კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-8(478)

როდის ეთამაშება ცეცხლს მამაკაცი: როცა ქალის შესაძლებლობებს ჯეროვნად ვერ აფასებს ან არ აფასებს. პრინციპში, სულერთია, რომელ ვარიანტზე შევჩერდებით, იმიტომ, რომ შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია – მამაკაცი ამ ომში წაგებული რჩება...

***

ლევანს თვალთ დაუბნელდა. ჯერ იფიქრა, მეჩვენებაო, მაგრამ ვახომ რომ მრავალმნიშვნელოვნად გააწკლაპუნა ტუჩები, მიხვდა, რომ მის წინ, უფრო სწორად, მისი ცოლის წინ, სავარძელში, ნამდვილად ნატუკა იჯდა, უწყინარი კრავივით იღიმებოდა და წამწამებს მიამიტურად აფახულებდა. ლევანს წამით ჰაერი აღარ ეყო. ოდნავ გვერდზე გადაქანდა და ვახოს მხარს მიეყრდნო. ვახომაც გამამხნევებლად მოუჭირა მკლავზე ხელი.

– კარგია, რომ მოხვედი. სწორედ ახლა შენთან დარეკვას ვაპირებდი, – თინიკო ქმარს მოეხვია და ნატაზე ანიშნა, – სტუმარი გვყავს.

– ვხედავ. თუმცა, გაოცებული ვარ და ამას არც ვმალავ.

– ბატონო ლევან, მაპატიეთ. ძალიან მრცხვენია, სახლში რომ მოგადექით, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ... – დაიწყო ნატამ საცოდავი, მიკნავებული ხმით.

ლევანმა ვახოს შეხედა და ჩუმად ამოიოხრა. ვახომ მხრები აიწურა.

– თინიკო, დღეს ჩვენ სტუმრად არ მივდიოდით? – ჰკითხა ცოლს, თითქოს ნატუკას ნათქვამი არც გაეგონოს. თინიკო უხერხულად შეიშმუშნა.

– ლევან, ამ გოგონას შენთან ლაპარაკი უნდა. საქმე აქვს, – შეახსენა ქმარს.

– საქმიანი საუბრებისთვის, შეუძლია, კაბინეტში მობრძანდეს, მაგრამ, ჯერ, იქნებ, შემახსენოს თავისი ვინაობა.

ლევანს ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, როცა ამას ამბობდა, რომ ვახომ თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეცინა, სამაგიეროდ, ფერდში მუჯლუგუნიც მიიღო მეგობრისგან და გადაწყვიტა, სიტუაცია როგორმე გაენეიტრალებინა.

– ვერ იცანი? ბიჭო, ეს ის არის, არ გახსოვს? ნიკუშას ნაშა.

თინიკოს გაეღიმა, ნატუკამ კი აღშფოთებით წამოიძახა:

– „ნაშა“?! თუმცა, თქვენ, შეგიძლიათ, ასე იფიქროთ, მაგრამ მე მიყვარს თქვენი მეგობარი, ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ.

ლევანმა გამანადგურებელი მზერით შეხედა გოგოს. მზად იყო, საკუთარი ხელით მიეხრჩო, მაგრამ თინიკოს იქ ყოფნა აბრკოლებდა. ისიც აშკარად სარგებლობდა ამით, განაგრძობდა სახიფათო თამაშს და თან უტიფრად შესცქეროდა თვალებში.

– ვერ გავიგე, რატომ უნდა გაირჩეს ნიკუშას სასიყვარულო ამბები ჩემს ოჯახში? – ჩაილაპარაკა შუბლშეკრულმა და ვახოს ანიშნა, დაჯექიო.

ვახო დაჯდა. ისიც ნატუკას უყურებდა, თანაც, არაკეთილმოსურნე მზერით.

– მე უკვე მოგიბოდიშეთ ამის გამო, ბატონო ლევან... საქმე ისაა, რომ თქვენ ნიკუშასთან დაკავშირებას დამპირდით, ყველაფერს გავაკეთებო, ასე მითხარით. ხომ იცით, რომ მე... მე... ბავშვს ველოდები... – ნატუკამ სიტყვებს წინასწარ მომზადებული ცრემლიც მოაყოლა და თეატრალურად ამოიოხრა. თინიკო ხან ნატას უყურებდა, ხან – ქმარს, მაგრამ, წყნარად იჯდა და მოვლენების განვითარებას ელოდა. ლევანმა იგრძნო, როგორ დაიმუხტა მის ირგვლივ ჰაერი უარყოფითად და აღარ დაელოდა, როდის აფეთქდებოდა.

– კარგი, მოგცემ ნიკუშას ტელეფონის ნომერს. მით უმეტეს, რომ მას უკვე ველაპარაკე და მითხრა, რომ თვითონ დაგელაპარაკება და გადაწყვეტილებასაც ერთად მიიღებთ.

– ნიკუშას ელაპარაკე? – გამოცოცხლდა ვახო, – ჩემთვის რომ არ გითქვამს? როგორ არის?

– ვახო, მაცალე, ჯერ ამ ქალიშვილს ველაპარაკები, – ირონია გამოურია ლევანმა ხმაში და ნატას აგდებით გადახედა. მან ვერ შენიშნა, როგორ აათამაშა თითები სავარძლის სახელურზე თიკამ. სამაგიეროდ, კარგად დაინახა ვახომ, მაგრამ, ვეღარ შეძლო, რომ ძმაკაცისთვის რამე ენიშნებინა, რადგან მიხვდა, რომ თიკამ რაღაც იეჭვა. ლევანი ისე იყო გაცოფებული, ლამის საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, რაც უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა.

