როგორ მოინანია პეტრე მოციქულმა მაცხოვრის სამგზის უარყოფა და რატომ დაუბრმავა პავლე მოციქულს ქრისტემ თვალები
12 ივლისს ქრისტიანული სამყარო პეტრე-პავლობის დღესასწაულს იზეიმებს, რომელსაც წინ პეტრე-პავლობის მარხვა უსწრებდა. შეიძლება, დღეს ბევრმა ადამიანმა არ იცოდეს, ვინ იყვნენ პეტრე და პავლე მოციქულები, ამიტომ მათ შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– წმიდა გრიგოლ ნოსელს დაწერილი აქვს შესანიშნავი შრომა: „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა“, სადაც ასეთ რამეს გვეუბნება: თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, უკვე სხვა ადამიანია, სხვა პასუხისმგებლობის მქონე, რადგანაც ყველა მისი მოქმედება სხვათა წინაშე, რომლებიც ქრისტიანები არ არიან, წარმოჩნდება, როგორც ქრისტიანობა. შენ ქრისტიანი ხარ და რასაც აკეთებ, მათთვის ყველაფერი ქრისტიანის ნამოქმედარია. ამიტომ, თუ უღირსად მოიქცევი, ქრისტიანობა მათთვის უკვე არის მოძღვრება უღირსობის შესახებ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამ უღირსის მოძღვრება ასეთია. ამიტომაც, ვინც მისიონერობას იტვირთებს, ცოტად თუ ბევრად, ამ აღმატებული პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა იყოს, რომ ის თავისი სამოღვაწეო თვისებებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სამოღვაწეო ქმედებით, ცხოვრების წესით მისაბაძი იყოს.
თვითონ სიტყვა „მისიონერი“ ლათინური სიტყვაა, მომდინარეობს ზმნიდან „მიტტო“ და ნიშნავს „გაშვებას“, „გაგზავნას“, „წარვლენას“. „მისიონერობა“ ძველქართულად იქნება „გზავნაი“, „წარვლენაი“. ბერძნულში კი „აპოსტოლო“ იგივეა რაც „მიტტო“ ლათინურში. „აპოსტოლოს“ ქართულად „მოციქულს“ ნიშნავს. ანუ „აპოსტოლობის“ ეკვივალენტური არის გამოთქმა „მოციქულობა“, ძირი „ციქ“ კი უნდა მოდიოდეს უძველესი სიტყვიდან „ციქვა“ – „რომელნი ესე ვციქუთ მაცხოვრისა ჩვენისათვის“ – ამ კონტექსტში „ვციქუთ“ ნიშნავს – მას ვემსახუროთ, მის ღვაწლში ვართ ჩამდგარი. ანუ „მოციქულობა“ ნიშნავს შუამავალს ორ ჭეშმარიტებას, ორ მოვლენას შორის. „ციქვასაც“ ასეთი გაგება ჰქონდა: ერთს ვემსახუროთ მეორისთვის ჭეშმარიტების მიწოდების გზაზე.
– მამაო, გვესაუბრეთ პეტრე და პავლე მოციქულების სამოციქულო მოღვაწეობის შესახებ.
– აი, რას წერს წმიდა იოანე ოქროპირი მოციქულების შესახებ: „ლერწმის ანკესის ნაცვლად ისინი ქადაგებას იყენებდნენ, ძუის ნაცვლად – მეხსიერებას, ნემსკავის ნაცვლად – მადლმოსილ ძალას, სატყუარის ნაცვლად – სასწაულმოქმედებებს, ლოდზე ჯდომის ნაცვლად ცათა სასუფეველს, საიდანაც ისინი მოინადირებენ კიდეც თავის ნადავლს; ნავის ნაცვლად მოციქულებს წმიდა საკურთხეველი აქვთ მომარჯვებული, მეთევზეთა ხელოვნების ნაცვლად – საღმრთო მადლით მოქმედებენ; ზღვაში ნავის ნაცვლად – ადამიანთა ცხოვრებას მესაჭეობენ, ხოლო ბადის ნაცვლად პატიოსანი და მძლე ჯვარის გამოყენება სჩვევიათ!“
წმიდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია უფლის მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად ის პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე, ანუ ებრაულად „კეფა“ (კლდე) მას თავად უფალმა იესო ქრისტემ უწოდა მტკიცე რწმენისთვის და საღვთო გულმოდგინებისთვის. „ის იყო ძე იოანესი, სიმონიეს ტომიდან, დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდში. ცოლად ჰყავდა მოციქული ბარნაბას ძმის – არისტიბულეს ასული, რომლისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. სიმონი გულმართალი, უბრალო კაცი იყო, ღრმად ღვთისმოშიში და კეთილმსახური, უფლის ყველა მცნების აღმსრულებელი”. როდესაც ის მიიყვანეს იესო ქრისტესთან, მაცხოვარმა უთხრა: „შენ ხარ სიმონ, იოანესი, შენ გეწოდოს კეფა, რომელიც ითარგმნების კლდედ (პეტრუს)” (იოანე 1, 42-42). იმ წამიდან პეტრე უფლისადმი სიყვარულით აღივსო, ირწმუნა მისი, როგორც ჭეშმარტი მესიისა – ქრისტესი, რომელმაც ღმერთმა კაცობრიობის ხსნისთვის მოავლინა ამქვეყნად. ამის შემდეგ წმიდა პეტრე მოციქული შეუდგა იესო ქრისტეს და თავის ძმასთან – ანდრიასთან ერთად, აღარასდროს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისთვის და უბრალოებისთვის უყვარდა პეტრე მოციქული, ერთხელ მას ღარიბულ სახლშიც ესტუმრა და ხელის შეხებით განკურნა ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული არასდროს ტოვებდა უფალს, შესაბამისად, ის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულმოქმედებისა. თუმცა ღმერთმა თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვა პეტრე მოციქულის სამგზის განდგომა უფლისგან, როცა ქრისტე შეიპყრეს და განსასჯელად მღვდელმთავართან მიიყვანეს, მაგრამ წრფელი სინანულითა და ცხარე ცრემლთა ღვრით მან გამოისყიდა საკუთარი სისუსტე და შენდობაც ითხოვა. წმიდა პეტრე მოციქულთაგან პირველი ღირს იქმნა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხილვისა. მოგვიანებით, როდესაც უფალმა მოციქულებს სულიწმიდა მოუვლინა, იმ დღეს პეტრე მოციქულმა მცირე ხანში სამი ათასი მორწმუნე შესძინა ქრისტეს ეკლესიას, ამასთანავე, მან დიდი სასწაულმოქმედი ძალაც გამოამჟღავნა. პეტრემ ძალიან ბევრ ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება, ბევრი ადამიანი მოაქცია, სასწაულებიც აღასრულა, ბოლოს კი სხვა მოციქულებთან და სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად, ისიც შეიპყრეს. პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა ითხოვა, თავდაყირა გამომკიდეთო. ამით ჯეროვან პატივს მიაგებდა უფალს, რომელმაც თავისი ნებით დაითმინა ჯვარზე სიკვდილი, ამასთან, ღირსადაც არ მიაჩნდა თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. მართლაც, წმიდა პეტრე მოციქული თავდაყირა მიამსჭვალეს ჯვარს. სიკვდილის წინ მან უქადაგა ხალხს და ბოლოს მადლობა მიუძღვნა ღმერთს იმისთვის, რომ მოწამეობრივი ხვედრის ღირსი გახადა და ამ სიტყვებით ნეტარი სულიც განუტევა.
წმიდა პავლე მოციქული კი, პეტრესთან ერთად მოციქულთა თავად აღიარებული, ქრისტეს რწმენაზე მოქცევამდე სავლედ იწოდებოდა და წარმოშობით ბენიამინის ტომიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ პავლემ ღრმად შეისწავლა წინაპართა წეს-ჩვეულებები და ფარისეველთა პარტიასაც შეუერთდა, მაინც არ გამხდარა ქრისტიანი და უფრო მეტიც – უფლის მიმდევართა სასტიკი მოძულე და მდევნელი იყო. მისი გულმოდგინება ქრისტიანთა შევიწროებაში იმდენად დიდი იყო, რომ არ დაკმაყოფილდა იერუსალიმში მცხოვრები ერთგული მორწმუნეების დევნით და უფლებამოსილება ითხოვა პირველმღვდელმთავრისგან, რათა დამასკოს წასულიყო, შესაბამისი წერილები ჩაეტანა იქაურ სინაგოგებში და, სადაც მოიხელთებდა, ყველგან შეეპყრო ქრისტიანები, რათა იერუსალიმში გადაეგზავნა განსასჯელად. როცა სავლე თანამზრახველ იუდეველებთან ერთად დამასკოსკენ მიმავალ გზას ადგა, ანაზდად ნათელი გაუბრწყინდა ზეციდან, იმდენად თვალისმომჭრელად, რომ სავლე მიწაზე დავარდა, იმ წამს ზეგარდმო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: „საულ, საულ, რაისა მდევნი მე?” შემდეგ, უფლის ბრძანებით, სავლე წამოდგა, რათა გზა გაეგრძელებინა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. მას ხორციელნი თვალი დაბრმავებოდა იმისთვის, რომ სულიერი თვალი ახელოდა და ჭეშმარიტება შეეცნო. მოგვიანებით უფლის მოციქულმა ანანიამ იხილა უფალი და შეასრულა მისი ნება: მოძებნა სავლე, ხელნი დაასხა და მასაც უმალ აეხილა თვალები. ანანიამ მას სახელიც შეუცვალა და ამის შემდეგ, პავლე უფრო და უფრო მეტად მტკიცდებოდა რწმენაში და დაუღალავად ქადაგებდა ქრისტეს სახარებას. სწორედ სულიწმიდის ჩაგონებით გაემგზავრა პავლე ანტიოქიაში, სადაც ქრისტეს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. როგორც პეტრემ, პავლემაც ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს რჯულს. ბოლოს ის დაბრუნდა რომში, რადგან იცოდა, რომ მოახლოებული იყო მისი აღსასრული. ნერონმა მასაც სიკვდილი მიუსაჯა – პავლეს მახვილით მოჰკვეთეს თავი. ორი დიდი მოციქული ერთ წელიწადს არ აღსრულებულა, თუმცა ცნობილია, რომ ორივე 29 ივნისს, ახალი სტილით 12 ივლისს მოაკვდინეს. გადმოცემით, როცა წმიდა პავლეს თავი მოჰკვეთეს, მისი ჭრილობებიდან სისხლი და რძე გადმოიღვარა.
ნათია უტიაშვილი