავი შეატყობინა. ვინსენტის მამა ცხენიდან გადმოვარდნილა და ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, არ იცოდნენ დილამდე გაატანდა, თუ არა. მასპინძლებმა რამდენიმე წუთში დაგვტოვეს. ამბის მომტანი – როჯერ ლემესიურე, როგორც ვინსენტის კუზენი, ისე გაგვეცნო. აღმოჩნდა, რომ მან პუარო იცნო. საუბარს, რომ შევყევით, აი, რა გვიამბო:
– ალბათ, შეატყობდით ვინსენტი როგორ გაფითრდა. ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მამის გამო აღელდა. მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. საქმე წყევლას ეხება. ლემესიურე ძალიან ძველი გვარია. რამდენიმე ასწლეულის წინ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ერთმა ლემესიურემ ცოლს საეჭვო ვითარებაში წაასწრო და ღალატში დაადანაშაულა. ქალი იფიცებოდა, რომ უდანაშაულო ვარო, მაგრამ მოხუც ბარონს – ჰუგოს არაფრის გაგონება არ სურდა. მათ შვილი ჰყავდათ. ბარონმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი მისი არ იყო და მემკვიდრეობის ჩამორთმევით დაემუქრა. ზუსტად აღარ მახსოვს, მერე რა მოხდა, მაგრამ საბოლოოდ, ბარონმა ცოლიც და შვილიც კედელში ცოცხლად ჩაატანა. ქალმა სიკვდილის წინ ლემესიურეს გვარი დაწყევლა. წყევლის თანახმად, იმ დღიდან ლემესიურეს გვარში ვერც ერთი უფროსი შვილი მემკვიდრეობას ვერ ეღირსებოდა. რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ ლედი მართლაც არ იყო დამნაშავე. ჰუგომ მონანიების მიზნით, სიცოცხლე მონასტრის კელიაში გაატარა. რაც უნდა უცნაური იყოს, მას შემდეგ, ვერც ერთი უფროსი შვილი ლემესიურეს გვარში, ცოცხალი ვერ აღწევდა იმ ასაკამდე, მემკვიდრეობა რომ უნდა მიიღოს. მამულები უმცროს ძმებს, ან ნათესავებს რჩებათ, მაგრამ არასოდეს – უფროს შვილს. ვინსენტის მამა მეორე იყო ხუთ ძმაში, უფროსი ჩვილობის ასაკში დაიღუპა. ომის დროს ვინსენტის ორი უმცროსი ძმა დაიღუპა, თუმცა მას ეგონა, რომ თავად იყო განწირული.
– საინტერესო ისტორიაა, – დაფიქრებულმა წარმოთქვა პუარომ, – მაგრამ ახლა მამა სიკვდილის პირასაა. ვინსენტი კი, როგორც უფროსი ვაჟი მემკვიდრეობას მაინც მიიღებს.
– ზუსტად. თანამედროვე ცხოვრებაში წყევლა არ „მუშაობს“.
ამ ამბავს გაგრძელება მეორე დღესვე მოჰყვა, როდესაც ჩვენ კაპიტან ვინსენტ ლემესიურეს ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი გავიგეთ. ღამით, დაძრული მატარებლიდან გადავარდა. ფიქრობდნენ, რომ გონება დაებინდა, რაც ფრონტზე მიღებულმა კონტუზიამ და სამწუხარო ცნობამ გამოიწვია. მემკვიდრედ ვინსენტის ბიძა გამოცხადდა, რომლის ერთადერთი შვილი ქალაქ სომთან დაიღუპა. ორი წლის შემდეგ, ჩვენ გავიგეთ, რომ ისიც გარდაიცვალა და მალე მას ძმაც მიჰყვა. ჯონი საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი იყო. მისი სიკვდილის მიზეზი ფუტკრის ნაკბენი გახდა. წყევლა თავის საქმეს აკეთებდა: ჯონის შვილმა, რომელიც იტენში სწავლობდა, გაურკვეველ სიტუაციაში, იარაღით მოიკლა თავი. ახლა უკვე მამული ხუთი ძმიდან უმცროსს, ჰუგოს რჩებოდა, იმას, რომელიც ჩვენ იმ ღამეს ჩარლტონში გავიცანით.
ერთხელ, მოულოდნელად პუაროსთან მადამ ლემესიურე – ჰუგოს ცოლი მოვიდა, მან პუაროს დახმარება სთხოვა. ქალის მონაყოლიდან გაირკვა, რომ მას უფროსი შვილის ბედი აღელვებდა. ორი შვილი ჰყავდა: რონალდი – რვა წლის და ჯერალდი – ექვსის. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რონალდი სიკვდილს სამჯერ ბეწვზე გადაურჩა. პირველად, როდესაც კორნუოლში ისვენებდნენ, კინაღამ დაიხრჩო; მეორედ – ბავშვთა ოთახის ფანჯრიდან გადავარდა; მესამედ კი – კინაღამ სოკოთი მოიწამლა. მის ქმარს ჰუგოს ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა. იგი დარწმუნებულია, რომ მათ გვარს წყევლა არ ასვენებს და შვილს ვერაფრით უშველის. ჰუგოს თქმით, ბედს ვერ გაექცევიან. პუარო ამ ამბავს გულგრილად ისმენდა და ეტყობოდა, რომ არანაირი წყევლის არ სჯეროდა. მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ქალმა უთხრა, რომ არც მას სჯეროდა წყევლის. წყევლა სუროს ღეროს ხომ ვერ გადაჭრიდა სანახევროდ.