– ეს ნიკუშას ტელეფონის ნომერია. პასუხი უკვე მოისმინეთ ჩემგან. თუ გნებავთ, ტაქსის გამოგიძახებთ. თქვენს მდგომარეობას ვითვალისწინებ და პატივს გცემთ.

ნატუკამ თვალები მოჭუტა:

– გმადლობთ, ტაქსის ფული მაქვს, თუმცა, თქვენგან ასეთი ზრუნვა მაინც ძალიან სასიამოვნოა და ნიკუშას აუცილებლად ვეტყვი, როგორი არაჩვეულებრივი მეგობარი ჰყავს.

– მე წავიყვან, – თქვა უცებ ვახომ, – მეც ხომ ნიკუშას მეგობარი ვარ. მანქანით ვარ და ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება.

– ძალიან კარგი. მაშინ, ამ ქალიშვილს შენ გაბარებ ვახო, სახლში მიიყვანე და პატრონს ჩააბარე. მეგობრის საცოლეზე ზრუნვა ჩვენი ვალია.

ნატუკა ადგა:

– გმადლობთ, ბატონო ლევან, ტყუილად არ მქონდა თქვენი გულისხმიერების იმედი. ალბათ, ნიკუშა ჩემს პრობლემებს მოაგვარებს და თქვენი შეწუხება აღარ დამჭირდება!

ლევანი მიხვდა ნატუკას სიტყვებში შეფარულ მუქარას, უეცრად გამწარდა და ჯავრი სიგარეტზე იყარა – გაბრაზებულმა მოსრისა ხელში და პირდაპირ ხალიჩაზე დაყარა. თიკამ განცვიფრებით შეხედა ქმარს, მაგრამ საყვედურისგან თავი შეიკავა, რასაც სხვა დროს და სხვა სიტუაციაში არ გააკეთებდა. ვახომ მანქანის გასაღები შეათამაშა:

– ლევან, მივიყვან და დავბრუნდები, სალაპარაკო გვაქვს, ხომ იცი!

– ჰო.

– კაფეშიც დავრეკავ და ჩვენთვის რამეს შევუკვეთავ. თიკა, რა გინდა, რა მოვატანინო?

– ჩემთვის არაფერი. მადა არ მაქვს. დილიდან ჩაის მეტი პირში ვერაფერი ჩავიდე.

– რა უცნაურია, მეც ზუსტად ასე ვარ, – ტუჩები გაბუსხა ნატუკამ და თინიკოსკენ საკოცნელად გადაიხარა, – დიდი მადლობა, ძალიან საყვარელი ხართ!

თიკამ კარამდე მიაცილა ორივე და სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. ლევანს უკვე მოესწრო ბართან მისვლაც და ჭიქის ვისკით შევსებაც, ცოლს გაუღიმა და ბოთლი დაანახვა.

– დალევ?

– არა, ხომ გითხარი, არაფერი მინდა-მეთქი.

– კარგად ხარ? – ლევანმა მზრუნველი დედასავით შეათვალიერა თიკა. მერე სცადა, მისთვის წელზე მოეხვია ხელი, მაგრამ ქალმა ამის საშუალება არ მისცა მოშორებით მდგარ სავარძელში ჩაჯდა. შეუვალი და საკმაოდ მკაცრი გამოხედვა ჰქონდა.

ლევანს შეუნიშნავი არ დარჩენია ცოლში მომხდარი ცვლილება.

– რა დაგემართა, საყვარელო, რატომ მიბრაზდები?

– არ გიბრაზდები, საიდან მოიტანე?

– როგორ არა, აშკარად სხვანაირად მიყურებ.

– მაინც, როგორ? – თიკამ თვალები მოჭუტა.

– შენ იცი, როგორც და მე ეს ძალიან არ მომწონს.

– რას მელაპარაკები! მართლა არ მოგწონს? თანაც, ძალიან, ძალიან არ მოგწონს?– მეც რომ არ მომწონს რაღაც-რაღაცეები?!

ლევანი ჯერ შეიჭმუხნა, მერე გაიცინა:

– ოღონდ, არ მითხრა, რომ იმ ტუტუც გოგოზე იეჭვიანე, არ გადამრიო! შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ და საკუთარი თვალით დაინახე, რასაც წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ ნიკუშას ნაშაა. ხომ წარმოგიდგენია, რომ ნიკუშას ნაშასთან რამე მქონოდა!

თიკამ მშვიდად გაიღიმა:

– ლევან, საყვარელო, არ გეჩვენება, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, როგორც შენ უწოდე, იმ ტუტუც გოგოზე? მე ხომ არაფერი მითქვამს, საერთოდ არაფერი.

– ჰო, მაგრამ, შეგეტყო.

– ლევან, დამშვიდდი! რატომღაც, ნერვიულობ და ძალიან გეტყობა.

– რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. ჯერ აქ მოსული რომ დავინახე, საშინლად გავბრაზდი. ისღა მაკლდა, ჩემი ძმაკაცების ნაშებმა იარონ ჩემს სახლში.

– ფეხმძიმე ნაშები, – სარკასტული ღიმილით შეუსწორა თიკამ. ლევანი გაფითრდა.

– აი, ხედავ? ისევ ნერვიულობ, – ნიშნის მოგებით დაუქნია თითი ცოლმა.

– ჰო, ვნერვიულობ, რა არის დასამალი? გითხარი, არ მსიამოვნებს ასეთი სიტუაციები-მეთქი. არ მსიამოვნებს რბილად ნათქვამია, ვერ ვიტან, მძულს და ვცოფდები! მეტსაც გეტყვი: დროზე რომ არ წასულიყო, ხელს მოვკიდებდი და გავაგდებდი!

