„ნახალოვკის“ ბავშვთა სახლიდან 1955 წელს გაშვილებულ გოგონას ეძებენ
ისტორია: ვეძებ დისშვილს, 55 წლის ოლღა გრიგოლის ასულ გელიტაშვილს. ჩემი და, საიმა პევგოგენი, 1954 წელს გათხოვდა და საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. 1955 წლის სექტემბერში მას შეეძინა გოგონა, ოლია. საიმას მეუღლეს სახელად გრიგოლი ერქვა და იმ დროს ისინი ლოტკინის მთაზე, ასურეთის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. საიმა ესტონეთში გარდაიცვალა, მისი შვილი, ოლია კი მამის ოჯახში, საქართველოში დარჩა. არ არის გამორიცხული, რომ ოლიამ დღემდე არაფერი იცოდეს თავისი ესტონური ფესვების შესახებ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „თბილისელების“ ¹7 (15-21 თებერვლის) ნომერში დაიბეჭდა. საინტერესო ფაქტია, რომ ისტორიას გამოეხმაურა დაკარგული ოლიას ბიძა – ვლადიმერი, რომელიც ბავშვის გაშვილების ერთადერთი მოწმეა, მისი ძმისა და დედის გარდაცვალების შემდეგ. იგი, სამწუხაროდ, ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ საინტერესო და გასათვალისწინებელი ფაქტებით. ვლადიმერიც ასევე ეძებს ოლიას. აქამდე ბიძა შიშობდა, რომ ძიებას ოლიასთვის ცხოვრება არ აერია, მაგრამ, ამჟამად ის უკვე 55 წლის უნდა იყოს და, დარწმუნებულები ვართ, რომ სიმართლის გაგება მისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ინტერვიუ 58 წლის ვლადიმერ გელიტაშვილთან, დაკარგული ოლიას ბიძასთან:
– ვლადიმერ, რა გახსოვთ იმ ისტორიასთან დაკავშირებით, რა იცით თქვენი ძმისშვილის – ოლიას ბედის შესახებ?
– იმ დროს, როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, მე ბავშვი ვიყავი – 1951 წელს ვარ დაბადებული მახსოვს, ჩემი ძმა ესტონეთში მსახურობდა. ის მეზღვაური იყო. ვიცი, რომ მას და ოლიას დედას, საიმას, იქ შეუყვარდათ ერთმანეთი და გრიგოლმა საიმა საქართველოში ჩამოიყვანა. მამაჩემს ეს არ მოეწონა (ეს ყველაფერი დედას ნალაპარაკებიდან ვიცი) – ამსიშორიდან რად გინდოდა ცოლის ჩამოყვანა, საქართველოში, რა, ქართველი გოგოები გამოილიაო?! შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს საიმა ძალიან შეუყვარდათ, რადგან კარგი ადამიანი იყო. დედას უხაროდა, რა კარგი რძალი მყავსო. მშობიარობის დროს, როდესაც ოლია გაჩნდა, დედამისმა მძიმე ტრავმა მიიღო და ჭკუიდან გადავიდა. ისე მძიმედ იყო, რომ, მახსოვს, ექიმებმა მასზე ხელიც კი აიღეს – ვერ ვუშველითო. ესტონეთიდან ჩამოვიდნენ მისი მშობლები და საიმა სამშობლოში წაიყვანეს.
– თქვენი ძმა და დედათქვენი გარდაიცვალნენ და ამ ისტორიასთან დაკავშირებით მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ პასუხების გაცემა: რა ბედი ეწია გოგონას?
– ერთხელ მახსოვს, შემოდგომის ცივი დღე იდგა. საიმა იმდენად შეშლილი იყო, რომ გამოიყვანა თოთო ბავშვი გარეთ, ტაშტში ცივი წყალი ჩაასხა და უნდა ებანავებინა. საბედნიეროდ, დედაჩემმა მიუსწრო და ბავშვი გადარჩა. საიმას ამბავი ძალიან განიცადა მამაჩემმა, რომელიც ფრონტგამოვლილი იყო და გული აწუხებდა. მან დიდხანს ვეღარ იცოცხლა და გარდაიცვალა. დედა 1989 წელს გარდაიცვალა, ჩემი ძმა კი – 2000 წელს. აქ მამაჩემის და ესტონეთში საიმას გარდაცვალების შემდეგ (იგი ვერც იქ განკურნეს), გრიგოლმა გადაწყვიტა, ოლია ბავშვთა სახლში ჩაებარებინა და ერთ დღეს წაიყვანა კიდეც ბავშვი. როგორც დედაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, ის მალევე დაბრუნებულა უკან. გამოდის, რომ მან გოგონა „ნახალოვკის“ ბავშვთა სახლში დატოვა. მას შემდეგ გრიგოლს შვილი აღარასოდეს უხსენებია. დღემდე არ ვიცი, რა პირობით ჩააბარა ბავშვი. რაღაც დროის შემდეგ მან მიაკითხა ოლიას, მაგრამ ის გაშვილებული დახვდა და ამის შემდეგ არც მოუძებნია.
– თქვენთვის თუ უთქვამს ძმას, ვინ იშვილა მისი შვილი ან ბავშვთა სახლის ნომერი თუ იცით?
– სამწუხაროდ, ის გულჩათხრობილი ადამიანი იყო და არ უყვარდა ვინმესთან საუბარი და გულის გადაშლა. „პრიუტის“ ნომერი არ ვიცი, არც ის ვიცი, ვის ხელში მოხვდა ბავშვი. ცხადზე ცხადია, რომ გოგონა მაშინ გელიტაშვილი ოლია გრიგოლის ასული იყო და, შემდგომ თუ გადაარქვეს სახელი და გვარი, არ ვიცი. ერთხელ, მახსოვს, მე და ჩემი ძმა სუფრასთან ვისხედით და ვუთხარი: რა გული გიძლებს, ბავშვს რომ არ ეძებ, მისი ბედი რომ არ იცი-მეთქი, პასუხი ვერ გამცა. მეც მინდოდა ოლიას პოვნა, მაგრამ, ვიცი, რომ რთულია, თან, ისიც მაკავებდა, რომ არ მინდოდა მისთვის ცხოვრება ამერია – იქნებ, მან არც იცოდა თავისი ისტორია, მაგრამ, ამჟამად ის 55 წლის უნდა იყოს და, ვიმედოვნებ, იქნებ უკვე გაგებულიც აქვს, რომ ნაშვილებია და გამოგვეხმაუროს. ოლიას დეიდა კი, რომელიც ამჟამად ესტონეთიდან ეძებს მას, ერთხელ საქართველოშიც იყო ჩასული. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი და მახსოვს, ჩემს ძმას ელაპარაკა და მალევე გაბრუნდა. მას შემდეგ ის ჩვენთან აღარ ჩამოსულა. დღემდე არ ვიცი, რა საუბარი ჰქონდათ მათ ერთმანეთთან. ძალიან მინდა, დავეხმარო ჰერტას და ოლია ვიპოვოთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბავშვი გაშვილებულია 1955 წელს, „ნახალოვკის“ ბავშვთა სახლიდან.