მეცნიერებმა სამყაროს წარმოშობის პირველ მიკროწამებში არსებული ტემპერატურა მიიღეს
ამერიკელმა სწავლულებმა შეძლეს, მიეღწიათ ყველაზე მაღალი ტემპერატურისთვის, რაც კი ოდესმე ლაბორატორიულ პირობებში მიღებულა – 4 ტრილიონი გრადუსი ცელსიუსით. ეს ტემპერატურა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გადავაქციოთ მატერია იმ „სუპად“, რომელიც სამყაროს წარმოშობის პირველ მიკროწამებში არსებობდა.
შედარებისთვის: მზის ცენტრში 50 მილიონი გრადუსია; მეორე ტიპის ზეახალი ბირთვის ტემპერატურა – 2 მილიარდი გრადუსი, პროტონებისა და ნეიტრონების ნაწინასწარმეტყველები „დნობის“ ტემპერატურა – 2 ტრილიონ გრადუსს შეადგენს; ამავე დროს, სამყაროს საშუალო ტემპერატურა სულ რაღაც 0,7 გრადუსით მაღალია აბსოლუტურ ნულზე.
სწავლულები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეძლეს, დაეჭირათ გაელვება (როდესაც კვარკებისა და გლიუონებისაგან შემდგარი „სუპი“ კონდენსირდა ადრონებად) და წამი მანამდე, სანამ შეიქმნებოდა მატერიასა და ანტიმატერიას შორის არაწონასწორული მდგომარეობა (წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი სამყარო მხოლოდ სუფთა ენერგია იქნებოდა).
რეკორდი დამყარდა ნიუ-იორკში, ბრუკჰეივენის ნაციონალურ ლაბორატორიაში, მძიმე იონების რელიატივისტურ ამაჩქარებელზე. ტემპერატურა შეკავებულ იქნა რამდენიმე მილიწამის განმავლობაში, მაგრამ ამ დროს იმდენი მონაცემი მიიღეს, რომ მათ ანალიზზე დაიხარჯება არაერთი წელი.
საბოლოო ჯამში, ფიზიკოსები, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, იმედოვნებენ, რომ ახლოს არიან, ამოხსნან, რატომ და როგორ წარმოიშვა შეწებებული პირველადი მასისგან მატერია. ისინი გეგმავენ, კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურის მისაღებად, ერთმანეთს ტყვიის იონები შეაჯახონ.