საფრანგეთში მენეჯმენტმა თანამშრომელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოს
კომპანია „ფრანს ტელეკომის“ თანამშრომელთა თვითმკვლელობების ტალღის შემდეგ, საფრანგეთის შრომის მინისტრი ქსავიე დარკო მოწოდებით გამოვიდა უმსხვილესი კომპანიების მიმართ, რათა მათ სამსახურში სტრესთან საბრძოლველად სპეციალურ შეთანხმებას მოაწერონ ხელი. მიუხედავად ამისა, ფრანგულ კომპანიათა მხოლოდ 55 პროცენტი არის მზად, გაითვალისწინოს ქვეყნის მთავრობის თხოვნა და საკუთარი თანამშრომლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნოს. საფრანგეთში სკანდალი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2009 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე „ფრანს ტელეკომის“ 20-ზე მეტმა თანამშრომელმა მოიკლა თავი. გამოსამშვიდობებელ წერილებში მათი უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობის მხრიდან „ტერორით“ ხსნიდა. თვითმკვლელობათა ტალღამ ქვეყნის ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო. შრომის მინისტრმა პროფესიული სტრესის აღსაკვეთი ეროვნული გეგმა შეიმუშავა. 300-მდე ფრანგულმა კომპანიამ თანხმობა განაცხადა, მთავრობასთან ერთად, კონკრეტული გეგმის თაობაზე იმსჯელოს, რომლის მიზანიც მენეჯმენტის მხრიდან ფსიქოლოგიური სტრესის განეიტრალებაა. როგორც ფრანგული პრესა აღნიშნავს, კომპანიებს თანამშრომელთა სტრესი რამდენიმე მილიარდი ევრო უჯდება.