– მართლა? შენ ამას შეძლებდი? საინტერესოა! ქალებზე მოძალადის როლში ძნელად წარმომიდგენიხარ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაკლი გაქვს და არც სიურპრიზებია შენგან გამორიცხული.

– ამას რატომ ამბობ, რა დავაშავე? გეუბნები, მე არაფერ შუაში ვარ. ნიკუშას დავურეკავ და ისე ვეჩხუბები, დიდი ხნით დავუკარგავ გართობის ხალისს.

თინიკომ ხმამაღლა გადაიკისკისა.

– რა საყვარელი ხარ, როცა ემოციას ასე აშკარად გამოხატავ, პირდაპირ, ვგიჟდები. ლევან, მოდი, შევწყვიტოთ ამ თემაზე ლაპარაკი, თორემ, გატყობ, ძალიან სახიფათო მიმართულებას იღებს.

– სახიფათოს – ჩემთვის? – ლევანმა სიგარეტს მოუკიდა.

თიკამ თავი დაუქნია და სიგარეტზე ანიშნა:

– იქნებ, გარეთ, აივანზე მოგეწია?

– მაგდებ? როდის იყო, სიგარეტის ბოლი გაწუხებდა?

– ახლა მაწუხებს.

ლევანმა სიგარეტი საფერფლეზე ჩააქრო:

– აჰა, აღარ მოვწევ. ოღონდ, ნუ იბღვირები და, საერთოდაც, ნუღარ გავიხსენებთ იმ ქალთან დაკავშირებულ უსიამოვნო ინციდენტს.

– რა ინციდენტზე ლაპარაკობ, ლევან? არავითარი ინციდენტი არ ყოფილა. ვერ ვხვდები, რატომ გაღიზიანდი. დიდი საქმე, გოგო თავისი პრობლემით თუ მოვიდა შენთან!

– ჰო, კარგი. არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა – სულ ეს არის.

– ესე იგი, რაღაც ისეთი იცი მაგ გოგოზე.

ლევანმა ხელები გაშალა და ამოიოხრა:

– ვატყობ, ნიკუშას ეროტიკული თავგადასავალი ძალიან ძვირი მიჯდება. რა გინდა, თიკუნა, რა გაინტერესებს? მინახავს თუ არა ეს გოგო ნიკუშასთან? გპასუხობ: მინახავს! ვიცოდი, რომ ვიღაც ჰყავდა – სულ ეს არის. რატომ დავინტერესდებოდი ნიკუშას საყვარლებით?

– ჰო, ბუნებრივია, არ დაინტერესდებოდი, თუმცა...

თიკამ გამომცდელად შეხედა ქმარს. ლევანი აწრიალდა:

– თიკა, გეყოფა! ისე ნუ მიყურებ, თითქოს რაღაც დამეშავებინოს.

– თუკი არაფერი დაგიშავებია, მაშინ, სანერვიულოც არაფერია. ესე იგი, ნიკუშას შვილი ეყოლება... იამ თუ იცის ამის შესახებ?

– ეს არ არის ჩემი და შენი საქმე. ია და ნიკუშა მიხედავენ თავიანთ ურთიერთობას.

– ჩვენ კი ჩვენს ურთიერთობას უნდა მივხედოთ, ხომ მართალია?!

– რისი თქმა გინდა ამით? საღამოს ნუ გავიფუჭებთ, ძალიან გთხოვ. სამსახურიდან ადრე წამოვედი, მალე ვახოც მოვა, ცოტას ვილაპარაკებთ, გავერთობით...

– მე მგონი, უკვე საკმარისად გავერთეთ და, დროა, უფრო სერიოზულად ვილაპარაკოთ.

– გასაგებია. ეჭვიანობ. ნიკუშას დედაც!.. – გაცოფდა ლევანი.

– ნუ იგინები, ნიკუშა არაფერ შუაშია.

– აბა, მე ვარ შუაში? ხომ არ გგონია, რომ მე დავაფეხმძიმე ეს გოგო? თიკა, ეს უკვე მეტისმეტია! რამდენი ხანია, არაფერი გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ ცდას არ ვაკლებთ?!

– გამოგვივიდა, – წყნარად ჩაილაპარაკა თიკამ და ქმარს თვალებში შეხედა. ლევანი გაშრა.

– მოიცა! რა თქვი? რა გამოგვივიდაო?

– ხომ მიხვდი, რაც ვიგულისხმე, რატომღა მეკითხები?

ლევანმა თავზე იტაცა ხელები.

– რა მოხდა, არ გიხარია? – თიკას ტუჩები აუკანკალდა.

– არა, არა, საქმე მაგაში არ არის, მინდოდა, მეთქვა, დარწმუნებული ხარ-მეთქი? ისე მოულოდნელად მომახალე ეს ამბავი, რომ...

– დღეს დილით ექიმთან ვიყავი და იმანაც დამიდასტურა. ეჭვი მქონდა, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. მითხარი, მითხარი, რომ გიხარია, თორემ გავგიჟდები! ვერ წარმოიდგენ, როგორ ვნერვიულობდი... – თინიკო ქმარს მოეხვია, – შვილი გვეყოლება, საყვარელო...

ლევანი დამბლადაცემულივით იდგა, ისიც კი ვერ მოახერხა, ცოლისთვის ხელი მოეხვია...

***

ვახომ მხარს ზემოდან გადახედა სავარძელში ნებივრად მოკალათებულ გოგოს. ნატუკას სულაც აღარ ჰქონდა საწყალი მსხვერპლის იერი, პირიქით, მანქანა დაიძრა თუ არა, გახალისდა და რაღაც მელოდიის ღიღინს მოჰყვა.

