ახალი რეკორდი წყალქვეშ
შვეიცარიელმა, ქალაქის ციურიხის მცხოვრებმა 38 წლის პეტერ კოლატმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მან წყალქვეშ 19 წუთი და 21 წამი დაყო, რაც 19 წამით აღემატება ადრე დამყარებულ მსოფლიო რეკორდს. ამის გამო ის „გინესის რეკორდების წიგნში“ მოხვდა. წინა რეკორდმსმენი იტალიელი იყო.
რეკორდი კოლატმა ქალაქ სანკტ-გალენში, შაბათის სადღესასწაულო ბაზრობაზე დაამყარა. შოუს უამრავი ადამიანი უყურებდა. წესების თანახმად, სპორტსმენს უფლება აქვს, ჩაყვინთვამდე 10 წუთის განმავლობაში 100-პროცენტიანი ჟანგბადი ჩაისუნთქოს.
2008 წელს კოლატმა ერთხელ უკვე დაამყარა მსოფლიო რეკორდი ამ სახეობაში. მან წყალქვეშ 16 წუთი და 32 წამი დაჰყო. ის შვეიცარიაში ჩატარებული წყალქვეშა ჩაყვინთვის სხვადასხვა შეჯიბრების აქტიური მონაწილეა: იგი გახდა თავისი ქვეყნის რეკორდსმენი აკვალანგის გარეშე სიღრმეში ჩაყვინთვაში (127 მეტრი).
წყალქვეშ უჰაეროდ ყოფნის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას 2006 წელს ცნობილი ილუზიონისტი დევიდ ბლეინი შეეცადა, მაგრამ მისი გეგმები უფრო ამბიციური იყო: მას სურდა, ახალი რეკორდი მას შემდეგ დაემყარებინა, რაც ერთი კვირის განმავლობაში დიდ აკვარიუმში იცხოვრებდა, სადაც ჰაერსა და თხევად საჭმელს შლანგებით მიაწვდიდნენ.
რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში საკონცერტო კომპლექს „ლინკოლნ-ცენტრში“, რათა ენახათ, როგორ მოიხსნიდა 70-კილოგრამიან ბორკილებს 2,5 მეტრი დიამეტრის სფეროში შვიდი დღის ყოფნის შემდეგ ილუზიონისტი და, შეიკავებდა რა სუნთქვას 9 წუთის განმავლობაში, წყლის ზედაპირზე ამოვიდოდა. მაგრამ, მერვე წუთის დასაწყისში მაშველები იძულებულნი გახდნენ, ბლეინი აკვარიუმიდან ამოეყვანათ მას შემდეგ, რაც მისი სახე დაამახინჯა ტკივილის გრიმასამ და კრუნჩხვები დაეწყო.