ინვესტიცია ატომური ბომბის სანაცვლოდ
როგორც სამხრეთკორეული პრესა აცხადებს, ჩინეთი მზად არის გარიგებას შეუწყოს ხელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკაში 10 მილიარდი დოლარის ოდენობით უცხოური ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხის 60 პროცენტს ჩინური ბანკები გაიღებენ, დანარჩენს კი საერთაშორისო ინვესტორები. ექსპერტების ვარაუდით, ამ გზით პეკინი ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება – ფხენიანისგან მომავალ ბირთვულ საფრთხესაც გაანეიტრალებს და იმავდროულად, საკუთარ ეკონომიკურ გავლენასაც გააძლიერებს რეგიონში. სავარაუდოდ, ჩინური ბანკებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ მოზიდული თანხები ჩრდილოეთ კორეაში სარკინიგზო მაგისტრალების, პორტებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას მოხმარდება. ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის 10 მილიარდი დოლარი უზარმაზარი თანხაა. ეს ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40 პროცენტია. ჯერჯერობით ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებენ. ჩინეთი, როგორც მსოფლიოში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე ახლო პარტნიორი, სხვებზე აქტიურად ცდილობს ეკონომიკურად გაჭირვებული მეზობელი სახელმწიფოსთვის დახმარების აღმოჩენას, რომელიც ბირთვულ ამბიციებზე უარს სხვადასხვა მიზეზით არ ამბობს. ისიც აღსანიშნავია, რომ კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ჯერჯერობით დახურულია უცხოური ბიზნესისთვის.