– ცუდად აღარ ხარ? – ვეღარ მოითმინა ვახომ.

– მე მეკითხები? ცუდად არც ვყოფილვარ, – მხრები აიჩეჩა ნატუკამ, – უბრალოდ, იმ სახლში საშინელი ატმოსფეროა, დამთრგუნველი. ლევანის ცოლიც რაღაცნაირია.

ვახო შეიჭმუხნა:

– თიკა ჯიგარი გოგოა. რაღაცნაირი და „იმნაირი“ შენ ხარ.

– აბა-აბა! ძმაკაცის საცოლესთან ასეთ ლაპარაკს არ გირჩევ! – შეიფერა ნატუკამ.

– ვინ არის ჩემი ძმაკაცის საცოლე, შენ?! ნუ მაცინებ! ნიკუშა შენ ცოლად არ შეგირთავს.

– ვითომ, რატომ? – გაიფხორა გოგო, – საკმარისად ლამაზი არ ვარ?

– ეგ არაფერ შუაშია. მიზეზები ბევრია, რომელი ერთი ჩამოგითვალო...

– მართლა? მაინც?

ვახომ გადაიხარხარა:

– შენ, რა ვერ ხვდები, ვინ ხარ? თანაც ნიკუშას არ უყვარხარ. საკმარისია თუ კიდევ გინდა, დაგიმატო?

– შენ რომ არ მოგწონვარ, ეგ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ნიკუშასაც არ ვუყვარვარ.

– ნიკუშას სხვა ქალი უყვარს და შენ მის ფრჩხილადაც არ ღირხარ.

– საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობ ჩემზე. თუ გინდა, სხვანაირადაც გეტყვი: ფეხებზე მკიდიხარ, ოღონდ, მართლა.

– ვახომ ორივე ხელი ჩასჭიდა საჭეს და თავი გადააქნია:

– ჰმ, როგორ თამამად ლაპარაკობ! იცი, შენისთანებს შორიდანვე ვცნობ, ყნოსვით. ბევრი იჩალიჩე, რომ დაორსულებულიყავი? ეგ ბავშვი ხომ ნიკუშასი არ არის?

– აბა, ვისია, შენი? – დასცინა ნატუკამ.

– ერთობი, პატარავ? ჩემთან რომ ეგეთები არ მოსულა? ხომ გითხარი, შენისთანებს ყნოსვით ვცნობ-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ნიკუშას ნახალკას სტენი.

– ეგ ჩემი და ნიკუშას საქმეა, მოვრიგდებით როგორმე.

– ჰმ, ეჭვი არ მეპარება, ოდნავაც არ მეპარება ეჭვი! რა გინდა, პარიზში იცხოვრო და ფუფუნებით დატკბე? იცი, რომ ანგარიშში მოტყუვდი? ნიკუშა ის კაცი არ არის, შენ რომ გგონია. არ გამოგადგება.

– ამას როგორმე მე გადავწყვეტ. ნიკუშა ჩემი მომავალი შვილის მამაა. ასე რომ, არჩევანის საშუალება არ მაქვს.

ვახომ მკვეთრად შემოატრიალა საჭე. ნატუკა გვერდზე გადაქანდა.

– ნელა, ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ!

– რა თქმა უნდა, წინ ისეთი შორს მიმავალი გეგმები გაქვს... ისე, მაინც რამდენი კაცი გყოლია, გულახდილები რომ ვიყოთ? გპირდები, ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება.

– არ ვიცი, სტატისტიკას არ ვაწარმოებდი. არც იმდენი, შენ რომ გგონია. არ მითხრა, რომ ჩემზე გული შეგტკივა, თორემ სიცილით დავიხრჩობი!

– არა, რა თქმა უნდა. მე გული ჩემს მეგობარზე შემტკივა – არ მინდა, ცოლად კახპა შეირთოს. პრობლემა ის კი არ არის, რამდენ კაცთან იწექი... აი, აქედან ხარ გარყვნილი, – ვახომ საფეთქელთან მიიტანა საჩვენებელი თითი.

– შენ ჩემს გარყვნილებასთან საქმე არ გაქვს, ასე რომ, ვეცდები, დავივიწყო, როგორ მაბამდი.

– მე გაბამდი? – ვახომ ხელი ხელს შემოჰკრა, – რა თავხედი ხარ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე! არ გამიკვირდება, ვიღაც სხვა კაცისგან რომ იყო ფეხმძიმედ.

– გითხარი, შეგიძლია, შენ მშვიდად იყო-მეთქი, – დასცინა ნატუკამ.

– ვარ კიდეც, მაგრამ, არ მინდა, ჩემი ძმაკაცი დადიოდეს გაბრიყვებული და მოტყუებული.

– მართლა? მაინც რის გაკეთებას აპირებ, არ მეტყვი?

ვახომ თავი დაუქნია:

– გეტყვი: რა თქმა უნდა, არ გავჩუმდები და ნიკუშას, იმ შტერ და გულუბრყვილო კაცს, ვეტყვი, რა საფრთხე ემუქრება ერთი შეხედვით უწყინარი, ტუჩებგაბერილი გოგოსგან.

– მე ტუჩები ბუნებრივად მაქვს ასეთი და, საერთოდ, არ გირჩევ ჩემს მტრად გადაკიდებას, თორემ, ნიკუშას ცოლი რომ გავხდები, ჩემს ქმარს შენთან შეხვედრას ავუკრძალავ.

– ჯერ გახდი ცოლი.

– დარდი ნუ გაქვს, გავხდები. ნახევარი ნაბიჯი მაკლია.

– მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი ბავშვის ნამდვილი მამის ვინაობა დავადგინო, სანამ მაგ ნახევარ ნაბიჯს გადადგამდე, – დაჰპირდა ვახო.

