ვინ დაკარგა ძმა მუხიანში მშენებლობაზე და რა ვერსიები აქვს დაკარგულის დას ძმის გაუჩინარების შესახებ
30 წლის მზია ჯემალის ასული სალთხუციშვილი ეძებს: 42 წლის გიორგი (გია) ჯემალის ძე სალთხუციშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 42 წლის გიორგი (გია) ჯემალის ძე სალთხუციშვილს. ბოლოს მას 2008 წელს ვესაუბრე ტელეფონით – მითხრა, რომ მეგობართან ერთად მუხიანში ცხოვრობს და მშენებლობაზე მუშაობს. მას შემდეგ ჩემი ძმის შესახებ არაფერი გამიგია და არც მინახავს. თქვენი მკითხველის დიდი იმედი მაქვს. სამწუხაროდ, ჩემი ძმის ყველა ფოტო რაც გამაჩნია, შორიდან არის გადაღებული და ერთადერთი გამოსადეგი ფოტო ეს არის. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის პოვნაში, თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ.
– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ და-ძმამ ერთმანეთი, როგორია თქვენი ძმის დაკარგვის ისტორია?
– ცოტა ხნით საბერძნეთში ვიყავი წასული, ეს იყო 2007 წელს. როდესაც იქიდან ჩამოვედი, ჩემი ძმა გვესტუმრა. მანამდე, ჩემს წასვლამდე, სატელეფონო კავშირი ძმასთან სულ მქონდა, რადგან მას ჩემ გარდა სხვა პატრონი და ახლო ნათესავი არ ჰყოლია. ჩვენი მშობლები გარდაიცვალნენ, გია კი დაუოჯახებელია. ჩემი ძმის ხმა ბოლოს 2008 წელს გავიგონე – მან დამირეკა და მითხრა, რომ მეგობართან ერთად ცხოვრობს მუხიანში, სადაც მშენებლობაზე მუშაობს. მას შემდეგ ჩემთან აღარ დაურეკავს და არც მისი ადგილსამყოფელი ვიცი (ტირის). სანამ საბერძნეთში წავიდოდი, ასე თუ ისე, სულ გვქონდა მიმოსვლა. გია ხშირად მოდიოდა ჩემს ოჯახში და ცხოვრობდა კიდეც ჩვენთან, რადგან თავისი ბინა დაგირავებული ჰქონდა. შემდეგ, როდესაც მე და ჩემი ოჯახი საცხოვრებლად დედამთილთან გადავედით, გია თავის ამხანაგთან ერთად ჩვენთან ცხოვრობდა.
– სად მუშაობდა თქვენი ძმა, რით იყო ძირითადად დაკავებული?
– გია არსად არ მუშაობდა, კონკრეტული სამუშაო ადგილი არ ჰქონია. ვმუშაობ მშენებლობაზე, სახურავებს ვუკეთებთ საცხოვრებელ სახლებსო. რა თქმა უნდა, მე მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ორი წელი ვეღარ ვნახავდი და ამიტომ არ ჩავძიებივარ, ზუსტად სად და ვისთან არის. ადრე მისი მეგობრის ნომერი მობილურში მქონდა ჩაწერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ დავკარგე, მისი მისამართი კი ჩემთვის უცნობია. რას წარმოვიდგენდი, ასე თუ დამჭირდებოდა.
– თქვენი ძმის ნაცნობმეგობრებთან თუ გქონიათ საუბარი, იქნებ მათ აქვთ რამე, ინფორმაცია ან, ხომ შეიძლება, მას რომელიმესთვის გაემხილა თავისი გეგმები?
– ჩემი ძმის ყველა მეგობარი და ახლობელი ერთსა და იმავეს ამბობს, რომ ზოგს გია ბოლოს წელიწად-ნახევრის, ზოგს კი ორი წლის წინ უნახავს და მის შემდეგ, მათაც არაფერი იციან მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
– პირადად თქვენ რას ფიქრობთ, სად გგონიათ თქვენი ძმა, შესაძლებელია, რომ ის უცხოეთში წასულიყო?
– მე მაინც იმედი მაქვს და მგონია, რომ ის თბილისშია. უცხოეთში რომ წასულიყო, ამის შესახებ აუცილებლად შემატყობინებდა, იქიდან მაინც დამირეკავდა და მეტყოდა, სად არის და როგორაა, რადგან იცის, რომ ძალიან ვინერვიულებდი. ადრე იყო წასული უკრაინაში და მე ინფორმირებული ვიყავი ამის შესახებ. არა მგონია, უცხოეთში იყოს. საცხოვრებელი ადგილიც არ მაქვს შეცვლილი – სადაც ბოლოს მნახა, სტუმრად რომ იყო მოსული, ისევ იქ ვცხოვრობ და ტელეფონის ნომერიც იგივე მაქვს.
– მაინც, რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს თქვენი ძმის დაკარგვის მიზეზი?
– ჩემს ძმას ისეთი სამეგობრო წრე არ ჰყავდა, რომ ცუდი რამე ვიფიქრო, მართალია, გია ცოტა მძიმე ხასიათის იყო, მაგრამ ცუდი გული არ ჰქონდა. უკვე ვერაფერს ვეღარ ვფიქრობ. გიას ხასიათი რომ ვიცი, შეუძლებელია, რომ არ დაერეკა და არ ეთქვა, სად არის, სულ ველოდები, რომ დამირეკავს (ტირის). თბილისში რომ იყოს, გავიგებდი, როგორაა, სად არის. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა და რა მიზეზით დაიკარგა ასე უგზო-უკვლოდ – პატარა ბავშვი ხომ არაა, ახლა 42 წლის უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ, იქნებ, თქვენმა მკითხველმა იცნოს ფოტოთი ჩემი ძმა და გამოგვეხმაუროს, ან, იქნებ, ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია მის შესახებ. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რამეს გავარკვევ, რაც მის პოვნაში დამეხმარება.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.