შარო, საიდან მოდიხარ...
ალბა პარიეტი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასურველი ქალია. მოდელი და ტელეწამყვანი სკანდალში სიყვარულის დღეს, 14 თებერვალს გაეხვა, როცა გაზეთებმა დაწერეს, ალბამ და „ინტერის“ თავკაცმა, ჟოზე მაურინიომ, ღამე ერთად გაატარეს, მეორე დილით კი პორტუგალიელმა ქალს ვარდების უზარმაზარი თაიგულიც გაუგზავნაო. ამ ამბავს კი ის გაგრძელება მოჰყა, რომ ცოლმა ჟოზეს სკანდალი მოუწყო და გაყრით დაემუქრა, მაურინიო კი გაოცებული ამბობდა, ნეტავ ვინ არის ის ქალი, ჩემთან ღამის გატარებას რომ იბრალებსო, ბოლოს ყველაფერს თავად ალბამ მოჰფინა ნათელი.
– მინდა, მაურინიოს მიყენებული უსიამოვნებისთვის ბოდიში მოვუხადო. ჟურნალისტებმა ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს, რადგან ამ ეტაპზე მარტო ვარ. მათ მკითხეს, ვისთან ერთად ისურვებდი ღამის გატარებასო, მე კი, როგორც „ინტერის“ გულშემატკივარმა, ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ღამეს მაურინიოს გვერდით გავატარებდი, დილით კი იგი ყვავილებს მაჩუქებდა. გაზეთებმა ეს ისე დაწერეს, თითქოს მართლა მოხდა. კიდევ ერთხელ ბოდიში ჟოზესა და მის ოჯახს. სამწუხაროდ, მაურინიოს არც კი ვიცნობ, – განაცხადა ალბამ და, ვინ იცის, ეგებ ამ სიტყვების შემდეგ მართლაც შეაწუხოს საინტერესო ფიქრებმა.