ნატუკამ სიცილით აიჩეჩა მხრები:

– რა მენაღვლება, მიდი, დაადგინე, სულერთია, მაინც არაფერი გამოგივა, მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებ. მე და ნიკუშას ყველაფერი კარგად გვექნება, – ნიშნისმოგებით განაცხადა გოგომ და, თითქოს ვახოს დასარწმუნებლად, თითებიც გაატკაცუნა.

ვახომ თვალები მოჭუტა:

– რაღაცაშია საქმე. ზედმეტად თავდაჯერებული ხარ. რაღაცის იმედი გაქვს. ვიღაც გეხმარება, მაგრამ – ვინ? – აი, რა არის საინტერესო.

– სამუშაო ბევრი გაქვს, ბატონო გამომძიებელო. მიდი და ყნოსე მაძებარი ძაღლივით. იქნებ, რამე იპოვო. ამასობაში მე პარიზში გავემგზავრები და უამრავ ლამაზ ნივთს ვიყიდი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.

– ეე, ნუ გაუბერე! ნიკუშას ფული არა აქვს. ასე რომ, გირჩევ, შენი მუცელი ვინმე, უფრო პერსპექტიული კანდიდატისთვის გაბერო, ნიკუშასგან ვერაფერს გამოადნობ. ჰა, ჰა, ხუთოთახიანი ბინა ვაკეში და ისიც მთლიანად არა.

– შენ მაგაზე არ შეწუხდე. ნიკუშას თუ არა აქვს ფული, დედამისს აქვს. ასე რომ, ტყუილად იღლი ენას, მაინც არაფერი გამოგივა.

– შარი ხარ, მაგრამ მე ვიცი შენნაირებთან ბრძოლის ხერხები, – თავი გადააქნია ვახომ.

– ფეხმძიმე ქალს რომ მემუქრები, არ გრცხვენია?

– თავს ნუ ისაწყლებ, შენნაირები ფეხმძიმობასაც კი საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, თორემ, შენგან რა დედა უნდა გამოვიდეს!

– ყოველ შემთხვევაში, ჩემს შვილს ქუჩაში ნამდვილად არ დავაგდებ და იდეალურ პირობებს შევუქმნი არსებობისთვის. გავიგე, რომ ნიკუშას ძალიან კარგი დედა ჰყავს, ის ქალი გამიგებს. ჩემი შვილი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.

– შეიძლება. მაგრამ შენ? შენ იმსახურებ?

– რატომაც არა. მომწყინდა აქეთ-იქით უაზროდ ხეტიალი, აღარც ბარებში გართობა მიზიდავს. დროა, ჩემი ცხოვრების სტილი მთლიანად შევცვალო.

ვახომ ამოიოხრა:

– მე მაინც ყველაფერს ვეტყვი ნიკუშას, ყველაფერს, რასაც ამ ამბავზე ვფიქრობ, საკუთარ სინდისთან რომ ვიყო მართალი.

ნატუკამ ჩაიცინა:

– შენი ნებაა. ისე კი, მგონი, ვხვდები, რატომ გაქვს ასე აკრეფილი, მაგრამ, მე ნურაფერს მისაყვედურებ. თუ გახსოვს, ერთხელ მოგეცი შანსი და არ გამოიყენე, საყვარელო!

– უზნეო ხარ! კახპა შენზე გაცილებით პატიოსანია... მაგრამ, არა უშავს, შეგიძლია, დროებით დატკბე გამარჯვებით, მხოლოდ დროებით! – ვახომ შეიგინა, გაზის სატერფულს ფეხი დააჭირა და სიჩქარეს მოუმატა...

***

ელენემ ფრთხილად შეაღო შვილის საძინებლის კარი. ნიკუშას არ ეძინა, იწვა და, თვალებდახუჭული, თავის ერთბაშად შეცვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა. იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ვიღაც მის საწოლს, მაგრამ თვალი არ გაუხელია, ისედაც მიხვდა, ვინ იქნებოდა... ელენე სასთუმალთან ჩამოუჯდა და თმაში ნელა შეუცურა თავისი გრძელი, ლამაზი თითები.

– რატომ არ გძინავს? – ჰკითხა თვალდახუჭულმა.

– არ ვიცი, ვერ დავიძინე და შენი ნახვა მომინდა. ძალიან ვნანობ იმ წლებს, რომლებიც ორივემ დავკარგეთ და ვეღარაფრით ავინაზღაურებთ. საკუთარ თავს სულ იმას ვეკითხები, რატომ დაგვემართა ეს, რისთვის...

– მეც სწორედ მაგ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩამოვედი, იმიტომ, რომ მთელი ეს წლები, მხოლოდ მაგაზე ვფიქრობდი, – ნიკუშამ თვალები გაახილა და დედას შეხედა.

– მერე, აქამდე რატომ არ მოხვედი ჩემთან? – ელენეს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი.

– მე გეტყვი: იმიტომ, რომ მე მადანაშაულებდი იმაში, რაც ჩვენს ოჯახში მოხდა. თუმცა, სულ ტყუილად. ჩემთვის არასდროს არაფერი ყოფილა ოჯახზე და შენზე უფრო ძვირფასი, გეფიცები!..

– მჯერა, მაგრამ შენს ცხოვრებაში კიდევ იყო რაღაც, ჩემთვის და, ვფიქრობ, მამაჩემისთვისაც გაუგებარი.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისთვის დაიტოვოს თავისი წარსული, – ჩაილაპარაკა ელენემ.