– განა წყევლას შეუძლია ასეთი რამის გაკეთება? – იკითხა ქალმა, – სუროსთან დაკავშირებული ამბავი წყევლას არ უნდა უკავშირდებოდეს. ბიჭები ხშირად თამაშობდნენ ასე: აძვრებოდნენ და ჩამოძვრებოდნენ სუროზე, ვიდრე ერთხელ (იმ დროს ჯერალდი სახლში არ იყო) სურო არ გაწყდა და რონალდი არ ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მე მაშინვე დავათვალიერე სუროს ღერო და იგი ღრმად იყო ჩაჭრილი. გესმით, მუსიე პუარო, ჩაჭრილი... – თქვენს სახლში ვინ ცხოვრობს? – უკვე შეშფოთებულმა ჰკითხა პუარომ.
– მის სონდერსი – გუვერნანტი, ჯონ გარდნერი – ჩემი ქმრის მდივანი და მაიორი როჯერ ლემესიურე. თქვენ ისიც იმ ღამეს გაიცანით, როდესაც ჩემ ქმარს შეხვდით. ის ჩვენს შტოს არ ეკუთვნის, მაგრამ თუ არ ვცდები, ახლა ის ითვლება ჩემი ქმრის უახლოეს ნათესავად. ძალიან საყვარელი ადამიანია. ბავშვები მასზე გიჟდებიან.
– საფრთხე რეალურია, – თქვა პუარომ, – თქვენი ქმარი წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ რამდენიმე დღით გესტუმროთ?
– არა მგონია, უბრალოდ იტყვის, რომ ამას აზრი არ აქვს.
როდესაც ლემესიურებს ვესტუმრეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჰუგო, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, საგრძნობლად შეცვლილიყო. ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი ჩანდა.
– დიდი მადლობა ჩვენზე რომ ზრუნავთ, – გვითხრა მან, როდესაც ჩვენი ჩასვლის მიზეზი მოვახსნეთ, – მაგრამ რაც მოსახდენია, იმას ვერ ავცდებით.
პუარომ მას ჩაჭრილი სურო შეახსენა.
– ეს ალბათ, მებაღის წინდაუხედაობის ბრალია. რა თქმა უნდა, საქმეში დანა ჩაერია, მაგრამ მასაც ბედისწერა მართავდა. წყევლის ასრულებას დიდი ხნით ვერ გადავდებთ. მე განწირული ვარ. განუკურნებელი სენი მჭირს, მაგრამ ჩემს სიკვდილამდე, რონალდს წაიყვანენ. მემკვიდრე ჯერალდი გახდება.
ჩვენი ჩასვლიდან მეოთხე დღეს, სტუმრად მაიორი როჯერ ლემესიურე ჩამოვიდა. ის საერთოდ არ შეცვლილიყო. ისეთივე მხიარული იყო, როგორც იმ ვახშამზე. ბავშვები მას ჟივილ-ხივილით შეხვდნენ. მეორე დღეს ყველა, მათ შორის ბავშვებიც, ლედი კლეიჰეიტთან ჩაიზე დაპატიჟეს. მე და პუარო არ წავედით. როდესაც ყველა გაიკრიფა, პუარომ მუშაობა დაიწყო. მეძებარი ძაღლივით ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკა. თუმცა, ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო. საღამოს მის სონდერსთან ერთად, რომელიც დაპატიჟებული არ ყოფილა, ვერანდაზე ვისხედით და ჩაის ვსვამდით. ამ დროს მის სონდერსმა ფუტკრები ახსენა. თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ბავშვები კლეიჰეიტებთან სკებს სიახლოვეს არ გაეკარებიანო. პუაროს ხელში ფინჯანი გაუშეშდა.
– ფუტკრები! – წამოიძახა პუარომ. წამოხტა, თავზე ხელები დაილაგა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. მალე მასპინძლებიც დაბრუნდნენ. გაირკვა, რომ როლანდს ფუტკარმა უკბინა. დედამისმა თქვა, საშიში არაფერია და ნაკბენი სპირტით დავუმუშავეთო. პუარომ ნაკბენს მაინც დახედა.
– აქ, კისერზე მიკბინა, – სერიოზული სახით წარმოთქვა რონალდმა, – სულ არ მტკივა. მამამ მითხრა: არ გაინძრე, ფუტკარი დაგაჯდაო. და კისრიდან ფუტკარი მომაცილა, თუმცა სასიზღარმა კბენა მაინც მოასწრო. არც მიტირია.
პუარო ნაკბენს დააკვირდა, ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა:
– დღეს... დღეს, მეგობარო, ცოტა წამუშავება მოგვიწევს!
ძილის წინ მთხოვა, ტანთ არ გამეხადა და ჩემს ოთახში შუქი ჩამექრო. თავად კი კიბეზე დამელოდებოდა. ჩუმად შევიპარეთ როლანდის ოთახში და ბნელ კუთხეში დავიმალეთ. ბავშვს მშვიდად ეძინა.
– ბავშვი სპეციალურად წამლით დააძინეს, რომ, ნემსის გაკეთებისას არ იყვიროს, – მიჩურჩულა პუარომ.
ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა და ლოგინისკენ გაემართა. ფანრის ანთების ხმა გავიგონეთ, შუქმა მძინარე ბავშვი გაანათა. შემოსულმა ფანარი იატაკზე დადო, მარცხენა ხელით ბავშვის კისერს შეეხო, მარჯვენათი კი შპრიცი მიუახლოვა... ჩვენ წამოვხტით და შემოსულს დავეტაკეთ... ფანარი გაგორდა და ჩაქრა. სიბნელეში დიდხანს ვიბრძოდით. ეს კაცი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ვძლიეთ. ვიდრე ფანარს მოვიტანდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის საძაგელი კუზენი, როჯერი დავიჭირეთ, რომელსაც ყველაზე მეტად აწყობდა ბავშვის სიკვდილი. ფანარი რომ ავანთე და ჰუგო ლემესიურეს – ბავშვების მამის სახე დავინახე, ფანარი ხელიდან კინაღამ გამივარდა. ლემესიურე უგონოდ იყო და თავის საძინებელში გადავიყვანეთ. პუარომ ხელიდან შპრიცი გამოართვა და მე მაჩვენა.
– ეს ალბათ ჭიანჭველას მჟავაა. თუ გახსოვთ, პროფესიით ის ქიმიკოსია. შეიძლება, მან მჟავა სახლის პირობებშიც კი დაამზადა, ხოლო სიკვდილს ფუტკრის ნაკბენს დააბრალებდნენ.
– ღმერთო დიდებულო! – წამოვიძახე მე, – საკუთარ შვილს! თქვენ მასზე ეჭვი გქონდათ?
– კი, – პუარომ თავი დააქნია, – გიჟია. ოჯახური ლეგენდის საფუძველზე გააფრინა. დაუძლეველმა სურვილმა, მამულის მფლობელი გამხდარიყო, მას დანაშაულებების ჩადენისკენ უბიძგა. შეიძლება, პირველად მას ეს აზრი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვინსენტთან ერთად ჩრდილოეთისკენ მიემგზავრებოდა. მას არ შეეძლო იმის დაშვება, რომ წინასწარმეტყველება არ ახდენილიყო. რონალდის შვილი დაიღუპა, თავად რონალდი ისედაც სიკვდილის პირას იყო. თავისი ძმა ჯონი, მან იმავე ხერხით მოკლა, რომლითაც საკუთარი შვილის მოკვლას აპირებდა – ჭიანჭველას მჟავა შეუყვანა. შემდეგ ჯონის შვილს ესროლა. ბოლოს და ბოლოს მისი ამბიციები დაკმაყოფილდა და იგი საგვარეულო მამულების მფლობელი გახდა, მაგრამ მისი ტრიუმფი ხანმოკლე გამოდგა. მან გაიგო, რომ კვდება. უბედურება კი ისაა, რომ ამ დროისთვის იგი უკვე შეპყრობილი იყო მანიაკალური იდეით, რომლის თანახმადაც, ლემესიურების გვარის არც ერთი უფროსი ვაჟი მემკვიდრეობის მფლობელი არ უნდა გახდეს. ამიტომ, საკუთარი შვილის მოკვლა სცადა.
– მე კიდევ როჯერზე ვეჭვობდი.
– ბუნებრივია! მას მოტივი ჰქონდა, თუ ორივე ბავშვი მოკვდებოდა, მემკვიდრე ის ხდებოდა, მაგრამ რამდენიმე მომენტმა დამაეჭვა; რატომ ჩაჭრეს სურო, მაშინ, როდესაც სახლში მხოლოდ რონალდი იყო. როჯერს ხომ ორივე ბავშვის სიკვდილი აწყობდა! დღეს, კი როდესაც ბავშვმა თქვა, რომ ფუტკარი კისრიდან მამამ მოაშორა, ფუტკრის ნაკბენით გარდაცვლილი კიდევ ერთი ლემესიურე გამახსენდა და ყველაფერს მივხვდი.
რამდენიმე თვეში ჰუგო ლემესიურე სულით ავადმყოფთა კერძო კლინიკაში გარდაიცვალა.
P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.