კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

NBA-ს რომელ საკალათბურთო კლუბს ფლობს ამერიკელი რიჩარდ დევოსი და რა აკავშირებს მას ყველაზე მძლავრ კერძო არმიასთან


იგი აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში. ამბობენ, რომ ის ბერნარდ მედოფზე გაცილებით ნიჭიერი და მოხერხებული კომბინატორია, რომელმაც საკუთარი ბიზნესი „პირამიდად“ წოდებული პროექტით ააგო. ამერიკელი რიჩარდ დევოსი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება დღესაც ჩრდილოეთ ამერიკაში და უნდა ითქვას, რომ მრავალმილიარდიანი ქონების დაგროვებას იგი თავის ყოფილ ბიზნესპარტნიორთან – „ფორბსის“ მილიარდერთა სიის ყოფილ წევრთან, 2004 წელს გარდაცვლილ ჯეი ვან ანდელთან ერთად ახორციელებდა. 2009 წლის მონაცემებით, 83 წლის რიჩარდ დევოსს, 4,4 მილიარდი დოლარით, 119-ე პოზიცია უკავია მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში.

რიჩარდ დევოსი 1926 წელს დაიბადა ქალაქ გრანდ-რეპიდსში, მიჩიგანის შტატში. იგი ბავშვობიდან იცნობდა თავის ბიზნესპარტნიორს ჯეი ვან ანდელს და მათ ამერიკულ ბიზნესწრეებში ხშირად „ჰოლანდიელ ტყუპებსაც“ კი უწოდებდნენ – გრანდ-რეპიდსში ძირითადად ჰოლანდიიდან ჩასული ემიგრანტების ოჯახები ცხოვრობდნენ. რიჩარდმა და ჯეიმ ერთი სკოლა დაამთავრეს და მეორე მსოფლიო ომის დროსაც ერთად მსახურობდნენ ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების კორპუსში. დევოსის მამა ელექტროტექნიკოსი იყო, ხოლო ვან ანდელის მამა ავტომობილებით ვაჭრობდა. სწავლის გარდა, დევოსს და ვან ანდელს საერთო პირად ცხოვრებაშიც ჰქონდათ: ისინი მეზობლები იყვნენ, ერთ ეკლესიაში დადიოდნენ, ერთდროულად დაქორწინდნენ და ორივეს 4-4 შვილი ჰყავდა. გარდა ამისა, ორივენი რესპუბლიკური პარტიის აქტიური წევრები იყვნენ.

ომის შემდეგ დევოსი და ვან ანდელი ბიზნესით დაკავდნენ. თავდაპირველად, მათ გრანდ-რეპიდსში საზაფხულო სკოლა გახსნეს, შემდეგ კი – ავტომობილისტებისთვის სწრაფი კვების ობიექტი. 1948 წელს, დევოსის ინიციატივით, პარტნიორებმა გაყიდეს სკოლა, შეიძინეს მცირე ზომის ხომალდი და დაგეგმეს მოგზაურობა ვესტ-ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში. უნდა ითქვას, რომ არც ერთი მათგანი არ იყო პროფესიონალი მეზღვაური და 1949 წლის მარტში მათი ხომალდი კუბის სანაპიროსთან ჩაიძირა. მაგრამ, იმ დროისთვის მათ უკვე მოფიქრებული ჰქონდათ მომავალი ბიზნესპროექტის კონტურები. ეს იყო პროდუქციის იმპორტი კარიბის ზღვის რეგიონიდან. დევოსმა და ვან ანდელმა საკუთარი ინიციალების გამოყენებით კორპორაცია „ჯერი“ დააარსეს და მინერალური საკვები დანამატის „ნუტრილაიტის“ იმპორტს შეუდგნენ. 1955 წელს დევოსმა და ვან ანდელმა შექმნეს დისტრიბუტორების ქსელი, რომლებიც „ნუტრილაიტს“ სახლში და სამსახურში მიტანით ჰყიდდნენ. 1959 წელს პარტნიორებმა, ორასამდე დისტრიბუტორთან ერთად, დააარსეს კომპანია „ამვეი“, რომელიც ძირითადად საკვები დანამატების გაყიდვაზე იყო ორიენტირებული. გარდა ამისა, ისინი ვაჭრობდნენ სამზარეულო ტექნიკით, კოსმეტიკით და სხვა პროდუქტებითაც. მათ შორის „ლივაისის“ და „კოკა-კოლას“ პროდუქციით. დევოსის და ვან ანდელის გაყიდვების მეთოდი მანამდეც გამოიყენებოდა ისეთი კომპანიების მიერ, როგორებიცაა „ეივონი“ და „ფულერ ბრაში“, მაგრამ, დისტრიბუტორების მრავალსაფეხურიანი სისტემა მათი შემუშავებული იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ წარმატებული დისტრიბუტორი თვითონ აყალიბებდა საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით შემოსავალს იძლეოდა. სწორედ ამიტომ, ადარებენ სპეციალისტები დევოსის და ვან ანდელის ბიზნესს „პირამიდის“ სისტემას.

1962 წელს „ამვეი“ პირდაპირი გაყიდვების ასოციაციის წევრი გახდა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში მათი მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. გაიხსნა მათი წარმომადგენლობები კანადაში, ავსტრალიაში (1971), დიდ ბრიტანეთში (1973), ჰონ-კონგში (1974), გერმანიაში (1975) და ასე შემდეგ. დღეისათვის კომპანია 80-მდე ქვეყნის ბაზარს მოიცავს და მასში დასაქმებულია 3,5 მილიონი ადამიანი.

2000 წელს „ამვეი“, კონცერნ „ალტიკორ ინკის“ წევრი გახდა. ბოლო 25 წლის მონაცემებით, „ამვეი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესპროექტად იქცა, რომელსაც მეორე ადგილი უკავია პირდაპირი გაყიდვების კომპანიებს შორის. 2007 წლიდან კი კომპანიის მენეჯმენტის საშუალებით დაიწყო ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის ბაზრების ათვისება. ამჟამად კომპანიის სათავეში დევოსის და ვან ანდელის შვილები დგანან. სხვათა შორის ბიზნესის თავისი წილის მიყიდვა შვილისთვის დევოსმა, რომელმაც 1997 წელს გულის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა, მას შემდეგ განიზრახა, რაც 2004 წელს, მისი მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორი ჯეი ვან ანდელი გარდაიცვალა.

რიჩარდ დევოსს ბიზნესკავშირები აქვს „ბლექუოთერ USA-სთან“, ამერიკის ყველაზე დიდ და მძლავრ კერძო არმიასთან, რომლის ძირითადი კონტრაქტები ერაყის კამპანიას უკავშირდება. „ბლექუოთერის“ სათავეში დგას ყოფილი სპეცრაზმელი ერიკ პრინსი, რომლის მამა ედგარ პრინსი, ჯორჯ ბუშ-უფროსის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. გარდა ბიზნესისა, დევოსებს პრინსების ოჯახთან ნათესაური კავშირიც აქვთ. რიჩარდის შვილის, დიკ დევოსის მეუღლე, ერიკის და, ბეტსი პრინსია.

დევოსი და ვან ანდელი აქტიურად იყვნენ ჩართული ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი რესპუბლიკელ-კონსერვატორების იდეოლოგიას მისდევდნენ, რადგან ეს პარტია მეწარმეების თავისუფლებას უჭერდა მხარს. 1980 და 1984 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი ფინანსურად ეხმარებოდნენ რონალდ რეიგანს. ბიზნესწყვილი აგრეთვე მეგობრობდა, ყოფილ პრეზიდენტ ჯერალდ ფორდთან. სხვათა შორის ყოფილი პრეზიდენტები არაერთხელ გამოსულან სიტყვით „ამვეის“ დისტრიბუტორების წინაშე, რაც, რა თქმა უნდა, დევოსისა და ვან ანდელისთვის პრესტიჟული იყო.

ბიზნესის გარდა, რიჩარდ დევოსი სპორტითაც არის დაინტერესებული და 1991 წელს მან 85 მილიონ დოლარად შეიძინა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის კლუბი „ორლანდო მეჯიქი“. კლუბში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ კალათბურთის სუპერ-ვარსკვლავები: შაკილ ონილი, პენი ჰარდავეი, გრანტ ჰილი, ტრეისი მაკგრეიდი და დუაიტ ჰოვარდი. დღეისთვის „ორლანდო მეჯიქის“ აქციების საერთო ღირებულება 247 მილიონი დოლარია.

დევოსი ასევე დაკავებულია ქველმოქმედებით. იგი ისეთი ორგანიზაციების სპონსორია, როგორებიცაა: „ინვალიდების ნაციონალური ორგანიზაცია“, „შიდსის საპრეზიდენტო კომისია“, „დახმარების არმია“. რიჩარდ დევოსი ამერიკის კოლეჯების და ზოგიერთი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორიცაა.


скачать dle 11.3