– რა თქმა უნდა, აქვს, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ, თუ ეს წარსული მარტო მისას კი არა, მისი საყვარელი ადამიანების მომავალსაც უარესობისკენ ცვლის, მაშინ?

– შენ მაინც ფიქრობ, რომ მამაშენის სიკვდილში მე ვარ დამნაშავე?

– ჰო, ვფიქრობ. სულ ვფიქრობ ამას და მინდა, შენ დამარწმუნო საპირისპიროში, – ნიკუშა ლოგინზე წამოჯდა და დედის ხელი მოიშორა, – მითხარი, გემუდარები... გეფიცები, მშვიდად შევხვდები ყველაზე საშინელ ამბავსაც კი.

– ზედმეტად ართულებ და ამძიმებ სიტუაციას. ჩემს წარსულში არაფერი ყოფილა ისეთი, რისიც ახლა ძალიან შემრცხვებოდა.

– მაშინ, მომიყევი. დედა, ჩვენ ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. იმ წლებს უკან ვეღარავინ და ვეღარაფერი დაგვიბრუნებს. არ მინდა, აქედან ისე წავიდე, ვერაფერი გავარკვიო. მომეცი საშუალება, მშვიდად ვიცხოვრო, დედა! გემუდარები. ხომ ამბობ, რომ გიყვარვარ? გააკეთე ეს ჩემთვის!

ელენემ დაგუბებულ ცრემლს გზა მისცა, ნიკუშას ხმაში ისეთი სასოწარკვეთა იგრძნობოდა, რომ კინაღამ გული გაუჩერდა.

– ჩემს წარსულში არაფერია შენთვის საინტერესო, დამიჯერე. მამაშენის სიცოცხლე კი განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩემთვის.

– მე ეგ არ მიკითხავს და შენ ეს იცი. მაშინ, მითხარი, რომ მამაჩემის სიკვდილთან შენი წარსული არაფერ შუაშია; რომ რაღაც აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი მოხდა; რომ ავადმყოფი გული ჰქონდა და მისი ინფარქტი შენთვის საბედისწერო მოულოდნელობა იყო; რომ სიკვდილის წინ განსაკუთრებულზე არაფერზე გილაპარაკიათ! დედა, ხომ გესმის, რა მინდა შენგან, რას ვითხოვ? ოღონდ, შემომხედე, თვალებში შემომხედე და ისე მიპასუხე! გეფიცები, არასოდეს, არაფერს გკითხავ, საერთოდ არაფერს... დედა!..

ელენე დუმდა. ტუჩებს იკვნეტდა და ცრემლს ხელისგულით იწმენდდა. ნიკუშა მუდარით შესცქეროდა, თვალებით ემუდარებოდა, არ გაეცრუებინა მისთვის იმედი...

***

ვახომ ნატუკა სახლში მიიყვანა. დარჩენილი გზა ისე გალიეს, მისთვის აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ უბღვერდა. გოგო გადავიდა თუ არა, მანქანა მაშინვე დაიძრა. ვახოს, საერთოდ, მშვიდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან იყო გაბრაზებული. კომპლექსები არ აწუხებდა. მისთვის სულერთი იყო, რამდენი კაცი ჰყავდა გამოცვლილი ქალს, მთავარია, მოსწონებოდა და მასთან ყოფნის სურვილი გასჩენოდა. გაპრანჭულ ქალიშვილებს დასცინოდა და არასოდეს ჰქონია იმის პრეტენზია, ცოლად აუცილებლად ქალწული შეერთო. სამი ცოლიდან მხოლოდ ერთისთვის იყო პირველი მამაკაცი, თუმცა, მათთან განქორწინების მიზეზი ეს ნამდვილად არ ყოფილა. იშვიათად ინტერესდებოდა ქალების წარსულით, მაგრამ ნატუკაში სერიოზული საფრთხე დაინახა – ეს გოგო დანახვისთანავე არ მოეწონა. ის არ იყო ჩვეულებრივი მეძავი, რომელიც ფულის გამო ყველაფერზე თანახმა იქნებოდა. ძალიან ინანა, რომ ყურადღება არ მიაქცია ნიკუშასთან მის ურთიერთობას და არ გააფრთხილა ძმაკაცი. გაცოფებულმა, უფრო საკუთარ თავზე, ვიდრე ნიკუშაზე, ორივე ხელი გამეტებით დასცხო საჭეს და მანქანა საპირისპირო მხარეს გააქანა.

ია არ ელოდა სტუმარს. აშკარად ეძინა – საღამურზე ნაჩქარევად შემოეცვა ხალათი და გაწეწილ თმას ხელით ისწორებდა.

– რა მოხდა, ომი დაიწყო? – ჰკითხა ვახოს შეშინებულმა და ოთახში შეუძღვა. საათი დაკარგე თუ ცნობა დაგავიწყდა? – უსაყვედურა უკვე ცოტათი დამშვიდებულმა.

– კარგი, რა! როდის იყო თერთმეტ საათზე გეძინა!

– რა გინდა, ადამიანო! თავი არ უნდა დამანებოთ შენ და შენმა პარანოიით დაავადებულმა ძმაკაცებმა? მომასვენეთ, მომეცით საშუალება, საკუთარ ცხოვრებას მივხედო და საკუთარ თავზე ვიფიქრო! დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია, ყველაფერს აქვს საზღვარი. რატომ არ შეგიძლიათ, დაივიწყოთ ამ სახლის გზა? მშვიდად მინდა, ვიცხოვრო, მშვიდად! რა არის ამაში გაუგებარი?

ვახო უხმოდ უსმენდა მთელ ამ მონოლოგს და ბოლოს ჰკითხა:

– დაამთავრე?

– მგონი, კი.

– კარგია. ესე იგი, ახლა შეგიძლია, მშვიდად მომისმინო. ხომ იცი, რომ შენ ჩემთვის სულერთი არ ხარ. მგონი, ერთადერთი ქალი ხარ, რომელმაც, რაც უნდა დამიშავოს, მაინც ყოველთვის მეყვარება.

– ვახო, შენ ახლა სიყვარულს მიხსნი? უნდა გამაგიჟო?

– არა, არა! მოიცადე, გეხვეწები, მათქმევინე! რა უბედურება გჭირთ ქალებს, ბოლომდე რომ არ იცით მოსმენა? მერე მცდარ დასკვნებს აკეთებთ და გულს იხეთქავთ. გოგო, და რომ მყავდეს, შენზე მეტად არ მეყვარებოდა. მართლა არ გამაგიჟო ახლა!..

იამ ამოიოხრა:

– ღმერთო, მგონი, მეც გავაფრინე. ბოდიში, საყვარელო, ბოდიში. მეც ძალიან მიყვარხარ. რატომ ვთქვი ასეთი სისულელე? ნამდვილი იდიოტი ვარ!..

– არა, შენ ძალიან კარგი ხარ, ძალიან საყვარელი... მაგრამ, შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებ, ფაქტია.

– რას გულისხმობ?

– ნიკუშასთან შენს ურთიერთობას.

იამ მაშინვე გაიმკაცრა სახე:

– აჰა, აი, თურმე, რატომ მოვარდი თავპირისმტვრევით. ეგ საკითხი ჩემთვის დახურულია. ნიკუშა ჩემთვის აღარ არსებობს და, ნეტავი, არც არასდროს ეარსება. ტანჯვისა და უსიამოვნების გარდა არაფერი მოუტანია ჩემთვის.

– იმიტომ, რომ შენ ხარ ამაში დამნაშავე, არა, ჩემი ძმაკაციც მაგარი კრეტინია, მაგრამ, კაცები, ხომ იცი, როგორი კრეტინები ვართ. ყველამ იცის და ამაში არაფერია დასამალი, რომ, თუ ქალმა არ მოინდომა ჩვენი შებმა, ჩვენ თავს არ ვიკლავთ ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ყველა ცოლიანი ან შეყვარებული კაცი შებმულია?

– აბა რა! თანაც, ქალისგან შებმული. შენ არ შეაბამ – გამოჩნდება სხვა, ვისაც ამისი გაკეთების სურვილი გაუჩნდება და არც დაეზარება.

– შენ რაღაცის თქმა გინდა და შორიდან მივლი, თვალებზე გატყობ.

– ჰო, მინდა. ოღონდ, ჯერ უნდა ვიცოდე, ნიკუშასთან დაკავშირებით რას აპირებ?

– არაფერს, რას უნდა ვაპირებდე? ის წავიდა, მე აქ დავრჩი და, საერთოდ, მორჩა ყველაფერი.

– გაგიჟდი? ამდენი ხნის ლოდინსა და სიყვარულს წყალში ყრი?

– გადაყრილიც არის და დამთავრებულიც. ოღონდ, შენმა ძმაკაცმა გადაყარა, თქვენ კი არაფერი გააკეთეთ მის შესაჩერებლად, – იამ ნიშნისმოგებით გადააქნია თავი.

ვახომ წარბი შეიკრა:

– ასეა. მე არ გავურბივარ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, მაგრამ დამნაშავე შენც ხარ, ოღონდ, არ იფიქრო, გსაყვედურობდე. უბრალოდ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, თქვენ რომ ერთმანეთს დაშორდეთ.

იას სახე დაუსევდიანდა:

– მთელი ეს წლები დაშორებულები არ ვიყავით? ჩვენს ურთიერთობას რამე ერქვა? მე, უბრალოდ, თავს ვიტყუებდი. ახლა კი აღარ მინდა, აზრი აღარ აქვს, ხომ ხვდები?

– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

– ვის ვებრძოლო, ნიკუშას? ცოლად რომ შემირთოს, იმიტომ? არა, ვახო, არ მინდა.

– მაშინ, დაუთმე იმ კახპას და, შვილს რომ გაუჩენს, მერე ნახავ! – ვეღარ მოითმინა ვახომ და იფეთქა.

ია გაშრა, გაფითრდა და ვახოს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. თავისივე საქციელით დაბნეულმა ვახომ რაღაც წაიბურტყუნა.

– რა თქვი? – ხმის კანკალით ჰკითხა იამ, – ვინ გაუჩენს შვილს?!

– ჯანდაბა! მაინც წამომცდა! თუმცა, დამალვას აზრი მაინც არ აქვს. ჰო, ნატუკა ფეხმძიმედ არის და ეს ამბავი ნიკუშამ უკვე იცის.

– რას ამბობ? შენ ვინ გითხრა? – იას ატირებას აღარაფერი უკლდა.

– ეე, ია, მე და შენ ჭურში ვისხედით თურმე. ის ქალბატონი კი ლევანთან მობრძანდა და ამაყად გამოუცხადა, ნიკუშასგან შვილს ველოდებიო და ლევანმაც ნიკუშას ტელეფონის ნომერი მისცა.

– ღმერთო, ნატუკა ნიკუშასგან ბავშვს გააჩენს!.. ის გააჩენს, მე კი... მე, რომელიც მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, ვემზადებოდი ამისთვის, შორიდან უნდა ვუყურო მათ ბედნიერებას. ღმერთო, ღმერთო!.. რატომ მოხვედი, ვახო, რატომ მითხარი ეს ამბავი? იმიტომ, რომ გული გამიხეთქო? რა უბედური ვარ და როგორი შეურაცხყოფილი!..

– ვიცი. ვხვდები, მაგრამ... – ვახომ მხარზე შეახო ხელი ატირებულ იას, მაგრამ ქალმა აირიდა მისი ხელი, გვერდზე გახტა და ისტერიულად იკივლა:

– არა, შენ ვერ მიხვდები, ვერაფრით ვერ მიხვდები, რას განვიცდი ახლა, როგორი განადგურებული და მიწასთან გასწორებული ვარ!

– გეყოფა, ნუ გამოიგლოვე საკუთარი თავი. გეუბნებოდი, მიეცი-მეთქი და გიჟდებოდი. ღირდა, შენი ქალიშვილობა ამად? ახლა იყავი და გაუფრთხილდი, არავინ მოგტაცოს! – აღარ დაინდო ვახომ.

იამ თვალები ისე ფართოდ გაახილა, რომ ვახოს შეეშინდა, ბუდეებიდან არ გადმოცვენოდა; კიდევ უფრო შეშინდა, როცა ქალს ტუჩები გაულურჯდა და სამზარეულოში გავარდა, ჭიქით წყალი მოიტანა და იას სახეზე შეასხა.

– რას აკეთებ, მომეშვი... წადი, წადი, აქედან, შენი დანახვაც აღარ მინდა!

– წავალ, ოღონდ, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ! თუ არ დამშვიდდები, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ, ვერაფრის შეცვლას!

– რომ დავმშვიდდე, მაშინ კი შევძლებთ რამის გაკეთებას? ან, რა უნდა შევცვალოთ – ნატუკა უნდა ვაიძულოთ, რომ ბავშვი არ გააჩინოს თუ ძალით წავათრიოთ ექიმთან და აბორტი გავუკეთოთ? მორჩა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდა! – კიოდა ია.

– მგონი, ერთი ჭიქა წყალი კიდევ გჭირდება, – ხელი ჩაიქნია ვახომ, – ბოლოს და ბოლოს, გინდა თუ არა ნიკუშასთან ყოფნა? ოღონდ, წივილ-კივილის გარეშე. დაწყნარდი, დაფიქრდი და ისე მიპასუხე, – გინდა ნიკუშასთან ყოფნა თუ არ გინდა?

ია გაჩუმდა და ვახოს მიაშტერდა. მისმა კატეგორიულობამ გამოაფხიზლა. თითქოს ფერიც დაუბრუნდა. ვახო მიხვდა, რომ ქარიშხალის პირველმა ტალღამ გადაიარა. ამიტომ გადაწყვიტა, დრო აღარ დაეკარგა:

– ია, მომისმინე: ბავშვი ბევრს არაფერს ნიშნავს ქალისა და კაცის ურთიერთობაში. მეც მყავს შვილი, მაგრამ დედამისთან კი არ ვცხოვრობ. თან, არც ისეთი ცუდი მამა ვარ, ძალიანაც ვზრუნავ ჩემს გოგოზე. ამიტომ, ნატუკამ ბავშვი რომც გააჩინოს, ნიკუშას მაინც შენ გაჰყვები!

– შენც ისევე ხარ მოტყუებული, როგორც მე. ჩვენი სიყვარული დიდი ხნის წინ მოკვდა, მაგრამ მე ამის დაჯერება არ მინდოდა. ახლა კი დავრწმუნდი.

– აუ, თავიდან იწყებ? არ გინდა, დამიჯერე. ნიკუშას შენ უყვარხარ. ნუ მისცემ საშუალებას იმ პატარა კახპას, საბოლოოდ შეაბას. ცოლად არ უნდა მოიყვანოს. გესმის? არ უნდა მოიყვანოს ცოლად!

– მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

– შეგიძლია! ხვალვე გავაკეთებთ ვიზას და პარიზში გაგიშვებ. ფულზე არ ინერვიულო, მე მოგცემ.

– გმადლობთ, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ! არ მინდა, სულელის როლში აღმოვჩნდე.

– წახვალ, თანაც, აუცილებლად! მეც წამოგყვები. ნიკუშას ნახავ და საბოლოოდ გაარკვევ მასთან ურთიერთობას. თუ გეტყვის, რომ აღარ უყვარხარ, მაშინ მეც დაგანებებ თავს, მაგრამ ეს არ მოხდება.

– თავის დამცირებას მაიძულებ? ნუ გამაკეთებინებ იმას, რისი გაკეთებაც არ შემიძლია და არ მინდა.

– ქალები მართლა ჭკუამოკლეები ხართ. იქ იჩენთ პრინციპულობას და სიჯიუტეს, სადაც ეს საჭირო არ არის. თავის დამცირებაზე ლაპარაკობ და ის კი გავიწყდება, რამდენი ბედნიერი წუთი გაგიტარებიათ ერთად. ნუთუ არ მოგენატრა ნიკუშასთან სიახლოვე, ან, იქნებ, აღარ გიყვარს?

იას თვალები აუცრემლიანდა:

– მიყვარს! ძალიან მიყვარს...

– მაშინ, მივდივართ. იმ კახპას უნდა დავასწროთ!

– ვახო, მე...

– გაჩუმდი! აღარაფრის გაგონება აღარ მინდა! ლევანს არაფერს ვეუბნებით. ბილეთებს ვიღებთ და მივდივართ. ცხოვრებაში ერთხელ დამიჯერე, ისე, რომ წინააღმდეგობა არ გამიწიო, კარგი?

იამ იფიქრა და თავი გაუბედავად დაუქნია.

– კარგი, გავრისკავ, მაგრამ, ვიცი, რომ ეს ძალიან ძვირად დამიჯდება.

– არა უშავს, შედეგი ამად ღირს. ახლა რომ ამის გაკეთება არ გაიძულო, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3