„ოლდ ტრაფორდი“ ერთი საუკუნის გახდა
გუშინ ინგლისის ლეგენდარულ სტადიონს, „ოლდ ტრაფორდს“, 100 წელი შეუსრულდა – „მანჩესტერ იუნაიტედის“ არენა 1910 წლის 19 თებერვალს აშენდა და გახსნით მატჩში „მანიუმ“ „ლივერპულთან “ 3:4 წააგო. თავიდან სტადიონის ტრიბუნები 80 ათას ადამიანზე იყო გათვლილი, მაგრამ ბოლომდე არასდროს შევსებულა. ყველაზე მეტი გულშემატკივარი 1939 წლის 25 მარტს მივიდა, როცა სტადიონმა არა „მანჩესტერის“, არამედ „ვულვზისა“ და „გრიმსბის“ სათასო ნახევარფინალს უმასპინძლა. მაშინ ტრიბუნებზე 76 692 გულშემატკივარი მივიდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს „ოლდ ტრაფორდი“ რამდენჯერმე დაიბომბა და 1939 წლიდან 1949 წლამდე, „მანჩესტერი“ თამაშებს „სიტის“ არენაზე – „მეინ როუდზე“ მართავდა.
1980 წლიდან სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო და 1990 წელს დასრულდა, რამაც ის მოიტანა, რომ ადგილების რაოდენობა 44 ათასამდე შემცირდა. ტრიბუნების გაზრდის ინიციატივა სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეისათვის „ოლდ ტრაფორდი“ 76 212 ადამიანს იტევს. მართალია, სერ ალექსი ამბობს, ტევადობა 95 ათასამდე უნდა გაიზარდოსო, მაგრამ ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რადგან ამ ტრიბუნებზეც კი, სრული ანშლაგი არასდროს ყოფილა: ყველაზე მეტი – 76 098 გულშემატკივარი 2007 წლის 31 მარტს „მანჩესტერ“-„ბლექბერნის“ შეხვედრაზე მივიდა.
ცნობისათვის: „ოლდ ტრაფორდი“ მანჩესტერში „მანიუს“ ლეგენდარული მწვრთნელის – მეთ ბასბის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს.