როგორ იფრინა სტალინმა ვალერი ჩკალოვთან ერთად მოსკოვის თავზე
ტუშინოს აღლუმი
1937 წელი
არსებობს ცრურწმენა, თითქოს 1937 წელს საბჭოთა მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაპატიმრებებით იყო დაკავებული და სხვა საქმე არ ჰქონდა. ეს საფუძველშივე მცდარი აზრია, რადგან, უპირველესად, მხოლოდ ხალხის მტრებს აპატიმრებდნენ და კონტრრევოლუციას ებრძოდნენ, მაგრამ პარალელურად, სხვა, მნიშვნელოვანი საქმეებიც კეთდებოდა. ქვეყანაში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. წლის დასაწყისში სტალინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განკარგულება გასცა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო. ერთ-ერთი ასეთი ბრძანება ავიაციისა და საავიაციო მრეწველობის განვითარებას ეხებოდა. „მომავალი ჰაერში გადაწყდება!“ – ასეთი დევიზი წამოაყენა დიდმა ბელადმა პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე და საავიაციო გამოკვლევების დაფინანსების გაზრდა ბრძანა: „დიდი ომი იმდენად ახლოა, რომ მთელი სახსრები თავდაცვას ხმარდება და თითქოს ექსპერიმენტებისთვის არ გვცალია, მაგრამ გარწმუნებთ, ავიაცია სულ მალე გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და მით უმეტეს, ომის დროს“. იქვე, სტალინმა ვოროშილოვს სპეციალური საავიაციო სპეცდანაყოფის შექმნა დაავალა: „შეარჩიეთ ოცამდე კაცი, ნებისმიერ დროს მზად რომ იქნება ცაში ასაჭრელად, როგორც საომარი, ასევე გამოსაცდელი ან სხვა მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად“. მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ თანამედროვე საბჭოთა სტრატეგიული ავიაციისა და კოსმოსური ტექნოლოგიების დანერგვა თავიდან ბოლომდე სტალინის დამსახურებაა. მან, როგორც გენიალურმა სტრატეგმა, ჯერ კიდევ 30-იან წლებში ივარაუდა საჰაერო ტექნიკის უპირატესობა სხვა დანარჩენ სახეობებთან შედარებით და ამ საქმეს მძლავრი ბიძგი მისცა. საგულისხმოა ისიც, რომ მრავალი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი თუ ინჟინერი პირადად სტალინის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს საპყრობილეებიდან, სადაც ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ სასჯელს იხდიდნენ: „მათ პირადად მე ვუდგები თავდებში“ – აცხადებდა სტალინი და ისინი ციხეებიდან გამოჰყავდა. ეს საგულისხმო ფაქტიც ადასტურებს, რომ დაპატიმრების გარდა, საბჭოთა მთავრობა გათავისუფლებებითაც იყო დაკავებული. საჰაერო ოცეულის შექმნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მომავალში უფრო კარგად გამოჩნდა. იქ საბჭოთა მფრინავების არაერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი აღიზარდა. მათ მეორე მსოფლიო ომშიც და მშვიდობიანობის დროსაც არაერთხელ ასახელეს სამშობლო. საავიაციო ქვედანაყოფი მართლაც რომ „მფრინავი ასების“ სამჭედლოდ იქცა და მას ვალერი ჩკალოვი ედგა სათავეში. შეიძლება ითქვას, რომ ჩკალოვი სტალინის პირადი მეგობარი და მისი, ეგრეთ წოდებული, „ლუბიმჩიკი“ იყო. დიდ ბელადს ძალიან უყვარდა ყველაფერი არაორდინარული, არასტანდარტული და დიდ პატივს სცემდა იმ ხალხს, ვინც თავისი პროფესიონალიზმის წყალობით, ამა თუ იმ დარგსა და პროფესიაში თავის სრულყოფილებას აღწევდა. ჩკალოვიც ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა და სტალინი აღფრთოვანებული იყო მისი ოსტატობით: „ჩკალოვი სუპერ-ასია, სუპერ-პილოტი“, – იმეორებდა ხოლმე სტალინი და დასძენდა, – „ყველა თავის საქმეში ჩკალოვისნაირი პროფესიონალი რომ იყოს მაშინ ერთიორად იხეირებს ქვეყანა“.
უმაღლესი პილოტაჟის ტექნიკით აღფრთოვანებული სტალინი ტუშინოს ყველა საავიაციო აღლუმის ბოლოს ჩკალოვს ისევ ჰაერში ასაფრენად იწვევდა და მისი ოსტატობით ტკბებოდა. ჩკალოვი თავისი „ილით“ გამაოგნებელ „ტრიუკებს“ ასრულებდა. ერთხელ სტალინს უამბეს, რომ ჩკალოვმა ხიდის ქვეშ გაიფრინა და ისე გაიარა „საუნივერსიტეტო“ ხიდი, არც წყალს შეეხო და არც ხიდის თაღსო. „მართლაც რომ საოცარია“, – ჩაილაპარაკა სტალინმა და მეტი აღარაფერი უთქვამს.
1937 წლის ივნისში, ტუშინოს აეროდრომზე, მორიგი საჰაერო აღლუმი გაიმართა, რომელსაც სტალინთან ერთად, ტრადიციულად, პოლიტბიუროს სხვა წევრებიც დაესწრნენ. უახლოესი სამხედრო-საჰაერო ტექნიკის დემონსტრაციის ბოლოს, სტალინის წინ ვალერი ჩკალოვი წარდგა, რომელმაც პატაკი ჩააბარა უმაღლეს მთავარსარდალს.
„– ამხანაგო სტალინ, მზად ვარ, სასწავლო-საბრძოლო დავალების შესასრულებლად და ნება მომეცით, შევუდგე მას“. სტალინმა ყურადღებით მოუსმინა მფრინავ „ასს“ და როდესაც პატაკს მორჩა, მეგობრულად მოხვია მხარზე ხელი და უთხრა: „მე მითხრეს, რომ შენ შენი „მანქანით“ ხიდის ქვეშ ძვრები, მართალია? ჩკალოვი წამოწითლდა, დაიმორცხვა და ჩაილაპარაკა. „მართალია, იყო ასეთი ათი-თერთმეტი შემთხვევა, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს იმდენად უსაფრთხოა, ზიანს არავის მიაყენებს“. სტალინს გაეცინა და მიუგო: „შეგიძლია თუ არა, ასეთი ვოიაჟისას მგზავრიც გაიყოლო და ისე შეასრულო ეს ნომერი?“ ჩკალოვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა: „რა თქმა უნდა, შემიძლია, მე ერთხელ ბელაკოვი (ცნობილი საბჭოთა პილოტი) ჩავისვი კაბინაში და მასთან ერთად გავიფრინე ხიდის ქვეშ, რადგან არ იჯერებდა ამ ამბავს“. სტალინმა ჩიბუხი გადაისვა ულვაშებზე და ჩაილაპარაკა: „მაშ, თუ ასეა, ახლა მეც პირადად უნდა დამიმტკიცო შენი ოსტატობა და სიმამაცე, გასაფრენად მოვემზადოთ“. ჩკალოვი გაშრა, აშკარად არ მოელოდა ასეთ გაგრძელებას და ირგვლივ შემოკრებილ მდუმარე პოლიტბიუროს წევრებს შეავლო თვალი. ჩვენც ენა ჩაგვივარდა. არ ვიცოდით, რა გვექნა. ერთი სიტყვით, ძალიან უხერხული სიტუაცია იყო, ხმას ვერავინ ვიღებდით. მხოლოდ ვლასიკმა მოიკრიბა ნებისყოფა, სტალინთან მივიდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იგი არ მოეშვა: „ნუთუ ყოყმანობ, შენი ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ ფუჭი სიტყვებია და სხვა არაფერი?“
ჩკალოვი უცებ გამოერკვა, სახე გაებადრა და თქვა: „რატომაც არა, ამხანაგო სტალინ, მთელი სულითა და გულით გეპატიჟებით, მობრძანდით!“ – მან კაბინაში მიიპატიჟა სტალინი, მანამდე კი საავიაციო ჩაფხუტი გაუწოდა და აუხსნა, როგორ უნდა მოერგო. სტალინი საკმაოდ მოხდენილად ჩაჯდა კაბინაში და მას შემდეგ, რაც ჩკალოვი შტურვალთან მოკალათდა და კაბინა დახურა, თვითმფრინავი დაიქოქა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდით ჩვენ და პოლიტბიუროს წევრები. იმ მომენტში ხომ ყველანი უძლურები ვიყავით, რაიმე გვეღონა. ვინ გაბედავდა, წინ აღდგომოდა დიდი ბელადის ნებას? თვითმფრინავი დაიძრა, ნელ-ნელა უმატა სისწრაფეს და ცაში აიჭრა. ტუშინოს ცაზე ნახევარწრე დაარტყა და სამხრეთით, ქალაქისკენ გაიჭრა. ამ სურათის შემხედვარე, ყველანი პირდაღებულები დავრჩით, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდით – ასე, უაზროდ ვიდექით. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, თვითმფრინავმა მოსკოვის თავზე შეისრიალა და რამდენიმე მსუბუქი, საჰაერო პასაჟის შემდეგ კი – „საუნივერსიტეტო“ ხიდის ქვეშ გაძვრა. ეს სანახაობა იმ დღეს ათასობით მოსკოველმა იხილა, მაგრამ მათ რა იცოდნენ, რაოდენ ძვირფასი მგზავრი იჯდა შიგნით. აფრენიდან დაახლოებით, თხუთმეტი წუთის შემდეგ, ტუშინოს ცაზე კვლავ გამოჩნდა ჩკალოვის თვითმფრინავი, რომელიც მან მოხდენილი ოსტატობით დასვა საფრენ ბილიკზე და მის განაპირას შეკრებილი ადამიანების ცხვირწინ გააჩერა. კაბინიდან პირველი ჩკალოვი გადმოხტა, რომელმაც კაბინა გაუღო სტალინს და ეს უკანასკნელი დინჯი, ღირსეული მოძრაობით ჩამოვიდა ძირს. იქ შეკრებილმა ადამიანებმა ტაში დასცხეს, რაც, ერთი მხრივ, სტალინის სიმამაცისა და ვაჟკაცობის აღიარებას ნიშნავდა, ხოლო, მეორე მხრივ, ნერვული ემოციებისგან თავშეკავების განსამუხტავად ბრწყინვალე საშუალება იყო. დიდმა ბელადმა თვითმფრინავს შემოუარა და ხალხს ხელით ანიშნა, შეჩერდითო. მას შემდეგ, რაც ოვაციები შეწყდა, თქვა: „ამხანაგებო, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ამაღელვებელი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს. ამხანაგი ჩკალოვი მართლაც ისე მარდად და ზუსტად ძვრება ხიდის ქვეშ, გაკვირვებას ვერ ვმალავ. ასეთი რამის წარმოდგენაც კი რთულია და გადმოცემაც მიჭირს. მერწმუნეთ, ეს უნდა შეიგრძნო და სრულ შთაბეჭდილებას მხოლოდ მაშინ მიიღებ. თუკი, რომელიმე თქვენგანს სურვილი აქვს, მე შემიძლია, გიშუამდგომლოთ ამხანაგ პილოტთან“. პოლიტბიუროს წევრები დუმდნენ. სტალინს გაეღიმა, ჩკალოვს მაგრად ჩამოართვა ხელი, შემდეგ გადაეხვია და ისე დატოვა ტუშინოს საფრენი მინდორი. მეორე დღესვე ვალერი ჩკალოვს გმირის წოდება და ორი რიგგარეშე წოდება მიენიჭა. მახსოვს, როდესაც სტალინს ჩკალოვის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი შეატყობინეს, თვალები წამოუწითლდა და ცრემლი მოადგა უპეებზე.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის – მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით